სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩვენი ხალხი

ვაინახი – ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდებაა და „ჩვენს ხალხს” ნიშნავს, თითქოს ჩვენ შევარქვით მათ ეს სახელი, რადგან ისინი ხომ გამორჩეულად ჩვენი, ახლობელი, ნათესავი და მოსიყვარულე ხალხია. უამრავი ჩვენგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს რომ ჩამოთვლის, სხვებთან ერთად ქისტებსაც დაასახელებს, რადგან საუკუნეთა განმავლობაში თანაცხოვრებამ და ურთიერთსიყვარულმა ერთ ხალხად, ერთ ოჯახად გვაქცია.
ინტერესის მიუხედავად, პირველად მხოლოდ წელს მოვახერხე პანკისის ხეობის მონახულება. მანამდე ჩეჩნეთის, პანკისისა თუ ქისტების გაგონებაზე უამრავი ამბავი მიტრიალებდა თავში და ყველა სურათი ერთმანეთში ირეოდა – ბავშვობის წლებიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემზარავი ფოტო- თუ ვიდეოკადრები; თეატრ „ნორდ ოსტის” სისხლისფერ სავარძლებში ჩასვენებული, მხუთავი გაზით ჩაძინებული ერთიანად შავით შემოსილი ულამაზესი ჩეჩენი ასულები, რომლებსაც დღესაც, ბავშვობაში გაჩენილი ასოციაციით, შავ გედებს ვამსგავსებ; ულამაზესი ცისფერთვალება ბავშვები; შამილ ბასაევის საშიში პორტრეტი; სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯოხარ დუდაევი; სიმღერა მშვენიერ მალიქაზე; ჩვენი მექა ხანგოშვილის ნათელი და უკეთილშობილესი სახე; ამაყი, მაღალი კოშკები; დათოვლილი მწვერვალები და ა.შ. და ა.შ.
საქართველოში ქისტების პირველი სამოსახლოები XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე გაჩენილა კახეთში, პანკისის ხეობაში ქისტების მასობრივი ჩამოსახლება კი XIX საუკუნეში, სავარაუდოდ, 1826 წლიდან, დაწყებულა და იმავე საუკუნის 60-იან წლებში დასრულებულა, თუმცა მიგრაციის ცალკეული შემთხვევები XX საუკუნის პირველ ნახევარშიც ფიქსირდება.
იყო დრო, როდესაც ქისტები ჩეჩნეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ბოლო წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის (1994-1996 წ.წ.) გამო მათი უმრავლესობა დაუბრუნდა პანკისის ხეობას. მოგვიანებით მათ დაემატა ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, რომელმაც რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად 1999 წელს პანკისის ხეობას შეაფარა თავი.
პერსპექტივასა და სოციალურ დახმარებას მოკლებულ ლტოლვილებს არ სურდათ, მძიმე ტვირთად დასწოლოდნენ თავიანთ ნათესავებს საქართველოში და ვინც მოახერხა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თავშესაფარი დასავლეთ ევროპასა და კანადაში იპოვა, ხოლო ნაწილი ე.წ. ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ფარგლებში ჩეჩნეთში დაბრუნდა. დარჩნენ მხოლოდ ქისტები და ქისტი ლტოლვილები აწ უკვე რუსეთის ფედერაციიდან.
საერთო სამშობლოსა და ტრადიციების გარდა, პანკისელ ქისტებს ქართველებთან ძმადნაფიცობა აერთიანებთ და ამ წესს დღემდე სათუთად უფრთხილდებიან. ძმად გაფიცულნი არა მხოლოდ ოჯახებით უახლოვდებიან ერთმანეთს, არამედ მათი ბიძაშვილები და სხვა ნათესავებიც ერთმანეთის მოკეთეებად ითვლებიან. ამბობენ, განსაცდელში ქისტი სიცოცხლეს ანაცვალებსო ძმადნაფიცს, მისგან ღალატი წარმოუდგენელიაო.
ბოლო ხანს პანკისელი ახალგაზრდების ნაწილმა ისლამის რადიკალური სწავლება აირჩია, ვაჰაბიზმი, რამაც უფროს თაობას საფიქრალი გაუჩინა. პანკისელები ამბობენ, რომ სოციალურ სიდუხჭირესა და სხვა მიზეზებთან ერთად უმთავრესად კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების, პროექტებისა და ცენტრების არარსებობამ გამოიწვია სარწმუნოებრივი რადიკალიზმისკენ ახალგაზრდების სწრაფვა, თუმცა, საბედნიეროდ, ზოგიერთი ხალხური ტრადიციის რელიგიური ადათ-წესებით ჩანაცვლებისა და ჩაცმულობის გარდა, არაფერი შეცვლილა; როგორც ადრე, ახლაც მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ქრისტიანებისთვის ცალკე სუფრა იშლება ღვინით, ხოლო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯს, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, მთელი სოფელი გაიღებს.
და კიდევ ერთი: მითხარით, ვინ მღერის ამ ქისტი ქალებივით – ასე ლამაზად, ასე გულწრფელად, ასე გულში ჩამწვდომად, ასეთი სევდით?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი