ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

გამოწვევები და შესაძლებლობები 2022 წელს

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ Youtube-არხზე გადავაწყდი ძალიან საინტერესო ვიდეოს კანადის სასკოლო განათლებისა და იმის შესახებ, როგორ ზრუნავდნენ იქ უთანასწორობის შესამცირებლად. ძალიან დამაფიქრა და მერე სტატიის დაწერის სურვილიც გამიჩინა ონტარიოს პროვინციის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ნათქვამმა. მისი თქმით, პრობლემები, რომლებიც ემიგრირებულ მოსწავლეებს და მათ აკადემიურ მოსწრებას უკავშირდებოდა, იმთავითვე აღიქმებოდა როგორც შესაძლებლობა და გამოწვევა და არა დაბრკოლება. თუ დავუფიქრდებით, ეს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის დამოკიდებულებაა კონკრეტული საკითხისადმი, არამედ ზოგადი მიდგომაა, აზროვნების ტიპია. გარკვეულწილად, კარგი გაგებით ამბიციური უნდა იყო, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიქმნა. მე თუ მკითხავთ, სწორედ ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები გვჭირდება განათლებაში, როდესაც ყველა პრობლემას უკეთესობისკენ სვლის შესაძლებლობად აღვიქვამთ. აქ უკვე ლადო აფხაზავას ერთ-ერთი გამოსვლა გამახსენდა, სადაც ის ე.წ. რთული ქცევის ბავშვებს მადლობას უხდის, რადგან ისინი აძლევენ შესაძლებლობას, მეტი გამოცდილება მიიღოს და უფრო ადვილად გადაჭრას პრობლემები.

განათლების სისტემის პრობლემების გადაჭრა, რომელთა ჩამონათვალიც ძალიან დიდია, მხოლოდ მიდგომის შეცვლით, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება, ამისთვის რეალური, დაუღალავი შრომაა საჭირო. სხვათა შორის, დეკემბრის დასაწყისში, ჩემთვის მოულოდნელად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი სტრატეგია გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტს თვალს თუ გადაავლებს დაინტერესებული ადამიანი, დაინახავს, რომ ყველაფერი მომავალში გასაკეთებელთა სიაშია.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა , -„ჩვენ“-ში განათლების კოალიციას ვგულისხმობ, – დღემდე არსებული ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაზე COVID19-ის გავლენას შეისწავლის, ადასტურებს, რომ პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა და რომ საჭიროა კონკრეტული ინტერვენციები, კონკრეტული ინიციატივები ამ ზიანის ჯერ შესამცირებლად, მერე კი აღმოსაფხვრელად. კანადის მაგალითს დავუბრუნდეთ. იქაური განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა იყო ემიგრანტი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და ჩამორჩენა. მათ შემოიღეს მოსწავლეთა წარმატების მასწავლებლის (Student Success Teacher) სტატუსი. თითოეულ სკოლას შეემატა სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლის უშუალო მოვალეობაც რისკჯგუფში მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი დამატებითი მხარდაჭერაა ტრანზიციის პერიოდში. მაგალითად, დამატებითი საათების გამოყოფა ერთად კითხვისთვის, წერისთვის და ა.შ., პროგრესის შეფასება და უკუკავშირის გაცემა. ეს არის კონკრეტული ინტერვენციის მაგალითი. მაგალითი, რომელიც საკითხის პრიორიტეტულობას აჩვენებს.

სამწუხაროდ, ასეთ მაგალითებს ჩვენს სისტემაში თითქმის არ ვიცნობთ.

რაც შეეხება კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც შეიძლება შევხედოთ როგორც ტრაგედიას ან როგორც შესაძლებლობას – მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ისევ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიას რომ დავეყრდნოთ, ეს თემები უკავშირდება:

  1. მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს, მათ შორის – სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სერვისების დივერსიფიცირების ხარჯზე;
  2. სახელმძღვანელოების შემუშავების პოლიტიკას და ავტორთა გაძლიერებას;
  3. ციფრული რესურსების განვითარებას და, მეორე მხრივ, ციფრული უთანასწორობის შემცირებას (აღმოფხვრაზე აღარაფერს ვამბობ);
  4. სკოლის დირექტორთა გაძლიერებას, სკოლებისათვის მეტი ავტონომიის მიცემას და მხარდამჭერი მექანიზმების შექმნას, მათ შორის – სკოლების დეპოლიტიზების კუთხითაც (ეს უკანასკნელი ცალკე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია);
  5. განათლების დაფინანსების ზრდას მრავალი მიზნით, მათ შორის – რემედიალური პროგრამების შემუშავებისთვის;
  6. სკოლების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების წინ წამოწევას ამ ტიპის პროგრამების ხელშეწყობით, მშობელთა ცნობიერების ამაღლებით, მათთან მუშაობით და ა.შ. (საზოგადოდ, მშობლებთან მუშაობა ცალკე დიდი მიმართულებაა);
  7. თანასწორობის საკითხების პრიორიტეტიზაციას, რაც ბევრ სხვა თემასთან ერთად რისკჯგუფებთან დამატებითი სამუშაოების ჩატარებასაც გულისხმობს;
  8. განათლების სისტემის დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობებისა და სხვა აქტორების მეტ მონაწილეობას მართვის პროცესში; ასევე – სკოლების მართვისადმი დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებას.

 

ვფიქრობ, ყოველივე ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ სკოლები გაცილებით უკეთეს ადგილად იქცევა მოსწავლეებისთვის, ვიდრე დღეს არის.

დასასრულ, სიმონ ჯანაშიას ტედ-ის გამოსვლა გამახსენდა, სადაც ის ამბობს, რომ ყველამ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება, თითქოს სკოლა მხოლოდ მომავლისთვის უნდა ამზადებდეს მოსწავლეს და „ლოდინის პედაგოგიკიდან“ (Pedagogy of Waiting) ცხოვრების პედაგოგიკაზე (Pedagogy of Life) გადავიდეთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი