ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პანკისი. გაზაფხული.

თუ მაღლა, ღრუბლებისკენ მიმავალ ვიწრო ხეობაში არ გაგივლიათ, თუ არ მოგისმენიათ, რას მღერის მინდვრებს შორის ჩაკარგული მდინარე, თუ ცისკენ თავაღერილი მთები არ გინახავთ, ესე იგი, არ იცით, როგორია ადრიანი გაზაფხული საქართველოში. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცოდი.

თუ აქაურ ეზოებში არ შეგიხედავთ, არ გასაუბრებიხართ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ლამაზი თვალები აქვთ და მაშინაც კი, როცა ცოტას ლაპარაკობენ, დიდ და მნიშვნელოვან სათქმელს გიმხელენ, თუ მათი სახლები არ გინახავთ და გზები, რომლებსაც ისინი ყოველდღე გადიან, ესე იგი, ჯერ კიდევ არ იცით, როგორ ცხოვრობენ ქალები ჩვენს ქვეყანაში. თავს ვერ დავდებ, რომ მე ვიცი ყველაფერი, რაც მათ აწუხებთ, მაგრამ ვცდილობ, გავიგო. შორიდან რომ უყურებ, საქართველოს მთა ცარიელი სილამაზე და რომანტიკაა, ახლოს მისული კი ისეთ ისტორიებს მოისმენ, ისეთ პრობლემებს აღმოაჩენ, ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენლად რომ მოგეჩვენება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობ, უკვე რამდენიმე წელია, პანკისშიც ახორციელებს პროექტებს. ხეობა, რომელიც ჯერ შიშს, მერე კი ინტერესს იწვევდა ჩემში, დღეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. შეუძლებელია, ერთხელ ჩახვიდე და მერე დაბრუნების სურვილმა არ შეგაწუხოს, შუა თბილისში არ გაგახსენდეს იქაურობა და არ დაფიქრდე, ნეტავ როგორ არიან ის ბავშვები, რომელთაც არ იციან, როგორია მოწესრიგებულ სკოლაში სწავლა, ის ქალები, რომლებიც საგულდაგულოდ მორგებულ თავსაფრებში უზარმაზარ სევდას მალავენ.

პრობლემა მართლაც უამრავია – არ არსებობს ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაქირავებულ სახლებში ფუნქციონირებს, რაც შეუძლებელს ხდის კაპიტალურ რემონტს და სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას – ბაგა-ბაღები, აღსაზრდელებთან ერთად, წლიდან წლამდე შენობიდან შენობაში მოგზაურობენ, სკოლაში კი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ კლასში სხედან და კომბინირებულ გაკვეთილებს ესწრებიან.

ჩვენ მათ გენდერულ თანასწორობაზე ვესაუბრებით. ცალკე ქალებს ვუხსნით, რომ აქვთ უფლებები, რომელთა შესახებაც არ იციან, რომ შვილი მამის საკუთრება არ არის, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია, ქალი მეორეხარისხოვან არსებად აქციოს. ცალკე მამაკაცებთან ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, იმავდროულად, წარმოუდგენლად სასიამოვნო, როცა თითქოსდა შეუმჩნეველ ძვრებს გრძნობ და ხვდები, რომ ენერგია ამაოდ არ დაგიხარჯავს – ყინული ნელ-ნელა ლღვება.

თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ მოგვარდა ის ძირითადი პრობლემები, რაც პანკისელებს აწუხებთ და სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე ობიექტი მაინც არ ამოქმედდა: საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია. ალბათ დამეთანხმებით, განათლების გარეშე გენდერულ თანასწორობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი ისევე ძნელია, როგორც მშენებლობის მაღალი სართულებიდან დაწყება.

– აქ ერთხელ მჟავანაძე იყო ჩამოსული, კომუნისტების დროს, – მიყვება პანკისელი ქალი, – მაშინ რომ გვკითხეს, რა გვინდოდა, მოსახლეობამ უნივერსიტეტში კვოტების გამოყოფა მოითხოვა. მეორედ თქვენ მოხვედით და ბიბლიოთეკა გთხოვეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა არის აუცილებელი. სულ ორჯერ დაინტერესდნენ ჩვენი სურვილით და ორივეჯერ განათლება ავირჩიეთ.

ბიბლიოთეკა სოფელ ქვემო ხალაწანში რამდენიმე დღის წინ გავხსენით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით. უკვე ოთხ სოფელს ექნება საშუალება, უფრო მეტ წიგნზე მიუწვდებოდეს ხელი, ვიდრე აქამდე. არ გამკვირვებია, რომ ინიციატივა ქალებისგან წამოვიდა. რაიონში, სადაც ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ხოლო რთულ სოციალურ მდგომარეობას ეთნიკური და რელიგიური თავისებურებებიც ემატება, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ამ ვითარებაში თითოეული წიგნი აგურია, რომლითაც თაროები კი არ ივსება, არამედ უკეთესი მომავალი შენდება, თითოეული განათლებული ადამიანი კი უზარმაზარ რესურსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელობა ქალებს ყველაზე უკეთ ესმით – ამაში ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მარწმუნებს.

მე მჯერა პროგრესის, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავ, მჯერა განათლების ძალის, რომელიც ცხოვრებას ცვლის, რადგან ვიცი, რომ სტერეოტიპების გაუმჭვირვალე ფარდის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ და იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას – სიმკაცრით ცნობილი პანკისელი კაცები, რომელთაც შეუძლიათ, უგემრიელესი ყავა მოგიმზადონ და ქალები, რომლებიც უკეთესი მომავლის იმედით განათლებას ირჩევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი