სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მავნე  ჩვევები ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ერთხელ, ცხრა წლის გიოს დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა – „არ ვიცი რა მოვუხერხო ამ ბავშვს, ვერაფრით გადავაჩვიე ამ საშინელ ჩვევას, გამუდმებით თითი უდევს პირში და საწოვარასავით წოვს. რა არ გავაკეთე, ვეჩხუბე, ფიზიკურადაც კი დავსაჯე, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. პირიქით, ცემის შემდეგ აღნიშნულ პრობლემას მეტყველების პრობლემაც დაემატა, ენის ბორძიკით დაიწყო ლაპარაკი, რაც ადრე არ შემიმჩნევია. ვფიქრობ, უკვე თანატოლებიც დასცინიან. ბოლო ხანებში მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენას ვერიდები; შევწუხდი ცნობისმოყვარე ადამიანების გაუთავებელი შეკითხვებით – „რა სჭირს შენს შვილს? ვფიქრობ, რაღაც პრობლემა აქვს“.

უნდა ითქვას, რომ მავნე ჩვევები ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ამასთან, თითის წოვა არ არის ერთადერთი ჩვევა, რაც შეიძლება მშობელს აწუხებდეს.

თითის წოვა, ფრჩხილების კვნეტა, ცხვირის ჩიჩქნა, თმების წიწკნა, ტანსაცმლის თმის, ფანქრის, კალმის ღეჭვა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მავნე ჩვევებისა, რომლებსაც შეიძლება ბავშვებში შევხვდეთ და რომლებიც, როგორც წესი, შემაწუხებელი ხდება მშობლებისთვის და ხშირად განგაშსაც კი იწვევს მათში. ზოგიერთი მშობელი პრობლემასთან გამკლავებას დასჯით ცდილობს, ზოგი მოქმედებს დარწმუნების მეთოდით, არიან ისეთებიც, რომლებიც პრობლემის თვითდინებაზე მიშვებას ამჯობინებენ. მაინც, რომელი შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიად და რა გავაკეთოთ, როცა ბავშვში რაიმე მავნე ჩვევას ვხედავთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ შეუწყო ხელი აღნიშნული ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზეზების გარკვევის გარეშე გაგვიჭირდება მოქმედების სწორი სტრატეგიის შერჩევა მავნე ჩვევის დასაძლევად.

ბავშვებში მავნე ჩვევების ჩამოყალიბების გამომწვევი ძირითადი მიზეზები: 

  • ბავშვისთვის არაკომფორტული, სტრესის გამომწვევი გარემო – როცა ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, ნერვიულობს, თითის წოვა ან ფრჩხილების კვნეტა შეიძლება მისთვის დამამშვიდებელი საშუალება აღმოჩნდეს. დროთა განმავლობაში, ხშირი განმეორების შემთხვევაში კი ეს მოქმედებები, დიდი ალბათობით, ჩვევად ჩამოყალიბდება;
  • ოჯახური კონფლიქტები, მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა, მათი დაცილება ასევე შეიძლება გახდეს იმ მოქმედებების ჩვევად ჩამოყალიბების ხელშემწყობი, რომელიც ასე აღიზიანებს მშობელს;
  • ყურადღების, სითბოს, სიყვარულის დეფიციტი მშობლების მხრიდან – ასეთი დამოკიდებულება ბავშვს აფიქრებინებს, რომ ის არასასურველია, ზედმეტია ოჯახში, ის არ უყვართ. ნებისმიერი ბავშვი ინტუიციურად გრძნობს თუნდაც შენიღბულ მიუღებლობას და თუ ეს მიუღებლობა აშკარაა, მან შეიძლება „დასახმარებლად“ და დასამშვიდებლად ამა თუ იმ მავნე ჩვევას მიმართოს, რომელიც, დიდი ალბათობით, მშობლის გაღიზიანების, გაბრაზების, განაწყენების მიზეზი გახდება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაართულებს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას;
  • მკაცრი საუბრის მოსმენა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა და დიდხანს ლოდინი, საშინელებათა ფილმების ყურება – ყველაფერი, რაც აშფოთებს ბავშვს შეიძლება ფრჩხილების კვნეტის ან რაიმე სხვა, ჩვენთვის მიუღებელი ქცევის თანხლებით მიმდინარეობდეს;
  • გადაჭარბებული მოთხოვნები მშობლების მხრიდან – იმ შემთხვევაში, როცა მშობლები ბავშვისაგან მოითხოვენ იმაზე გაცილებით მეტს, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, ზედმეტად ტვირთავენ მის გონებას, ძლიერდება ბავშვის ნერვული დაძაბულობა და კარგი ნიადაგი იქმნება მავნე ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. მშობლები კი მოჯადოებულ წრეზე იწყებენ ტრიალს – ერთი მხრივ, ისინი აღშფოთებული არიან ბავშვის მავნე ჩვევით და მოითხოვენ მისგან მის შეწყვეტას, მეორე მხრივ კი, თავისი მოთხოვნებით განამტკიცებენ, აძლიერებენ ამ ჩვევას.
  • უფროსების ქცევის კოპირება – თუ იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, რომელიმე ზრდასრულს ესა თუ ის მავნე ჩვევა აქვს, ბავშვმა შეიძლება სწორედ მისი მიბაძვით დაიწყოს აღნიშნული მოქმედების განმეორება და დროთა განმავლობაში ეს ჩვევადაც ჩამოუყალიბდეს;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის პრობლემები – ესა თუ ის მავნე ჩვევა, მაგ. თითის წოვა ხშირად დემონსტრირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი დასუსტებულია ავადმყოფობით, ინფექციებით, ნევროპათიით.

რეკომენდაციები ბავშვებში მავნე ჩვევების დასაძლევად:     

  • უპირველეს ყოვლისა, მოვერიდოთ ბავშვის დასჯას, საყვედურებს, გაკიცხვას. ასეთი ქმედებებით ჩვენ მას ვერ დავეხმარებით. თუ ყურადღებას გავამახვილებთ და სერიოზული განსჯის საგნად ვაქცევთ პატარას ამა თუ იმ ჩვევას, შეიძლება უფრო განვამტკიცოთ ის და გადავიტანოთ აკრძალული მოქმედებების რანგში. ასეთ დროს ჩვენი ნეგატიური რეაქციებით შეშინებული ბავშვი, ჩვენ წინ კი დაიწყებს საკუთარი თავის კონტროლს, მაგრამ სავარაუდოდ, როგორც კი მარტო დარჩება საკუთარ თავთან, ის გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც მიეჩვია. თუმცა, შესაძლოა სხვა ვარიანტიც მივიღოთ – როცა ბავშვი გაიგებს, რომ ჩვენ გვაღიზიანებს მისი ესა თუ ის მოქმედება, შეიძლება ყურადღების მისაპყრობად მოახდინოს ჩვენი პროვოცირება ცხვირის ჩიჩქნით, ტანსაცმლის ღეჭვით, ყველა იმ მოქმედებით, რომელიც იცის, რომ გაგვაბრაზებს, გაგვაღიზიანებს;
  • კარგი იქნება, თუ შევეცდებით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავიტანოთ ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე, როცა დავინახავთ, რომ ის ჩაფლულია თავის „საყვარელ საქმიანობაში“. შევეცადოთ, დავაკავოთ პატარა ხელით შესასრულებელი, მისთვის საინტერესო საქმიანობით, მაგ. ხატვით, ძერწვით, ფაზლების აწყობით. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გვერდით ყოფნა და მასთან ერთად მუშაობა ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ბავშვისთვის აღნიშნულ საქმიანობებს;
  • ნუ გამოვიჩენთ ძალდატანებას ბავშვის მიმართ და ვიაზროვნოთ პოზიტიურად; არ ვიფიქროთ იმაზე, რას იტყვიან გარშემომყოფები, ნუ შეგვაშინებს მათი რეაქცია. გავითვალისწინოთ, რომ იდეალური ბავშვები, ისევე როგორც იდეალური მშობლები არ არსებობენ და პრაქტიკულად თითოეულ ბავშვს აქვს ესა თუ ის მავნე ჩვევა, რომელიც, სწორი დამოკიდებულების პირობებში, დროთა განმავლობაში თავისითაც გაივლის;
  • მოვარიდოთ ბავშვი ოჯახურ კონფლიქტებს. შევუქმნათ მას მშვიდი, კეთილგანწყობილი გარემო, ვაგრძნობინოთ, რომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, სასურველი და საყვარელია;
  • გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა. ცუდი არ იქნება, თუ დროებით მაინც უარს ვიტყვით ხმაურიან ღონისძიებებზე, საშინელებათა ფილმების ყურებაზე, კომპიუტერულ თამაშებზე, ყველაფერ იმაზე, რაც ბავშვის შფოთიანობის დონეს ამაღლებს. აუცილებელია დავეხმაროთ ბავშვს, იპოვოს დადებითი ემოციების წყარო;
  • მოვერიდოთ ბავშვის დაცინვას ამა თუ იმ ქცევის გამო. ეს არა მხოლოდ გააღრმავებს პრობლემას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს მასში უნდობლობა უფროსების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ძნელი იქნება ბავშვისთვის ჩვენი მხარდაჭერის, დახმარების, სიყვარულის დაჯერება;
  • მავნე ჩვევების დაძლევის პროცესში არ არის საჭირო აჩქარება და თვითკონტროლის დაკარგვა. მით უმეტეს არ შეიძლება ბავშვის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და მისი პრობლემების განხილვა სხვა ადამიანების თანდასწრებით;
  • ნუ დავისახავთ მიზნად ბავშვის იდეალურ, უნაკლო ადამიანად აღზრდას. ეს დაუძლეველი ამოცანაა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი სისუსტეები და ნაკლოვანებები. როგორც წესი, ამ ყველაფრის მიმართ ბევრად უფრო შემწყნარებლები და ლმობიერები ვართ, ვიდრე ბავშვის ნაკლოვანებების მიმართ. თუ მავნე ჩვევა არ აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას ან მის იმიჯს თანატოლთა შორის, პირიქით, აქვს ზოგიერთი დადებითი ფუნქცია, არ ღირს აღუკვეთოთ პატარას უფლება რეაგირების ინდივიდუალურ ხერხზე. მაგ. თუ ბავშვი ტუჩებს „კბენს“ ან ფანქრის წვერს კბილებით ეხება და ასე ცდილობს გაკვეთილზე ფოკუსირებას, აჯობებს ამას გაგებით მოვეკიდოთ;
  • გავზარდოთ ნდობა ჩვენ შორის. დავეხმაროთ ბავშვს ყოველ საჭირო შემთხვევაში. ზოგჯერ მივცეთ შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება; ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას. ეს თვისებები კი, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვს მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლებაში;
  • ვიზრუნოთ ბავშვში სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაზე. მავნე ჩვევების პრევენციის საუკეთესო ხერხს წარმოადგენს არა პერიოდული ნოტაციები არასასურველი ქცევის განხორციელებისას, არამედ შექება სწორი მოქმედებისათვის. ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ წავახალისებთ სასურველ ქცევას და გამოვხატავთ სურვილს, რომ მომავალშიც ასე მოიქცეს; უკეთესი იქნება, თუ შევეცდებით გამოვუმუშაოთ ბავშვს სასურველი ჩვევები, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება არასასურველ ქცევასა და მიდრეკილებებზე.

დაბოლოს, როგორიც არ უნდა იყოს მავნე ჩვევა, ის უნდა მივიღოთ იმის ნიშნად, რომ ბავშვი მძიმე, რთულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ  ჩვენი მთავარი ამოცანაა არა გაკიცხვა, არამედ დახმარება; არა დასჯა, არამედ სასარგებლო გამოცდილების ჩვენება და გაზიარება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“