ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ისლამი – ქართული კულტურის ნაწილი

რამდენიმე კვირის წინ ტელევიზიით ერთი ქართველი, არცთუ ცნობილი მოცეკვავის გამოსვლას ვუსმინე. სამწუხაროდ, ქართული მედიის უმდიდრეს და საკმაოდ პოპულარულ საშუალებებს მიაჩნიათ, რომ მოცეკვავეები რელიგიურ მრავალფეროვნებასა და კონფლიქტებზე მსჯელობის დროს ყველაზე კომპეტენტური რესპონდენტები არიან. ხელოვანმა ნინოწმინდის მართლმადიდებლურ პანსიონში განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღების მოდუნება ისლამზე შეტევით სცადა და განაცხადა: „მთელ აჭარაში  [მედრესეებში] ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგოები ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ და აღარაფერი ქართული მათში აღარ არის, ვინმეს უკითხავს, რატომ?“

წამყვანები და სტუდიის სტუმრები საზოგადოებრივი აზრის მომავალი ლიდერის გამოსვლას კმაყოფილებითა და მდუმარებით შეხვდნენ. ალბათ, ფიქრობდნენ, რა კარგია, რომ ჩვენი სათქმელი ამ ქალმა თქვა და თავსატეხი თავიდან აგვაცილაო.

რატომ არ უნდა დავტოვოთ მოცეკვავის გამოსვლა უპასუხოდ?

მხოლოდ ვიწრო წრეებისთვის ნაცნობმა მჭევრმეტყველმა თავისი გამოსვლით ირიბად აღიარა სრულიად მანკიერი მიდგომა. მან მიგვანიშნა, რომ მართლმადიდებლურ პანსიონატში ბავშვის ჩაგვრა და შევიწროება უფრო მისაღებია (ნინოწმინდის მოვლენებს აქ არ განვიხილავ, პირობითად აღვნიშნავ ამ გარემოებას), ვიდრე ზემოაჭარელი მუსლიმი მოსწავლეების მიბარება შაბათ-კვირის რელიგიურ სასწავლებლებში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიყვანოს ქართველმა  მუსლიმმა, რომლის წინაპრებიც საუკუნეების განმავლობაში ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ, შვილი რელიგიურ სემინარებზე, რომლებიც საჯარო სკოლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვითა და ადეკვატური რეგულაციების საფუძველზე იმართება. რას აშავებს ის? რა არის „არაქართული“ მის ქცევაში? შემაშფოთებელია, როდესაც საჯარო სივრცეში ერთმანეთს აჯიბრებენ სხვადასხვა კონფესიის მიერ დაარსებულ სკოლებსა თუ პანსიონატებს, მათ უპირატესობებზე მსჯელობენ და არაფერს ამბობენ სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სიღარიბესა და სისუსტეზე, ეროვნული ზრუნვის სისტემების გაუმართაობასა და მწირ დაფინანსებაზე. რელიგიური კურსები, ბიბლიისა თუ ყურანის შემსწავლელი წრეები, პანსიონატები გრანდიოზულ პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც საჯარო სკოლა ვერ ახერხებს მოსწავლისთვის კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, საკმარისი ცოდნის გადაცემას, სოციალური სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის დაბინავებას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ანაქრონიზმად აღიარებული სახლების მიღმა. ჩვენი მიზანი რელიგიური ერთობების დასუსტება კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს.

საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ისლამის მიმდევარია. ისინი მუსლიმები 21-ე საუკუნეში არ გამხდარან. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ზოგიერთი ხალხი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ისლამთან იყო დაკავშირებული. მთიან აჭარაში მოსახლე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია. მიცხოვრია იმ ოჯახებში, სადაც დილით, საუზმის დაწყებამდე, ყურანიდან ლოცვებს კითხულობენ და ღმერთს მთელი სამყაროს დაპურებას შესთხოვენ. დარწმუნებული ვარ, ამ ოჯახებში ჩემზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ამ ოჯახის წევრები ბევრზე მეტს აკეთებენ საქართველოს კეთილდღეობისთვის.

ამასთანავე, ყურანი საკაცობრიო მემკვიდრეობის ნაწილია, მის სიბრძნეს აღიარებენ და სწავლობენ სამყაროს ყველა კუთხეში. ორი მილიარდი ადამიანი წმინდა წიგნის პრინციპებით ცხოვრებას ცდილობს. მუსლიმად ყოფნასა და ყურანის კითხვაში „არაქართული“ რა არის? ჩვენს ამდენ თანამოქალაქეს რატომ ვარწმუნებთ, რომ „სხვები“ ან მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან?

არავინ უარყოფს, რომ გასული ათასწლეულის განმავლობაში საქართველოს განუწყვეტლივ უწევდა ისლამურ სამყაროსთან ბრძოლა. ისლამური სახელმწიფოების წყალობით ჩვენმა ქვეყანამ უამრავი სისასტიკე და უბედურება გამოიარა (სისასტიკე და უბედურება ერთმორწმუნეთაგანაც მრავლად გვახსოვს), მაგრამ გადავრჩით და დაუსრულებელი მეტოქეობის პირობებში ერთმანეთის გარდაქმნასაც შევუწყვეთ ხელი, ერთმანეთის თვისებებიც შევიძინეთ. ქართული ენა, ლიტერატურა და პოეზია, ფოლკლორი, ხუროთმოძღვრება და ხელოვნების სხვა დარგები, ტრადიციები, კულინარიაც კი აღბეჭდილია ისლამური კულტურების ზეგავლენის ნიშნით. საქართველოს უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ ჩვენი იდენტობა მხოლოდ დასავლეთის გავლენით არ ჩამოყალიბებულა. ქრისტიანული სამყაროსადმი ერთგულება, მისკენ სწრაფვა ხელს არ გვიშლიდა, კარი ფართოდ გაგვეღო აღმოსავლეთის სიკეთეებისთვის. მხოლოდ ბეცმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ქართული კულტურული საგანძურის ის ნაწილი, რომელიც ისლამურ სივრცესთან ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბდა.

თუმცა საქართველოს, მისი იდენტობისა და კულტურის ნაწილად ისლამის გამოცხადება პრობლემას ვერ წყვეტს. როგორც რუსეთის იმპერიალისტურ ძალებთან დაკავშირებული ქრისტიანული კავშირები იმსახურებენ გამადიდებელი შუშის ქვეშ ყოფნას, ასეთივე ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ზოგიერთ ისლამურ ჯგუფსაც.

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად?

ევროპის ქვეყნების მთავრობები ხშირად იყენებენ ტერმინს „პოლიტიკური ისლამი“. ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის დოკუმენტების მიხედვით, პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებად მიიჩნევიან ის ჯგუფები და ორგანიზაციები, რომელთა იდეოლოგიურ ფუნდამენტს მუჰამედ წინასწარმეტყველის მიერ ნაქადაგები რელიგია ქმნის და რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიული წესრიგის შეცვლას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების უარყოფას, საზოგადოების სრულ ისლამიზაციას. შესაძლოა, ამგვარი მისწრაფებები, გერმანიის, საფრანგეთის, ჩრდილოეთ კავკასიის მსგავსად, საქართველოში მოქმედ ზოგიერთ გაერთიანებასაც ჰქონდეს. ისლამი ხომ სრულად დეცენტრალიზებული რელიგიაა, რომლის უმთავრესი კატეგორიების ინტერპრეტაციის ათასწლოვანი, უკიდურესად მრავალფეროვანი გამოცდილება არსებობს.

აქვე თვალი უნდა გავუსწოროთ იმ საფრთხეს, რომელსაც ზოგიერთი ავტორიტარული სახელმწიფო ქმნის. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მრავლად მოიძებნებიან ქვეყნები, რომლებიც საზღვარგარეთ მომუშავე ისლამურ ჯგუფებსა და სასწავლებლებს თავიანთი გავლენისა და ძალის გასაზრდელად იყენებენ. მიზნის მისაღწევად ისინი არ ერიდებიან კოლოსალური ფინანსური თუ სხვა რესურსების გამოყენებას. ამგვარი ინტერვენციის ეშინიათ საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. შესაბამისად, არც ჩვენ გვაქვს უსაქმოდ ყოფნისა და სირაქლემას პოზიციაში დარჩენის უფლება.

რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „საფრანგეთის მიზანია აღზარდოს ისეთი ინტელექტუალები და იმამები, რომლებიც დაიცავენ ისლამს და ძირს არ გამოუთხრიან რესპუბლიკის უმთავრეს ღირებულებებს“. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო ოდესმე დაიწყებს ისლამური სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნაზე ფიქრს. ეს იქნებოდა სასწავლებელი, სადაც მაკრონის კონცეფცია ქართული შინაარსით განხორციელდებოდა. უნივერსიტეტი იქცეოდა მთავარ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრად, რომელიც სისტემურ სახეს მისცემდა ისლამის ქართული კულტურის ნაწილად აღიარების პროცესს და დაგვიცავდა ავტორიტარული, ექსტრემისტული ცენტრებიდან მომავალი საფრთხისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი