შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შეცდომის უფლება

ჩემმა მეგობარმა ოთარ მუზაშვილმა იცის ხოლმე თქმა: – მშობლის მთავარი მოვალეობაა, შვილს ყოველგვარ სიტუაციაში გვერდით დაუდგეს და გაამხნეოსო.

მინდა, ამის თაობაზე ჩემი ნაფიქრი გაგიზიაროთ.

შარშან ჩემმა 9 წლის შვილმა მათემ სკოლის წიგნები დაკარგა. ვიღაცას უთქვამს, ამის გამო დირექტორთან დაგიბარებენ, შენს მშობლებს ჯარიმას გადაახდევინებენ და დიდი აურზაური ატყდებაო.

ბავშვი ძალიან ნერვიულობდა, განიცდიდა, ვერ იხსენებდა, ბოლოს სად ამოალაგა წიგნები და ორშაბათის დადგომას ელოდებოდა, რომ საკლასო ოთახში მოეძებნა.

მთელი პარასკევი საღამო, შაბათი და კვირა უხალისოდ უყურებდა მულტფილმებს, თამაშობდა და გველაპარაკებოდა.

მივხვდი, რომ გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა მის პატარა სხეულს და გონებას უკიდურესად ტანჯავდა და იმასაც მივხვდი, რომ ეს ჩემი, მშობლის მიერ რომელიღაც მომენტში ნებით ან უნებურად დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.

შვილების შეცდომებზე რეაგირება მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც მშობელს ზრდის როგორც პიროვნებას. თუ სხვისი პატიება გვიჭირს, შვილთან მიმართებით ბუნება ხანდახან ერთგვარ გამოცდას გვიწყობს და ასე გვაჩვენებს, რომ რაღაც ზადი გვაქვს, სადღაც გვიჭირს სრულყოფილების გზაზე და შველა გვჭირდება.

ეს გამოცდა ხანდახან უკიდურესად რთულ პერიპეტიებს მოიცავს (მაგალითად, ჰომოფობ მშობელს შვილი ჰომოსექსუალი აღმოაჩნდება) და ადრეულ ასაკში შვილთან დაშვებული უმცირესი შეცდომაც კი ზრდასრულ ასაკში მნიშნელოვან ჯაჭვურ რეაქციას იწვევს.

როგორ ვიქცევით, როდესაც ჩვენ შვილს თანატოლი სცემს, ან გამოცდაზე ჩაიჭრება, ან ფეხბურთის ჩემპიონატზე მისი კლუბი სამარცხვინოდ წააგებს, ან ჩვენი პატარა ონავარი ძვირფას ნივთს დაგვილეწავს?

მშობლის პასუხი თითოეულ მომენტზე უაღრესად მნიშნელოვანია და ამ ფაქტორმა, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება ჩვენი მომავალი თაობის ხასიათი, ქცევა, არჩევანი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება განსაზღვროს, რადგან ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ საკმაოდ გრძელი, რათა ის კიდევ ბევრჯერ სცემონ (პირდაპირი ან ირიბი მნიშვნელობით), ჩაიჭრას გამოცდაზე, წააგოს შეჯიბრება (თუნდაც სასიყვარულო) და კიდევ გააფუჭოს რაღაც.

სწორედ ის, თუ როგორ ედგა ასეთ წუთებში მშობელი გვერდით, განსაზღვრავს არჩევანს, რომელსაც ადამიანი პრობლემასთან შეჯახებისას გააკეთებს.

ვიღაც შვილს ეტყვის, რომ ის გენიოსია და გამომცდელები იყვნენ უტვინოები, ვიღაც მსაჯის მიკერძოებულობაზე იწუწუნებს, ვიღაც განრისხდება, ჩემს შვილს ცემა როგორ გაუბედესო, ხელს მოჰკიდებს ბავშვს და მის თანატოლებთან საქმის გასარჩევად გავარდება. იქნებიან ისეთებიც, ვინც შვილებთან კონკრეტული ამბის დეტალურად განხილვას არ დაიზარებს.

მთავარია, გვახსოვდეს: როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენი რეაქცია აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები (Kyla Haimovitz, Carol S. Dweck) მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშობლები, რომლებიც შვილებისგან ბევრს მოითხოვენ და მათ წარუმატებლობას რისხვით, წუხილით ან პრობლემისთვის თვალის არიდებით ხვდებიან, ბავშვებს დაბალი თვითშეფასებისთვის წირავენ, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაზე ტრაგიკულად აისახება.

 

მშობლებს და ალბათ მასწავლებლებსაც უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის შეცდომა და მარცხი მის ინტელექტსა და შესაძლებლობებთან კავშირში არ არის. შეიძლება, უკიდურესად ნიჭიერმა მოჭადრაკემ თავისზე სუსტ ოპონენტთან სულელურად წააგოს და ეს ტრაგედია არ არის, ბტწრყინვალე პიანისტმა დასკვნით კონცერტზე მღელვარების გამო მიუტევებელი შეცდომები დაუშვას და არც ამით დაიქცევა ქვეყანა.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენმა შვილმა წაიბორძიკა?

ა) დააკვირდით, როგორ რეაგირებს ბავშვი წარუმატებლობაზე. თუ ის გულგრილია ამ ყველაფრის მიმართ, შესაძლოა, ეს უკიდურესი დაბალი თვითშეფასების ან ფრუსტრაციის შედეგი იყოს. თუ ძალიან ბრაზობს და განიცდის, დეტალურად განიხილეთ მასთან ერთად, სად დაუშვა შეცდომა, დაგეგმეთ მომდევნო ცდა, სადაც ეცდება, საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს.

 

ბ) ნუ ჩაიციკლებით მარცხზე, იფიქრეთ გამარჯვებაზე. შეცდომების აღმოჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მომდევნო ცდაზე იმავე შეცდომაზე ფიქრი მხოლოდ ჭაობია. წაგებულ საჭადრაკო პარტიაში იმავე სვლის მოლოდინი და მის გადალახვაზე ფიქრი ისევ წაგებაა, დაშვებული შეცდომა გამოცდილებად უნდა იქცეს. გაამხნევეთ შვილი და უთხარით, რომ გამარჯვებაზე იფიქროს, ხოლო თუ არ გამოუვა, კიდევ სცდის.

 

გ) პროცესი უფრო საინტერესოა, ვიდრე შედეგი.

ამ აზრს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ შედეგია მთავარი და არა პროცესი, რასაც არ ვეთანხმები. თუ პროცესი სიამოვნებას არ გვანიჭებს, არც შედეგი ივარგებს.

 

დ) სწორად გაამხნევეთ. ხშირად ბავშვს გამხნევების ნაცვლად ვიბრალებთ: „ნუ გეშინია, ჩემო კარგო, მამიკო შენთანაა!“ „როგორ ვწუხვარ, რომ ამჯერად ვერ გაიმარჯვე!“ „შენი ბრალია, უაზრო შეცდომის გამო წააგე!“ – თუ ამ სამ ფრაზას შორის სწორ ვარიანტს იპოვით, ესე იგი სწორ გზაზე დგახართ.
ე) აუხსენით შვილს, რომ მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე არ არის დამოკიდებული, როგორი პიროვნებაა. მოუყევით ცოცხალ მაგალითებს ისტორიიდან და გაამხნევეთ (მაგალითად, მე ვუყვები ხოლმე მოსწავლეებს, რა სამარცხვინოდ გაიქცა ჩინგიზ ყაენი კარვიდან და მიატოვა ცოლი, მერე კი გაანალიზა საკუთარი საქციელი, სწორი დასკვნები გამოიტანა და ნახევარი დედამიწა დაიპყრო). აუხსენით, რომ ადამიანის ცხოვრება ცდებისა და შეცდომების კასკადია და ნურც შეურიგდებიან თავიანთ შეცდომებს, მაგრამ ნურც სიცოცხლეს შესწირავენ.

ვ) Helicopter Parenting

არსებობს ასეთი ცნება აღზრდის ფსიქოლოგიაში – Helicopter Parenting, ვითომდა შვილის დახმარების მიზნით მისი გასაკეთებლის გაკეთება. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნაწერის გასწორებისას შვილის გვერდით მჯდომი მშობლის სუნთქვა მიგრძნია, ბავშვს რომ კარნახობს, რა და როგორ დაწეროს. ეს არასწორია. თქვენ უნდა დაეხმაროთ მოზარდს, თავად იპოვოს გამოსავალი, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუგეთ გვერდით ამ გზის ძიების პროცესში.

 

ზ) ხშირად უთხარით შვილებს ეს ფრაზა.
რაც უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში, თქვენ ის ყოველთვის გეყვარებათ. ბევრი იფიქრებს, ეს დანაშაულისა და უპასუხისმგებლობის წახალისება იქნებაო. არა. დამნაშავე დასჯის შიშითაც გახდება დამნაშავე. აჩვენეთ, რომ თქვენი მშობლის სიყვარული ღვთიური სიყვარულივით დიადია. მიეცით იმედი, რომ წაქცევის დროს, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, ვინც მას გულში ჩაიკრავს და გვერდით დაუდგება.

 

* * *

კვირა საღამოს დეტალურად ავუხსენი შვილს, რა შეიძლება მოჰყოლოდა წიგნების დაკარგვას. მდგომარეობა გამოუვალი არ იყო. ჯარიმის გადახდაც კი არ აქცევდა ჩვენს ცხოვრებას ტრაგედიად და სულ რომ სკოლიდან გაერიცხათ ამის გამო, არც ეს იქნებოდა ცხოვრების დასასრული. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ეს წიგნები სახელმწიფოს საკუთრებაა, რომ მათ მოფრთხილება სჭირდება, რათა მომდევნო კლასმაც ისარგებლოს.

„არ ღირს ასე ნერვიულობა, შვილო. ადამიანს აქვს შეცდომის უფლება. ჩვენ არ ვართ რობოტები. მეტიც, რობოტიც კი უშვებს შეცდომას. შეცდომა ხშირად გვზრდის, ძალას გვმატებს. ნუ შეგეშინდება შეცდომის, მაგრამ ეცადე, იშვიათად შეცდე“.

აი, რა ვუთხარი ჩემს შვილს.

დაკარგული წიგნები კი მეორე დღეს საკლასო ოთახში ვიპოვეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი