უილიამ შექსპირი უკვდავია. მის უკვდავებას ტრაგედიებში განხილულ საკითხთა მარადიულობა და უნივერსალურობა განაპირობებს. ყველა ეპოქისთვის, ყველა ერისთვის, ყველა კლასისთვის ადვილად აღსაქმელი და მარტივად გასააზრებელია პრობლემები, რომლებსაც შექსპირი თავის ნაწარმოებებში განიხილავს. დროსთან ერთად იცვლება ფორმები, მეთოდები, გარეშე ფაქტორები, მაგრამ ადამიანის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შინაარსი უცვლელია. ამ ელემენტარული ჭეშმარიტების უტყუარობაში ჩემთვის კარგად ნაცნობის ერთი ახალგაზრდა გოგოს ნამუშევარმა დამარწმუნა.
სამხატვრო აკადემიაში თეატრის მხატვრის სტატუსის მოსაპოვებლად სადიპლომო ნაშრომის შესრულებაა აუცილებელი. სტუდენტები ირჩევენ კლასიკური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს და თავიანთი ესკიზებით, მოდელებით ცდილობენ ისინი სცენაზე გააცოცხლონ. წარმოიდგინეთ რამხელა გასაქანი ეძლევა უფროსკურსელთა ფანტაზიას? დიპლომის დასაცავად ისინი დროში მოგზაურობენ, თავისი გემოვნების მიხედვით რთავენ წარმოსახვით დარბაზებსა თუ ციხე-კოშკებს, ნაირ-ნაირი ნაჭრებით მოსავენ პერსონაჟებს, ცდილობენ სიცოცხლე შთაბერონ წიგნებში გამომწყვდეულ სიუჟეტებს, სიმბოლოებს … ზოგიერთი უფრო მეტს ბედავს და რისკზე მიდის, რათა საუკუნეთა წინ შექმნილი შედევრები ციფრულ საზოგადოებასთან დააკავშირონ.
მარიამმაც რისკიანი ნაბიჯი გადადგა და „მაკბეტის“ გათანამედროვება გადაწყვიტა.
რის შესახებ მოგვითხრობს „მაკბეტი“?
შექსპირის დასახელებული ტრაგედიის მთავარი თემა ფუჭი პირადი ამბიციების საფუძველზე ადამიანის ცდუნება და ცდუნების შედეგად სინდისის, მეგობრის, ქვეყნის ღალატი გახლავთ. თავდაპირველად, მთავარსარდალი მაკბეტი პატიოსან და ღირსეულ რაინდად წარმოგვიდგება, რომელიც თავგანწირვითა და სიმამაცით იბრძვის სახელმწიფოსა და მეფის დასაცავად, დაუნდობლად უსწორდება ორგულ თანამებრძოლებსა და მტრებს. გულად მხედართმთავარს იღბალი წყალობს და ომიდან გამარჯვებული ბრუნდება. ის ბედნიერია, ბოროტმოქმედების გარეშე აპირებს ზეიმს, უხარია, რომ ხელმწიფეს გამოადგა, სამშობლო დაიცვა. თუმცა, პირველი პატარა გამარჯვებისთანავე ჩნდება ნარცისიზმის, საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად შეფასების საფრთხე. სამეფო კარისკენ მიმავალ გზაზე სარდალს კუდიანები ხვდებიან და არწმუნებენ, რომ პატარა გამარჯვება უმაღლეს საფეხურამდე დაწინაურების წინაპირობა შეიძლება გახდეს. კუდიანები მაკბეტს უქმნიან ილუზიას იმისა, რომ იგი შეიძლება დუნკანზე უკეთეს მონარქად ჩამოყალიბდეს; რომ იგი გვირგვინს უპირობოდ იმსახურებს; რომ მის მიერ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალების გამოყენება გამართლებულია. ალქაჯების შეგონებას კვერს დაუკრავს ლედი მაკბეტიც და ნაწარმოების მსვლელობისას რაინდი ამბიციურ, ყველაფრის მკადრებელ, ნახევრად შეშლილ მკვლელად გადაიქცევა, რომელიც სიცოცხლეს უბადრუკად დაასრულებს.
მარიამს შეეძლო შუა საუკუნეების ეპოქა გაეცოცხლებინა, სცენაზე შემზარავად შემოსილი დედაბრები გამოეყვანა, ფოლადის მძიმე აღჭურვილობებით, ფარებითა და შუბებით, კავალერიით დაებრმავებინა მნახველთა თვალი. თუმცა, ის უკეთეს გზას დაადგა და „მაკბეტის“ სიუჟეტი ოცდამეერთე საუკუნისთვის დამახასიათებელ ტიპურ ოფისში გაათამაშა.
წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მისი და მისი მასწავლებლის საერთო საქმის მოგვარებაში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი შეასრულა. ბიჭიც და მისი ხელმძღვანელიც კმაყოფილნი არიან მიღწეული შედეგით, ერთად აპირებენ გამარჯვების აღნიშვნას. შეკრებისკენ მიმავალი მთავარი პერსონაჟი ცოტა ხნით მარტო რჩება ოფისში. მოულოდნელად მისი პერსონალური კომპიუტერი და „სმარტფონი“ ახმაურდებიან. სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან ჩვენს გმირს უწყვეტად მოდის შეტყობინებები. შეტყობინებების საშუალებით უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, ახლობლები და შორეული ნათესავები პირველ ბრძოლაში გამარჯვებით გამოსულ ახალგაზრდას შთააგონებენ, რომ ის საუკეთესოა; რომ მას უკვე შეუძლია ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება; რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. სოციალური ქსელის კომენტატორები დამწყებ პროფესიონალს მასწავლებლის მესაკუთრესთან დაბეზღებისკენ მოუწოდებენ. არწმუნებენ, რომ ხელმძღვანელის მოსაცილებლად შეუძლია მისი მაკომპრომეტირებელი მასალის ყალბი ანგარიშიდან გავრცელება. ყველაზე მეტად დამწყებს მისი შეყვარებული აგულიანებს. ბიჭიც აჰყვება შეგონებებსა და ამბიციებს, ბოლოს კი მესაკუთრეს მის ნაცვლად სხვა მოჰყავს სამსახურის უფროსად, ის კი სრულიად მარტო რჩება.
უილიამ შექსპირის დროს სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები არ არსებობდა. თუმცა, მაშინ ადამიანთა წარმოდგენებში არსებობდნენ ბოროტი ჯადოქრები, რომლებიც პატიოსან და კეთილ ადამიანებს დანაშაულისა და მოყვასის განადგურების გზაზე აყენებდნენ. მაკბეტის ოფისში გადმოტანით სტუდენტმა გვითხრა, რომ დღევანდელ ხანაში ალქაჯებისა და კუდიანების ფუნქციას Facebook-ი და მისი მონათესავე აპლიკაციები ასრულებენ. იცვლება ფორმა, შინაარსი კი მარადიული რჩება.