ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

  ხმარებით გაცრეცილი სიტყვები

დიდთონეთში, სასაფლაოს გორაზე, საყდრის გვერდით ქვის კედლები დგას და თონესავით ჩავარდნილ სოფელს ზევიდან დაჰყურებს. აქ ადრე სკოლა იყო, ორსართულიანი, ხის აივნითა და რიკულებით.

გული ჯერ არ ჰქონდა ტკენისგან გახეთქილი და თავის უპირველეს მოწოდებად მასწავლებლობა მიაჩნდა. თან ოჯახი ჰყავდა სარჩენი და მზად იყო, ამის გამო ნებისმიერ ადგილას ემუშავა. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ვაჟა თონეთში მიავლინა. სასიხარულო წერილი ვაჟამ ჩარგალში მიიღო და იმავე თვის თექვსმეტში თონეთში ამოვიდა. მოხსენებაც გაუგზავნა უკან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ოცამდე მოსწავლე დახვდა, რომ მოსწავლეები სწავლას არიან მოწყურებული და ითხოვდა, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სწავლისთვის საჭირო სხვა ნივთებიც გამოეგზავნათ. ბევრი ბავშვი არ დადიოდა სკოლაში, მათ მშობლებს ერჩიათ, შვილებს ხელობა და ვაჭრობა ესწავლათ და ამით ერჩინათ თავი. ვაჟას ძალისძალად მოჰყავდა ბავშვები სკოლაში, ხან დაყვავებით ხან ჯარიმის მუქარით.

ჩემი დიდი პეპერა გლახო ძმებიდან ყველაზე ცოცხალი და მატაოცი იყო. უნდოდა სწავლა და მამამისი უშლიდა, ცხვარში იარეო, ბევრი ცხვარი ჰყავდათ, ოთხმა ძმამ ჯოხის გადაგდებით გაყვეს, მთლიანი ფარა, კომუნისტების მოსვლამდე. გლახო ისევ ვაჟას მიუყვანია სკოლაში, ჯარიმით დამუქრებია მამამისს. გლახო კარგად ისწავლის, შემდეგ კი კომუნისტები დახვრეტენ, სოფლის ბოლოში ხევის პირზე. თავის კალოზე ძნები წვიმაში განგებ დატოვა და დაალპო, ჩვენთვის რომ არ ჩაებარებინაო. მართლა ასე ქნა, ჭირივით სძულდა კომუნისტები, მისი წილკერძი ორასი სული დედა ცხვრიდან, ხუთიღა დაუტოვეს.

ვაჟას ერთი დარდიც ჰქონდა, თონეთელმა მედუქნე მუჯირიშვილებმა აშენეს ეს სკოლა საქარულზე. ქვით ნაშენი შენობა ნახევრად ფარღაღალა იყო და შიშობდა ბავშვები დამიცივდებიანო. ჩვენდა სამარცვხვინოდ არც თონეთელები აწვდიდნენ ზამთრის საკმარ შეშას. არადა, ევალათ ეს საქმე..

ვაჟა კი მთელი გულით აკეთებდა საქმეს, ბავშვები ბუნების წიაღში გაჰყავდა და უკითხავდა ხალხურსა და თავის ლექსებს. მეორე წელს ერთიორად იმატა ბავშვების რიცხვმა. დაინახა ხალხმა ეს უცხო მხრიდან მოსული მასწავლებელი მათი  გულის დამწველი რომ იყო და გულში ჩაისვეს.

სოფლის ბობოლებმა – მამასახლისმა და მღვდელმა მოიძულეს. ეს ორი ხარბი და თვალვიწრო რუსი მეფის მორჩილების მქადაგებლები იყვნენ, თან ერთმანეთის სიძე-ცოლისძმანი და მხარდამხარ ყვლეფდნენ ხალხს. წმინდა გიორგის საყდარი სკოლის მომიჯნავე გორაზე იყო. ხედავდა მღვდლის ავკაცობას მუდამდღე. ერთხელაც თავის საყვარელ მოსწავლეს, გლახო ბადალაშვილს ეტყვის:

  • ღმერთი იმას კი არ ამბობს, რასაც ეს მღვდელი ბურტყუნებს, იმას ამბობს, არავინ დაჩაგროთ და პირიდან ლუკმა არავის გამოაცალოთო.

ითმენდა ვაჟა, მღვდლის შვილი იყო თვითონაც და მღვდელს მამასახლისივით საყდრის გორიდან არ აგორებდა წიხლისკვრით. ერთხელაც, როცა მღვდელმა მანველიძეების ქვრივის ბიჭს კიდევ ერთი ხახალი კვერცხი მოსთხოვა მკვდრის გაპატიოსნებისთვის, ადგა და საყდრის ქვის გალავანზე სანიშნი გააკეთა და თოფის სროლა დაუწყო.

მამასახლისი კი, ძალაუფლებით წელმოდგმული სცემდა და ჰყვლეფდა ხალხს. ვინც მეტს ჩაუდებდა ჯიბეში იმას მიჰკერძავდა კარგ მიწას, ვისაც მისი მოქრთამვის საშუალება არ ჰქონდა, რჩებოდა უწიაღო თიხნარი.

მამასახლისის შვილიც ვაჟასთან დადიოდა სკოლაში. ერთხელაც თავისი სკოლელს წამოერტყა და მამასასხლისიც მოუვარდა და ცემა დაუწყო შვილის გამლახველს. პირველად მაშინ დააგორა ვაჟამ სოფლის თავი სკოლის გორიდან. მეორედ კი მოსწავლეების მშობლების ცემის გამო დაამჟავა ვაჟამ, თანაც მიაძახა, სადაც გინდა, იქ მიჩივლეო. მამასახლისი მართალი არ იყო და გაუჩუმდა, თავის დროს დაელოდა.

თონეთი სოფელ ორბეთსა და მანგლისს შუაა. მაშინ ორბეთს ჯერ კიდევ „პრიუტი“ ერქვა, რუსები ცხოვრობდნენ. აი მანგლისი კი ბევრად მრავალეროვანი და ჭრელი იყო. იქვე იდგა რუსის დიდი ჯარიც. თბილისიდან მანგლისში მომავლები თონეთში დუქანში ისვენებდნენ და აგრძელებდნენ გზას. მუჯირიშიშვილების დუქანი ზედ გზისა და მდინარის პირას იდგა. იმ გაზაფხულით „პრიუტიდან“ წამოსულ რუს სალდათებს თონეთში მოუნდათ დასვენება და ქეიფი. ქეიფში თონეთის მამასახლისი და ბოქაულიც მიიპატიჟეს. როცა შეზარხოშდნენ, ვირეშმაკა მამასახლისმა რუს აფიცერს სოფლის მასწავლებელიც დააპატიჟებინა. ზუსტად არავინ იცის, რა თქვა ასეთი რუსის აფიცერმა, ნათქვამს კი ის მოჰყვა, რომ ვაჟამ სამივე აპრილის ცივ მდინარეში გადაყარა და ვითომდა გამზავებელი მამასახლისიც ზედ მიაყოლა.

რუსის აფიცერმა ვერავისთან თქვა, როგორ აბანავა მდინარეში მეფის სამი ჯარისკაცი ერთმა ჩამოკონკილმა სოფლის „უჩიტელმა“. ამბის მიტანაზე კი იქ, სადაც საჭირო იყო, სოფლის მღვდელმა  იზრუნა.

ეს ამბები ძველების მონაყოლით ვიცი. არადა, მართლა ჰგავს სიმართლეს. მაშინ იმ დროს მეფის ჯარისკაცის ცემას ვინმე მასწავლებელს არავინ აპატიებდა. ძველები იმასაც ამბობდნენ, რომ მამასახლისი დღეობებზე იმუქრებოდა, რომ „მთიდან მოთრეულ“ მასწავლებელს მოკლავდა. მუქარის ამბავიც სკოლის მზრუნველს, მემამულე ყავრიშვილს ჩაუტანია ილიასთვის. ვინ და ილიამ ნამდვილად იცოდა ვაჟას ფასი და ისიც იცოდა, რამდენი დაგვაკლდებოდა, ის რომ თონეთში მოეკლა ვინმეს. ვაჟა წავიდა, თონეთელები კი უკან გამოეტირნენ, მის მოსვლამდე თუ წერა-კითხვა არავინ იცოდა, ახლა ოთხმოცამდე ბავშვი და მშობელი აწერდა თხოვნის ფურცელს ხელს, რომ უკან დაებრუნებინათ.

ვაჟა წავიდა, უფრო მართლად რომ ვთქვა, გააგდეს, ჩემნაირების გამოსარჩლების გამო.

 

კომუნისტები მოვიდნენ, სკოლის აივნები ამოაშენეს და კულტურის სახლად აქციეს. კლუბში ინდურ ფილმებს უშვებდნენ აქაურებისთვის. ქვეყანა რომ აირია, თონეთელებმა ჯერ სკამები დაიპარეს, შემდეგ კოჭები და კრამიტი მიაყოლეს. რაც გადარჩათ, იმაშიც ცხვარი შერეკეს და საზაფხულო ფარეხად აქციეს. ერთხელაც ბაკად ქცეულ სკოლაში მგელი გადახტა და რამდენიმე ცხვარი გაფატრა. თონეთელებმა ამბობდნენ, რომ ეს მგელი მეცხვარეს გაბრაზებულმა ვაჟა-ფშაველამ გამოუგზავნა საიქიოდან. ის, რომ დიდი ადამიანების ფასი არგაცვეთილი სიტყვებია უკვე, უფრო სწორად ხმარებაში გაცრეცილი სიტყვები.

იქნებ სჯობდა, რომ ვაჟას მოეთმინა, ჩაეყლაპა?! ოჯახს არ მოაშიებდა და უფრო მეტ გლახოსნაირს გაზრდიდა. მაგრამ, როცა მისი სკოლის ნანგრევს გახედავ, ხვდები თავჩახრილები ვერასდროს ვერაფერს ცვლიან და უნდა იბრძოლო, სამყარო უკეთესი საცხოვრებელი რომ გახდეს.

მინდოდა, ეს ამბავი ისე მომეყოლა, როგორადაც პატარაობისას მოხუცი თონეთელები მიყვებოდნენ. მაპატიოს ყველასი და უპირველესად ვაჟას ნათელმა სულმა, თუ ყველაფერი ისე არაა, როგორადაც სინამდვილეში იყო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი