სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თეთრი საყელო, ანუ რამდენიმე ეპიზოდი მოსწავლე გოგონას ცხოვრებიდან

ეპიზოდი პირველი: ბავშვობაში საშინლად არ მიყვარდა ფოტოების გადაღება. ჩემი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, ფოტოატელიეებმა რომ ფუნქცია დაკარგა და საოჯახო ალბომები “პოლაროიდით” გადაღებული უხარისხო ფოტოებით გაივსო. ჩვენ კარგა ხანს არ გვქონდა ფოტოაპარატი და ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში ჩემი ცხოვრების ღირსშესანიშნავი დღეები ხშირად აღიბეჭდებოდა პროფესიონალურ ფირზე – დედას ყოველთვის მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი თარიღები მხოლოდ მეხსიერებას არ უნდა ანდო. და აი, მეც – ხუთი წლის პირველკლასელი, შავი ქვედაკაბით და თეთრი, მაქმანებიანი პერანგით, მოკლედ შეჭრილი თმითა და, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო გამომეტყველებით, დიახაც, ვგავარ ტრადიციულ სასწავლებელში მიმავალ “გიმნაზისტკას”.

პირველ კლასში ყველა წესის დაცვით ვატარეთ ფორმები, კარგ ამინდში – შავ-თეთრი, ზამთარში – ყავისფერი. ზოგიერთს მშობლების ბავშვობისდროინდელი ლურჯი პიჯაკი და შარვალიც ეცვა. ასეთი დრო იყო მაშინ, არც არაფერი იშოვებოდა ომგამოვლილ ქვეყანაში და ყიდვის საშუალებაც ძალიან ცოტას ჰქონდა. ალბათ ბევრ მშობელს უხაროდა კიდეც, ყოველდღე რომ არ უნდა ეფიქრა შვილის ჩაცმა-დახურვაზე. ასეა, ზოგჯერ რეგულაციები ცხოვრებას გვიმარტივებს და, ჩემი ღრმა რწმენით, ამიტომაც ჯერ ვიგონებთ და მერე ვემორჩილებით მათ.

ეპიზოდი მეორე: დარწმუნებული ვარ, 80-იან წლებში დაბადებულებს ისტორია რაიმე განსაკუთრებულ სახელს გამოგვიძებნის. ჩვენ ძველის ნგრევის და ახლის შენების, ცვლილებების და გარდაქმნების, უშუქობისა და ომის ბავშვები ვართ, ისინი, ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და უცებ დამოუკიდებელ საქართველოში ავიდგით ფეხი. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორღაც, ისიც ბუნებრივად მეჩვენება, რომ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც იმდენ ცვლილებას მოვესწარით, იმდენი ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენზე, რომ ნახევარს ვერც კი ვიხსენებ. ახალი სახელმძღვანელოები პირველად ჩვენს დროს გამოიცა. ჩვენს დროს დაიწყო სკოლების, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ძველი სასკოლო ფორმებიც აღარავის აკმაყოფილებდა. მეოთხე კლასში გადაღებულ ფოტოზე გოგოებს შოტლანდიური ქვედაკაბები, ლურჯი პიჯაკები და თეთრი პერანგები გვაცვია და სცენაზე ვმღერით, ზუსტად მახსოვს, რას – “Doe, a deer, a female deer”, “მუსიკის ჰანგებიდან”. უკან ასეთნაირადვე ჩაცმული გუნდი გვიდგას. არ ვიცი, რას ფიქრობდა სკოლის გუნდის ხელმძღვანელი, როცა ეს სიმღერა შეგვირჩია, მაგრამ ახლა მგონია, რომ სწორედ ეს, სხვა, უფრო დიდ ომს გადარჩენილი ბავშვების სიმღერა მართლაც სიმბოლური იყო ჩვენთვის, მწარე მშვიდობისა და განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნის ევროპულად გამოწყობილი მოსწავლეებისთვის. ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, ერთი ის იყო, რომ მოდაში საოცარი სისწრაფით შემოსული შოტლანდიური ქვედაკაბები საკმაოდ ძვირი ღირდა.

 

ეპიზოდი მესამე: მეხუთე კლასიდან ჭრელად და არეულად გვაცვია, მაგრამ მაინც ბევრი რამე გვაქვს ერთნაირი, მაგალითად, “Yes-No” მაისურები, ყვავილებიანი “ელასტიკები”, ჯემპრები დისნეის გმირების გამოსახულებით. ჯინსი და ბოტასი აღარავის უკვირს, უბრალოდ, საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას: ვის მანათობელი ბოტასი აცვია და ვის – ჩვეულებრივი, ვის ადგილობრივ ბაზრობაზე უყიდეს ტანსაცმელი ახალი სასწავლო წლისთვის და ვის საზღვარგარეთიდან ჩამოუტანეს. თანდათან ასეთ თემებზე ლაპარაკსაც ვსწავლობთ, ზოგი – სიამაყით, ზოგიც – გულდაწყვეტით. ეს ჩვენი თაობის სახეა, ეს სტილის ჩვენეული ძიებაა, უფრო მეტიც – ამ პერიოდის ფოტოები ჩვენი ოჯახების სოციალური მოზაიკაა. სინამდვილეც ასეთია და მას ვერსად გავექცევით.

ეპიზოდი მეოთხე: ჩვენს სკოლაში კიდევ ერთხელ რომ მოინდომეს შავ-თეთრი ფორმების დაბრუნება, უკვე მეათე კლასში ვიყავით. მახსოვს, დირექტორმა მე და ჩემს კლასელ ბიჭს დაგვიძახა და გვთხოვა, მეორე დღეს თეთრი პერანგებით მივსულიყავით, რათა ყველას დაენახა, რომ ჩვენ, სამაგალითო უფროსკლასელებიც ვემორჩილებოდით წესებს. თოთხმეტი-თხუთმეტი წელი ალბათ ის ასაკია, როცა ყველაზე მეტად გინდა, სხვებისგან გამოირჩეოდე და ძალდატანებით ვერავინ გაგაკეთებინებს იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა. თუმცა ჩვენსა და დირექტორს შორის შემდგარი დიალოგი უფრო თანატოლების, ზრდასრული ადამიანების საუბარს ჰგავდა. მას არ უბრძანებია, არ გაგვწყრომია, არ დაგვმუქრებია და ჩვენც უარის თქმა ვერ გავბედეთ. ნამდვილად არ ვიცი, რა გავლენა მოახდინა ჩვენმა თეთრმა პერანგებმა სხვებზე, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩვენი მხრივ ეს არ ყოფილა მორჩილება, უფრო თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას ჰგავდა.

მინაწერი: ზოგიერთ ქვეყანაში სასკოლო ფორმები აკრძალულია, რადგან მიაჩნიათ, რომ ფორმა პიროვნების ჩამოყალიბებას, ინდივიდუალობას, გემოვნების განვითარებას უშლის ხელს, ზოგან, პირიქით, სასკოლო ფორმა თანასწორობის, წესრიგისა და დისციპლინის სიმბოლოა. მე ფერადი კაბების მოყვარული გოგო ვარ, სიახლეები არასოდეს მბეზრდება, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ მაინც შევიკერე, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი პატარა შავი კაბა თეთრი საყელოთი და მანჟეტებით, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს სკოლის ფორმას და ყოველთვის, როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ ბავშვობაში ასეთი კაბის ჩაცმას არასოდეს ვინატრებდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“