„– რატომ ქუდის ჯადოს არ გამოიყენებ და ფრთოსან მაიმუნებს არ მოუხმობ? ერთი საათიც არ გავა, რომ ოზის ქალაქში მიგიყვანენ. რა ვიცოდი, ჯადოსნური თუ იყო, – გაკვირვებით მიუგო დოროთიმ, – როგორ მოვუხმო?
- ოქროს ქუდს შიგნიდან აწერია, – უთხრა თაგვების დედოფალმა, მაგრამ თუ ფრთოსანი მაიმუნების მოხმობას აპირებ, ჩვენ გავიქცევით, თორემ ძალიან, ძალიან მავნეები არიან და ჩვენი წვალება გაუხარდებათ.
- მე არაფერს დამიშავებენ? – შეშფოთდა დოროთი.
- შენ – არა. ქუდის პატრონს უნდა დაემორჩილონ“.
ფრენკ ბაუმი, ოზის ჯადოქარი[1]
მფრინავი მაიმუნები უმალ გაახსენდება მათ, ვისაც „ოზის ჯადოქარი“ ერთხელ მაინც წაუკითხავს. რომანში ისინი ჯადოქრის ოქროს ქუდის მორჩილი არსებები არიან, ქუდის ყოველ ახალ მფლობელს ნებისმიერ სამ სურვილს უსიტყვოდ უსრულებენ – „ბინძურ სამუშაოს“, რომელიც ნარცის მბრძანებლებს ბოროტი მიზნების მიღწევაში ეხმარება.
რეალურ ცხოვრებაში იმ მაიმუნებს, მეტაფორული ქუდის გარდა, ვერანაირ ქუდში ვერ გამოამწყვდევ. ჰაერი მათით უხვადაა გაჯერებული, თითქმის ყველგან არიან – სასწავლო დაწესებულებებში, სანათესაოში, სამეგობროში, სამეზობლოსა თუ ნებისმიერ სამსახურში. სხვათა შორის, ეს სულაც არაა მხოლოდ უცხოური ან მხოლოდ ქართული ამბავი, არც სიახლეა და ლიტერატურაც არ უჩივის ამ ტიპის პერსონაჟების ნაკლებობას.
გვახსოვს, აკაკის „ბაში-აჩუკში“ შაჰ-აბასი გმირულ, პირდაპირ პოლიტიკას როგორ ცვლის „საქვეშქვეშო-სავერაგოზე“, რადგან „იქ, სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიის კუდმა უნდა მოიმკოს!..“ – და აოხრებულ ქვეყანას რისხვას წყალობად უცვლის. უხვი წყალობა კახეთს აბრმავებს, „კუჭი გულს სძლევს, სული ხორცს უთმობს“ და ნელ-ნელა, „დღეს-ხვალობით“ ქვეყანა „საფრთხეში ტოპავს“. აქაური თავადები შაჰის სასახლის კარზე უპირველეს ადგილებს იჭერენ. ვინც ქართველობას არ ივიწყებს, იჩაგრება და გმირთა-გმირიც რომ იყოს, „წინ ბიჯის წადგმასაც“ ვერ ახერხებს. შაჰ-აბაზი გულში იცინის, რადგან აღმოსავლეთი საქართველო ნახევრად გათათრდა. ბოლოს ისე ხდება, რომ ქართველი ქართველზევე მეზვერეობს. „და თუ აქა-იქ სადმე „რიგიანი“ და ჯერ კიდევ „სამშობლოს მოჭირისუფლე“ ვინმე გამოერევა, ჯერ თავისიანებსავე არ მოსწონთ და უკიჟინებენ“. მაგალითად, ბიძინა ჩოლოყაშვილს ბიძამისი ჯანდიერი, მთავარმართებლის თითქმის პირველი ვეზირი, ერთხელაც ეუბნება, რომ ახირებული და საკუთარი თავის მტერია, რადგან სასახლის კარზე ბედნიერება მოელის და ის კი ნაცარქექიასავით ჩააკვდა ახმეტას მაშინ, როცა ყეენის მზეს უნდა ფიცულობდეს, რადგან ქვეყანა პურს სწორედ შაჰის წყალობით ჭამს.
ეს ტიპური შემთხვევაა, რომლის მაგვარი ლიტერატურაში, ისტორიასა თუ რეალურ ცხოვრებაში უამრავია. თავადი ჯანდიერის მსგავსი პიროვნებები კი გენერალიზდება ერთ ტერმინზე, რომელსაც პოპულარულ ფსიქოლოგიაში „მფრინავ მაიმუნებს“ უწოდებენ და ამ ტერმინს ნარცისული ძალადობის კონტექსტში ემოციური ძალადობის, ასევე რწმუნებითი ძალადობის (Abuse by proxy) ფორმად განიხილავენ.
მფრინავი მაიმუნი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისაც ნარცისი ადამიანის სჯერა, მაგალითად, მეუღლე, შვილი, მეგობარი, ტყუპის ცალი თუ ნათესავი. პოპულარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლის, ანგელა ატკინსონის (Angela Atkinson) თანახმად[2][9], მფრინავი მაიმუნები ჩვეულებრივ, მართული ხალხია, ვინც მსხვერპლის დანაშაულს გულწრფელად იჯერებს და, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე ნარცისი ადამიანის სამსახურშიც იდგეს[4] . ნარცისული პიროვნული აშლილობის(NPD)[2] მკვლევრის, სემ ვაკნინის და სხვა ავტორთა თანახმად, რწმუნებით მოძალადეების3][7][10] გაჩენას განაპირობებს:
- მოძალადე კოლეგა/კომპანიონი/ მოკავშირე…
-
- მსხვერპლის კოლეგა/კომპანიონი – რომელიც მასზე მანიპულირებს მოძალადის იდეებით;
- ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების წევრი/წევრები – რომლებიც მოძალადის სურვილებით/იდეებით მანიპულირებენ.
ტაქტიკა
მფრინავი მაიმუნები ასრულებენ ნარცისი მოძალადის სურვილს და სამიზნე მსხვერპლს დამატებით ტკივილებს/ტანჯვას აყენებენ. ეს შეიძლება იყოს „ჩაშვება“, ჭორების გავრცელება, მუქარა, მოძალადის მსხვერპლის როლში წარმოჩენა, (მსხვერპლობის თამაში) და სამიზნე მსხვერპლის დადანაშაულება, თითქოს ის იყოს მოძალადე. ამის მიუხედავად, მოძალადეს არ უჭირს „მფრინავი მაიმუნები“ განტევების ვაცად გამოიყენოს და თუ საქმე საქმეზე მიდგება, დანაშაულის მთელი სიმძიმე მათ გადააბრალოს, ისე, რომ ვერასდროს მიხვდეს, ასე უნამუსოდ რომ იყენებენ. მრავალრიცხოვანი „მფრინავი მაიმუნები“ მოქმედებენ მობინგის, ანუ კოლექტიური ბულინგის პრინციპით.
ნარცისი მოძალადის მხარდაჭერის მოტივთა მენიუ შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ერთი მხრივ, ნარცისი ცალმხრივი პერსპექტივით ხიბლავს მათ. ოჯახის წევრები ცდილობენ კეთილსინდისიერად შეეცადონ „პრობლემური წევრის“ სიტუაციაში გარკვევას. დამოკიდებულები ან იჯერებენ ნარცისი მოძალადის ყოვლადშემძლეობას ან იყენებენ მათ საკუთარი აგრესიული ინსტინქტების სანქცირებისთვის.
გვახსოვდეს: „მფრინავი მაიმუნი“ ნარცისი ადამიანის ხელში იარაღია, რომლითაც ცილისმწამებლურ კამპანიას აგორებს და უდანაშაულო მსხვერპლს ესხმის თავს.
„მფრინავი მაიმუნების“ პირველი კატეგორია გულუბრყვილოა. არ ეძებენ მიზეზებს, ვერც სიმართლეს ხედავენ და რაკი თავად არ შეუძლიათ ვინმეს მიმართ ბოროტების ჩადენა, ჰგონიათ, რომ სხვებიც ვერ შეძლებენ ამას. ასე რომ, იჯერებენ სიცრუეს მსხვერპლის შესახებ და ავრცელებენ მას. თუკი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან, ამ ტიპის ადამიანებს ძლიერი, დომინანტური პიროვნების „ფრთებქვეშ დნობა“ ურჩევნიათ იმის გააზრებას, თუ რა ხდება.
მეორე კატეგორია „ტოქსიკურია“ – ადამიანები, რომელთა ქცევებს საზღვარი არ აქვს. მათ უყვართ ჭორები და დრამა და მათ გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, აქვთ მთლიანობის პრობლემა და, როგორც წესი, ნარცისისგან რაღაც უნდათ. მათ სურთ ჰქონდეთ სტატუსი; ჰყავდეთ მომხრეები, მაამებელი ადამიანები. ისინი ნარცისისგან იღებენ იმას, რის გამოც მზად არიან შეასრულონ ბრძანება.
ჩვენი რეალობა
წარმოიდგინეთ სასკოლო სიტუაცია, როდესაც მოსწავლე/მასწვლებელი ასერტულია, ვერ ეგუება ჩაგვრასა და უსამართლობას და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. ეს აშინებს მის ზემდგომ ნარცის მოძალადეს და ყველა გზით ცდილობს, „მსხვერპლის“ ბრძოლისუნარიანობის შემცირებასა და საბოლოოდ ჩაქრობას. ამისთვის მოძალადე ჯერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს საკუთარი დანაშაულის მოწმეებზე, მაგალითად, მოსწავლეებზე/მათ მშობლებზე/მასწავლებლებსა თუ დირექციის წევრებზე და მათ შთააგონებს, რომ „მსხვერპლია“, რომ „უსამართლოდ ექცევიან“, რომ „ამდენი რამ გაუკეთებია და არ უფასდება“ და ა. შ.. მერე ხდება ისე, რომ მოძალადის ოპონენტ მართალ ადამიანს არათუ მხარს უჭერენ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ გაჩუმებისკენ მოუწოდებენ, ყველგან დასცინიან, ადამიანად არ თვლიან, რიყავენ და სრულიად მარტო ტოვებენ.
სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის ასე ნაცნობი და არცთუ იშვიათი რეალობაა, რომელზე ღიად საუბარს გავურბივართ, რადგან გვეშინია და ამ შიშისაგან თავი გაქცევით უნდა დავიცვათ. არადა, ფიქრი, ანალიზი და ხმამაღლა საუბარიც რაოდენ მნიშვნელოვანია! „ადამიანი, რომელიც შენი მჩაგვრელის გამართლებაშია და მომხდარის გადაკეთებასა და გარეშეთათვის აზრის შექმნას ცდილობს“, – flying monkey[1]-ს ამგვარი განსაზღვრა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერის ჩანაწერებში აღმოვაჩინე და მენიშნა, რომ იგი ხელის გულზე გადაშლილ არცთუ სასურველ მემკვიდრეობას ფარდას თითქმის ბოლომდე ხდიდა. ამ წერილის შექმნაც სწორედ მისმა ჩანაწერმა შთამაგონა.
უარეს შემთხვევაში, მირჩევნია, ვიცოდე, რომ ვერავის ვერაფერში გამოვადგები, ვიდრე მავანმა საკუთარი ბოროტი მიზნის მისაღწევად მხოლოდ „შავი სამუშაოსთვის“ გამომიყენოს და შემდეგ საბოლოოდ სანაგვეზე მომისროლოს, – ეს მე ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ, კანზასელი დოროთის მსგავსად, ჯერ ვერცხლის ფეხსაცმელი თუ, მით უფრო, ვერც ოქროს ქუდი ვერ მიპოვია, მაინც ამავეს ვეტყვი ჩემსა თუ სხვის მოწაფეებს. ყველაფერი უსარგებლოა, როცა გული სიყვარულით არ გიძგერს და მუდამ სხვების თანაგანცდას არ გავალებს.
გამოყენებული რესურსები:
- ^ Jump up to:ab Carmen Bryant (7 May 2019). Unmasking the Illusion of Perfection: Narcissist Abuse; Abused by the Esteemed!. ISBN 978-1973654667. Retrieved 30 May 2019. These people, termed through popular psychology, as flying monkeys (in context of narcissist abuse) and redirect all attention back to the narcissist …
- ^ Jump up to:ab c d e f g “Flying Monkeys (The Narcissist’s Tool for the Smear Campaign)”. Medium. 13 May 2018. Retrieved 30 May 2019. So the role of these flying monkeys is first of all abuse by proxy.
- ^ Jump up to:ab Angela Atkinson (December 2015). Gaslighting, Love Bombing and Flying Monkeys: The Ultimate Toxic Relationship Survival Guide for Victims and Survivors of Narcissistic Abuse. ASIN B0192Q652O.
- ^Brian C Toner; Anne E Hathaway (May 2012). Bill the Sociopathic Flying Monkey. ISBN 978-1477626221. Retrieved 30 May 2019.
- ^ Jump up to:ab Sam Vaknin (2010). “Abuse By Proxy: From Smear Campaigns to 3rd-party Stalking and Abuse”. Retrieved 30 May 2019.
- https://medium.com/@OwnYourReality/flying-monkeys-the-narcissists-tool-for-the-smear-campaign-798daf7a59c0
- https://en.wikipedia.org/wiki/Flying_monkeys_(popular_psychology)
[1] ციცო ხოცუაშვილის თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2015, გვ. 126.
[2] narcissistic personality disorder