სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პრეზენტაციის ატრიბუტები, უკეთესი წარდგინებისთვის

პრეზენტაციის მომზადებას მოსწავლეები პირველი კლასიდან სწავლობენ. თუმცა, ამ ასაკში ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავიანთ საჭიროებებს ბოლომდე აცნობიერებდნენ. სლაიდებზე წარმოდგენილი მასალა მათთვის ორმაგად უინტერესო შეიძლება გახდეს, თუ მასწავლებელმა ერთი და იგივე შაბლონი ხშირად გამოიყენა.

ფორმატი, რომელიც პრეზენტაციის ხსენებისას გვაგონდება, PowerPoint-ია, Microsoft-ის საოფისე პაკეტის ნაწილი. 90-იან წლებში მულტიმედიური სლაიდების სწრაფად შექმნის საქმეში, ის მართლაც მიღწევად ითვლებოდა. ბიზნესსფეროში ფეხმოკიდებულმა PowerPoint-მა მალევე შეაღწია სკოლებში და მთავარ ვიზუალურ მხარდამჭერ ინსტრუმენტად იქცა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს პრეზენტაციის მრავალფეროვანი დიზაინის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ მასწავლებლები მათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და კარგად ნაცად შაბლონებს იყენებენ. მაგალითად, ისინი კვლავ ხშირად სარგებლებენ შაბლონებით, სადაც ფერადი ფონია, ჩრდილები, ჭარბობს გრადიენტები, მოკლედ, კარგად იგრძნობა 90-იანების გავლენა.

ასეთი შაბლონები აფერმკრთალებენ პრეზენტაციას და ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ ის „წყალწყალა“ გამოვიდეს. ბევრი მოსწავლე, მასწავლებელთა მაგალითზე დაყრდნობით, ხვდება – მას შეუძლია „ამოეფაროს“ ვიზუალურ მასალას ისე, რომ არ გამოჩნდეს რამდენად ღრმად იცის მასალა. მის ნაცვლად შაბლონური სლაიდები „ისაუბრებენ“.

ასევე, პრობლემაა დიაგრამები და გრაფიკები, რომლებიც დამაჯერებლობისთვის ახლავს სასწავლო მასალას, კვლევას და რომლებიც მოსწავლეებს ნაკლებად უყვართ.

ზედმეტი დროის კარგვაა საპრეზენტაციო სლაიდებზე მითითებული განმარტებითი ტექსტის სიტყვა-სიტყვით ჩაკითხვა (და რატომაც, ამაზე  ქვემოთ მოგახსენებთ).

სინამდვილეში, კარგი პრეზენტაცია რთული ჟანრია, რომლის მომზადება ყველას არ ძალუძს. ის არა მხოლოდ შინაარსობრივ, არამედ დიზაინერულ სამზადისსა და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, ცხადია, არსებობს გზები, რომელთა გამოყენებით პრეზენტაცია შეიძლება შთამბეჭდავი და სასარგებლო გახდეს.

საერთოდ, რაც უფრო მარტივად არის აწყობილი და მოწოდებული მასალა, მით უფრო იოლად გვამახსოვრდება. მაგალითად, პრეზენტაცია მინიმალისტურად ფერადი უნდა იყოს. დიზაინერთა განმარტებით, შავ-თეთრი ფონი და ტექსტი ყველაზე მომგებიანია.

პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს კონცენტრირებულ ინფორმაციას, რაც ასე მნიშვნელოვანია აუდიტორიის სმენითი და მხედველობითი მეხსიერებისთვის. პრეზენტაცია მეხსიერებაში კარგად უნდა „იჭრებოდეს“. სასურველია, მომხსენებელმა, მასწავლებელმა თუ მოსწავლემ, ზეპირად იცოდეს ბევრი განმარტება, რომ სლაიდებზე სიტყვა-სიტყვით არ იკითხოს.

ასევე, უიმედოდ მოძველებულია პრეზენტაციაში კლიპარტებისა და ჩრდილების გამოყენება.

არ არის საჭირო აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია, რომელიც კარგად იცის. პრეზენტაცია გაჯერებული უნდა იყოს ახალი ინფორმაციით. რის გადმოცემაც შესაძლებელია გამოსახულებით, ამ გზით უნდა იყოს ნაჩვენები. ხარისხიანი, ემოციების გამომწვევი  ფოტომასალა არასოდეს ძველდება.

პრეზენტაცია კლასში ახალი თემის შემოტანის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ ზერელედ მომზადებული პრეზენტაცია არა მარტო დამაბნეველია, არამედ გამაღიაზიანებელიც.

პრეზენტაციის წესების სიმარტივის მიუხედავად, მათ ხშირად ვარღვევთ. აი, კარგი პრეზენტაციის ხუთი წესი, რომელთა დაცვა აუცილებლად გამოგადგებათ:

  1. ერთი სლაიდი – ერთი აზრი – Microsoft-ის 2013 წლის კვლევის თანახმად, ყურადღების კონცენტრირების საშუალო ხანგრძლივობა რვა წამია. სულ ესაა ის დრო, რაც გაქვთ. ეცადეთ, მოამზადოთ სლაიდი, რომლის წაკითხვა-გაზიარებას მოსწავლე ან მასწავლებელი, გააჩნია პრეზენტაციას ვინ ამზადებს, რვა წამში შეძლებს. ბევრი ჩვენგანი ცდილობს სლაიდზე არსებული ინფორმაცია კარგად გაშალოს. ამას არავინ კრძალავს, მაგრამ თუ ბევრი ინფორმაციის გადმოცემა გსურთ, უმჯობესია, რამდენიმე სლაიდად დაჰყოთ. ეს პრეზენტატორსაც გაუიოლებს საქმეს და მსმენელსაც.
  2. მარტივი შრიფტები – სასწავლო პრეზენტაციის მიზანია მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის გადმოცემა და იმის დამტკიცება, რომ ეს მნიშვნელოვანია. ამისათვის აუცილებელია ტექსტი იოლად იკითხებოდეს. როგორც შევთანხმდით, ტექსტის ამოკითხვა პრეზენტატორისთვის აუცილებელი არაა, მაგრამ მსმენელმა უნდა მოახერხოს სლაიდიდან მისი ამოკითხვა. პრეზენტატორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის მიერ შერჩეული შრიფტით მომზადებულ ტექსტს მოსწავლეები კლასის ბოლოდანაც კი კარგად ამოკითხავენ. შრიფტი უნდა იყოს დიდი, კონტრასტული (შავი თეთრზე და არა, ვთქვათ, ყვითელი ნარინჯისფერზე).
  3. ბევრი თავისუფალი სივრცე – თეთრი სივრცე არის ცარიელი ადგილი სლაიდებზე, რომელიც არ არის დაკავებული სხვადასხვა ობიექტითა და ტექსტით. თუკი პრეზენტატორი ცდილობს, რომ სლაიდში ყველა კუთხე-კუნჭული აითვისოს, ეს დიდი და, სხვათა შორის, გავრცელებული შეცდომაა. თავისუფალი სივრცის არსებობა სლაიდზე ჰგავს ჟანგბადს, რომელიც იძლევა ამოსუნთქვის საშუალებას წარმოდგენილ ინფორმაციებს შორის. მასწავლებელი ბევრად მომგებიან მდგომარეობაშია, თუ მოსწავლეების ყურადღება კეროვან წერტილებზე კონცენტრირდება.
  4. ნაკლები სიფერადე – უხეში შეცდომაა პრეზენტაციის დროს ყველა მნიშვნელოვანი აზრის წითელი ან მკაფიო ფერით გამოყოფა. ეს ხაზგასმა ქაოსის განცდას იწვევს. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მთავარს მივაქციოთ, თვალების დახუჭვა გვინდება. ეს შეცდომა ყველაზე ხშირად გვხვდება დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა პრეზენტაციებში. პროფესიონალები გვირჩევენ ავირჩიოთ სამი (მაქსიმუმ ოთხი) ძირითადი ფერი და ეს ფერები გამოვიყენოთ მხოლოდ სათაურებში, ტექსტებში. უკეთესია, თუ ეს არ იქნება კაშკაშა ფერები. თუ სხვა ფერიც გჭირდებათ, უკვე შერჩეულ ფერთან მიახლოებული  გამოიყენეთ, შედარებით ღია ან მუქი.
  5. მაღალი რეზოლუციის ფოტო – პრეზენტაცია ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენის, სწავლის საშუალებაა. პრეზენტაციაში უხარისხო ფოტოების ნახვა, სადაც ბევრი პატარა დეტალია, ნაკლებად სასიამოვნოა, განსაკუთრებით კლასის შორი წერტილიდან ძნელია ამ დეტალების გარკვევა.

მცირე, დაბალხარისხიანი სურათები ძველმოდურია და ნაკლებად დამაჯერებელი. ცუდი პრეზენტაციების დროს ასევე ხშირად გვხვდება დეფორმირებული ფოტოები, რაც აუდოტორიის მხრიდან დაცინვას და უნდობლობას იწვევს.

პრეზენტაციის მთავარი გავლენიანი ძალა გამოსახულებაა. ის იპყრობს ყურადღებას, აკეთებს დედააზრის ილუსტრაციას, გვაკვირვებს, გვამახსოვრდება. ინტერნეტის დამსახურებით, კარგი ფოტოების პოვნა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

მაშ, გავიმეოროთ: სლაიდზე ასახული ერთი აზრი, ადვილად წასაკითხი შრიფტი, ბევრი თავისუფალი ადგილი (ე.წ. „ჰაერი“), რამდენიმე ფერი, მაღალი რეზოლუციის ფოტოები. სულ ესაა. და რასაკვირველია ისიც, რომ ნამდვილ მასწავლებელს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კარგი პრეზენტაციისთვის – საგნის ცოდნა და ამ ცოდნის გაზიარების გულწრფელი სურვილი.

მეტიც, მნიშვნელოვანია არა ელემენტების დიზაინი, არამედ პრეზენტაციის კონცეფცია.  მასწავლებლის მიზანია მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესში, ჯგუფური მუშაობის სტიმულირება, პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა და უკუკავშირი.

რა თქმა უნდა, მასწავლებელი არ არის დიზაინერი, რომელიც იდეალურად ააწყობს სლაიდებს. ამისათვის უბრალოდ შეიძლება დროც არ დარჩეს. ამიტომაც იყენებს სტანდარტულ ინსტრუმენტებს, მთავარია, მათი კრეატიულად, გონივრულად გამოყენება. და ძირითადი პრობლემა არც PowerPoint-ია. მასწავლებელი საკუთარი გემოვნებით ირჩევს ფონის ფერს, შრიფტის ზომას, აწყობს ტექსტს, არჩევს ილუსტრაციას. PowerPoint-ს ლამაზი სტანდარტული შაბლონებიც აქვს და არ არის საჭირო მაინცდამაინც იმ გზის ტკეპნა, რომელიც უკვე ათასჯერ გავიარეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“