ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მოდი, ვწეროთ

 კარგი სკოლის ოინები

ჩვენი თაობის მასწავლებლებს ძალიან გაგვიმართლა, რადგან გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებითაც შეიძლება მოსწავლეებს ან თუნდაც საკუთარ თავს ყველაზე რთული სააზროვნო უნარისკენ – წერისაკენ გავუხსნათ ფერადი გზა და ისინი ადრეული ასაკიდანვე პატარა მწერლებად ჩამოვაყალიბოთ. მით უფრო, ეს ინსტრუმენტი დისტანციური სწავლის  პროცესში უკეთესად მუშაობს და ბავშვებსაც აჩვევს თუ აუფლებს დღევანდელობისთვის ასე საჭირო უნარს.

ბევრი თქვენგანი, ალბათ, მიხვდა: ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანი https://kargiskola.ge/-ის ბმულზეა განთავსებული. აწკაპებ ბმულს და იწყება ოინები:  მარჯვენა, ზედა მხარეს მდებარე მწვანე, თეთრწიგნიან ფანჯარას ასევე თეთრასოებიან „დაწერე…“ წარწერაზე აჭერ. ამ ფანჯრის მიღმა წერის გზა იშლება, თუმცა იქ მოხვედრამდე ვირჩევთ პერსონაჟის ყუთს, საიდანაც ხტება სახელი, მაგალითად,  „ციყვი“. მერე ვხსნით თვისების ყუთს, რომლიდანაც ხტება – „ეჭვიანი“ და რაიმე აზრი უკვე შეიძლება კიდეც გამოიკვანძოს, ვიდრე მესამე ყუთიდან „პრობლემა“ ამოგვიხტება, მაგალითად, ასეთი: „ხეზე ავიდა და ვეღარ ჩამოდის“. ან ასეთი: მშობლებს არ სცალიათ და სახლში სულ მარტოა“. ახლა უკვე ფანტაზია თქვენზეა. წერის ეს ფერადი ამბავი მაშინ უფრო სახალისო ხდება, თუ პერსონაჟს, თვისებას ან პრობლემას არ შევცვლით და ჩვენ წინ დასახულ პირობას  შეძლებისდაგვარად გავართმევთ თავს. უბრალოდ, იქვე, მარცხენა კუთხეში მოცემული ინსტრუქცია[1] უნდა გავიაზროთ და ახალი წითელი ისრით ამის შემდეგ ავიღოთ გეზი.

მოკლედ, გვყავს ეჭვიანი ციყვი, რომლის ეს ცოტათი სევდიანობა რაღაცნაირად უნდა გავამხიარულოთ და ამისათვის ერთი ან რამდენიმე ამბის მოფიქრება აუცილებლად მოგვიწევს.

თუ კლასისთვის მსგავსი ამოცანის შესრულება უკვე შეგითავაზებიათ, ალბათ, გეცოდინებათ, როგორ მოქმედებს მათზე პრობლების გადაწყვეტის ჩვენეული ვერსიის შეთავაზება. მოსწავლეების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენეული მოდელით შეეცდება წერას, იმის მიუხედავად, რამდენჯერ სთხოვთ, რომ მხოლოდ თავიანთი, ორიგინალური გზა უნდა მოიფიქრონ პრობლემის გადასწყვეტად და რომ სხვისი აზრების მითვისება პლაგიარიზმია, რომელიც ისჯება.  ასე რომ, ეს მიდგომა დამწყებებთან არ გამოგვადგება. ამას ნამდვილად სჯობია, პერსონაჟების ამოცნობაზე, მათ თვისებებსა და პრობლემების მოგვარებაზე კითხვის დროს ყოველ ჯერზე გავუმახვილოთ ყურადღება და სპეციალური რუკებიც შევქმნათ, რომლებსაც  ტვინი ახალი და საკუთარი ამბების შეთხზვისას აუცილებლად გამოიყენებს და აამუშავებს, როცა ზემოთ ხსენებულ ინსტრუმენტზე ახალი ამოცანის შესრულების დრო დაუდგება. თუ სამივე ყუთი გახსენით, და წითელი ისრითაც მომდევნო გვერდზეც გადახვედით, აქ უკვე საინტერესო მზერა და თეთრ უჯრაში ჩაწერილი ახალი ინსტრუქცია  გველოდება.  მწერალი ბიჭი, პირობითად, მოსე გვესალმება და ტექსტის ტიპის შერჩევაში გვეხმარება[2]. მოსე გვთავაზობს ოთხ ვარიანტს. ესენია: წერილი, მოთხრობა/ზღაპარი, დღიურის ჩანაწერი, საგაზეთო სტატია. ამათგან კი ერთი მათგანის არჩევა ისევ ჩვენზეა.

თუ მოსე მწერლის ამბავიც გახსოვთ, იმასაც იოლად მიხვდებით, რომ ეს ამბავი ბევრად სახალისო და ბევრად ფერადი ამბავია. ფერადიც რომ არ იყოს, გაფერადებაც ხომ შეგვიძლია დაახლოებით ისევე, როგორც ღრმა ბავშვობიდან გამოყოლილ უსიამოვნო ფრაზა-ნაფლეთებს ვაფერადებთ მთელი ცხოვრება  და მათზე ვიღიმით კიდეც.

თუმცა, თუ მშობელი ან, მით უფრო, მასწავლებელი ხარ და უსიამოვნო ფრაზები შენი მშობლებისაგან მემკვიდრეობით გადმოგეცა, ბავშვს, მგონია, რომ იგი ხუმრობითაც კი არ უნდა უთხრა. ჯერ ერთი, მტრის ხატის შემოტანით უსაფრთხოების ველს ვურღვევთ, თან ფარულ აგრესიასაც ვაჩვევთ და, მეორეც, პირდაპირ ვაფერხებთ ბავშვის იმ უნარს, რომელიც, მსგავსი ირიბი დირექტიულობა რომ არა, ვინ იცის,  როგორ გაიფურჩქნებოდა.

ჯონ ლოკისგან განსხვავებით, თანამედროვე მკვლევრებს უკვე კარგად მოეხსენებათ, რომ „Tabula Rasa” ვერავინ ვიქნებით, რომ დედის მუცლიდანვე ბავშვი საკუთარი გემოვნებით და მისწრაფებებითაა კოდირებული, თუმცა ის კი შესაძლებელია, ჩვენი ძალებით „ტაბულა რასა“ იმ დაფად ვაქციოთ, რომელზეც ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა „De Amina“-ში. როცა დაწერილ ცალკეულ ბგერა-ასოებს ან თუნდაც სიტყვებს აზრად ქცევამდე ჯერაც არა აქვს საკმაო ძალა, მაგრამ მათი არსებობა უკვე რაღაც[3] აზრია. დაახლოებით ისევე, როგორც სევდიანი მოსეს პერსონაჟების ყუთიდან ამომხტარი „ხე“, „კალია“ თუ „საბავშვო წიგნების მწერალი“, რომელთა თვისებებისა და პრობლემების გაცნობამდეც შეგვიძლია ფანტაზია ავამუშაოთ და უცნაური ამბები შევქმნათ. კარგი სკოლის ოინებით კი ეს ამბები წიგნის გვერდებზე იწერება, დაახლოებით ასე:

კარგი სკოლა ტექსტზე ფოტოს ან საკუთარი ნახატის დამატების საშუალებასაც კი იძლევა, ბოლოს კი pdf -ის შენახვა და სხვაგან ატვირთვაც შესაძლებელია. ხოლო მათთვის, ვისაც ტექსტის კრეფას კალმით წერა ურჩევნია, შეუძლია თავისი ამბები ფურცელს გაანდოს. მაგალითად, აი, ასე:

როცა ასეთი ინსტრუმენტი გვაქვს, ჯვარი გვწერია, არ ვწეროთ.  მთავარია, კეთილი და მხიარული წერის წერამ აგვიტანოს და სახალისო ამბებით ფურცლებიც ვამხიარულოთ.

[1] ინსტრუქცია არის შემდეგი: მოდი, დავიწყოთ წერა! დააწკაპე სამივე ყუთს. თუ რომელიმე ყუთიდან ამოსული სიტყვა არ მოგეწონება, დააწკაპე ხელახლა. შეგიძლია დააწკაპო იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა! როცა ყველაფერს შეარჩევ, დააწკაპე წითელ ისარს.

[2]ინსტრუქცია2: „გამარჯობა! მოდი, გადავწყვიტოთ, რა ტიპის ტექსტს დაწერ. გაეცანი ქვემოთ მოცემულ ოთხ ვარიანტს და შეარჩიე ერთერთი. მე ოთხივე ძალიან მომწონს. როცა გადაწყვეტ, დააწკაპე ჯერ შერჩეულ ვარიანტს, შემდეგწითელ ისარს“.

[3]https://www.researchgate.net/publication/259425824_Tabula_Rasa_and_Human_Nature?fbclid=IwAR2uu9HnLJifRSPSBvlJqpR6XiCbd1E9MW-hMl9u5j4fbOSiE6WRbAQ1z0A

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“