სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

    რიტმის გრძნობა, როგორც მუსიკალური განათლების ერთ-ერთი ასპექტი

 „რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში“

                     პლატონი

მუსიკა ალბათ ხელოვნების ის დარგია, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ახლობელია, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა თავად ადამიანს სიმღერა. მუსიკასთან  ჩვენი კავშირი დედის ტკბილ ნანასთან ერთად იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. პიროვნების მრავალმხრივი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ზიარებას სულიერ ღირებულებებთან, ხელოვნებასთან და, კერძოდ, მუსიკასთან. მუსიკა აქტიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ განვითარებაზე და ზნეობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ესთეტიკური ციკლის საგანი, მუსიკა ფართო ასპარეზია მოსწავლეთა ესთეტიკურ-ზნეობრივი აღზრდისა და  მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის.

თანამედროვე სკოლის მიზანია, აღზარდოს მუსიკალური ხელოვნების აქტიური მსმენელი და შემფასებელი. ამ თვალსაზრისით, წინა პლანზე იწევს მოსწავლეთა მუსიკალური აღზრდა, მუსიკალური უნარების განვითარება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მუსიკალური რიტმის გრძნობის განვითარება. რიტმი მუსიკალური გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბერძნული სიტყვა „rythmos“ თანაბარზომიერ მოძრაობას აღნიშნავს. ის წარმოუდგენელია ბგერათა ორგანიზებული მოძრაობის გარეშე. რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება პედაგოგის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაწყებით საფეხურზე. ამ ეტაპზე თუ არ მოხდა რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება, შემდგომში მოსწავლეები ვერ შეძლებენ მუსიკის აღქმას მთელი სისრულით.

ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი რიტმს ემორჩილება – წელიწადის დროები, დღე-ღამის ცვლა, გულისცემა. რიტმის არსებობა ადამიანმა ათასეული წლების წინ აღმოაჩინა. რიტმულია ხის ფოთლებიდან ჩამოცვენილი წვიმის წვეთებში, ზღვის ტალღების მიმოქცევა.  რიტმს ემორჩილება ადამიანის ორგანიზმი. დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინა, რომ რიტმული მოძრაობა ზრდის მის შრომისუნარიანობას და ნაყოფიერებას. ამ მიზეზით წარმოიშვა მრავალი ხალხური სიმღერა. რიტმის ელემენტები ბევრგანაა – არქიტექტურაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ყველა ერს თავისი ეროვნული რიტმი გააჩნია, რომელიც სიმღერებსა და საცეკვაო მუსიკაში ვლინდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რიტმის გრძნობა თანდაყოლილია და მისი განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია (ლ.ა. ბარენბოიმი, ა.ბ. გოლდენვაიზერი, გ.გ. ნეიჰაუზი, გ.პ. პროკოფიევი). თუმცა სხვა ფსიქოლოგებსა და მუსიკოს-პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ შესაბამისი მეთოდოლოგიური მიდგომით შესაძლებელია რიტმის გრძნობის განვითარება (ნ.ა. ვეტლუგინა, ე. ჟაკ-დალკროზი, კ. ორფი, ზ. კოდაი, მ.ლ. ფალავანდიშვილი და სხვ.). მეც ამ მოსაზრებას ვემხრობი – რიტმის გრძნობის განვითარება შესაძლებელია მიზანმიმართული მუშაობით. მაინც რა შეიძლება იყოს რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები? პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ადრეულ ასაკში არ ხდება რიტმის  დამუშავება. იდეალურ სიტუაციაში მისი განვითარება დაბადებიდანვე უნდა იწყებოდეს, როდესაც მშობლები ბავშვის კომპლექსურ განვითარებასთან ერთად მის რიტმულ განვითარებასაც უწყობენ ხელს. შემდეგ უნდა გაგრძელდეს მისი სისტემური განვითარება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში.  სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და რიგ შემთხვევაში ცალკეული პედაგოგების ინიციატივასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული.

დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024 წ.წ.)  მუსიკის საგნობრივი პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ელემენტების ამოცნობა და გამოყენება. ამდენად, ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია რიტმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

რიტმის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მუსიკალური საქმიანობა: სიმღერა, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, მუსიკის აღქმა.  ადრეულ ასაკში რიტმიკის განვითარება ეხმარება ბავშვს, გაარჩიოს მუსიკის სხვადასხვაგვარი ტემპი, მოისმინოს და გაიგოს მუსიკა, ანუ ავითარებს მუსიკალურ სმენასა და ჰარმონიულობას.

რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს ასრულებს ბავშვის მუსიკალურ აღზრდაში:

  • ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას და ამდიდრებს ბავშვის ემოციურ სამყაროს;
  • ავითარებს შემეცნებით უნარებს;
  • ხელს უწყობს შინაგანი დისციპლინის განვითარებას.

მოსწავლეთა რიტმის განვითარების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებისა და მოტივაციური სათამაშო სავარჯიშოების მეშვეობით.

რიტმის პრობლემა ძველთაგანვე იპყრობს ადამიანების ყურადღებას. ნეტარი ავგუსტინე, ეყრდნობოდა რა პითაგორელებისა და ნეოპლატონიკოსებისეულ რიცხვის გაგებას, ყველა საგანსა და მოვლენაში რიცხობრივ კანონზომიერებას ხედავდა. სასიცოცხლო და ბუნებრივი მოვლენების ციკლურმა ხასიათმა უბიძგა ადამიანს,  ეფიქრა რიტმის ბუნებაზე. რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია. ის ყველგანაა და ყველაფერში. თანამედროვე სამყარო სავსეა უამრავი სასიცოცხლო რიტმით, რომელთაც ეჯახება თითოეული ბავშვი – რიტმია სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში… ხშირად ისმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“…

XX საუკუნის მუსიკისმცოდნე Brain loiu წერს: „მუსიკის ყველა ელემენტიდან არცერთს არ აღუძრავს იმდენი სამეცნიერო დავა და არ მიუცია საბაბი განყენებული და წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გამოთქმისა, როგორც რიტმს. მისი განმარტება ვრცელდება მეტაფიზიკიდან ტექნიკურ სიზუსტემდე…“. რიტმი – სამყაროს რიცხვი, ბუნების, მუსიკის საფუძველია.

საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლივობის მიხედვით დროში. მელოდიაში, როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი – რიტმი. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან. მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

მუსიკა საოცარ  ზემოქმედებას ახდენს ყველაზე – დიდებზეც და პატარებზეც. უფრო მეტიც,  მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკას უსმენს დედა ორსულობის დროს, რადგან მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის მდგომარეობაზე (შესაძლოა მის გემოვნებასა და მომავალ მიდრეკილებებსაც კი აყალიბებდეს). აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის მუსიკალური კულტურის საფუძვლების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე. მუსიკალურ აღზრდასა და ზოგადად, მუსიკალურ პედაგოგიკაში  ცალკე ადგილი უჭირავს მუსიკალურ მეხსიერებას, რადგან ეს არ არის უბრალოდ მეხსიერება, ის კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს სხვადასხვა სახის მეხსიერებათა სინთეზს – მხედველობითი, ლოგიკური, ტაქტილური, მოტორული, ემოციური, სმენითი.

რიტმის აღქმაში ბავშვს თავად მუსიკა ეხმარება. რიტმის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი დამხმარე ძალაა სმენა და მუსიკალური მეხსიერება, მოძრაობის ფიზიკური შეგრძნება. რიტმი მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია. რიტმის ჩამოყალიბება პედაგოგის  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. რიტმი მუსიკაში მხოლოდ დროის გაზომვით კატეგორიას არ წარმოადგენს, ის ასევე ემოციურ-გამომსახველობითი, პოეტური და მხატვრულ-აზრობრივი საზრისის მატარებელიცაა.

ასევე უნდა აღინიშნოს რიტმის გრძნობის წამყვანი როლი მოტორიკის განვითარებაში. რიტმის აღქმა იწვევს მრავალგვარ შეგრძნებას: ენის,  თავის, ფეხისა და ხელის  თითების, ხორხის, მკერდის კუნთების შეკუმშვა. ამიტომ რიტმის გრძნობის განვითარებისკენ მიმართული სავარჯიშოები, ყველაფერთან ერთად, ბავშვის გამაჯანსაღებელ ფუნქციასაც ასრულებენ.

ამდენად, რიტმის განმავითარებელი სავარჯიშო-თამაშები მხოლოდ სასწავლო ხასიათს არ ატარებენ, მათ ერთგვარი თერაპევტული ეფექტიც აქვთ (ემოციური დაძაბულობის მოხსნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება).

რიტმის გრძნობის ჩამოყალიბება იწყება ტემპის შესწავლით (სწრაფიდან ნელისკენ), შემდეგ მეტრი (ორწილადი, სამწილადი, ოთხწილადი), მოგვიანებით რიტმული სურათი (ერთნაირი და განსხვავებული გრძლიობები). ამიტომ მუშაობა რიტმის განვითარებაზე მარტივი დავალებებით უნდა დაიწყოს.

მუსიკალური რიტმის ელემენტებზე მუშაობა სხვადასხვაგვარია. ბავშვებთან ერთად უნდა ვცადოთ, აღვიქვათ და გავიმეოროთ ტაშით ჯერ მეტყველების და შემდეგ მუსიკის მეტრული პულსი. აქ გამოდგება როგორც მოკლე  ლექსები, ასევე მარტივი სიმღერები. შემდეგ თანდათან ვართულებთ, შემოგვაქვს უფრო რთული პიესები, მაგალითად, მარშები, ცეკვები. შემდგომში ვიწყებთ მელოდიის რიტმული სურათების გადმოცემას მოძრაობაში. ამას ბავშვები ჯერ სმენით აკეთებენ, ინტუიცურად, შემდეგ უკვე შეიძლება უფრო რთული ელემენტების შემოტანა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, მუსიკალური კულტურის საფუძვლების განვითარებისათვის ბავშვის ადრეულ ასაკშივე უნდა  შეიქმნას შესაბამისი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდის პროცესში ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება არ იქცეს თვითმიზნად, არამედ ხელს უნდა უწყობდეს მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებას.

                                                                   დასკვნა

  • რიტმის გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური უნარია, რომელსაც აქვს როგორც მოტორული, ასევე ემოციური ხასიათი.
  • თამაშის ელემენტების გამოყენება გაკვეთილზე უზრუნველყოფს ეფექტიან დამატებით მოძრავ საყრდენს რიტმის განსავითარებლად და ააქტიურებს მოსწავლეთა შემოქმედებას.
  • მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს რიტმის გრძნობის ჩამოყალიბებას და ამ გამოცდილების შემდგომ გამოყენებას.
  • ადრეულ ასაკში ბავშვის რიტმის გრძნობის განვითარება მუსიკალური აღზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელია და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
  • რიტმის განვითარებაზე მუშაობა უნდა წარიმართოს პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ: რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოები, მარტივი, მოკლე სიმღერები, რთული პიესები (მარში, ცეკვა), რიტმული სურათი.
  • მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა დაგეგმოს მუსიკალურ-დიდაქტიკური თამაშების გამოყენება გაკვეთილზე მუსიკალური რიტმის განსავითარებლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბუსურაშვილი, ჯ., ე. გარაყანიძე. „მუსიკის აღქმის განვითარება და მისი ხელისშემწყობი აქტივობის ფორმები.“ ინტელექტი, 2(13), (2002): 104-105;
  2. გარაყანიძე, ე. „სიტუაციური თამაშის როლი მუსიკალური ანბანის სწავლებისას.“ საზრისი, N 7, (2002): 145-147;
  3. მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები საბავშვო ბაღში, რედაქტორი: მ. დავითაშვილი; შემდგენლები: ლ.გრიგოლია, თ. გვერდწითელი, ქ.დგებუაძე. გამომცემლობა,, განათლება“ 1977წ;
  4. „პედაგოგიური სიტუაციების მოდელირება, როგორც მუსიკის მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების საშუალება“ – ელზა გარაყანიძე სადისერტაციო ნაშრომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2014 https://iliauni.edu.ge/uploads/other/1/1481.pdf;

კეჩხუაშვილი, გ. – პედაგოგიური ფსიქოლოგია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“