სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ამბებად მოყოლილი გაკვეთილები

პანდემიური „არდადეგები“ გრძელდება. ბრჭყალებში რატომ მოვაქციე? – აბა, რა არდადეგებია, ყოველდღე გაკვეთილები გვაქვსო, – გამიპროტესტეს ბავშვებმა.

მართალიც არის. ჩვენც, მასწავლებლებს, ახლა უფრო მეტი შრომა გვიწევს. ახალი დავალებების მოფიქრება არ არის ადვილი, მით უმეტეს – თითოეული მათგანისთვის რესურსების დამატება, შევსება… პარალელურ კლასებშიც კი მიხდება დავალების პირობის შეცვლა მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად. შესაძლოა, მცირედით, მაგრამ მაინც. მოკლედ, შემოქმედებითობამ პიკს მიაღწია.

ეს ისე, ხუმრობით.

ამიტომაც კვლავ მინდა შემოგთავაზოთ დავალებები, რომლებიც ონლაინგაკვეთილებზე გამოვიყენე. რისთვის ვაგროვებ? გარდა იმისა, რომ თქვენ გიზიარებთ, მეც გამომადგება მომდევნო სასწავლო წელს. მართლაც, პანდემიის შემდეგ ცხოვრება, განსაკუთრებით – განათლების სისტემა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. მარტო სახელმძღვანელო და „ისწავლე – ჩამაბარე“ არასოდეს მომწონდა. ჩემს მეათეკლასელებთან მანქანის მარკის განხილვით დაწყებულ საუბარში მსოფლიო შემოვიარე. ბოლოს მიმიხვდნენ, მანქანათმშენებლობის ცენტრები რომ გავიარეთ. გეოგრაფიული „ჭორაობა“ დავარქვი ასეთ საუბრებს. ამიტომაც მერვეკლასელებს ასეთი დავალება მივეცი: მოიფიქრეთ თემა, რომელიც გაინტერესებთ და გეოგრაფიულად „ვიჭორაოთ“-მეთქი.

საოცარი ბავშვები არიან, ჰიპერაქტიურები, ჰიპერმხიარულები… ყველაფერი აღმატებულ ხარისხში აქვთ. ნიჭიერებაც და სიზარმაცეც, პროტესტის გრძნობაც და სიყვარულის უნარიც. მიყვარს მათთან ყოფნა. საკითხებს მუდამ მათი ინტერესების შესაბამისად ვარჩევ: მიგრაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, შემდეგ – ურბანიზაცია, ტრანსპორტის საკითხითაც დაინტერესდნენ. ონლაინრეჟიმში რუკა გვქონდა გახსნილი და მთელი მსოფლიო მოვიარეთ, შპიცბერგენამდე ავედით – ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზა და დასახლებული პუნქტი ხომ ამ კუნძულებზეა. ქვანახშირის საბადოებიც ვახსენეთ და დემილიტარიზებული ზონაც. რა მალე გავიდა დროო, დაიწუწუნა ერთმა. როგორ გამიხარდა, ხომ წარმოგიდგენიათ. გავიარეთ არხები, ხიდები გვირაბები, აკვედუკები… მალაიზიის კუნძულ ლანგკავიდან დაწყებული,  გადავიარეთ ბევრი უცნაური და ლამაზი ხიდი (მე ძალიან მიყვარს ხიდები). მერე სუეცის არხის გახსნა გავიხსენეთ. ვერდიც ვახსენეთ. პანამისა და ნიკარაგუის არხი და ტბაში მცხოვრები ვეშაპიც. აი, ასე დავეხეტებით მსოფლიოს გარშემო. დავალებებსაც მიგზავნიან. შეცვლილები მეჩვენებიან, არ ვიცი, დამშვიდებულები თუ მოწყენილები. იმედია, სახლში გამოკეტვა მძიმედ არ აისახება ჩვენს ბავშვებზე. ამიტომაც ვცდილობ, მხიარული და საინტერესო იყოს ჩვენი შეხვედრები და დავალებები.

ეს კი მათი დავალებაა:

  • გაეცანით ინფორმაციას სახლმძღვანელოში და სტატიაში „პანამისა და ნიკარაგუას არხები – ალტერნატივა 100 წლის შემდეგ“ [https://mastsavlebeli.ge/?p=10052] და შეასრულეთ შემდეგი დავალებები:
  1. დაადგინეთ, რომელ ქვეყანაში რომელი სახეობის ტრანსპორტია ყველაზე მეტად განვითარებული. შექმენით თემატური რუკა პროგრამაში https://mapchart.net/world.html.
  2. გაარკვიეთ, რა ეტაპზეა ნიკარაგუის არხის მშენებლობა.
  3. ნიკარაგუაში რომ ცხოვრობდეთ, დაუჭერდით თუ არა მხარს არხის მშენებლობას? პასუხი დაასაბუთეთ.
  4. გაკვეთილზე წარმოადგინეთ თქვენთვის საინტესო თემა, რომლის გარშემოც გინდათ მუშაობა.

ოთხივე საკითხი სავალდებულოა. J J

მე-3 დავალება საკითხებად ჩავშალე:

  1. დაადგინეთ ნიკარაგუის არხის ძლიერი და სუსტი მხარეები.
  2. რა საფრთხეს შეიცავს ამ არხის მშენებლობა?
  3. რა პერსპექტივას უქმნის ის ქვეყანას?

გაკვეთილზე დისკუსია გარდაუვალია. პრაგმატიკოსები და ბუნების დამცველები საინტერესო თემაა. გაკვეთილზე არ მითქვამს, რომ არხის მშენებლობა შეჩერებულია. ერთ კლასს რესურსები მივეცი, მეორეს – არა. ესეც გამოწვევა იყო მათთვის, ჩემთვის კი – დაკვირვების საშუალება. მომავალში ამ თემაზეც დავწერ.

 

ახლა მეათეკლასელებზე მოგიყვებით. მათი ჩანაწერები პანდემიურ არდადეგებზე წინა სტატიაში გაგაცანით. მეათე კლასში „ჩვეულებრივ“ გაკვეთილებს ვერ ჩაატარებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმეტესობა მოდელირების აქტიური მონაწილეა. ამ პროექტის შემდეგ სხვანაირად იწყებენ ფიქრს, მსჯელობას, აზროვნებას. ამიტომ გაკვეთილზე მუდმივად მიხდება პატარა შტრიხების დამატება, განსაკუთრებით – ქვეყნების შესწავლისას. წინა სასწავლო წლის მეათეკლასელებზე ადრე მოგიყევით, როგორ ეძებდნენ მიგრანტი ქალისთვის ქვეყანას, რომლითაც დააინტერესებდნენ. წელსაც ასეთი მეათეკლასელები მყავს. ახლაც მომიხდა პატარა შტრიხების დამატება.

დავალება:

  • წარმოიდგინეთ, რომ ხართ საქართველოდან წარგზავნილები იმ ქვეყანაში, რომელზეც პრეზენტაციას ამზადებთ. თქვენი მიზანია, შეისწავლოთ ეს ქვეყანა (კრიტერიუმები მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობის მიხედვით დგება), გაიგოთ, რა გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის, რა რეფორმები გაატარეს, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, რა გამოგვადგება საქართველოში და რა – არა.
  • დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები იქნებით (როლები შეგიძლიათ მოიფიქროთ) და მოამზადებთ კითხვებს გამომსვლელებისთვის. შეგიძლიათ, კითხვებით მომმართოთ. J

 

ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ კი საკითხი შემდენაირად დავსვით: რატომ არის მიმზიდველი მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს ქვეყანა? რა იზიდავს ხალხს?

ქვეყნების შესწავლამდე შევთანხმდით საერთო ჩარჩო-მოთხოვნებზე: ვიწყებთ გეოგრაფიული მდებარეობიდან და ვასრულებთ ღირსშესანიშნაობებით. ეს უცვლელია. იცვლება მხოლოდ საჭიროება.

ვიდეოფილმებს ონლაინგაკვეთილებამდეც ვიყენებდი. ფილმებს უმეტესად ვუგზავნი, ისინი კი შესრულებულ დავალებას მიგზავნიან.

მე-7 კლასში ეს ფილმი გაკვეთილზე ვნახეთ:

ის ეთიოპიის მთიანეთზე მოგვითხრობს.

პანგეაც გავიხესენეთ – https://giphy.com/gifs/drift-plate-continental-7gFhELYUTxsvC https://www.youtube.com/watch?v=uLahVJNnoZ4

აფრიკის რელიეფს კონტურულ რუკებზე ან https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ -ზე მონიშნავენ.

ამ გაკვეთილზე კიდევ ერთი დავალება მივეცი. კვლევის უნარის განვითარებას პატარა გამოკითხვით ვიწყებთ.

კითხვა: რა წარმოდგენები აქვთ აფრიკის შესახებ? შედეგები განვიხილოთ გაკვთილზე.

რა მიზანი აქვს გამოკითხვას: ქვეყნებისა და კონტინენტების შესახებ არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენები. ამ შემთხვევაშიც ასეც იყო, ჩვენმა გამოკითხვამაც ეს აჩვენა. ძირითადად მივიღეთ პასუხები: ცხელი, მშრალი, ღარიბი… არადა აფრიკა მრავალფეროვანი კონტინენტია, რის დამტკიცებასაც ჩვენი კვლევებით შევძლებთ. ეს არის ამ გამოკითხვის მიზანი.

მე-7 კლასში ატმოსფეროს საკითხების გავლის შემდეგ მოსწავლეებისგან წამოვიდა იდეა, ამინდის პროგნოზი გავაკეთოთო. ნინის იდეამ ჯერ გამაკვირვა, მაგრამ როცა დავუფიქრდი, მივხვდი: მან გაიგო, რომ რაც ისწავლა, იმის რეალურად გამოყენება შეუძლია. მაშინ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შევპირდი, ამაზე კონტინენტების შესწავლის დროს ვიმუშავებთ-მეთქი. მართლაც, გამოვიყენეთ ვებგვერდი https://www.meteoblue.com , რომელიც ძალიან მომწონს. ამ საიტზე ატმოსფეროს ყველა მახასიათებლის ინტერაქციულ რუკას ნახავთ. რამდენიმე საკითხის შესწავლისას გამოგვადგება: იზოხაზების, კლიმატის მახასიათებლების… ქარის ვარდის გასაგებად ხომ ძალიან კარგია.

ნალექების განაწილების რუკა

ქარის ვარდი

დავალებაც კომპლექსური გამოგვივიდა, რადგან ყველა აუცილებელ ელემენტს მოიცავს: მოსწავლე ქმნის ახალ პროდუქტს (ამინდის პროგნოზი), რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. ამ დავალებამდე ნაბი-ნაბიჯ მივედით. პატარა მეტეოროლოგებმა უნდა გაითვალისწინონ განედური მდებარეობა, ატმოსფეროს ცირკულაციის პროცესი, რელიეფის ფორმები, უნდა დააკვირდნენ, სად მოვა ნალექი და ახსნან მიზეზები… დისტანციური სწავლების დროს ეს დავალება ძალიან სახალისო გამოგვივიდა, ჯგუფურად იმუშავეს, შეადგინეს საერთო ტექსტი, გაინაწილეს, გადაიღეს ვიდეოები და მერე გააერთიანეს. მუშაობის პროცესში დისტანციურად მეც ჩავერთე, დამატებითი ინსტრუქციები მივეცი. სახალისო ვიდეო გამოვიდა, ამიტომ გიზიარებთ:

https://www.youtube.com

მკაცრად ნუ შეგვაფასებთ, ხარვეზები არის, მაგრამ ეს ხომ მათი პირველი მცდელობაა!

ამ დავალების განხილვა და რეკომენდაციების მიცემა გაკვეთილზე მოხდება.

მომავალში მათგან ბევრ სიურპრიზს ველოდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი