კვირა, სექტემბერი 29, 2024
29 სექტემბერი, კვირა, 2024

იზოლდა ოკრიბელაშვილი – ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი

სკოლის დირექტორის, იზოლდა ოკრიბელაშვილის, ბიოგრაფია ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიიდან იწყება. სწორედ ამ სოფელში სწავლობდა ის 8 წელი, თუმცა საბოლოოდ სკოლა მეზობელ სოფელ კიცხში დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს პროფესია, როგორც თავად ამბობს, პედაგოგობის სიყვარულმა აარჩევინა.

პროფესიად პედაგოგობა მეხუთე კლასიდან ავირჩიე და ვემზადებოდი ამისთვის. ბიბლიოთეკასა თუ წიგნის მაღაზიებში ვეძებდი ლიტერატურას, ვკითხულობდი პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებს, ვაკვირდებოდი მასწავლებლებს.
VII-VIII კლასში მარიამ თალაკვაძის ,,ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა” მთლიანად დავამუშავე. გრამატიკა კარგად შევისწავლე, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის დროს ვეღარაფრით გადავშალე ეს სახელმძღვანელო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მარიამ თალაკვაძე მიკითხავდა.

 
მეც მიკვირს, როგორ ვახერხებდი თვითგანათლებას მთის სოფლის ფარღაღალა სკოლაში პატარა ჯიუტი გოგონა, რომელსაც სახლში უამრავ საქმეს მაკეთებინებდნენ – ცხვარ-ძროხას ვმწყემსავდი წიგნებით ხელში. მახსოვს, რომელი ხის ძირას რომელი წიგნი წავიკითხე, რომელ ნაკადულთან ვიტირე ჩემი საყვარელი პერსონაჟის ბედის გამო, რომელ გორაკზე რომელი ლექსი დავწერე, რომელი მთისკენ გამიშტერდა აღტაცებული მზერა.
მზერაზე გამახსენდა… გაზაფხულია, ამაღლებული გორაკზე შევყურებ მთებს, იმერული გაზაფხულის კოპწიაობას, აყვავებულ ხეებში ჩამუქებულ ნაძვებს, ჩემ ქვევით მდინარეს და დასავლეთის თეთრი ღრუბლებით აყვავებულ ჰორიზონტს (რომლის მიღმაც ადრე მეგონა, რომ ზღვა იყო). პირველად მეწვია მუზა და ირგვლივეთმა პირველი ლექსი – „გაზაფხული” – მიკარნახა. იქ იყო ასეთი სტრიქონი ფუტკარზე – „იელი მოუთმენლად მიელის”. ეს ალიტერაცია არისო, – მითხრა მასწავლებელმა, არაფრით არ იქნება შენიო. მაშ, ვისია-მეთქი. კლასიკოსის რომ იყოს, მეცოდინებოდა, ახლა ქვეყანა წერსო. ჩემი დაწერილია – მეთქი! – ავცრემლიანდი. არ დამიჯერა. მაინც ჩავწერე ის ლექსი სასკოლო კედლის გაზეთში. (კედლის გაზეთისთვის მხოლოდ ფურცელს მაძლევდნენ). რედკოლეგიის წევრებს შორის ფუნქციებს მე ვანაწილებდი და საუკეთესო გაზეთებს ვუშვებდით. კრიტიკული წერილებისთვის დიდი ბიჭებისგან საშინელი მუქარებიც ყოფილა, მაგრამ ჩემი დირექტორი უჩუმრად უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას.


ჩემი საყვარელი ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ყოველდღიურად კითხვის გაკვეთილებს ვუტარებდი. ხან მე ვკითხულობდი ჩემს საყვარელ მოთხრობებსა და ლექსებს, ხან მათ ვაკითხებდი გაგრძელებით. ისინი მეექვსეკლასელები იყვნენ, მე -მერვეკლასელი. არავინ იპარებოდა, არავინ მირღვევდა წესრიგს. ზოგჯერ მასწავლებელს მეძახდნენ და მიხაროდა. დავრჩები, დაგეხმარები-მეთქი, ვეუბნებოდი. 25 გიჟს როგორ გააჩერებო, – მითხრა ერთხელ ერთმა მასწავლებელმა. მე გამეღიმა. ბავშვებმა ჟრიამულით გამოხატეს მხოლოდ ჩემთან ყოფნის სურვილი. მასწავლებლობანას ვთამაშობდი თითქოს, მაგრამ მეც ასეთი მასწავლებელი მჭირდებოდა და ამ ბავშვებსაც: გულღია, გახსნილი, მხიარული. ვაყოლებდი, ვიაზრებდით, ვმსჯელობდით, სასაცილოზე ვიცინოდით. ჩემს პირველ მასწავლებელს თამარ ნიჟარაძეს ვბაძავდი. დირექტორობაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ლიდერის თვისებები ბავშვობაშიც მქონდა. მშობლები მანდობდნენ შვილებს მთებს იქით, ლაშქრობებზე, სოკოზე, მივიწყებული ეკლესია-მონასტრების დასასუფთავებლად; ჩემი იდეა იყო ქარსაცავი ზოლის გაშენება საქარიქედზე. დირექტორი დამეხმარა იდეის განხორციელებაში.
დამამთავრებელ კლასში მეგობართა ათეული გავაერთიანე, ლოგოც კი გვქონდა ჩვენი. სტუდენტობის დროს დედასავით ვზრუნავდი მათზე. ახლა ამას ვინ დაიჯერებს, მაგრამ მაშინ ჩემი თანატოლი ბიჭები სიგარეტს იქ არ ეწეოდნენ, სადაც მე ვიყავი.
საერთოდ ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. ბევრი რამით ვინატრებდი ახლა ჩემთვის ასეთ მოსწავლეს, მაგრამ ზოგი უცნაურობა ბავშვისაგან ძალიან გამაბრაზებდა. მაგალითად: ტირილი სამიანისა და ოთხიანის მიღების გამო, რადგან ორიანი უფრო ვაჟკაცურ ნიშნად მიმაჩნდა. საშუალოდ არასოდეს ვსწავლობდი, არც საქმე გამიკეთებია არასოდეს საშუალოდ. ან სულ ძალიან კარგად (ესე იგი ფრიადზე) ვსწავლობდი, ან სულ არ ვისწავლიდი, სულ არ გავაკეთებდი. ესე იგი, ორიანი უფრო შემეფერებოდა. და მომწონდა სამართლიანი შეფასება.
პედაგოგიურ ჟურნალს ,,სკოლა და ცხოვრებას” რომ ვკითხულობდი, ერთ-ერთ აბზაცს, საუკეთესო მასწავლებელი რომ იყო დახასიათებული, მივაწერე: ,,თქვენ კი…” ამ ჟურნალს რომელიმე ჩემს მასწავლებელს მიუტანდა ფოსტალიონი, ჩემს ნაწერს კი ვინ არ იცნობდა… არ კითხულობდნენ ალბათ, გამოხმაურება არ ყოფილა.
ძალიან მენანება ის დრო, რომელსაც პედაგოგიური ლიტერატურის კითხვაზე ვაცდენდი. მაგრამ ჩემი მასწავლებლების ბრალია – არ მირჩევდნენ, არ იყვნენ გახსნილები და მეც არ ვიყავი მათთან გულწრფელი, თუმცა დღიურებში ვებაასებოდი.
დიპლომზე მუშაობის დროს ჩემმა დირექტორმა ვარძიის სკოლაში მიმიწვია მასწავლებლად. ვმუშაობდი ჩემი მასწავლებლების გვერდით, ვასწავლიდი ჩემს და-ძმებსაც. თავიდან სამ კლასში ვმუშაობდი. განსაკურებით მიყვარდნენ მეცხრე კლასელები. დიპლომი რომ დავიცავი, უნივერსიტეტში დარჩენა შემომთავაზეს. მეცხრეკლასელებს ვერ მივატოვებ, 2 წლის შემდეგ დავბრუნდები-მეთქი, ვუპასუხე. სულ მათზე ვლაპარაკობდი ყველგან.
ერთხელ ხარაგაულის რკინიგზის სადგურში ვდგავარ. ჩავლილი მატარებლიდან უცნობმა ჩამომძახა: ,,მეცხრეკლასელები როგორ არიან, მეცხრეკლასელები?!” ,,მეათე კლასში არიან, მეათეში”! – სიხარულით ვუპასუხე. ერთ წელიწადში რაიონის საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილი ვიყავი. გაზეთებშიც წერდნენ ჩემზე კარგ წერილებს. ზოგს ვაღიზიანებდი კიდეც. ქართული ლიტერატურის პროგრამიდან რომ ვრცელი ტექსტების ამოღება მოვითხოვე, ბევრი ოპონენტი გამომიჩნდა. დაზეპირებული ჰქონდა ხალხს „გვადი ბიგვა” და „კოლხეთის ცისკარი”. აუცილებლობად მიაჩნდათ, ბავშვებისთვის თვეობით ამ ნაწარმოებების სწავლება. იმ წელიწადს პროგრამა ბავშვებისათვის სასიკეთოდ შეიცვალა.

 
დირექტორობაზე არასოდეს მიოცნებია. ვიტირე კიდეც, ეს თანამდებობა რომ შემომთავაზეს. თუმცა აი, 33 წელია ბაზალეთის სკოლის დირექტორი ვარ.
ბაზალეთში სამუშაოდ დაოჯახების შემდეგ გადმოვედი. აქ ვცხოვრობ. მყავს სამი გოგონა. პედაგოგიური დინასტია შევქმენი. თეა ტალახაძე ფილოლოგია, ფიქრია – დაწყებითი კლასების მასწავლებელი, გვანცა – სტუდენტი, ფილოლოგიურზე სწავლობს ქუთაისის უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზეა და შეიძლება სტაჟიორად წელს ჩემს სკოლაში მოვიდეს. სამივე სერთიფიცირებული პედაგოგები ვართ, სხვადასხვა პროექტში ჩართულები. გვაქვს წარმატებები სწავლებაში. თეა ამჟამად სვანეთში მიდის „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამით. ჩემს სკოლას ძალიან დააკლდება. აქ კარგი პირობები აქვს კარგი მუშაობისთვის. მაგრამ ალბათ არ უნდა მუდამ დედის ჩრდილში ყოფნა, თუმცა რესპუბლიკის ბევრი წარმატებული მასწავლებლისთვის მე მხოლოდ თეას დედა ვარ.

ქალბატონო იზოლდა, რამდენად რთულია დღეს სოფლის სკოლის დირექტორობა?
სოფლის სკოლის დირექტორობა ძალიან რთულია. ჩემთვისაც ასეთი იყო ეს 33 წელი. დამხვდა მინგრეულ-მონგრეული სასკოლო შენობა. ერთ საკლასო ოთახში ერთი მასწავლებელი ასწავლიდა ოთხ სხვადასხვა კლასს. 45 წუთში კიდეც გამოკითხავდა და ახალ მასალასაც უხსნიდა დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლეს. მაშინვე დავიწყე ზრუნვა კლასების გაყოფაზე და ექვს წელიწადში ახალი შენობა ავაშენეთ, კადრები გადავახალისეთ, გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა… კაბინეტ-ლაბორატორიები აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით. მოვიდა წარმატებები სასკოლო, რაიონულ, რესპუბლიკურ კონკურსებში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციებში, გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტებში, სპორტულ შეჯიბრებებში და ა.შ. გვყავს მადლიერი მშობლები. ისინი ერთობლივ ღონისძიებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ერთად არიან ჩართულები: საახალწლო და საგაზაფხულო დღესასწაულებზე დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები აქტიურობენ, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში – უფროსკლასელთა მშობლები. როგორ უბრწყინავთ ბავშვებს თვალები, როდესაც მათი მშობლები სასკოლო სცენაზე მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს ამბობენ.2006 წელს განათლების სამინისტრო ჩვენს სკოლას დაბა ხარაგაულის ერთ-ერთსკოლასთან მიერთებას უპირებდა, მაგრამ გადავრჩით. ისეთი მიმართვა გააკეთეს მშობლებმა, იმდენი ხელმოწერა შეაგროვეს და დაასაბუთეს სკოლის სასიცოცხლო მნიშვნელობა ოთხი სოფლისთვის, რომ ოპტიმიზაციის კომისიამ გადაწყვეტილება გააუქმა. ასეთივე ხელმოწერები შეაგროვეს 2007 წელს, რომ სხვა სკოლაში არ ავრჩეულიყავი დირექტორად.
თქვენი აზრით, გარდა პედაგოგიური ნიჭისა, კიდევ რა თვისებებს უნდა ფლობდეს სკოლის დირექტორი?
დირექტორს უნდა ჰქონდეს კონტაქტი უმაღლეს სასწავლებლებთან და თვითონ უნდა ირჩევდეს კადრებს საკუთარი სკოლისათვის. მასვე უნდა ჰქონდეს კრიტერიუმები მასწავლებლის კადრების შესარჩევად და ვინც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, უნდა შეიცვალოს. სოფლის სკოლას ნაკლებად აქვს საშუალება კადრების შერჩევისა, რადგან ძლივს ნაპოვნი ერთი მასწავლებელი, სხვაგან ვერწამსვლელი, მუდმივად რჩება ამა თუ იმ საგნის მასწავლებლად სოფელში. ერთადერთი გამოსავალი დირექტორისთვის მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის გამუდმებული ზრუნვაა. მეც ვზრუნავ. ვახალისებ მათ მისწრაფებას ტრენინგების მოსასმენად, ვაფინანსებ მათ პროფესიულ მომზადებას სკოლის შესაძლებლობის შესაბამისად, ვყიდულობ საჭირო მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურას. მივმართავ წახალისების ფორმებს მოტივაციის ასამაღლებლად და ასე შემდეგ…

ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, პრეტენზიებს გამოთქვამს სერტიფიცირების პროგრამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ განათლების სისტემაში ამ პროგრამის დანერგვას?
სერტიფიცირებული დირექტორი გახლავართ და 10 სერტიფიცირებული პედაგოგი მყავს პატარა სკოლაში. ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი მყავდა ამ პროცესის დაწყების პირველი წლიდანვე. პედაგოგთა სერთიფიცირების პროგრამა აუცილებელ, დროულ პროცესად მიმაჩნია. პედაგოგები მივიდნენ წიგნთან, საგნობრივი ცოდნა გაიღრმავეს და სწავლების ახლებურ მიდგომებსა და თეორიებს დაეუფლნენ. სერთიფიცირებული მასწავლებელი დანამატს რომ ღებულობს, ესეც ძალიან კარგია, მასწავლებლის ხელფასი არასოდეს ყოფილა მისი შრომის შესაბამისი. მაგრამ სერთიფიცირება მარტო მასწავლებლის კეთილდღეობას კი არ ნიშნავს, არამედ ის მოსწავლის წარმატების, უკეთესი სკოლის, უკეთესი ქვეყნის საწინდარია. მენანება, რომ ბევრი სერთიფიცირებული საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალი უმუშევარია და დაპირებულ 2014 წლის ცვლილებებს ელოდება. მომავალზე ორიენტირებულმა სახელმწიფომ ბავშვების სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. ეს ასეც იქნება. ამას ვამბობ 63 წლის მასწავლებელი. თუ მე ვერ შევძლებ კარგი გაკვეთილების ჩატარებას, თუ ბავშვებს არ გაუხარდებათ ჩემი გაკვეთილზე შესვლა, თუ ჩემი მშობლები თავიანთ შვილებს სხვა სკოლაში გადაიყვანენ, იმის გამო, რომ მე ცუდად ვასწავლიდი მათ, სერთიფიცირების მიუხედავად, მე თვითონ წავალ სკოლიდან. ვინც სკოლას მხოლოდ დასაქმების ადგილად მიიჩნევს, ვინც საკუთარი ოჯახის ლუკმა-პურისთვის მის მოსწავლეებს მომავლის პურს უკარგავს, მას სხვამ უნდა უთხრას სიმართლე და სახელმწიფომ კი ღირსეული პენსიით ღირსეულად გაისტუმროს შინ ამაგდარი ადამიანი. მინდა ვთქვა, რომ სერთიფიცირებაც არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ მასწავლებელი საუკეთესოა. მასწავლებელი უნდა შეფასდეს პრაქტიკული საქმიანობით, შედეგებით, მოსწავლეთა წარმატებით.

რა არის საჭირო, რომ უკეთესი სკოლა გვქონდეს?
პედაგოგიური კადრები უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესად უნდა მომზადდნენ. უნდა გვქონდეს უკეთესი საუნივერსიტეტო პროგრამა და უნდა ჰყავდეს უკეთესი კადრები უმაღლეს სასწავლებლებს. უნივერსიტეტებში სტუდენტებს მკაცრი გამოცდები უნდა უტარდებოდეთ და იქ უნდა ხდებოდნენ პროფესიონალები. სტუდენტობისას მათ მეტი კონტაქტები უნდა ჰქონდეთ პრაქტიკოს მასწავლებლებთან (ეს უნივერსიტეტმა უნდა მოაგვაროს). კარგი იქნება სკოლაში ერთწლიანი სტაჟირებაც. სერთიფიცირება მოსაწონია, მაგრამ პედაგოგის დიპლომი თითქმის უგულებელყოფილია, გაუფასურებულია საუნივერსიტეტო განათლება, რაც გულდასაწყვეტია.
არ შეიძლება მხოლოდ 2-3 კარგი მოსწავლის წარმატებით თავის მოწონება. ყველას აქვს სწავლის უფლება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ უფასო სახელმძღვანელოებს და უფასო ტრანსპორტით მგზავრობას, უსაფრთხო სკოლას. ბავშვს ყველაზე მეტად კარგი მასწავლებელი სჭირდება, რომელიც გამუდმებით ისწავლის, რომ კარგად ასწავლოს. იყო თუ არა კარგი პედაგოგი ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც თავისი პროფესია შემაყვარა, გული გამითბო, რასაც მე წლების განმავლობაში ვიმეორებდი? არა! იმიტომ რომ მისი მოსწავლეების უმრავლესობამ არ იცოდა გამართული წერა-კითხვა, არ შეეძლოთ წერილის დაწერა, თავიანთი ემოციების წერილობით გადმოცემა. ჩემთვის მასწავლებელს არასოდეს დაუვალებია თავისუფალი თემის დაწერა. მხოლოდ ოლიმპიადებზე ვწერდი, როგორ მიხაროდა, ამ დროს თვითგამოხატვის საშუალება რომ მეძლეოდა! ეს იყო მაშინდელი განათლების სისტემის ბრალი, მაგრამ მასწავლებელმა ყოველთვის უნდა აჯობოს ყველა რეფორმას და ყველა სისტემას საკუთარი მოსწავლეების სულის გადასარჩენად.

 

როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან? თუ გაქვთ თქვენეული მიდგომები?
მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სკოლის დირექტორს ძალიან თბილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენ ურთიერთთანამშრომლობისთვის ვართ გაჩენილნი, საერთო მიზანი გვაქვს და ვიბრძვით უკეთესი მომავლისათვის, უკეთესი საქართველოსთვის. საერთოდ მინდა, რომ განათლების სისტემაში ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ბავშვების მოყვარული ადამიანები დასაქმდნენ. ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ დაუნდობელი ვარ გულგრილთა მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ იწვის, ბოლომდე არ იხარჯება მოსწავლეებისთვის, ხელფასის მომატება პასუხისმგებლობას არ უზრდის სხვისი შვილების ბედისათვის და მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას შეჰხარის.
პედაგოგები ხშირად ჩივიან, რომ დღეს მშობლებს აღარ სცალიათ, რომ აქტიურად ჩაერთონ შვილების განათლებაში. ეს პრობლემა თუ იკვეთება ბაზალეთში?
კარგი მშობლები გვყავს, მაგრამ მათ უმრავლესობას შვილების დასახმარებლად გაზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში არ სცალიათ.სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. სკოლაში მოსამზადებელი კლასი მაინც უნდა იყოს, რომ ბავშვებმა დაძლიონ პირველი კლასის პროგრამა. ჩვენი მოსწავლეების, მათი მშობლების, სოფლის საზოგადოების დიდი ხნის სურვილია, ორსაფეხურიანი სკოლის სამსაფეხურიანად გადაკეთება, რათა აქ სრულყონ საშუალო განათლება ჩვენთან ენაადგმულმა და გონებაგახსნილმა ბავშვებმა. 2005 წლიდან კურსდამთავრებულთა ნახევარი ყოველწლიურად ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ამჟამად რვა კურსდამთავრებულიდან ექვსი სტუდენტი სხვადასხვა გრანტით დაფინანსდა ან უფასო ფაკულტეტზე მოეწყო. ეს, რა თქმა უნდა, სიხარულით მავსებს.

რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს?
კოლეგებს ვურჩევდი, სკოლაში შესვლას ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით ანთებული გულით, მუდამ სიახლეებისაკენ სწრაფვას, უწყვეტ თვითგანათლებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“