ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ფილმი HOME და #დარჩისახლში

ფილმი, რომელიც ყველა მოსწავლემ უნდა ნახოს, სწავლის დაწყების პირველ დღეს

 

„პლანეტა ცოცხალი ორგანიზმია,

ჩვენ, ადამიანები კი, პარაზიტები აღმოვჩნდით,

როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს…“

 

„ადამიანებო, გაუფრთხილდით ჩვენს სახლს, სხვა სახლი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის აღარ იქნება!“

/კომენტარებიდან/

 

ამ ფილმს „სახლი“ ჰქვია და ჩვენი პლანეტის მეტაფორაა. მე თუ მკითხავთ, მეტაფორა კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით – სახლია, უბრალოდ, ჩვენი ბინებისგან განსხვავებით, უფრო დიდია და ყველა ბინა შიგნითაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ, ადამიანები, ურთიერთდაკავშირებულები ვართ და საცხოვრებლად ეს პლანეტა მოგვეცა, დიახ, ის სახლია, ჩვენი საერთო საცხოვრებელი – თითოეულისთვის და ყველასთვის. მის წინაშე ყველანი პასუხისმგებელნი ვართ.

ფილმში ერთდროულად ნაჩვენებია ჩვენი პლანეტის უნიკალური დოკუმენტური კადრები და, მეორე მხრივ, ადამიანთა ეგოიზმითა და უგუნური მოქმედებებით დარღვეული დედამიწის ჰარმონია, „ჭრილობები“ მის სხეულზე, – მეგაპოლისები და ჭაობები, სიმდიდრე და სიღარიბე, ომი, აგრესია, სიძულვილი, განადგურებული მწვანე საფარი, საწარმოების გამობაბოლქვისგან დაბინძურებული გარემო…

ამ ფილმში ნახავთ ყველაფერს და რაც განსაკუთრებულობას ანიჭებს მას, ის არის, რომ ეს ყველაფერი გადაღებულია აეროპლანით, ზედხედიდან… თითქოს ოპერატორის კამერას დაჰყვები ნისლსა და წვიმაში, მზესა და ღრუბლებში…. სხვადასხვა ქვეყნის სიჭრელე და სილამაზე, ბუნებისა და ადამიანის ხელოვნება… და პარალელურად: ადამიანი ბუნების და საკუთარი თავის წინააღმდეგ.

მთელი ფილმის განმავლობაში არ გტოვებს კითხვა: რატომ…? რატომ გახდა ადამიანი ასეთი დესტრუქციული? ეგოისტი? საკუთარ მატერიალურ სამყაროში შეკეტილი არსება? ფილმის ბოლოს ცრემლი ღვარად ჩამომდის იმ სიმშვენიერის გამო, რომელსაც პლანეტა განიჭებს და იმ ტკივილის გამო, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ მას…

ეს უბრალოდ ფილმი არ არის… ამიტომ იყო აკრძალული მისი ჩვენება ბევრ ქვეყანაში. ფილმი აღვიძებდა ადამიანის მიძინებულ სულს და მოქმედებისკენ უბიძგებდა. ფილმის მხოლოდ კომენტარებს რომ ჩახედოთ, ნახავთ, როგორი გადამდები აქტიურობაა, როდესაც ადამიანები იწყებდნენ ხეების დარგვას და სხვა შესაძლებელ საქმიანობას პლანეტისთვის, ჩვენი სახლისთვის.

აი, ზოგიერთი ფრაგმენტი კომენტარებიდან:

  • ეს ფილმი აუცილებლად უნდა შევიდეს სკოლის პროგრამაში და ასწავლონ ბავშვებს!
  • ამ ფილმის ნახვის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი: არც ოქორო-ვერცხლი, ბრილიანტი, თვალ-მარგალიტი და სხვა სიმდიდრე ვერ შეცვლის ყველაზე მთავარს: რომ უნდა გავუფრთხილდეთ: წყალს, მიწას, ჰაერს, ბუნებას…
  • ამ ფილმის ყურების შემდეგ გადავწყვიტე, დავრგო 100 ხე, გუშინ უკვე დავრგე 20… შემომიერთდით!
  • ყველამ რომ თითო ხე დარგოს და საკუთარი ნაგავი დააახარისხოს, უკვე რაღაცასა გააკეთებს პლანეტისთვის!
  • ეს არის ფილმი, რომელსაც ოსკარი და ყველა ჯილდო ეკუთვნის! ამ ფილმის შემდეგ სხვა ფილმს კარგა ხანს ვეღარ ვუყურებ.

ფილმზე მუშაობა სულ შემთხვევით დაიწყო ცოლ-ქმარმა, რომლებიც კენიაში, ნაციონალურ პარკში, იმყოფებოდნენ დისერტაციის მასალების მოსაპოვებლად ლომების ქცევებზე; მათ მდინარის პირზე ააგეს პატარა საცხოვრებელი, რომელშიც ცხოვრობდნენ და თავს ირჩენდნენ აეროპლანით ტურისტების მომსახურებით; ცოტა ხანში კი ფილმის ავტორი Yann Arthus-Bertrand-ი აღმოაჩენს, რომ სწავლულის მანტიას ფოტოგრაფობა და რეჟისორობა ერჩია და დაიწყებს უნიკალური კადრების გადაღებას….

15 წლის განმავლობაში იკრიბებოდა მასალები 100-ზე მეტ ქვეყანაში და 18 თვე აეროგადაღება მიმდინარეობდა 53 ქვეყანაში. ბევრი სირთულე ახლდა გადაღებას, ზოგ ქვეყანაში უჭირდათ თანხმობის მიღება აეროპლანით გადაღებაზე და დიდხანს ელოდებოდა ჯგუფი დასტურს (ჩინეთსა და საუდის არაბეთში); ინდოეთში ნახევარი მასალა გაუნადგურეს, ხოლო არგენტინაში 1 კვირა დააპატიმრეს კიდეც…

2009 წელს გამოვიდა ფილმი და 87 ქვეყანაში ერთდროულად გავრცელდა, ეს არ იყო კომერციული პროქტი, ეს იყო დედამიწის მომავლისთვის ადამიანთა გაფრთხილება და შესაბამისი მოქმედების გამოწვევა.

მე მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გადმოვეცი ამ ფილმის შესახებ, რადგან დანარჩენი თქვენ უნდა ნახოთ, ანახოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს და აჩვენოთ პლანეტის რეალობა. ხშირად ისე ვცხოვრობთ საკუთარ კომფორტულ გამოქვეაბულებში, რომ ჩვენი სახლის ერთიანობის განცდა არ გვაქვს. დედამიწა – ჩვენი ფიზიკური არსებობის ადგილია და რა ზიანსაც მას ვაყენებთ, ასეთივე ზიანს ვაყენებთ ჩვენს ასტრალურ და მენტალურ შრეებსაც. ყველაფერი დავარღვიეთ და შედეგიც სახეზე გვაქვს: ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა (19 აპრილი, 2020 წელი, აღდგომა) კორონავირუსის გამო სწორედ სახლში დარჩენაა! პლანეტის მთელი მოსახლეობა ვირუსის თავიდან არიდების მიზსნით სახლებშია შეკეტილი…  სახელმწიფოები ებრძვიან „უხილავ მტერს“, არადა, ამ უხილავი მტერის შემოქმედი თავად ადამიანია.

ფილმის სლოგანია: „პაემანი პლანეტასთან“ – ეს სწორედ ის ფრაზაა, რომელსაც დღეს ვეტყოდი კაცობრიობას და რომელიც ამ არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმით 11 წლის წინ გვითხრა ფილმის ავტორმა. ნუღარ გადადებთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან პაემანს, აგერ ეს ფილმიც:

 

 

 

ეს კი ჩემი ძველი ლექსია, რომელიც რეზონანსშია ამ ფილმთან სლოგანით: დედამიწა – ჩვენი სახლია!

ყველას გისურვეთ მეტამორფოზას ამ კრიზისულ დროში!

 

მეტამორფოზა

დაიყვავილეს უკვე კვირტებმა…
ეს გაზაფხულიც სადღაც წავიდა…
ზიხარ კუთხეში და აკვირდები:
ვინ ხარ, სადა ხარ, ანდა _ რა გინდა…

აი, სამყარო! _ უნდა იცოდე,
რომ დედამიწა შენი სახლია…
და, რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლეც
ამ გაზაფხულის ხეზე ანთია!

ისიც მოვიდა დიდი ხნის შემდეგ…
სიმართლე გითხრა, აღარც ველოდი…
რადგან ვეძებდი მიზეზს და შედეგს,
რომელიც ხშირად სულს ვერ შველოდა…

და ჩემში ისევ ჩასახლდა ბავშვი _
თეთრი ღიმილით ნაფერმკრთალები…
ეს გაზაფხულიც რაღაცას წაშლის
ნუშის ყვავილთა ნატერფალებით…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი