დროდადრო, არსაიდან, კითხვების კორიანტელი აიშლება ჩემს გონებაში: „რა იქნება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება?.“ „შევძლებ თუ არა ჩვეული საქმიანობების გაგრძელებას?“ უიმედობაც მსტუმრობს ალაგ – ალაგ: „რა მეშველება?,“ „მომავალი უიმედოა.“ ზოგჯერ მცირეწლოვანი ბავშვივით თვალებზე ხელის აფარების სურვილი მიპყრობს, თითქოს, თვალებზე ხელის აფარება იმ სინამდვილესაც გააქრობს, რომელშიც ახლა ვარ.
ამ მდგომარეობას შეგუება ეწოდება. შეგუების აუცილებლობა ჩვენ წინაშე მაშინ დგება, როდესაც სტრესული გარემოებების პირისპირ აღმოვჩნდებით. თითოეული დღე მოიცავს, ე. წ., სტრესული გარემოებების ერთობლიობას, რომელთაგან უმრავლესობას, ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ. ანუ, ჩვენი აზრები, ემოციები და ქცევები შეგუებულია ყოველდღიურ გამოწვევებს, ხოლო, დროთა მანძილზე, ჩვეული ცხოვრების წესი ჩვენგან ნაკლებ და ნაკლებ ძალისხმევას ითხოვს გამოწვევებთან გასამკლავებლად. მაგალითად, თქვენ პირველად მიდიხართ ახალ სამსახურში. რა თქმა უნდა, მეტად გაფაციცებული ხართ, აკვირდებით თანამშრომლებს, ფიქრობთ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც სხვებზე დატოვებთ, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან თქვენდამი თანამშრომლები, იკვლევთ გარემოს: სად შეგიძლიათ, შესვენებაზე ისადილოთ? არკვევთ, როგორ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში ახალი სამსახურიდან. დროთა მანძილზე, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სახლიდან გასვლამდე ოთახის საგულდაგულოდ დალაგების სურვილზე უარი თქვით, რადგან მეტად მნიშვნელოვანი სამსახურში დროულად მისვლა გახდა. ეს ყველაფერი შეგუების გზაა: როდესაც ჩემი ცხოვრების ჩვეულ წესრიგს ისეთი ახალი გარემოება მირღვევს, რომელიც ჩემ წინაშე ცვლილების აუცილებლობას წარმოქმნის. მე კი ვცდილობ, ახალ გარემოებებს შევეგუო: რაღაც გავაკეთო ან რაღაც აღარ გავაკეთო იმისათვის, რომ სიახლესთან გამკლავება შევძლო.
დისტანციური სწავლება მასწავლებლების წინაშე შეგუების აუცილებლობას წარმოქმნის. „რაზე ვთქვა უარი იმისთვის, რომ მოვასწრო ონლაინ სწავლებისთვის გაკვეთილის თემის მომზადება?,“ „რა ვიცი, რა არ ვიცი იმისთვის, რომ ონლაინ – სწავლების ფორმატს შევუსაბამო ჩემი პრაქტიკა?“ გარდა ამისა, მასწავლებლებზეც, როგორც ყველაზე, ზემოქმედებს ის ცვლილებები, რომლებიც, ბოლო ერთი თვის მანძილზე, საკმაოდ სწრაფად და ხშირად ხდება.
ვფიქრობ, შეგუებაში ხელის შემშლელი რწმენების განხილვა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, იზრუნონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია და სწორედ მას ეყრდნობა კეთილდღეობის შენარჩუნება და საქმიანობის ნაყოფიერად გაგრძელების შესაძლებლობა.
- ღელვა, როგორც ბუნებრივი პასუხი არსებულ გარემოებებზე – თუ თქვენ თავს შეახსენებთ, რომ ღელვა ამ მდგომარეობასთან შეგუების განუყოფელი ნაწილია, ის ნაკლებად შემაწუხებელი გახდება.
- ღელვისა და შფოთვის კონტექსტის გაგება და მისი საფუძვლის აღიარება – შეგვიძლია, საკუთარი თავი ასე დავამშვიდოთ: „შენს შფოთვას აქვს ახსნა. მე მესმის, რომ შენ შფოთავ იმ გარემოებებისგან გამომდინარე, რაც ახლაა ირგვლივ“. ასეთი შინაგანი დიალოგი საშუალებას მოგცემთ, არ დაგავიწყდეთ შფოთვის კონტექსტი.
- სოციალური მედიით სარგებლობის შეზღუდვა – რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევის შეჯამება, რომლის თანახმადაც სოციალური მედიის გამოყენება გაცილებით ძლიერ შფოთვას უკავშირდება, ვიდრე – მასობრივი ინფორმაციის ტრადიციული წყაროების გამოყენება.
- სასიამოვნო და კმაყოფილების აღმძვრელი საქმიანობებით დღის დატვირთვა –სიამოვნება უსარგებლოდ ხომ არ მიგაჩნიათ? იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ სიამოვნების განცდა უსარგებლოა, დაფიქრდით, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს თანმხლები სიამოვნების განცდის ან გემრიელი საკვებით დროდადრო თავის წახალისების გარეშე? შეგიძლიათ, თქვენს თავს შეახსენოთ, რომ სიამოვნების განცდა ადამიანის ქცევის ერთ – ერთი ძლიერი მამოძრავებელია და მას დღის მანძილზე, განსაზღვრული დრო უნდა დავუთმოთ.
- ნაყოფიერი ღელვა – კონკრეტული პრობლემის კონკრეტული ნაბიჯებით გადაჭრაზე ორიენტირება, ერთი მხრივ, გაგავარჯიშებთ გადაწყვეტილების მიღება – აღსრულებაში, მეორე მხრივ, გაგიძლიერებთ უნარიანობისა და შედეგის განცდას, რაც თავის მხრივ, განსაზღვრულობის განცდას აძლიერებს.
მაგალითად, თქვენ გიჭირთ ონლაინ – სწავლების რომელიმე თავისებურების გაგება. განვლილი გაკვეთილის მანძილზე აღმოაჩინეთ, რომ საშინაო დავალების შეფასების ონლაინ – ფორმატის თავისებურებებთან შესაბამება გაგიჭირდათ. სცადეთ შემდეგი კითხვების დასმა:
ა) რას ნიშნავს საშინაო დავალება ონლაინ – ფორმატში?
ბ) რამ შემიშალა ხელი საშინაო დავალების წარმატებით შეფასებაში?
გ) რა შემიძლია, შევცვალო საშინაო დავალების წარმატებით შეფასებისთვის?
დ) რომელი ტექნიკური მახასიათებლები უნდა გამოვიყენო იმისათვის, რომ გაკვეთილის მიმდინარეობა მის მიზანს შეესაბამებოდეს?
- ძილის რეჟიმის დაცვა – ასეთ ვითარებაში, მარტივია, ძილის რეჟიმის არევა. თუმცა, სასურველია, ისეთი აქტივობებით დატვირთოთ დღე, რომელიც დღის მანძილზე უნდა შეასრულოთ და ღამით მათი შესრულება გაგიჭირდებათ. ეს იმის ალბათობას გაზრდის, რომ ღამით დაიძინებთ.
- ახალი განრიგების შექმნა – მაგალითად, ქაღალდზე ნაბეჭდი, ყვითელი, სურნელოვანი წიგნი ბოლოს როდის წავიკითხეთ? ან, ლოგინში მყუდროდ ჩამთბარი ბოლოს როდის ვეკირკიტებოდით რთულ, მონუმენტურ ტექსტებს? თუ ეს საქმიანობა მოგწონდათ, გაიხსენეთ. თუ, მაგალითად, ქოთნის ყვავილები გყავთ, რომელსაც ამ დრომდე არ გაკარებიხართ ან მხოლოდ წყლის დასხმით შემოიფარგლებოდით, შეგიძლიათ, სხვაგვარად მოაწესრიგოთ. მაგალითად, გაუწმინდოთ მტვრისგან ფოთლები და ა. შ. ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ ისეთი აქტივობები, რომლებიც “ჩვენად” არ მიგვაჩნდა, ძალიან სასიამოვნო და სახალისოა.
- დახმარებისა და მხარდაჭერის ძიება − იმისათვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ, შემიძლია, გითხრათ, რომ Instagram – ის მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი სულ რამდენჯერმე მინახავს, ხოლო, მაგალითისათვის, სოციალური ქსელის – TikTok – ის შესახებ მხოლოდ შორიდან მსმენია. ვაცნობიერებ იმას, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური სიახლის ისე მარტივად გაგებას ვეღარ ვახერხებ, როგორც ადრე. ეს, ნაწილობრივ, იმაზეა დამოკიდებული, რომ ზემოთ დასახელებული სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ. თუმცა, ისინი ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი საშუალებებია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი გადაწვიტა, TikTok – ის სივრცეში განეთავსებინა COVID – 19 – ის პრევენციის თუ მკურნალობის შესახებ მოკლე ვიდეორგოლები. ბუნებრივია, ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს ერთბაშად ვერ ავუღებთ ალღოს. ეცადეთ, ამის გამო, საკუთარი თავისადმი გამკიცხავი დამოკიდებულების ნაცვლად, ისეთ ადამიანებს მიმართოთ, ვინც უკვე გაერკვა ონლაინ – სწავლების თავისებურებებში. მართალია, შესაძლოა, ზოგჯერ გვიჭირს იმის აღიარება, რომ რაღაც ვერ გავიგეთ ან დახმარება გვჭირდება, თუმცა, ეცადეთ, ერთი მხრივ, საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ ბუნებრივია, სიახლეებს ერთბაშად ვერ ვითვისებდეთ და, მეორე მხრივ, ადამიანებს კონკრეტულ სიტუაციებში გვჭირდება ერთმანეთის დახმარება და ახლა სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება იმისათვის, რომ სიახლეებს შევეგუოთ.
- მიღწევისა და გასაუმჯობესებელი უნარების აღრიცხვა − ხშირ შემთხვევაში, იმდენად დაკავებულნი ვართ, ერთი მიღწევიდან მეორე მიღწევისკენ ისე ვინაცვლებთ, საკუთარი თავისთვის რამდენიმე თბილი სიტყვის თქმაც კი გვავიწყდება. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მიღწევებით კმაყოფილნი ვართ. კმაყოფილების განცდის გაუფასურება, მისი არსებობისა და მისი მნიშვნელობის უარყოფა, მისი განცდისთვის საკუთარი თავის გაკიცხვა („რა გიხარია?,“ „რა გააკეთე ისეთი?“) ხელს გვიშლის ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვნების გაცნობიერებაში. იმ შემთხვევაში, თუ დღეს თქვენ ონლაინ – სწავლებაში დაოსტატებას ერთი ნაბიჯით დაუახლოვდით, ნუ დაინანებთ საქებარ სიტყვებს თქვენი თავისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, დღევანდელი წინსვლა შეადაროთ გუშინდელს და ხვალინდელს. აქედან გამომდინარე კი, ნათლად დაინახოთ, რომ ვითარდებით და რა გიშლით ხელს განვითარებაში.
ბოლოს…
- ჩვენი აზრები ყოველთვის სწორად არ ასახავს რეალობას − თითოეული ჩვენგანი, მათ შორის, მასწავლებლებიც, ვშფოთავთ იმ მომავალზე, რომელიც წინ გველის. ეს ბუნებრივია. შეგუება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი გონება ბევრ ისეთ მოლოდინს ქმნის, რომელთაგან ნაწილი შეიძლება გამართლდეს, ნაწილი კი – არა. თუმცა, თუ ჩვენს თავს შევახსენებთ, რომ წარმოსახულს შორის ყველაზე უარესიც კი მაინც ჩვენი გონების ვარაუდია, შევძლებთ განუსაზღველობის მიერ აღძრული შფოთვა დავძლიოთ და მომავალში დაზოგილი ძალებით შევაბიჯოთ.