სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ბავშვების საათი“: მორალური და ამორალური

უილიამ უაილერის ამ ფილმს – 1961 წელს გადაღებულ „ბავშვების საათს“ – ჯონ მაქსველ კუტზეე აღტაცებით იხსენებს რეჟისორის სხვა ნამუშევრებით მოხიბლული მეგობრისთვის, პოლ ოსტერისთვის მიწერილ ერთ წერილში: „დავასკვენი, რომ გამბედაობით გამორჩეული ფილმია. უფრო ზუსტად, დავასკვენი, რომ უაილერი იყო გამბედავი, რადგან ასეთი ფილმით წარსდგა ჰოლივუდელი „გუშაგების“ წინაშე (ჩემი ვარაუდით, ამის გაკეთებას  50-იან წლებში უფრო დიდი გამბედაობა დასჭირდებოდა)“. მთავარი როლის შემსრულებელი შირლი მაკლეინი კი საპირისპიროს ამტკიცებს ათწლეულების შემდეგ, როცა უკვე კინოკლასიკად ქცეული ფილმის გადაღებას იხსენებს: „უილიმ ყველა ის სცენა ამოჭრა, რომლებიც ჩვენს სიყვარულზე მიანიშნებდა. მაგალითად, ის, სადაც ოდრის თმას ვვარცხნი. ერთმანეთს ფიზიკურად არც კი ვეხებოდით. ჩემი აზრით, უბრალოდ შეეშინდა“.

„ბავშვების საათი“ ორ ახალგაზრდა მასწავლებელზე გვიყვება – ძველ მეგობრებზე, რომლებმაც ენთუზიაზმით წამოიწყეს საპასუხისმგებლო საქმე: სკოლა გახსნეს, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობენ. სკოლა პატარაა, მასწავლებლები კი თავად აკეთებენ ყველაფერს – დაუზარებლად – საკლასო ოთახშიც და სამზარეულოშიც. საქებარი ამბავია, მაგრამ კუტზეეს აღტაცებას ვერ გავიზიარებდი და ამ ფილმს ნახევრამდეც ვერ ვუყურებდი, რომ არა მართა დობის (შირლი მაკლეინი) სახე და განცდის, ტკივილის კვალი ამ სახეზე, რომელმაც პირველივე წუთებში მომნუსხა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მას უფრო მეტი სადარდებელი აქვს, ვიდრე ყველა სხვა გმირს – ერთად. და საკითხავი ის არის, საბოლოოდ ჩავიხედავთ მის გულში თუ ვერა?

ერთ დღეს მასწავლებლების ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ცილისწამების მსხვერპლად ქცეულნი, უსწრაფესად კარგავენ: მოსწავლეებს, მშობლებისა და საზოგადოების კეთილგანწყობას, საყვარელ საქმეს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია შესწირეს, აწმყოს, მომავალს… ენით აუწერელი საშინელებაა მათი ყოფა, როცა ვერავის ვერაფერს უმტკიცებენ. ერთი მოსწავლის დიდ ტყუილზე აგებული ბრალდება თანაბრად დამაჯერებელი აღმოჩნდება სასამართლოსთვის, ჟურნალ-გაზეთებისთვის, მთელი ქალაქისთვის. ქალებს „არაბუნებრივი სექსუალური კავშირის“ გამო ჰკიცხავენ და დასცინიან. მათთვის ქუჩაში გასეირნებაც კი უკვე განსაცდელად იქცევა.

ერთადერთი, ვინც შერისხულ მასწავლებლებს გვერდით დაუდგება, კარენ რაითის (ოდრი ჰეპბერნი) საქმროა. სოფლად გადავბარგდეთ სამივე და იქ ახალი ცხოვრება დავიწყოთო, – ასეთი აზრიც კი გაუჩნდება. თავიდანვე გამაღიზიანებელია მისი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ფილმში ხდება. ერთხანს ქალების სიმართლის სჯერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არაფერს ცვლის – ისიც იმ საზოგადოების წევრია, რომელშიც გაიზარდა და რომელმაც ასწავლა, რომ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს არჩევანი თეთრსა და შავს შორის.

„არაბუნებრივი“ – ეს სიტყვა იმდენად ხშირად ისმის, რომ მეტისმეტად შემაწუხებელიც კი ხდება. ცხადია, სხვა ეპოქაა, სხვა წარმოდგენა მორალურსა და ამორალურზე. თავად მასწავლებლებიც კი ძალიან სამარცხვინოდ მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი რამ რამ დააბრალეს – შემზარავი, თავზარდამცემი, წარმოუდგენელი. „ექვსი თითი და ორი თავი მაქვს. მახინჯი ვარ!“ – ეს მართას წამოძახილია. ვიღაც აბეზარის თავიდან მოშორებას ცდილობს ამ ფრაზით, მაგრამ ალბათ თვითონ უფრო მკაფიოდ ხედავს ამ ექვსთითიან და ორთავიან არსებას.

„სიყვარულმა შეიძლება სულაც არ მიგვიყვანოს იქ, სადაც გვეგონა, რომ მიგვიყვანდა. ან იმედი გვქონდა, რომ მიგვიყვანდა. მეორე მხრივ, რა შედეგიც უნდა მივიღოთ, ამ სიყვარულმა სერიოზულობისა და ჭეშმარიტების გზაზე უნდა დაგვაყენოს. თუ ასე არ არის – თუ მის შედეგს მორალთან საერთო არაფერი აქვს – მაშინ ეს სიყვარული მხოლოდ სიამოვნების ერთ-ერთი – გაზვიადებული – ფორმა ყოფილა და მეტი არაფერი“, – ეს უკვე ჯულიან ბარნსია, რომელიც იქვე ამატებს: გლოვა კი, თავისი არსით, მორალს მიღმაა – თავს გვახვევს მოკუნტული ადამიანის თავდაცვით პოზას და გვაიძულებს, უფრო ეგოისტები გავხდეთო.

ამ ფილმში გლოვაცაა და გზის უცაბედად დანახვის სიხარულიც, ყველა გაგონილ ფრაზაში დაეჭვებაც და ჭეშმარიტების თვალისმომჭრელი შუქის შიშიც.

ყველაზე ამაღელვებელი კი დასასრულია, რომლის შესახებაც აქ ბევრს არაფერს ვიტყვი. დრამატული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულატორ მოსწავლეს უპატიებელ ტყუილში ამხელენ და მასწავლებლებს ბოდიშს უხდიან, სხვადასხვაგვარ სიკეთესაც ჰპირდებიან. სწორედ მაშინ, როცა ყველაფრის მეტ-ნაკლებად გამოსწორების, ახალი წესრიგის შესაძლებლობა ჩნდება, მართა დობი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს – ჩემი წარმოდგენით, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას. მორალი იქ არის, სადაც სიყვარულია და ის მზერაა, რომელსაც ის ეზოში მიმავალ საყვარელ ადამიანს აყოლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“