სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ემოციური წიგნიერება

„თავს როგორ გრძნობ?”,   ვკითხე ჩემს ვაჟს, ვიდრე კბილის ექიმთან წავიყვანდი.

„ცოტა ვნერვიულობ”.

“რის შესახებ?”

„ვწუხვარ, რომ ჩხვლეტა მეტკინება და ეს ასევე ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ამიტომ არ ვიცი, რას უნდა მოველოდე”.

„რა ფიქრები დაგეხმარებოდა?”

„ის, რომ ჩხვლეტა ძალიან არ მეტკინება და თუკი მეტკინება, სწრაფად გაივლის”.

ეს გახლავთ ამონარიდი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ჩანაწერიდან, რომელიც მიმართულია შფოთვის დასაძლევად ყოველდღიურ ცხოვრებაში. თეორიულად, მშობლებს და გარშემომყოფ ადამიანებს მართლაც შეგვიძლია მზა რეცეპრული რჩევები მივცეთ ბავშვებს, მაგრამ როგორც 12 წლის ბიჭთან დიალოგიდან გამოიკვეთა, მას სჭირდებოდა, თავისით ეპოვა გამოსავალი მისთვის ამ უჩვეულო და რთული სიტუაციიდან. ეს წარმატებით გამოვიდა კიდეც დიალოგის გზით. და ამ დიალოგში ბიჭის მაღალი ემოციური წიგნიერება გამოვლინდა.

მინდა, აღნიშნული შემთხვევა ერთ ამბავს შევადაროთ, რომელიც თავად გადამხდა. 13 წლისას, საერთაშორისო ბანაკ „არტეკში” მიშვებდნენ. თუმცა საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება. და რაკი მშობლები დილის საათებში ძალიან დაკავებული იყვნენ,  მე კი სრულიად ჯანმრთელი და უკვე „დიდი გოგო” ვიყავი, დედამ საღამოს უბნის ექიმს დაურეკა შესათანხმებლად, რომ პოლიკლინიკაში ხვალ პირველად მარტო მივიდოდი, ჯერ მასთან, რომელიც ისტორიას მომცემდა და ყველა ექიმს ოთახში მარტო ჩამოვუვლიდი. მე ხომ მათ კარგად ვიცნობდი, ზოგიც ოჯახის ახლო მეგობარი იყო. მერე გამსინჯავდნენ, ხელს მომიწერდნენ და ცნობით ხელში იქვე ახლომდებარე სკოლაში გადავიდოდი. მაგრამ დილით პოლიკლინიკაში არსებულმა ხალხმრავლობამ, რიგებმა, ნაცნობი ექიმების მოუცლელობამ და ახალი გამოცდილების მიღების შიშმა იმდენად დამაბნია, რომ ღელვა ცრემლებში გადამეზარდა და ყველა კარში ატირებული შევდიოდი და გამოვდიოდი. ასე რომ, დედის ფუნდამენტური მიდგომა, რომ: უკვე დიდი და ჯანმრთელი ვარ, თან ფორმალურად უნდა ჩამოვუარო, ექიმებიც ახლობლები არიან, პოლიკლინიკაც აქვეა, სახლსა და სკოლასთან ახლოს, – უშედეგო აღმოჩნდა. მისი იმედი ვერ გავამართლე, ავტირდი და ეს ჩემი ემოციების კიდევ ერთი ყველაზე მტანჯველი სასჯელი აღმოჩნდა. ფუნდამენტალიზმმა, რომელშიც გავიზარდე, არ მომცა თავისუფლება, გამომეკვლია, მქონოდა და მემართა ჩემი ემოციები იმ ხარისხით, რომლითაც ეს 12 წლის ბიჭმა შეძლო.

ფუნდამენტლიზმი ვახსენე და, ცხადია, იგი ამ შემთხვევის შეცდომებისგან ერთნაირად გვათავისუფლებს ყველას: მეც, დედასაც და ექიმებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ადამიანებსა და სხვა სულიერ არსებებსაც ემოციების სპექტრის დიდი დიაპაზონი გვაქვს ბედნიერებიდან სიბრაზემდე და ბრაზიდან მწუხარებამდე. ფუნდამენტალიზმი კი მოითხოვს, იყო ყოველთვის „გამორჩეული”, „კარგი” და „შენს სიმაღლეზე”, „არ შეიძლება იტირო (განსაკუთრებით, თუ ბიჭზეა საუბარი)”, „არ შეიძლება გქონდეს ნეგატიური ემოცია, სიბრაზე, რადგან სიბრაზე ცოდვაა და ყველაფრის ბოლო შეიძლება იყოს”, „უნდა უკრავდე, მღეროდე, იყო მხიარული და დაივიწყო ყოველგვარი ნეგატიური ემოცია” და ა. შ.

სწორედ ამგვარი ფუნდამენტალიზმის შედეგად ვერ ვიღებდით ჩვენ ნეგატიური გრძნობების აღიარებას ან მათი მართვის პრაქტიკას. ვერ ვაცნობიერებდით, რომ იმედგარუებისას ყოველთვის არსებობს სხვა გეგმა და ასეთი გეგმით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტალიზმში მენტალური ჯანმრთელობა ყოველთვის ასოცირდება სულიერ ჯანმრთელობასთან. რაც იმთავითვე ჩვენი ემოციებისა და სულიერების მიმართ დიდი უსამართლობაა. სამწუხაროდ, ფუნდამენტალიზმის რკალში დღესაც არსებობს ბავშვებთან დაკავშირებული არასასურველი ისტორიები, როცა დეპრესია და აღშფოთების გამოხატვა სირცხვილად ითვლება და, იმის ნაცვლად, რომ ოჯახმა, სკოლამ და საზოგადოებამ ბავშვს შესთავაზოს სპეციალური ფსიქოლოგიური სერვისები ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და წონასწორობის დასაბრუნებლად, მათ პოლიციურ ინსტიტუციებს გადასცემენ ხოლმე. სავალალო შედეგებს კი არცთუ იშვიათი პერიოდულობით ვიმკით.

ბავშვების აღზრდის ავტორიტარული სტილი ამცირებს ემოციებს. ასხვავებს ადამიანის სულიერ და ბიოლოგიურ მგდომარეობას, ადამიანს აკისრებს ზედმეტ პასუხისმგებლობას „საზოგადოების” წინაშე.  „შენ სხვა ფენას მიეკუთვნები და ‘ამის’ უფლება არ გაქვს!”, – დღესაც აქტიურად შთავაგონებთ შვილებს. ამდენად, მათ ეშინიათ, მიენდონ საკუთარ ინტუიციებს და ჩვენი ნებართვის გარეშე იგრძნონ ის ბევრი რამ, რაც წესით, მართლა უნდა იგრძნონ.

არსებობს მენტალური ჯანმრთელობის აღზრდის პრინციპების რუკა, რომლითაც სასურველია ყველამ ვიხელმძღვანელოთ.

 

 

როცა სტენსილის გამო ქვეყანაში ბავშვი კვდება, თითქოს გვიანდება იმ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე წერა, რაც ემოციურ წიგნიერებას ახლავს თან, მაგრამ ყოველთვის დიდი სიკეთეა, საკუთარ თავსა თუ სხვებს შეახსენო ემოციური წიგნიერების როლი საკუთარი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის. ეს ყველა ძველ და მნიშვნელოვან მოძღვრებასავით არსებითი მოძღვრებაა, რომელიც ერთ ღამეში და ერთი წერილით არ ისწავლება. მას გააჩნია ანბანი, ცნებები და გასაღები ფრაზები, რომლებითაც მუდმივად უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველგან, სახლში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა  თუ სხვა სამსახურებში. უნდა დავიწყოთ, რაც შეიძლება, ადრეული წლებიდან, რათა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, განსაზღვრონ, რას გრძნობენ, გააკონტროლონ ემოციები და ვასწავლოთ მოდელირება, უკეთ როგორ გამოხატონ და მართონ ისინი. როდესაც ემოციური ოსტატობა ისევე გათავისებულია, როგორც ანბანის კითხვა, ბავშვები გარდაიქმნებიან იმ უფროსებად, რომლებსაც ცხოვრება არათუ აშინებთ, არამედ მისით სარგებელს იოლად პოულობენ საკუთარი თუ სხვების კეთილდღეობისთვის.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://cindywangbrandt.com/5-ways-fundamentalism-hinders-emotional-literacy/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“