კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ქეისებით სწავლება

მანანა ბოჭორიშვილი

ქეისებით სწავლების ძირითადი დანიშნულებაა, ასწავლოს მოსწავლეებს ისეთი რთული არასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომელთა ანალიზური ხერხით ამოხსნა შეუძლებელია. მეთოდის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს პრობლემური სწავლების პრინციპების გამოყენება – რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავება.

მეთოდი ავითარებს:
. შემოქმედებით აზროვნებას;
. ანალიტიკურ აზროვნებას;
. გუნდში მუშაობის უნარს;
. რეალური პრობლემების გადაჭრის უნარს;
. უმარტივესი განზოგადების უნარს;
. პრეზენტაციის უნარს;
. კითხვის ფორმულირებასა და პასუხის არგუმენტირების უნარს.

ქეისების კლასიფიკაცია

კლასიფიკაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა სირთულის მიხედვით კლასიფიკაცია. ამასთან, განასხვავებენ:

საილუსტრაციო სასწავლო სიტუაციები

სასწავლო სიტუაციები

სასწავლო სიტუაციები

წვრთნები

ქეისები, რომელთა მიზანია

ცალკეულ პრაქტიკულ მაგალითებზე გამოუმუშავოს მოსწავლეს

კონკრეტულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების

ალგორითმი;

ქეისები პრობლემის ფორმირებაზე,

რომლებშიც აღწერილია სიტუაცია დროის კონკრეტულ პერიოდში. ასეთი

ქეისის მიზანია სიტუაციის დიაგნოსტირება და დამოუკიდებელი

გადაწყვეტილების მიღება;

ქეისები პრობლემების ფორმირების გარეშე,

რომელშიც წინა ვარიანტთან შედარებით უფრო რთული სიტუაცია

განიხილება, სადაც პრობლემა მკაფიოდ კი არაა ჩამოყალიბებული,

არამედ სტატისტიკური მონაცემების სახითაა მოცემული. ასეთი

ქეისის მიზანია პრობლემის დამოუკიდებლად განსაზღვრა, არსებული

რესურსების ანალიზით მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების

მოძიება;

გამოყენებითი წვრთნები, რომელიც ასახავს კონკრეტულ არსებულ

ვითარებას და თავაზობს გამოსავალის მოძებნას. ქეისის მიზანი ამ

შემთხვევაში არის პრობლემების გადასაჭრელად გზების ძიება.

ქეისების კლასიფიკაცია შეიძლება სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიხედვითაც. ამ კუთხით შეიძლება გამოიყოს:

1. ქეისები ანალიზისა და შეფასების შესასწავლად;
2. ქეისები პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესასწავლად;
3. პრობლემის გადაჭრის ან მთლიანად კონცეფციის ამსახველი ქეისები.
მნიშვნელოვანია ქეისების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით:

. სტრუქტურირებული ქეისი, რომელშიც დამატებითი ინფორმაცია მინიმალურია. მასთან მუშაობისას მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კონკრეტული მოდელი ან ფორმულა, ამ ტიპის ქეისებს აქვთ ოპტიმალური გადაწყვეტა.
. მცირე მონახაზი რომელიც შეიცავს რამდენიმეგვერდიან ტექსტს და 1-2 დანართს. ისინი მხოლოდ ძირითად ცნებებს აცნობენ და მათი ანალიზისას მოსწავლე უფრო საკუთარ ცოდნას უნდა დაეყრდნოს.
. დიდი – 10-50 გვერდიანი – არასტრუქტურირებული ქეისები – ყველაზე რთულია ამ სახის სასწავლო დავალებებს შორის. მათში უსარგებლო ინფორმაცია ზოგჯერ ძალზე დეტალურად არის მოცემული, საჭირო მონაცემები კი, პირიქით, შესაძლოა არ იყოს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ასეთი შეფარული მზაკვრობა და თავი გაართვას მას.
. პიონერული ქეისები – მათი ანალიზი მოითხოვს არა მარტო უკვე ათვისებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებას, არამედ რაიმე ახლის შეთავაზებასაც. ამასთან, მოსწავლეები და მასწავლებლები მკვლევართა როლში გამოდიან. 

ქეისების ამოხსნა რეკომენდებულია 5 ეტაპად:

პირველი
ეტაპი
სიტუაციის და მისი თავისებურებების გაცნობა

 

 

მეორე
ეტაპი
– ძირითადი პრობლემ(ებ)ის გამოყოფა; იმ ფაქტორებისა და პირების გამოყოფა, რომთა
გავლენა გასათავლისწინებელია

 

 

მესამე
ეტაპი
გადაწყვეტისთვის
კონცეფციების
ან თემების შეთავაზება

 

 

მეოთხე
ეტაპი
– ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი

 

 

 მეხუთე
ეტაპი
ქეისის ამოხსნა – ერთი ან რამდენიმე ვარიანტი (ქმედებათა თანმიმდევრობა, მითითება შესაძლო პრობლემებზე, მათი პრევენციისა და გადაჭრის მექანიზმები


ქეისის ზომას უშუალო კავშირი აქვს მის დანიშნულებასთან. რამდენიმეგვერდიანი მინიქეისი ერთ გაკვეთილს იკავებს, საშუალო ზომისა – 2 საათს, ხოლო დიდი ქეისი შესაძლოა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მუშავდებოდეს. არსებობს ქეისები დანართებითა და დანართების გარეშე.

ქეისსწავლება როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია

ქეისსწავლების მთავარი სირთულეა დისკუსიის მონაწილეთა შეფასება. ცოდნის შემოწმება და შეფასება უნდა წარიმართოს სწავლების დიდაქტიკური პრინციპების შესაბამისად. საჭიროა, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის ან ზეპირი პრეზენტაციისთვის, რაც მოიცავს:

1. გამოსვლას, რომელიც აღწერს სერიოზული წინასწარი ანალიზის მცდელობას (სწორი ვარაუდები, კარგი მომზადება, არგუმენტირება და ა. შ. )
2. ყურადღების გამახვილება ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც საფუძვლიან განხილვას მოითხოვს;
3. კატეგორიების აპარატის ფლობა, ცნებათა განმარტების, შინაარსის წვდომის სწრაფვა;
4. ლოგიკური აზროვნების უნარის დემონსტრირება;
5. ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, რომლებიც ადრე უგულებელყოფილ იქნა;
6. კონკრეტული სამოქმედო გეგმის ან გადაწყვეტის გეგმის შეთავაზება;
7. იმ არსებითი ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ქეისის ანალიზისთვის;
8. რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა;
9. განხილვის შედეგების შეჯამება.

ქეისის ანალიზის წერილობითი სახით წარდგენისას შეფასებისას გასათვალისწინებელია:

. პრობლემათა ანალიზი;
. ჩატარებული რაოდენობრივი გათვლები;
. დამოუკიდებელი დასკვნები;
. ინფორმაციის დამუშავების ადეკვატური მეთოდები;
. მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტები;
. ანალიზის შედეგად გამოტანილი არგუმენტები.

განვიხილოთ ქეისის აგების პრინციპები.

ქეისის შექმნის პროცესს რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს:
1. ქეისის დიდაქტიკური მიზნების ფორმირება – ეს ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსის, სილაბუსის, სტრუქტურაში ქეისის ადგილის განსაზღვრას, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებას, მოსწავლეების ცოდნისა და უნარების დონესთან შესაბამისობას;
2. პრობლემური სიტუაციის განსაზღვრა;
3. ქეისის პროგრამული რუკის შედგენა, ძირითადი თეზისები, რომელთა ტექსტში ჩართვაც აუცილებელია;
4. ძიება ინტეგრირების სისტემისა, რომელსაც პირდაპირი პროგრამული კავშირი აქვს ესგ გამჭოლ პრიორიტეტებთან;
5. ამ ინტეგრირების სისტემაში ქეისის თეზისებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება;
6. აგება ან არჩევა სიტუაციის მოდელისა, რომელიც ასახავს იმ შედეგებსა და ინდიკატორებს, რომელთა შესასრულებლადაცაა მიმართული სილაბუსის ესა თუ ის ნაწილი;
7. ქეისის ჟანრის არჩევა;
8. ტექსტის დაწერა;
9. ქეისის მართებულობისა და ეფექტურობის დიაგნოსტიკა, მეთოდური სასწავლო ექსპერიმენტის ჩატარება ქეისის ეფექტურობის შესამოწმებლად;
10. ქეისის საბოლოო ვარიანტის მომზადება;
11. ქეისის პრაქტიკული გამოყენება;
12. ქეისის მეთოდური რეკომენდაციების მომზადება.

დავალებებისა და სადისკუსიო კითხვების შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 

. ქეისი უნდა იყოს საინტერესო, ადვილი და გასაგები ენით დაწერილი;
. გამოირჩეოდეს პრობლემურობით, განსაზღვრავდეს პრობლემის არსს;
. წარმოაჩენდეს როგორც დადებით, ასე უარყოფით მაგალითებს;
. შეესაბამებოდეს შერჩეულ მოსწავლეთა მოთხოვნილებებს, აწვდიდეს მათ აუცილებელ და საკმარის ინფორმაციას.

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები აკეთებენ თანამიმდევრულ ჩანაწერებს პრობლემის გადასაჭრელად ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ეს მეთოდი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე. მას პრობლემის გადაჭრის პროცესის შეფასებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი უფრო ნათელი გახდეს, გავიხსენოთ, რა არის პრობლემა და ჩამოვთვალოთ მისი გადაჭრის შესაძლო ეტაპები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საგნისა და პრობლების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულწილად სხვადასხვანაირი იყოს:
პრობლემად ითვლება ისეთი სიტუაცია, რთული საკითხი, ამოცანა, რომელიც შესწავლას და მოგვარებას მოითხოვს. პრობლემის მოგვარება გულისხმობს განსზაღვრული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას კრიტიკული და შემოქმედებითი გზით.

პრობლემის მოგვარება წარმოადგენს რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევას, რომელიც ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება.

პრობლემის მოგვარების შესაძლო ეტაპებია:

1. პრობლემის განსაზღვრა;
2. სათანადო ინფორმაციის შეგროვება;
3. პრობლემის შესაძლო მიზეზების დადგენა;
4. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხის მოფიქრება;
5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა;
6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება;
7. შედეგების შემოწმება და შეფასება .
 
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლეების მიერ გადადგმული ნაბიჯების აღწერას, ანუ პროცესის შეფასებას პედაგოგისთვის სამი მიზანი აქვს:

1. შეაფასოს, როგორ მოაგვარებენ მოსწავლეები პრობლემებს;
2. განსაზღვროს, რამდენად კარგად ესმით და აღწერენ ისინი პრობლემის მოგვარების პროცესს;
3. შეისწავლოს მოსწავლეთა აზროვნების პროცესი და მათთან ერთად განიხილოს პრობლემის გადაჭრის წარმატებული და წარუმატებელი გზები.

ეს მეთოდი საშუალებას აძლევს პედაგოგს, გააანალიზოს მოსწავლეთა ჩანაწერები. ჩანაწერების ანალიზის შედეგად მას შეუძლია

. გაიგოს, პრობლემის გადაჭრის როგორი უნარ-ჩვევები აქვს თითოეულ მოსწავლეს;
. მისცეს მოსწავლეს დროული და მნიშვნელოვანი რჩევები, რომელთა დახმარებითაც ის უკეთ მიხვდება საკუთარ შეცდომას და პრობლემის მოგვარების პროცესის კონტროლს ისწავლის.
პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი პროცედურების ცოდნა და გამოყენება მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესასწავლად.
პედაგოგმა პრობლემა ისე უნდა დასვას, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების საშუალება მისცეს.
პრობლემის მოგვარების პროცესის შეფასების სასწავლო მიზნებია:
. მოსწავლეთა მიერ ნაცნობი პრინციპების განზოგადება და პრობლემებთან მისადაგება;
. პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევების განვითარება;
. საგნის სპეციფიკის გათვალისწინება;
. სწავლის სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების განვითარება;
. ქეისის ამოხსნისას საჭირო ცოდნისა და უნარის ტრანსფერი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“