ამ სტატიაში სრულიად განსხვავებული წიგნი მინდა გაგაცნოთ. წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ასაკის ბავშვების მოყოლილი ისტორიები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ თავად და წაუკითხოთ საკუთარ შვილებს, მოსწავლეებს…
წიგნის ავტორები არიან: ჯეკ კენფილდი, მარკ ვიქტორ ხანსენი, ირენ დუნლაპი და პეტერ ხანსენი. მაშ ასე, წაიკითხეთ მცირე ისტორიები სერიიდან: „ქათმის ბულიონი სულისათვის. ისტორიები ბავშვებისათვის“.
ზამთარი და უსახლკარო ქალბატონი
როდესაც თქვენ კეთილ საქმეს აკეთებთ, თქვენი სული მშვიდად არის.
თქვენი სხეული კი ამბობს: „სწორედ ასე უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი“.
(ჰაროლდ კუშნერი – მწერალი)
აი, ნანატრი ზამთარიც დადგა და მე ციგით ვისრიალებ – ვფიქრობდი იმ დღეს, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით. იმდენი ხანი ვოცნებობდი თოვლის მოსვლაზე, რომ ძალიან გახარებული ვიყავი. მაღალ გორაკზე ავდიოდი და თან ჩემს ციგასაც მივათრევდი. ჭრაჭუნა თოვლში გზას ვიკვლევდი, ხელები და ფეხები თანდათან მეღლებოდა, ქარი ლოყებს მიწვავდა, თვალები მეცრემლებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც ზევით მივიწევდი, რადგან ციგით სრიალი ძალიან მიყვარს. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულ ადგილს, მუცლით ციგაზე დავწექი და ქვევით დავეშვი. ფანტასტიურია, აი ეს მესმის, ვფიქრობდი და თან პირდაპირ ვიყურებოდი, როდესაც თვალი მოვკარი ქალს, რომელიც ძალიან შილიფად იყო ჩაცმული, ძლივს მიდიოდა გაუკვალავ თოვლში და ძველ მონჯღრეულ ურიკას მიათრევდა.
ამასობაში უკვე ჩავსრიალდი, შევჩერდი. უსახლკარო ქალი თანდათან მიახლოვდებოდა. ის ძალიან დაღლილი და მშიერი ჩანდა. მას მივაჩერდი და მივხვდი, რომ ხელები სრულიად გაყინვოდა. ვუყურებდი იმ ქალს და ვფიქრობდი: „როგორ შემეძლო მე თოვლის მოსვლა და ყინვების დადგომა გამხარებოდა, როდესაც სხვა ადამიანს ასე სცივა?“ ძალიან მომინდა იმ ქალს დავხმარებოდი და უეცრად გამახსენდა, რომ იქვე ეკლესია იდგა. სწრაფად გავიქეცი, ტაძარში შევქანდი და დავინახე, რომ იქ ერთი მამაკაცი იყო, რომელსაც მოვუყევი უსახლკარო ქალის შესახებ. მე და ის კაცი დავეწიეთ საცოდავ ქალს და მამაკაცმა ეკლესიიდან აუხსნა მას, რომ უფლის სახლს ნებისმიერი მიუსაფარი ადამიანისათვის აქვს თავშესაფარი და თუ მისი სურვილიც იქნება შეუძლია ისარგებლოს ამ შეთავაზებით. ქალს ძალიან გაუხარდა, ის მადლიერებას ასხივებდა. მე მგონი მასზე მეტად გავიხარე, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, რომ მოვახერხე და დავეხმარე უსახლკარო, მიუსაფარ ადამიანს.
როდესაც ტაძრიდან გამოვდიოდი, მსუბუქი თოვლი წამოვიდა. მე სიმშვიდე დამეუფლა, შემდეგ ხელახლა დავწექი მუცლით ციგაზე და ფერდობიდან დავეშვი. ამ შემთხვევაში ქარი უკვე აღარ მწვავდა ლოყებს და თვალებიც აღარ მეცრემლებოდა. შინაგანად დიდ სითბოს ვგრძნობდი. ის დღე ჩემთვის სრულიად განსხვავებული და სამუდამოდ დასამახსოვრებელი გამოდგა! (11 წლის ალისი).
დახმარება, როცა მას სრულებით არ ელი.
ჩვენს რაობას განაპირობებს ჩვენი არჩევანი და არა ჩვენი უნარები
ჯოან როულინგი
თეომ და ბერგმა საკუთარი ხელით რძის ყუთებისაგან გაკეთებული ნავი წყალში ჩაუშვეს. თეო კმაყოფილი იყო და მიაჩნდა, რომ იმ წელს აუცილებლად გაიმარჯვებდნენ შეჯიბრში, რადგან მეგობრებს საუკეთესო ნავი ჰქონდათ. „ეს ჩვენი ბოლო შანსია ამ ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვების მოსაპოვებლად, რადგან უკვე თორმეტი წლის ვართ და მომავალ წელს ჩვენზე უფროსებთან მოგვიწევს გამკლავება“. ასე ფიქრობდა ორი მეგობარი, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით რძის კარდონის ყუთს ხსნიდა, შემდეგ ხელახლა აწებებდა და ადგილობრივი რძის მწარმოებელი ფერმერების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობასთვის ემზადებოდა.
„წელს ჩვენ ძალიან სუსტი მეტოქეები გვყავს და ეს ფაქტორიც დაგვეხმარება პირველი ადგილის მოპოვებაში. ტბა აუცილებლად პირველებმა უნდა გადავცუროთ ჩვენი გაკეთებული ნავით“. აი ასე ამხნევებდნენ ერთმანეთს მეგობრები, როდესაც შეჯიბრი დაიწყო.
თეომ მათ შორიახლოს ერთი ნავი შენიშნა, რომელშიც რვა წლის პატარა ბიჭი მარტო იჯდა და არცთუ ისე კარგად კონსტრუირებულ ნავს მართვდა. ბიჭი აშკარად ახალბედა იყო და ამიტომ მისი ნავი წინ სვლის ნაცვლად ცერად მიცურავდა. მეგობრები მძლავრად უსვამდნენ ნიჩბებს და მცირე ხანში ყველას გადაასწრეს. თეომ უცებ ნიჩბების მოსმას თავი დაანება და იმ პატარა ბიჭის ნავისკენ გაიხედა და მეგობარს გასძახა: „ბერგ, ხედავ იმ ბიჭის ნავი სულ ოდნავ მოშორდა სტარტს, მას ძალიან უჭირს მართვა“. ბერგმა არ მიაქცია ყურადღება მეგობრის სიტყვებს და ნიჩბების მოსმა განაგრძო, თან თედოსაც შეუძახა, მასაც იგივე გაეკეთებინა, თორემ კონკურენტები ფეხდაფეხ მოსდევდნენ და შესაძლოა მალე დასწეოდნენ კიდეც. „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ხომ გახსოვს ეს ჩვენი ბოლო შანსია“, – გასძახა ბერგმა მეგობარს.
„დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ“ – გაიფიქრა თეომ, მაგრამ მას მოგონებები აწუხებდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მეგობრები პირველად იღებდნენ მონაწილეობას შეჯიბრში. მათი იმდროინდელი ნავი ზუსტად ისევე ცუდად იყო გაკეთებული და ბიჭებმა საერთოდ ვერ მიაღწიეს ფინიშამდე. თედომ და ბერგმა ბევრი იტირეს იმ წელს. „უნდა დავეხმაროთ პატარას“ – გასძახა ბერგს მეგობარმა. „რას ამბობ, ჩვენ სულ ცოტა დაგვრჩა და გავიმარჯვებთ, თანაც იმ ბავშვს საერთოდ არ ვიცნობთ, არა უშავს თუ დამარცხდება, რას ვიზამთ თავისი ბრალია, არ იცის ნავის მართვა. მომავალში გამოასწორებს“, – გააპროტესტა ბერგმა. თედო არ აპირებდა საკუთრ განზრახვაზე უარის თქმას და უკვე ნავიდან წყალში გადახტომას და პატარა ჩამორჩენილი ბიჭისკენ აპირებდა გაცურვას.
„მოიცა, თანახმა ვარ, უშენოდ მაინც ვერ მოვახერხებ გამარჯვებას“, – აღიარა ბერგმა და ნავი უცხო ბიჭისკენ მიაბრუნა. როდესაც მეგობრები ბიჭთან მიცურდნენ, მათ მისი ნავი საკუთარს ბოგირით გამოაბეს. პატარა ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო და ისე შეჰყურებდა მოულოდნელ დამხმარეებს. თედომ და ბერგმა ბუქსირის მაგივრობა გაწიეს და პატარა ბიჭის ნავი ფინიშისაკენ გაქაჩეს.
„დიდი მადლობა, თქვენ რომ არა მე საერთოდ ვერ მივიდოდი ფინიშთან, მაგრამ ახლა თქვენ ჩემ გამო ვეღარ მოიგებთ ამ შეჯიბრს“ – ამბობდა თვალცრემლიანი და ძალიან მადლიერი ბიჭუნა.
„არ იდარდო, გამარჯვება მთავარი არ არის“. თეო ძალიან გახარებული იყო, რომ მან და ბერგმა დახმარების ხელი გაუწიეს პატარა ახალბედას. (თეო 12 წლის).
მფარველი ანგელოზი
დაივიწყე ჭრილობები და სიძნელეები; სიკეთე არასდროს დაივიწყო.
კონფუცი (ჩინელი ფილოსოფოსი )
მე და შერიმ ყურადღება მივაქციეთ სკოლის სასადილოში დასვენებაზე სრულიად მარტო მჯდომ გოგონას, რომელიც ჩვენკენ იყურებოდა. ის თითქმის არაფერს ჭამდა. ჩვენ დავუძახეთ გოგონას, რომელსაც შარლოტა ერქვა. ჩემი და შერის მახვილ მზერას არ გამოპარვია, რომ შარლოტას ძალიან ძველი თითქმის ორი ზომით დიდი შარვალი ეცვა, არც დიდი ხნის დაუბანელი და მოუვლელი თმის შემჩნევა გაგვჭირვებია.
გაცნობის შემდეგ მე შარლოტას შევთავაზე, რომ მას ჩვენთან ერთად ეჭამა ბუტერბროდი, და თანაც „ავუხსენი“: „დღეს დედამ ორი ნაჭერი გამომატანა, რადგან მიაჩნია, რომ ძალიან გამხდარი ვარ და ცოტა მოსუქება არ მაწყენს. მე კი ორ ბუტერბროდს ვერასდროს ვერ ვჭამ. თუ გინდა, შენ მიირთვი“.
სკოლის შემდეგ შარლოტა სახლში დავპატიჟე და საკუთარი ნივთები დავათვალიერებინე. სტუმარს განსაკუთრებით მოეწონა ჩემი ულამაზესი ოქროსგან დამზადებული ანგელოზის გამოსახულებიანი საყურეები.
„მართლაც, ძალიან ლამაზია, ეს სამკაული ჩემი მფარველი ანგელოზია“ – ავუხსენი ახალ მეგობარს და სამზარეულოში გავედი, რათა თეფშით სალათი შემომეტანა შარლოტასთვის. მაგრამ სტუმარმა მადლობა გადამიხადა და საჩქაროდ სახლში წასვლა გადაწყვიტა.
„ხვალ მე სკოლაში ვერ მოვალ“, – ვუთხარი შარლოტას და თანაც შევპირდი, რომ ზეგისთვის კვლავ მივუტანდი საჭმელს ახალ მეგობარს.
– მადლობა ქეით, – მიპასუხა შარლოტამ და დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ მისმა დედამ სამსახური დაკარგა და ახლა მის ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა.
მეორე დღეს მაინც მომიწია სკოლაში წასვლა და შემცბარ შარლოტას ავუხსენი, რომ კბილის ექიმთან ვიზიტი გადაიდო. შემდეგ, შარლოტას ხელი მოვკიდე და ბუტერბროდი მივაწოდე. მოულოდნელად შემობრუნებულ გოგონას ყურებზე ჩემი ოქროს ანგელოზებიანი საყურეები ეკეთა. აღშფოთებული, წარმოუდგენლად ნაწყენი ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეეძლო შარლოტას ასე მოქცევა. მე ხომ მას მეგობრობა შევთვაზე, მან კი საყურეები მომპარა.
როდესაც სახლში დავბრუნდი ტელეფონის ზარი გაისმა. შარლოტა ტიროდა და ბოდიშს იხდიდა. „მაპატიე, მაპატიე“ – ზლუქუნებდა შარლოტა და ცოტა ხანის შემდეგ ამიხსნა, რომ თავად ვერაფრით მოახერხებდა ჩემთან სახლში მისვლას საყურეების დასაბრუნებლად. „იქნებ შენ მოხვიდე ჩემთან? მე და დედა ერთ-ერთ ვაგონში ვცხოვრობთ, რომლებიც სპეციალურად უსახლკაროებისთვის ტრაილერების პარკში არის განთავსებული“.
გაბრაზებულმა არაფერი ვუპასუხე, ისე დავკიდე ყურმილი. მაგრამ შემდეგ თვალწინ დამიდგა შარლოტას ჩაცმულობა და მისი მოუვლელი თმა, იმავე წუთს სიბრაზემ და წყენამ თითქმის გადამიარა. მალევე მივხვდი, რომ ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ორი არჩევანი მქონდა. შემეძლო სამუდამოდ გავბრაზებოდი შარლოტას ან დავხმარებოდი. მე დედას ვთხოვე, წავეყვანე ტრეილერების პარკში, რომ იქ როგორმე მეგობრის საცხოვრებელი ვაგონი მოგვეძებნა.
„მაპატიე“ – ისევ გაიმეორა შარლოტამ ჩემი დანახვისას. „არ იდარდო“ – ვუპასუხე მას და მეგობარს დიდი პარკი გავუწოდე, რომელშიც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საჭმელი ეწყო. შარლოტას დიდი ცისფერი თვალები გაუნათდა, გადამეხვია და საყურე დამიბრუნა.
„როდესაც მფარველი ანგელოზები დავინახე – თქვა შარლოტამ, – გავიფიქრე, რომ ისინი მე უფრო მჭირდება ვიდრე შენ, მაგრამ შევცდი, რადგან მე მფარველი ანგელოზი უკვე მყოლია და ის შენ ხარ ქეით.“ (ქეითი 12 წლის).