ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სკოლის განვითარება და მართვა

მეორე ნაწილი

სტატიის წინა ნაწილში ვისაუბრეთ სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიმართ გერმანულენოვან სივრცეში არსებულ რეგულაციებსა და ხედვებზე. ამჯერად დეტალურად განვმარტავთ ხარისხის კულტურის მნიშვნელობას, მის მახასიათებლებსა და მნიშვნელობას. ასევე შევრჩერდებით ისეთ თემაზე, როგორიცაა „შეცდომების კულტურა“ და შევეცდებით გავშალოთ გერმანულენოვან სივრცეში არსებული დამოკიდებულება სკოლის მართვისა და განვითარების საკითხებში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.

ხარისხის კულტურა გულისხმობს სკოლაში არსებულ თანხმობას, საერთო ნებას სასწავლო პროცესის, შეფასებისა და განვითარების საკითხებზე. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კი პირველ რიგში „ხარისხის სპირალი“ (plan, do, chek, act) მოიაზრება და მისი მუდმივი რეფლექსურობა, შეფასება და განვითარება. როგორც სტატიის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, საქმე მხოლოდ ფორმალურ სქემებს არ ეხება, არამედ ღირებულებით ნაწილს. ღირებულებების ნაწილში ხარისხის კულტურის საფუძვლად განიხილება კონკრეტული ქცევები, დამოკიდებულებები და აზროვნების სტრუქტურა. ხარისხიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს გამართულად, თუ პიროვნებები მზად არიან ახლის მისაღებად, იჩენენ ღიაობას და გახსნილობას, პოზიტიურად აფასებენ სხვების მცდელობას – გააუმჯობესონ სასწავლო პროცესი. რადგან სკოლები როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში ძირითადად ტრადიციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ისინი მიდრეკილნი არიან უკვე არსებული ქცევის სტრუქტურების შენარჩუნებისაკენ და სკეპტიკურად უყურებენ ცვლილებებს. ხშირ შემთხვევაში განხილვის გარეშე იქმნიან ნეგატიურ დამოკიდებულებას საწყის ეტაპზე კონკრეტული შემოთავაზების მიმართ. ამიტომაც პრაქტიკოსების რჩევაა, სკოლის განვითარების პროცესს ფრთხილად და კონსტრუქციულად მივუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი სურვილად რჩება და გატარებული ცვლილებები ფასადურ ხასიათს იძენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო საზოგადოება ცვლილებებისთვის მზაობას ამჟღავნებს, კარგი იქნება ეს ყოველდღიურ საქმიანობაში იყოს ასახული. ხარისხის ციკლი გამართულად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალ იდეებსა და პროექტებთან დაკავშირებით საკმარისი და ეფექტური კომუნიკაციაა დირექციასა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. იმის მაგალითს, თუ რას ნიშნავს ცვლილებებისადმი ყოველდღიური გახსნილობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა – პირველ რიგში დირექცია უნდა აჩვენებდეს.

ხარისხის ციკლის დანერგვისას აქილევსის ქუსლის როლს ხშირად ითავსებს „შეცდომების კულტურა“ და შეცდომებისადმი პერსონალის დამოკიდებულება. ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა დამოკიდებულება აქვს განმახორციელებელს შეცდომების მიმართ და როგორ უმკლავდება ის ნეგატიური ხასიათის მოვლენებს. შეცდომის დაშვებისადმი დამოკიდებულებებს თუ გადავხედავთ, ორ მიდგომას შევნიშნავთ:  პირველი – შეცდომა პირდაპირ ნეგატიურ მოვლენას მოასწავებს, მაგალითად, ცუდი ნიშნის მიღება გაკვეთილზე ნეგატიური მოვლენაა და მეორე, თუ შეცდომა ნეგატიური მოვლენაა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად.

შეცდომები ხშირ შემთხვევაში პირდაპირაა სტიგმატიზებული როგორც „კარგი“ და „ცუდი“, „სწორი“ და „არასწორი“ – როგორც აბსოლუტური სიდიდის მახასიათებელი მოვლენები და არ განიხილება სიტუაციურად, სხვადასხვა გარემოებებისა და პერსპერქტივების გათვალისწინებით. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულების დროს იწყება „დამნაშავეების“ ძებნა, ან მეორე უკიდურესობაში გადასვლა – რადგან მასწავლებელმა იცის, რომ მის ორგანიზაციაში შეცდომების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებაა და მუდმივად განტევების ვაცის ძებნა მიმდინარეობს. ცდილობს, დამალოს პრობლემა და არასოდეს ისაუბროს მასზე. ამით იგი თავიდან იცილებს პრობლემის გაცხადებისას შეფასებითი ხასიათის კომენტარების მოსმენასა და კრიტიკას. „შეცდომების კულტურის“ მიმართ ყველაზე გავრცელებულ, სტიგმატიზებულ მიდგომებში მსგავსი დამოკიდებულება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა საერთო შედეგისათვის უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში:

  • შეცდომებისადმი მსგავსი დამოკიდებულება იწვევს შიშს კონტროლის მიმართ; შერცხვენა, და მარტო დარჩენა საკუთარ შიშებთან შიდასასკოლო შეფასების საწინააღმდეგო ბარიერად განიხილება (რადგან არავინ საუბრობს პრობლემაზე, შიდა შეფასებაც არ აჩვენებს რეალურ შედეგებს);
  • ხელს უშლის მასწავლებლებს, მოსინჯონ ახალი მეთოდები და მიდგომები;
  • ხელს უშლის გაკვეთილის რეფლექსიას, კოლეგებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას იმის შესახებ, თუ რა გამოუვიდათ წარმატებულად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.

რა გავაკეთოთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა ნამდვილად არაა მისაღები და სასურველი, თუმცა პირველ რიგში დირექციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ასევე გვეხმარებიან განვითარებაში. შესაძლებელია პერსონალმა დაუშვას შეცდომა, მაგრამ მთავარია, სწორად შეძლოს თვითშეფასება და ისწავლოს განცდილი წარუმატებლობიდან. მსგავსი ხარისხის კულტურის შესაქმნელად მნიშვნელოვანია საერთო ხედვა და დამოკიდებულება შეცდომების მიმართ.

  • სკოლისა და გაკვეთილის წარმატება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მიზნობრივი კონფლიქტები და დილემები ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია;
  • არ არსებობს საუკეთესო სკოლა, საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ;
  • ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის დროს საქმე მაინცდამაინც „კარგსა“ და „ცუდს“ არ ეხება, არამედ იმას, რომ ერთი მოვლენა/პროცესი განსხვავებულად დავინახოთ/შევაფასოთ და გავაკეთოთ.
  • მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ ყოველდღიური რუტინიდან ერთხელ მაინც, მოვსინჯოთ ახალი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ – ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავდით;
  • შეცდომები გვაძლევენ სწავლის საშუალებას;
  • შეცდომების დამალვის ნაცვლად ავიღოთ მათზე პასუხისმგებლობა, გავიაზროთ ისინი და სწორად წარვმართოთ შიდასასკოლო შეფასების პროცესი.

 

როგორც ვხედავთ, შეცდომების დამალვის, შეცდომაზე პასუხისგების, ავტორიტარული დამოკიდებულებისა და მომხდარში დამნაშავის ძიების კულტურა არამხოლოდ საქართველოშია პრობლემური. ამ შემთხვევაში შეგვიძლია საკითხი მხოლოდ სკოლის შიდაპერსპექტივიდან არ განვიხილოთ, არამედ მაკონტროლებლის მიერ სკოლისადმი დამოკიდებულებაც ჩავრთოთ სქემაში (რა დამოკიდებულებაც მოდის მაკონტროლებლისგან, ანალოგიური აისახება სკოლაზე). რაც არ უნდა ზედაპირულად მოგვეჩვენოს, შეცდომებისადმი მსგავს დამოკიდებულებას დიდი გავლენა აქვს სკოლაში ხარისხის კულტურის ჩამოყალიბების საკითხზე. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია ის ფაქტიც, თუ რა დიდი როლი ენიჭება ამ თემას გერმანულენოვან სივრცეში (თავად მაკონტროლებლის მხრიდან).

სტატიების ამ ციკლის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ ხარისხის უზრუნველყოფის კონკრეტულ და ფოკუსირებულ მიდგომას, რომელიც განიხილავს შეცდომას, როგორც თვითსწავლისა და თვითგანვითარების მეთოდს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“