სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რეზო ჭეიშვილი

კლასიკოსი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს

 

არსებობენ და ჩვენ გვერდით, ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით ეპოქა შექმნეს. ფრაზები და სიტუაციები მათი შემოქმედებიდან ყოველდღე გვესმის, ყოველდღე წარმოვთქვამთ. ასეთი ტექსტები არ კარგავენ აქტუალურობას, პირიქით რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ერგებიან თანამედროვე ყოფასა და სიტუაციას.

რა თქმა უნდა, რეზო ჭეიშვილის  დაუვიწყარი „ცისფერი მთები “ გაგახსენდებათ, დღესაც  – ჩაკეტილი წრე, ჩაკეტილი სივრცე, ერთ წრეზე ტრიალი, აბსურდის თეატრი – არც ისე უცხოა.

როცა შენს ბიბლიოთეკაში ფურცელგაყვითლებულ „ნაკადულის“,  „მერანის“ გამოცემულ წიგნებს ათვალიერებ, უკვე მერამდენედ კითხულობ „ჩემი მეგობარი ნოდარის“,  „ბზიანეთს“, „მუსიკა ქარში“ თუ „ქარების დაბრუნებას“ – რთულია წარმოიდგინო, რომ მათი ავტორი იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც შენ.  შენი ბავშვობის პერსონაჟების შემქმნელი, ის ადამიანი, რომლის ფანტაზიისა და მწერლური უნარების წყალობით ღრმა ემოციებით დატვირთულს მთელი კვირა გიფიქრია, ან გემრიელად გიცინია და  ხშირად დაუფიქრებიხარ კიდეც იმაზე, რომ ცისფერი მართლაც დაკარგული წლებისა და დამსხვრეული იმედების სიმბოლოა,  და ამ სიცისფრეში იმალება სიცოცხლის მარადიულობის საფუძველთა საფუძველი – იმედი; რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამ აბსურდისა – ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი მაშინ და იმ ადგილას აღმოჩნდება, სადაც ყველაზე მეტად არ ელი. და ყველაფერი მაინც სულერთია, ცხოვრება გრძელდება წრეზე ტრიალით, წრეს კი დასასრული არ აქვს. ვერც გაჩერდები, ვერც შეისვენებ.

რეზო ჭეიშვილთან საუბარს წიგნებზე ვიწყებთ. მის გარშემოც უამრავი წიგნი და ჟურნალია, ძალიან ძველები, ძველები და ახლები. მაგიდაზე ქვები უწყვია, კაჟის, წითლები. მეუბნება, რომ ბოლო დროს ქვებს აგროვებს. თვალებზე იდებს, როდესაც სტკივა. შველის, შვებას აძლევს.

  • უამრავი წიგნი მაქვს, ქუთაისშიც მაქვს ბიბლიოთეკა. წიგნებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: პირველი წიგნების მაღაზია თბილისში, რუსთაველზე იყო. ერთხელაც ალექსანდრე დიუმა ჩამოვიდა ჩვენთან და აჩვენეს ეს წიგნების მაღაზია. იქ ეტყობა, იცოდნენ, რომ მოვიდოდა და მაღაზია გაავსეს, გამოფინეს მისი წიგნებით. გაუხარდა ძალიან. შემდეგ იკითხა: კი, მაგრამ სხვა მწერლის წიგნები არ არისო? გამყიდველი დაბნეულა და უპასუხია: სხვა გაიყიდა, ბატონოო. გამოვიდა რომ ამისი დარჩენილა მარტო გასაყიდი. ჩემს ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩვენს დროს უფრო ვკითხულობდით,  იშვიათი იყო კინო და თეატრი.

სახლი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი დაუსრულებელი იყო, შემდეგ ომი დაიწყო და მისთვის ვიღას ეცალა. მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, დედაჩემს კი დავრჩით  შვილები – სამნი. ერთ დღეს სახლის დაუსრულებელ ნაწილში ორი დიდი ჩემოდანი წიგნი ვიპოვეთ. როგორც გაირკვა ვიღაცებს მოუპარავთ, რაღაც  ძვირფასი ჰგონებიათ, შემდეგ კი, როცა ნახეს წიგნების მეტი არაფერი იყო, ჩვენთან დატოვეს. სულ ვფიქრობდი, რომ მოაკითხავდნენ, მაგრამ აბა ვის რად უნდოდა. ყველანაირი წიგნი იყო ქართული, რუსული. საკითხავი წიგნები. ეს იყო ჩემი პირველი ბიბლიოთეკა.

 

მწერლებიდან გამორჩეულად რომელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

 

  • მწერლებიდან დიუმას გამოვარჩევდი. ჩემთვის ყველაზე დიდი საკითხავი წიგნი კი სტენდალია – „წითელი და შავი“. ახლა  ჩემს დაწერილ წიგნებს ვკითხულობ უფრო ხშირად. „ომი და მშვიდობა“ მაქვს ხელით მთლიანად გადაწერილი, მთელი ექვსი ტომი. დიდ პატივს ვცემ ლევ ტოლსტოის, მისი „ბავშვობა, ყრმობა,  სიჭაბუკე “ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.

 

რომელიმე წიგნი ხომ არ გამხდარა თქვენი შთაგონების/ინსპირაციის წყარო?

 

  • კი, როგორ არა – მერიმე, ჩემი სათაყვანებელი მწერალი სტენდალი, ჩეხოვი. ჩეხოვის სახლშიც ვარ ნამყოფი, მისი პიესები მომწონს ძირითადად.

 

ქართველი ავტორებიდან ვის გამოყოფდით?

 

  • ქართველებიდან ნიკო ლორთქიფანიძე მომწონს ყველაზე მეტად. მწერლები როგორ არ გვყავს. გვყავს გასაცოდავებული მწერლები. ქვიშხეთში ჩვენი დასასვენებელი სახლი ახლაც არის. ამ  დასასვენებელი სახლიდან გაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი, მანქანაში ჩასვეს და იქვე მიუხვრეტიათ თურმე. ასეთი დრო იყო. რას ერჩოდნენ მიხელ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, სხვა უამრავს.

გავიდა დრო და მწერლების სხვა თაობა წამოვიდა. მაშინ  უკვე თავისუფლება იყო. თუმცა ცენზურა კიდევ დიდხანს არსებობდა. მაგრამ აღარავის ვერიდებოდით. ძალა აღარ ჰქონდა, ეშინოდა კიდეც ჩვენი. ადრე, ასე ინფანტილური არ იყო საზოგადოება. ჩვენც უფრო ერთმანეთის გვესმოდა, ერთმანეთის გვშურდა და გვიხაროდა კიდეც. იყვნენ კარგი შემფასებლები გურამ ასათიანი, ნოდარ ჩხეიძე, კარგი მკითხველები იყვნენ.

ამბობენ, რომ დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

  • ჩვენს დროს რომ ყოფილიყო ტელევიზია და კომპიუტერი, აღარც ჩვენ დავწერდით არაფერს. მაგრამ ჩვენს დროს წიგნი და ჟურნალი იყო მხოლოდ. ბუნებრივი პროცესია. თუმცა, დღეს ისეთ ავტორებს ბეჭდავენ და თარგმნიან, ევროპელ მწერლებს, რომ ხანდახან სასიამოვნოდ გავოცდები ხოლმე. ვფიქრობ, რომ შეიკუმშება მწერლობა და რაღაც კასტასავით ჩამოყალიბდება. მწერლობას ეხმარება დრამატურგიაც.

ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა წავიდეს. ხალხი რომ წუწუნებს, ადრე სხვანაირად იყოო, არ არის მართალი. იმიტომაა ასე, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნათობების მოძრაობაზეა დამოკიდებელი შენი აზროვნებაც, გაქანებაც,  მისწრაფებაც და შეშლაც ჭკუიდან.  რამ გააბოროტა სტალინი, ამდენი ხალხი რომ ამოხოცა. რა ჰქონდა სისხლში, რომ სიამოვნებდა. შეზღუდული აზროვნების ხალხი კი დღესაც ითხოვს მისი ძეგლის აღდგენას.

 

 როდის დაწერეთ და დაბეჭდეთ პირველად თქვენი ნაწარმოები?

 

  • ჯერ ლექსებს ვწერდი სკოლიდან, მერე გადავედი პროზაზე.

უნივერსიტეტიდან დავიწყე გამოქვეყნება. „პირველი სხივი“ გამოდიოდა, ლიტერატურული წრის წევრები იქ იბეჭდებოდნენ. პირველი ოთხი მოთხრობა იქ დაიბეჭდა. წრის ხელმძღვანელები: ბესო ჟღენტი, ტარიელ კვანჭილაშილი და ნოდარ ჩხეიძე  იყვნენ.  ტარიელს და ნოდარს მოულაპარაკებიათ, რომ ჩემი ოთხი მოთხრობა ბესოსთვის ეჩვენებინათ. ბესო „პირველი სხივის“ რედაქტორი იყო. თან შეთანხმებულან, ბესოს არაფერი ვუთხრათ, არ შევუქოთ, თორემ არ დაბეჭდავსო; არც ვაძაგოთ, რომ არ გვისაყვედუროს, თუ არ ვარგოდა, რას მოგქონდათო. მოკლედ, უსიტყვოდ გადასცეს. იმედი ჰქონდათ, თუ ხმას არ ამოიღებდნენ, ორს მაინც დაბეჭდავდა. დილით უნივერსიტეტში მოსულ რედაქტორს უთქვამს, ეს ვინ ყოფილაო,  ოთხივე გავა მომავალ ნომერშიო. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, თუმცა უფრო მეტად გაუხარდათ. პირველი ოთხი მოთხრობა „პირველ სხივში“ დაიბეჭდა.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მოვხვდი კინოსტუდიაში და ძალიან ბევრი წელი იქ გავატარე. სცენარებს ვწერდი, კოლეგიის წევრი ვიყავი. ჩემთან ერთად მოღვაწეობდნენ ედიშერ ყიფიანი, ნოდარ დუმბაძე, გურამ ასათიანი.

 

თქვენი „ცისფერი მთები“ დღესაც ძალიან აქტუალურია, შეიძლება ითქვას, უნიკალურია ყველა ეპოქისთვის. რას გვეტყვით მის შესახებ?

 

  • ფილმიც ძალიან კარგი გამოვიდა. პროფესიონალის, ელდარ შენგელაიას გადაღებულია. მთავარ როლს – დირექტორისას თამაშობდა უნიჭიერესი კაცი თეიმურაზ ჩირგაძე, რომელიც  ექიმი იყო, ბუნებით არტისტი. „ცისფერ მთებში“  არც  სიყვარულია, არც კაცის კვლა, არც ჩხუბია, სიმღერაც კი არ არის. მხოლოდ ლაპარაკია და ბოლომდე უყურებ. უკრაინაში წავიღეთ და გასუსული უყურებდა მთელი დარბაზი. ვფიქრობდი,  რომ არ მოეწონებოდათ და ელდარის გამო ვნერვიულობდი, ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო. იქ არის ასეთი სცენა: ლიფტშია გაჭედილი ბატონი ვასო, რომელიც სცენარს კითხულობს. ბატონო ვასო, ჩვენ მივდივართო – ეუბნებიან, კარგით წადითო, ლიფტშია გაჭედილი და ვერ გამოდის. მოუბრუნდა ერთი და ეუბნება თქვენ აქ დარჩებითო? აქედან რომ დაიწყო ხალხმა ხითხითი, არ გაჩერებულან ბოლომდე.

თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები“, რომელიც „ცისფერ მთებად“ გადაკეთდა. ხანდახან ვჯდები და თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე, იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა, დერეფანი იყო დიდი და სულ ვიღაცა აღებდა კარს უკითხავად.  შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ.

 

თქვენი ნაწერებიდან, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

 

  • „მუსიკა ქარში“ და „ქარების დაბრუნება“. „ქარების დაბრუნება“ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი, თითქმის რეალური პერსონაჟები არიან.

 

 რომელი ლიტერატურული ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

  • რეალისტური, შენი თვალით დანახული უნდა წაიკითხოს კაცმა.

 

თქვენი წერის პროცესი როგორია, იდეა რომ ჩნდება, შემდეგ რა ხდება?

 

  • იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზმარშიც ვნახო, ის უნდა დავწერო, სხვანაირად არ შეიძლება. ხელით რომ ვწერ, ცოტა დიდი ხანი უნდა, საბეჭდ მანქანაზე უფრო სწრაფად გამოდიოდა.

ადრე საბეჭდ მანქანაზე პირველ ხელნაწერს ვბეჭდავდი ხოლმე შავად, შემდეგ იმასაც ვასწორებდი და უკვე დასრულებულ, თეთრ პირს ვბეჭდავდი. მანქანაზე ვმუშაობდი როგორც გამოცდილი მბეჭდავი. ახლა ხელით ვწერ. კომპიუტერს შევეშვი.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“