სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩვენი იძულებითი განათლების სისტემის “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა”

იძულებითი განათლება აბრკოლებს ბავშვის თვითგანსწავლის შესაძლებლობებს
ავტორი: დოქტორი პიტერ გრეი
გამოქვეყნებულია 2009 წლის 9 სექტემბერს ჟურნალში Freedom to Learn
ჩემს ერთ-ერთ სტატია-პოსტში ჩავიდინე ისეთი რამ, რაც ახლა მაწუხებს. მე ვთქვი: „სკოლა ციხეა”. ახლა ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან სკოლა ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მეც, როგორც უმრავლესობამ, 12 წელი ვიარე საჯარო სკოლაში. რამდენიმე წელი ასეთ სკოლაში ასწავლიდა დედაჩემიც. ჩემი საყვარელი ნახევარდა ახლაც საჯარო სკოლის მასწავლებელია. მყავს უამრავი ბიძაშვილი და მეგობარი, რომლებიც ასევე სკოლის მასწავლებლები არიან. ამის შემდეგ როგორ შეიძლებოდა მეთქვა, რომ აქ ჩამოთვლილი კეთილი ხალხი, რომელსაც უყვარს ბავშვები და ცხოვრება მათზე ზრუნვას მიუძღვნა, ჩართულია სიტემაში, რომელიც ბავშვებს პატიმრობაში ამყოფებს?! ჩემს პოსტზე კომენტარებმა დამანახვა, რომ სხვებმაც ჩემსავით უხერხულად იგრძნეს თავი. 

ხანდახან ვხვდები, რომ, მიუხედავად უხერხულობისა, სიმართლის თქმა საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი ევფემიზმი გამოვიყენოთ, მაგრამ ფაქტობრივი სიმართლე ის არის, რომ სკოლები, რომლებიც, საზოგადოდ, არსებობს შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ციხეებია.

ადამიანები განსაზღვრული ასაკიდან (უმთავრესად – 6-დან 16 წლამდე) კანონით ვალდებულნი არიან, სკოლაში გაატარონ თავიანთი დროის დიდი ნაწილი და ვინაიდან მათ მიუთითეს, რა უნდა აკეთონ და რაკი, წესისამებრ, ბრძანებებს აღსრულებაც მოჰყვება ხოლმე, ახალგაზრდებს არ აქვთ არავითარი შესაძლებლობა, ჩაერთონ (ჩაერიონ) იმ წესების ჩამოყალიბებაში, რომელთა შესრულებასაც მათ სთხოვენ. ციხე, მიღებული და საზოგადო განმარტებით, არის ნებისმიერი ადგილი, სადაც ადამიანები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ არიან დამწყვდეულები და თავისუფლება შეზღუდული აქვთ.

შეგიძლიათ შემეკამათოთ – სკოლა, როგორსაც ვიცნობთ, კარგი და აუცილებელიაო, მაგრამ ვერავითარ არგუმენტს ვერ მოიყვანთ იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ციხეა. ამის შესახებ კამათი დაემსგავსება იმაზე დავას, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია იძულებითი განათლების სისტემა. როგორც არ უნდა იყოს, ეს იქნება სემანტიკური არგუმენტი, რომელშიც თქვენ დაიჟინებთ, რომ ციხე, ფაქტობრივად, სულ სხვა რამეს აღნიშნავს და განსხვავდება მისი განმარტებისგან. ვფიქრობ, ნებისმიერი სერიოზული დისკუსიის დროს მნიშვნელოვანია სიტყვების გულწრფელად გამოყენება.

ხანდახან სიტყვა ციხეს მეტაფორულად იყენებენ, იმ სიტუაციების აღსაწერად, რომლებშიც უნდა დაემორჩილო წესებს ან ისეთი რამ აკეთო, რაც არ გსიამოვნებს. ასეთი ლოგიკით, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მისი სამუშაო ადგილიც ციხეა, ან ქორწინებაც ციხეა. მაგრამ ეს არ არის ცნების პირდაპირი გამოყენება, რადგან მოყვანილი მაგალითები მოიცავს ნებელობით და არა ნების საწინააღმდეგო აკრძალვას. დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის საწინააღმდეგო ქმედებაა ვინმესთვის ისეთი სამუშაოს დაძალება, რომლის კეთებაც მას არ სურს. ასევე აკრძალულია ძალდატანებითი ქორწინება. თუმცა სავსებით კანონიერია, დავაძალოთ ბავშვს სკოლაში სიარული; უფრო სწორად, კანონსაწინააღმდეგოა, არ დავაძალოთ ბავშვს სკოლაში სიარული, თუ თქვენ მშობელი ხართ და თქვენს შვილს არ სურს სკოლაში წასვლა (დიახ, ვიცი, რომ ზოგიერთი მშობელი ახერხებს, მოიძიოს სახსრები ალტერნატული სკოლისთვის ან მისცეს შვილს შესაძლებლობა, იმეცადინოს შინ ისეთი წესით, რომელიც მისაღებია როგორც ბავშვისთვის, ისე შტატისთვისაც, მაგრამ დღეს ეს საზოგადოებრივი ნორმა არ გახლავთ; მრავალ შტატსა და ქვეყანაში კანონი ეწინააღმდეგება ასეთ ალტერნატივებს). ამიტომაც, რაკი სამუშაო ადგილი ან ქორწინება განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება ციხედ განვიხილოთ, გამოდის, რომ სკოლები, საზოგადოდ, ციხეებია.

აქვე მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ერთი ტერმინის შესახებ: იძულებითი განათლება (Forced Education), ისევე როგორც „ციხე”, საკმაოდ უხეშად ჟღერს, მაგრამ თუ ვამბობთ აუცილებელ, ძალდატანებით (ინგლისურად: Compulsory) განათლებას, გამოდის, რომ სიტყვა „იძულებითი” (Forced Education) სავსებით შეესაბამება შინაარსს, რომელზეც ვსაუბრობთ. ტერმინი აუცილებელი, თუ იგი კიდევ რაიმე სხვას ნიშნავს, გვეუბნება, რომ პიროვნებას სხვა არჩევანი არ აქვს.

საკითხი, რომლის შესახებაც შეიძლება ვიკამათოთ, ასე ჩამოყალიბდება: რა არის იძულებითი განათლება და, აქედან გამომდინარე, კარგია თუ ცუდი ბავშვების დამწყვდევა? უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს, საზოგადოდ, კარგია; მე მიმაჩნია, რომ (ასევე საზოგადოდ) ცუდია. ქვემოთ ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც მიმაჩნია ასე. ამ ჩამონათვალს მხატვრულად ჩვენი იძულებითი განათლების სისტემის შვიდი ცოდვა ვუწოდე. 
1. თავისუფლების შეზღუდვა ასაკის გამო

ჩემი ფასეულობათა სისტემის თანახმად, რომელიც დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბეს დემოკრატმა მოაზროვნეებმა, სრულიად მიუღებელია ვისიმე თავისუფლების შეზღუდვა სამართლიანი მიზეზის გარეშე. მოზრდილი ადამიანის დასაპატიმრებლად ვალდებულნი ვართ, სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ, რომ პირმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საკუთარი თავისა თუ სხვისთვის. ამავე დროს, ბავშვებსა და მოზარდებს ვუზღუდავთ თავისუფლებას სკოლებში მხოლოდ მათი ასაკის გამო. ვფიქრობ, ეს ყველაზე აშკარა ცოდვაა, რომელსაც იძულებითი განათლების სისტემა წარმოშობს.
2. სირცხვილის გრძნობის წახალისება და ამავე დროს მედიდურობის ხელშეწყობა

ძნელია ადამიანს აკეთებინო ის, რაც არ სურს. ჩვენ აღარ ვხმარობთ როზგებს, როგორც წინათ, მაგრამ სანაცვლოდ ვიყენებთ განუწყვეტელი გამოცდების, ტესტებისა და რანჟირების სისტემებს, რომელთა მეშვეობითაც ბავშვებს ერთმანეთს ვადარებთ. ამ სისტემებით ჩვენ ვერევით და ხშირად ვამახინჯებთ ადამიანის სირცხვილისა და სიამაყის ემოციურ სისტემას, რათა ბავშვებს ამით საქმის კეთების მოტივაცია შევუქმნათ. ბავშვები იძულებულნი ხდებიან, შერცხვეთ თავიანთი ტოლებისა, თუ რაიმეს ცუდად აკეთებენ, ან იამაყონ, თუ ვინმეს ჯობნიან. სირცხვილის განცდას ხშირად მოაქვს სასწავლო პროცესიდან ბავშვის ფსიქოლოგიური „ამოვარდნა” და მისი ქცევა კლასის „ჯამბაზად” (ეს საუკეთესო შემთხვევაა), გაუხეშება-გახულიგნება (ეს უარესია) ან ნარკოტიკების დილერად ან მომხმარებლად ქცევა (ეს ყველაზე საშინელი გაგრძელებაა). ხოლო ის ბავშვები, რომლებიც თავს იწონებენ მიღწევებითა და 10-იანებით, ქედმაღალნი და აროგანტულნი ხდებიან ცუდი მოსწრების მქონეთა მიმართ. ისინი ქედმაღალნი და გულგრილნი არიან დემოკრატიული ფასეულობებისა და პროცესების მიმართაც (ეს შესაძლოთაგან ყველაზე უარესი შედეგია).
3. ჩარევა თანამშრომლობისა და ერთად განვითარების პროცესებში

ჩვენ, ყველანი, საზოგადოებრივი არსებები ვართ. ჩვენ შექმნილნი ვართ თანამშრომლობისთვის. ბავშვებსაც, ბუნებრივია, სურთ დაეხმარონ მეგობრებს და სკოლაშიც კი პოულობენ საამისოდ გზებს, მაგრამ ჩვენი კონკურენციაზე აგებული სისტემა ან რანჟირების წესი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ხელს უშლის თანამშრომლობას. ერთი მოსწავლის მიერ მეორის დახმარებას მოტყუება (cheating) უწოდეს. ვისიმე დახმარება დამხმარისთვის შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს და მისთვის ნიშნის დაკლება გამოიწვიოს.

ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც უფრო მეტად ემორჩილება სასკოლო სისტემის წესებს, „მიღწევისთვის” დაუნდობელ „მებრძოლად” იქცევა ხოლმე. ამას ხელს უწყობს სკოლებში ასაკობრივი სეგრეგაციაც (ერთი ასაკის ბავშვების ერთად სწავლება), რომელიც კონკურენციისა და დაუნდობლობის წახალისების პირობაა. 

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბავშვები და მოზარდები ყოველთვის სწავლობდნენ მზრუნველობასა და კეთილ დამოკიდებულებას ერთმანეთსა და უმცროსებთან ურთიერთობით. ასაკის მიხედვით დაყოფილი სკოლა მათ ამ შესაძლებლობას ართმევს.
4. ჩარევა პირადი პასუხისმგებლობისა და თვითმართვის განვითარების პროცესში

ბავშვები ბიოლოგიურად არიან მიდრეკილნი თვითგანათლებისკენ. ისინი თამაშობენ, იკვლევენ და შეიმეცნებენ ახალს, უცნობს მათ გარშემო არსებულ სოციალურ თუ ბუნებრივ გარემოში. ბავშვები თვითონვე გაიაზრებენ თავიანთ მომავალს და დგამენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ამ მომავლისთვის მოამზადებს. სკოლაში ბავშვის შეზღუდვით და სივრცეში, სადაც გარემოს სხვა მოზრდილი ადამიანები მართავენ, მათი დროის განსაზღვრით, სკოლაში მიცემული დავალებებით ჩვენ ბავშვებს ვართმევთ იმ დროსა და შესაძლებლობას, რომელიც სჭირდებათ მათ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. 

უფრო მეტიც – ჩვენი იძულებითი განათლების სასკოლო სისტემის ფარული (და ხშირად – აშკარა) გზავნილი ასე ჟღერს: „თუ გააკეთებ იმას, რაც გითხრეს, ყველაფერი რიგზე გექნება”. ბავშვებმა, რომლებიც ამ მაქსიმას ეთანხმებიან, შესაძლოა შეწყვიტონ თვითგანათლებაზე პასუხისმგებლობის აღება. მათ შესაძლოა შეცდომით მიიჩნიონ, რომ ვიღაცამ უკვე მათ გარეშე მოიფიქრა, როგორ უნდა გახდნენ ისინი „წარმატებული” მოზრდილები, ამიტომ თავად ამაზე ფიქრი აღარ სჭირდებათ. თუ მათი მომავალი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ, მსხვერპლის პოზას მიიღებენ: „სკოლამ (მშობლებმა, საზოგადოებამ) დამღუპა, ამიტომაც არ ამეწყო ცხოვრება”.

5. სწავლის დაკავშირება შიშთან, ზიზღსა და მძიმე შრომასთან

მრავალი მოსწავლისთვის სკოლა ინტენსიურ შიშსა და შფოთვასთან ასოცირდება. ტესტები და გამოცდები აშფოთებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კი მათ სერიოზულად ეკიდება. ზოგიერთისთვის კი გამოცდებზე წარუმატებლობით გამოწვეული სირცხვილი პირდაპირ უკავშირდება მარცხს და კვლავ შფოთვასა და მღელვარებას წარმოშობს. 

საკუთარი თვალით ვნახე ჩემს კოლეჯში (უნივერსიტეტში), სტატისტიკის კურსის გავლისას, მიუხედავად ამ უნივერსიტეტის, როგორც იტყვიან, ელიტურობისა, როგორ იტანჯებოდა სტუდენტების უმეტესობა სტატისტიკის გამოცდის წინ – ალბათ იმ დამცირების გამო, რომელიც მათ სკოლაში მათემატიკის სწავლისას განიცადეს. ფსიქოლოგიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ შფოთვა სწავლის ხელისშემშლელი ფაქტორია. სწავლა ყველაზე ეფექტური თამაშის განწყობისას არის. შფოთვა და მღელვარება თამაშის განწყობასაც აქრობს. სკოლის ძალდატანებითი ბუნება სწავლას სამუშაოდ აქცევს. მასწავლებლები სწავლას პირდაპირ შრომას უწოდებენ: „სანამ ითამაშებდე, შენი სამუშაო უნდა შეასრულო”. გამოდის, რომ სწავლა, რომელიც ბავშვებს ბუნებრივად და ბიოლოგიურად უყვართ, დამქანცველ სამუშაოდ იქცევა, ისეთ სამუშაოდ, რომელსაც თავი რამენაირად უნდა აარიდო.
6. კრიტიკული აზროვნების უნარის დათრგუნვა

სავარაუდოდ, განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაა, თუმცა, მიუხედავად უთვალავი ფუყე საუბრისა იმის შესახებ, რომ განმანათლებლები ამ მიზნის მსახურნი არიან, მოსწავლეთა უმეტესობა, „წარჩინებულთა” ჩათვლით, ცდილობს კრიტიკული თვალით არ შეხედოს თავის სკოლას და იქაურ დავალებებს.

ისინი ერთ რამეს სწავლობენ: მათი საქმე სკოლაში ტესტებზე მაღალი ნიშნების მიღებაა, ხოლო კრიტიკული აზროვნება – დროის ამაო ხარჯვა და ხათაბალა. კარგი ნიშნის მისაღებად საჭიროა მიხვდე, რის გაგონება სურს შენგან მასწავლებელს და უთხრა. ეს მოსაზრება ათასჯერ მომისმენია როგორც სკოლის, ისე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, ოღონდ დისკუსიებში, რომლებიც ამ დაწესებულებების გარეთ იმართებოდა. 

უამრავი დრო და ენერგია დამიხარჯავს კრიტიკული აზროვნების საკითხის წინსვლისთვის კოლეჯის დონეზე. დავწერე წერილები ამ თემაზე და შევქმენი სპეციალური სისტემა კრიტიკული აზროვნების სწავლებისათვის. უახლოეს მომავალში წერილებში წარმოგიდგენთ ჩემს დამოკიდებულებას და მოსაზრებებს ამ საკითხზე. სიმართლე უნდა ითქვას: ნიშნების სისტემა, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის მთავარი მოტივატორია, ხელს უშლის გულწრფელ კამათს და კრიტიკულ აზროვნებას საკლასო ოთახში. სისტემაში, რომელშიც ჩვენ, მასწავლებლები, ნიშნებს ვუწერთ მოსწავლეებს, მოსალოდნელია, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გაბედოს კრიტიკა ან, უბრალოდ, კითხვების დასმა იმ იდეების შესახებ, რომლებსაც გადავცემთ მათ გაკვეთილზე; იმ შემთხვევაშიც კი, კრიტიკული დამოკიდებულების წახალისება და ამაში ნიშნების დაწერა რომ შევთავაზოთ მოსწავლეებს, ჩვენ მათში მხოლოდ ყალბი კრიტიციზმის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს.
7. უნარების, ცოდნისა და აზროვნების მრავალფეროვნების შემცირება 

მოსწავლეების იძულებით, ერთ თარგზე, სტანდარტული პროგრამით სწავლებით ვამცირებთ მათი ალტერნატიული აზროვნების შესაძლებლობას. სასკოლო პროგრამა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი უნარებისა და ცოდნის სამყაროს მხოლოდ შეზღუდულ და მოკრძალებულ ნაწილს წარმოადგენს. დღეს, ჩვენს ეპოქაში, ადამიანს შეუძლია ისწავლოს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც სასწავლია. თუ ასეა, რატომ უნდა ვაიძულოთ ყველა, ისწავლონ ერთნაირად ერთი და იგივე მცირე ნაწილი? 

როდესაც ბავშვები თავისუფალნი არიან, – როგორც ეს მინახავს სადბერი ველის სკოლაში ან სხვა ამგვარ დაწესებულებებში, ე.წ. „ანსქულერებთან”, ისინი განვითარების სხვადასხვა, ახალ, განსხვავებულ და წინასწარ გამოუცნობ გზებს ირჩევენ. მათ უვითარდებათ მგზნებარე ინტერესები, მუშაობენ ბეჯითად იმ სფეროში, რომელიც ხიბლავთ, სწავლობენ საქმის უამრავ ნიუანსს და ხშირად შემდეგ, ზრდასრულობისას, სიამოვნებით აგრძელებენ ამ საქმეს, როგორც თავიანთ მთავარ საქმიანობას ცხოვრების განმავლობაში. 

მოსწავლეებს, რომლებიც იძულებულნი არიან მიჰყვნენ სტანდარტულ კურიკულუმს, საკუთარი ინტერესებისთვის დროც ნაკლები აქვთ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, სწავლობენ იმას, რომ მათი ხიბლი, ვნება, მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი; თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის სტანდარტულ ტესტებში მიღებული მათი ნიშნებია. ზოგიერთი ახერხებს ამ წრიდან თავის დაღწევას, ხოლო უმეტესობა – ვერა.
„ცოდვების” ეს ჩამონათვალი არ გახლავთ მოთხრობა. მრავალი მასწავლებელი, ვისთანაც მისაუბრია, აცნობიერებს იძულებითი განათლების ამ მავნე შედგებსა და ეფექტებს. საბედნიეროდ, ბევრიც ეწინააღმდეგება მათ: ერთნი მოსწავლეებს შთაუნერგევენ თავისუფლებისა და თამაშის სულს, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემა რომ იძლევა; მეორენი აკეთებენ რაც შეუძლიათ, რათა თავიდან ააცილონ ბავშვებს სირცხილისა და შფოთვის შეგრძნებები; უმეტესობა ცდილობს, ხელი შეუწყოს ბავშვების ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთთანაგრძნობას, მიუხედავად სისტემის ბარიერებისა; ბევრი მასწავლებელი, შეძლებისამებრ, ყველაფერს აკეთებს, რათა ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნება განუვითაროს.

სისტემა კი ყველა დასახელებული ძალისხმევის წინააღმდეგ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სასკოლო სისტემის მასწავლებლები არ არიან თავისუფალნი – მათ არ ძალუძთ, ასწავლონ ის, რაც თავად სურთ, ისევე როგორც მოსწავლეებს არ აქვთ უფლება,მ ისწავლონ ის და ისე, რაც და როგორც სურთ. აქვე უნდა დავამატო, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გამორჩეულად მოხერხებულნი და ადაპტაციის უნარის მქონენი არიან. ბევრი მოსწავლე პოულობს გზებს, რათა გადალახოს იძულებითი განათლების სისტემის მიერ გამოწვეული უარყოფითი შეგრძნებები და ყურადღება სწავლის დადებითი მხარისკენ მიმართოს. ისინი ებრძვიან სისტემის „ცოდვებს”. 

ბავშვები და ახალგაზრდები ეძიებენ თანამშრომლობის, თამაშის, ურთიერთდახმარების გზებსა და ხერხებს, ერთად ებრძვიან სირცხილით გამოწვეულ შფოთვას და თავის ადგილს მიუჩენენ გადაჭარბებულ ამპარტავნებას, ერევიან უხეშებს, არიან კრიტიკულნი და პოულობენ დროს თავიანთი ჭეშმარიტი ინტერესებისთვის, მიუხედავად იმ ძალებისა, რომლებიც სკოლებში მათ წინააღმდეგ „იბრძვიან”.

ყოველივე ამის მისაღწევად და, იმავდროულად, იძულებითი განათლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იხარჯება ჩვენი შვილების უზარმაზარი ენერგია, ამიტომაც ბევრი ვერ ახერხებს ამ ამოცანისთვის თავის გართმევას. სხვა თუ არაფერი, დრო, რომელსაც ხარჯავს მოსწავლეს დიდი მოცულობის, ხშირად ფუჭ საშინაო დავალებაზე, აკლდება დროს, რომელიც ბავშვებს შეეძლოთ თვითგანსწავლისთვის გამოეყენებინათ. 
დასასრულ, დავძენ: არა მგონია, რომ სკოლებს თავი უნდა დავანებოთ, რომ მათში არაფერია შესაცვლელი. მე მჯერა, რომ ჩვენ, მოზრდილებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნისა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, განათლება ოპტიმალურად და ხელსაყრელად მიიღონ.

 1. “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა” -სათაურში მინიშნებაა ქრისტიანობის შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზე – ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, შვიდი ყველაზე საშიში ცოდვაა: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და მიმომწვლილველობა (უიმედობა, უსასოობა).

 2. ”ანსქულერი”, ინგლისურად ”Unschooler” – სკოლის ასაკის ბავშვი, რომელიც სტადარტული სასკოლო პროგრამის და დაწესებულების გარეშე იღებს განათლებას სახლში ან სხვა, არასტანდარტულ სკოლაში.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“