სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დასწავლის კანონები და ედვარდ ლი თორნდაიკის თეორია

ედვარდ ლი თორნდაიკი 1899 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლეჯის ფსიქოლოგიის ლექტორი. 1912 წელს ის აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოცოაციის პრეზიდენტად. თორნდაიკის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში გატარებული 50 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი ბიბლიოგრაფია ითვლის 507 დასახელებას და ამასთან, მრავალი ამ წიგნებიდან საკმაოდ სქელტანიანია. 

    მისი შრომები საფუძველად  დაედო სწავლების თეორიას ამერიკულ ფსიქოლოგიაში, ხოლო აქცენტი ქცევაზე, რომელიც  გამოხატულია მის ყველა კვლევაში, აღმოჩნდა უმთავრესი  ბიჰევიორიზმის განვითარებაში. უოტსონი წერდა, რომ თორნდაიკის კვლევები გახდა ბიჰევიორიზმის ქვაკუთხედი. თორნდაიკმა შექმნა და გამოიყენა ექპერიმენტული მიდგომა, რომელიც  კონექციონიზმის სახელითაა ცნობილი  მან მიმოიხილა დასწავლის ფორმები და დასწავლის კანონები.

    თორნდაიკმა შექმნა ექსპერიმენტული მიდგომა, რომელსაც დაარქვა კონექციონიზმი. ის წერდა, რომ თუ მას დასჭირდებოდა ადამიანის ცნობიერების გაანალიზება, ის მოძებნიდა “კავშირს A-სიტუაციას, სიტუაციის ელემენტებსა და სიტუაციის შემადგენლებსა და B- რეაქციებს, რეაგირებისათვის მზაობას, სტიმულებს, შეფერხებას, რეაქციის მიმართულებას შორის. 

ამ ყველაფრის გათვალისწინების შემთხვევაში, საუბარია იმაზე თუ 

·რას ფიქრობს ადამიანი?
·რას აკეთებს ადამიანი?
·რა გააღიზიანებს ადამიანს?
·რა გაახარებს მას ნებისმიერ წარმოდგენილ სიტუაციაში?

თორნდაიკი აღნიშნავს რადგან დასწავლა – ესაა კავშირი, გონება – ესაა ადამიანის კავშირების სისტემა “(Thorndike. 1931. P. 122).

  ასოციაციის ან იდეებს შორის კავშირის მაგივრად, თორნდაიკმა შემოიღო სიტუაციასა და რეაქციას შორის კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ მან თავის ფსიქოლოგიურ თეორიაში ჩართო უფრო ობიექტური საფუძველი, ის მაინც აგრძელებდა ფსიქიკური ანუ სუბიექტური პროცესების განხილვას.

დასწავლის რა ფორმას მიმოიხილავს ედვარდ  თორნდაიკი?

  ესაა დასწავლის  ფორმა: `დასწავლა ცდისა და შეცდომის  მეთოდით~.  მოცემული სტილის დასწავლა შემდეგნაირად მიმდინარეობს: ახალ და უცხო სიტუაციაში ადამიანი სხვადასხვა ქცევას მიმართავს მანამ, სანამ მისი ქცევა სასურველ შედეგს არ მოიტანს. ამის შემდეგ ხდება წარმატებული ქცევის გამეორება, რასაც დასწავლა განაპირობებს. 
მაგალითად – წარმოიდგინეთ,  რომ მოსწავლეს ახლად დაწყებული აქვს მუშაობა კომპიუტერთან. ის ბეჭდავს დოკუმენტს, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს, თუ როგორ უნდა განახორციელო სტექსტის ცენტრირების ოპერაცია. ის მიმართავს სხვადასხვა ქცევას (აჭერს სხვადასხვა ღილაკს) მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს. ამის შემდეგ, როდესაც ის მიუჯდება კომპიუტერს სამუშაოდ, უფრო იოლად განახორციელებს სასურველ ქცევას.
თორნდაიკმა შექმნა დასწავლის კანონები:
1.ეფექტის კანონი
2.მზაობის კანონი
3.მრავალი რეაქციის კანონი
4.დომინანტური ელემენტების კანონი
5.განწყობის ანუ დამოკიდებულების კანონი
6.ანალოგიური რეაქციის კანონი

      ეფექტის კანონი გვიხსნის რომ ყოველთვის მოხდება იმ ქცევის გამეორება, დასწავლა, რომელსაც თან ახლავს “კმაყოფილების განცდა” და პირიქით, არ  მოხდება იმ ქცევის გამეორება, რომელსაც თან არ  ახლავს  “კმაყოფილების განცდა”.

    მზაობის კანონი: ნებისმიერი ქმედების  დასწავლა  არდასწავლა მზაობაზეა დამოკიდებული. მზაობაში იგულისხმება ადამიანის განვითარების დონე და მოტივაცია. 
მაგალითად,  სტუდენტი კომპიუტერის გამოყენებით დავალების შესრულების დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით მაშინ აღწევს სასურველ შედეგს, თუ მან უკვე გარკვეულ დონეზე იცის კომპიუტერთან მუშაობა. 
      
     მრავალი რეაქციის კანონი: როდესაც ადამიანი გადააწყდება პრობლემას, რომლის გადასაჭრელადაც მას არა აქვს მზა ქცევა, ის მიმართავს მრავალ განსხვავებულ ქცევას მანამ, სანამ ერთ-ერთ მათგანს საჭირო რეზულტატი არ მოჰყვება. 
     განწყობის ანუ დამოკიდებულების კანონის თანახმად ჩვენ მივმართავთ გარკვეულ ქცევას ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინებით. მოცემული კანონი აღიარებს კულტურის და გამოცდილების ზეგავლენას. ჩვენი დამოკიდებულებები კულტურის ზეგავლენას განიცდის. 
მაგალითად, ზოგიერთი კულტურისათვის აგრესიული ქცევა უფრო დამახასიათებელია, ამიტომ მოცემულ კულტურაში მოსალოდნელია ასეთი ქცევის დასწავლა და განმტკიცება.
     
დომინანტური ელემენტების კანონის  თანახმად, პრობლემურ სიტუაციაში ორგანიზმი რეაგირებს  განსაკუთრებით  მნიშვნელოვან (დომინანტურ) ელემენტებზე. მოსწავლე სწორი გადაწყვეტილების ძიებისას პირველ რიგში თვალშისაცემ დეტალებს  აფიქსირებს.

   ანალოგიური რეაქციის კანონი გულისხმობს, რომ, როცა ჩვენ ვხვდებით ახალ  სიტუაციაში, პირველ რიგში  მივმართავთ იმ  ქცევას,  რომელსაც მივმართავდით მსგავს სიტუაციაში. ჩვენ რეაქცია და ქცევა  გადაგვაქვს ერთი სიტუაციიდან მეორეში, რაც  აუცილებელია ადაპტაციისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“