ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ინფორმაციის თავისუფლება

„დემოკრატია კვდება დახურულ კარს მიღმა”.
მოსამართლე დეიმონ ჯ. კიტი, საქმე Detroit Free Press v. Ashcroft 
ინფორმაციის თავისუფლება დაცულია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. ის ჯერ კიდევ 1766 წელს აღიარა შვედეთმა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „ვეტერანი დემოკრატიის” ქვეყნების კონსტიტუციებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ნორმა უმეტესად მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. მაგალითად, 1874 წელს მიღებული შვეიცარიის კონსტიტუციით ინფორმაციის თავისუფლება არ იყო გარანტირებული, 1999 წელს განხორციელებული ცვლილებით კი აღიარებულ იქნა როგორც კონსტიტუციური უფლება. ნიდერლანდების სამეფოს მიერ 1815 წელს მიღებული კონსტიტუცია არ მოიცავდა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ნორმას, თუმცა 1983 წელს განხორციელებული ცვლილებებით გარანტირებულ იქნა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. ,,ვეტერანი დემოკრატიის” ქვეყნებისგან განსხვავებით, ,,ახალგაზრდა დემოკრატიის” ქვეყნების კონსტიტუციებში ინფორმაციის თავისუფლება გარანტირებულ იქნა კონსტიტუციის მიღებისთანავე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარებასა და მთავრობის გამჭვირვალობის პრინციპის დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მიღებულმა კანონმა, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოქალაქის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან.

1946 წლის 14 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 59-ე რეზოლუცია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ინფორმაციის თავისუფლება აღიარებულია ადამიანის ძირითად უფლებად. მოგვიანებით, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლით, გარანტირებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლება როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. 1966 წელს მიღებულ იქნა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მე-19 მუხლით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება.

ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ევროპული კავშირის ორგანოები საქმიანობას წარმართავენ საჯაროობის პრინციპის დაცვით. ევროპული კავშირის ყველა მოქალაქეს, აგრეთვე ყველა იურიდიულ პირს, რომლის ადგილსამყოფელიც ევროპული კავშირის წევრ ქვეყანაშია, აქვს უფლება გაეცნოს ევროპული კავშირის ორგანოებში დაცულ დოკუმენტებს. თუმცა ეს უფლება გარკვეულწილად შეზღუდულია. ევროპული კავშირი, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. 

ინფორმაციის თავისუფლება, ძირითადად, გულისხმობს შემდეგს:

* ყველას აქვს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის მოთხოვნის უფლება;
* დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქვა იმ მოტივით, რომ განმცხადებელს არ აქვს ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტული მიზანი;
* საჯარო ინფორმაციაზე წვდომა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თანასწორობის პრინციპის დაცვით;
* ყველა განცხადება ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განხილულ უნდა იქნეს გონივრულ ვადაში;
* საჯარო დაწესებულება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება და მიუთითოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები; 
* გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უნდა ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას; 
* ინფორმაციის გაცემა არ უნდა ითვალისწინებდეს საფასურს, გარდა ასლის გადაღების საფასურისა.

საქართველოში გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლება. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ეს კოდექსი და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მასწავლებელს ანიჭებს უფლებას, მიიღოს საჯარო დაწესებულებაში დაცული საჯარო ინფორმაცია. 

რა არის საჯარო დაწესებულება და საჯარო ინფორმაცია?

საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. საჯარო დაწესებულებაა, მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აგრეთვე მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებები (მასწავლებლის სახლი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მანდატურის სამსახური და სხვა), საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლა. საჯარო ინფორმაცია არის „ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის – ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადების წარდგენა. თუმცა, არ არის აუცილებელი განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასცეს. დაუყოვნებლივ ინფორმაციის გაცემა გულისხმობს, რომ განცხადება რეგისტრაციისთანავე უნდა მოხვდეს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან. ეს პირი ვალდებულია, დაუბრკოლებლად განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება. 

თუმცა არსებობს ამ წესიდან გამონაკლისიც. განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულება ინფორმაციას გაცემს არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 

ინფორმაცია არ გაიცემა, თუ იგი არის საიდუმლო. ინფორმაცია საიდუმლოა, თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას:
I. პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. პერსონალური მონაცემები არ არის ღია და ხელმისაწვდომი. 

სასამართლოს განმარტებით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის კერძო საკითხებთან, გასაიდუმლოებულია ავტომატურად და ვერ გაიცემა შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. 
II. კომერციული საიდუმლოება

კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია ისეთი გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც აქვს კომერციული ფასეულობა და რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. 

თუმცა ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა ავტომატურად არ ხდება. ამისთვის საჭიროა კანონით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება. კომპანიამ უნდა მიმართოს საჯარო დაწესებულებას და მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. საჯარო დაწესებულება კანონით გათვალისწინებულ ვადაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
III. სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოების შემთხვევაში ინფორმაციის გასაიდუმლოების ინიციატორი სახელმწიფოა. გასაიდუმლოების მიზანია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა თავდაცვის, უშიშროების, საგარეო დაზვერვის, მართლწესრიგის დაცვის, ეკონომიკისა და სხვა სტრატეგიულ სფეროებში. 
საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია არის პრინციპულად ღია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისი გასაიდუმლოება, თუ არსებობს სათანადო ლეგიტიმური მიზანი.
თანასწორობის პრინციპისა და არაორაზროვანი წესების საფუძველზე საჯარო დოკუმენტებზე ფართო წვდომა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენები, ასევე ჩამოიყალიბოს კრიტიკული  შეხედულებები სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე. ინფორმაციის თავისუფლება ხელს უწყობს საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის ეფექტიანობას და ეხმარება მათ კორუფციის თავიდან აცილებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი