ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

Reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხი გერმანიისა და საქართველოს საგამოცდო სამართალში

I. შესავალი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ერთ-ერთი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი პირველ სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდაზე გავიდა. მას სულ რამდენიმე ქულა დააკლდა დამაკმაყოფილებელ შეფასებამდე, თუმცა მიიღო შეფასება „საკმარისი”. სტუდენტმა საგამოცდო გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გამოცდაზე მისი ნაშრომი უსამართლოდ შეფასდა დაბალი ქულით. სტუდენტის მტკიცებით, საგამოცდო კომისიამ მისი მოსაზრებები უმართებულოდ მიიჩნია მცდარად, ვინაიდან იგივე მოსაზრებები წარმოდგენილი და განხილული იყო სამეცნიერო ლიტერატურაში. სააპელაციო კომისიამ სტუდენტის საჩივრის შესწავლა დაიწყო და დარწმუნდა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი იყო. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ სტუდენტმა თავის ნაშრომში ციტირების გარეშე მიუთითა და, შესაბამისად, „მიითვისა” იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები. ეს ქმედება შეფასდა საგამოცდო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ამის კვალობაზე, კომისიამ გადაწყვიტა, სტუდენტს პირველადი შეფასების („საკმარისი”) ნაცვლად მისცემოდა შეფასება „არასაკმარისი”. 

აქვს თუ არა კომისიას სტუდენტის შეფასების გაუარესების უფლება? ან, სხვაგვარად, დასაშვებია თუ არა reformatio in peius პრინციპი საგამოცდო სამართალში? ეს მრავალი ქვეყნის საგამოცდო სამართალში კლასიკურ სადისკუსიო საკითხად მიიჩნევა და დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
II. Reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხი გერმანიაში
ადამიანი როგორც შემფასებელი განუმეორებელია. ამის მიზეზია საგამოცდო სამართალში მრავალი განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნების არსებობა და შემფასებლის „შეფასების თავისუფლება”. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის საგამოცდო კანონმდებლობის თანახმად, გამოსაცდელმა პირმა უნდა მიაღწიოს „სწავლების მიზანს.” „სწავლების მიზანი” მიღწეულია, თუ მისი ცოდნა, სულ მცირე, „საკმარისია”. მაგრამ რა არის „სწავლების მიზანი”? რას გულისხმობს შეფასება „საკმარისია”? ცნება „სწავლების მიზანს” კანონმდებლობა არ განმარტავს, მაგრამ ადგენს, რომ შეფასება „საკმარისია” სტუდენტს მიენიჭება მაშინ, თუ მისი ნაშრომი, მიუხედავად ხარვეზებისა, შეესაბამება „საშუალო მოთხოვნებს”. ეს განმარტებაც ბუნდოვანია. რამდენად არსებითი ან არაარსებითი უნდა იყოს ხარვეზები, რათა შემფასებელმა სტუდენტის ცოდნა „საკმარისად” მიიჩნიოს? ცხადია, საგამოცდო სამართალში არსებული მრავალი ტერმინი იძლევა სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობას. ამიტომაც არის, რომ პირველადი შეფასების კანონიერების შემოწმებისას სხვა შემფასებელი განსხვავებულად აფასებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებით, reformatio in peius პრინციპი საგამოცდო სამართალში დასაშვებია. საჩივრის განმხილველ კომისიას უფლება აქვს, საჩივრის წარმდგენი პირის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნაშრომს მისცეს იგივე ან უფრო უარესი შეფასება. ხელახალი შეფასების დროს საჩივრის განმხილველმა კომისიამ შესაძლოა დაასკვნას, რომ პირველადი შეფასება, რომელიც სტუდენტს „მეტად ნეგატიურად” მიაჩნია, სინამდვილეში „მეტად პოზიტიურია”.

თუმცა სასამართლო პრაქტიკა მაინც არაერთგვაროვანია.

გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს 1993 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ხელახალი შეფასების დროს პირველადი შეფასების გაუარესება თუნდაც იმიტომ არის დაუშვებელი, რომ ეს ეწინააღმდეგება თანაბარი შესაძლებლობების კონსტიტუციურ პრინციპს. გამომცდელი, რომელმაც პირველადი შეფასების დროს შეცდომა დაუშვა, არ არის უფლებამოსილი, ხელახალი შეფასებისას შეცვალოს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მან თავისი „შეფასების თავისუფლების” ფარგლებში შეაფასა ნაშრომი. მან, უპირველესად, თავისი შეფასების ის ნაწილი უნდა შეამოწმოს, რომელიც უკანონოდ იქნა მიჩნეული. შეფასების უკანონოდ მიჩნეული ნაწილის გადახედვა კი გამორიცხავს შეფასების შედეგის გაუარესებას. ამ შემთხვევაში სტუდენტს უნდა მიეცეს უკეთესი ან იგივე შეფასება.

გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ლიუნებურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საგამოცდო სამართალში reformatio in peius პრინციპს დასაშვებად აცხადებს. სასამართლოს აზრით, თავდაპირველი შეფასებების ახლით შეცვლის პირობაზე დათანხმებისას მოსარჩელემ გასწია რისკი და, შესაბამისად, ხელახალი შეფასება შესაძლოა უარესი იყოს. მოსარჩელეს არ შეუძლია მოითხოვოს, ახალი შეფასებით მიენიჭოს, სულ მცირე, პირველადი შეფასებით გათვალისწინებული ქულა მაინც. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირველადი შეფასების შედეგის გაუარესება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ხელახალი შეფასების დროს გამომჟღავნდა ნაშრომში არსებული ახალი ხარვეზები. ამ შემთხვევაში შემფასებელი უფლებამოსილია, ნაშრომს მისცეს თავდაპირველზე უარესი შეფასება.
III. Reformatio in peus პრინციპის დასაშვებობის საკითხი საქართველოში
საქართველოში ამ საკითხზე არ გამართულა სამეცნიერო დისკუსია, არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, ამიტომ განვიხილავ მხოლოდ კანონმდებლობას. 
1. ზოგადი განათლების სფერო

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სკოლას ეკისრება ვალდებულება, მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. კანონი არ აზუსტებს, დასაშვებია თუ არა მოსწავლის პირველადი შეფასების გაუარესება გასაჩივრების შემდეგ. ამ მხრივ საინტერესო რეგულირებას შეიცავს ეროვნული სასწავლო გეგმა – თუ მოსწავლეს მიაჩნია, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს, დირექტორი კი იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, განმეორებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში მოსწავლის შედეგი შესაძლოა გაუარესდეს.

Reformatio in peius პრინციპი დაშვებულია სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, თუ დადასტურდა პირის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საპრეტენზიო კომისია განიხილავს გამოცდის მხოლოდ პროცედურულ და არა შინაარსობრივ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
2. პროფესიული განათლების სფერო

Reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხი არ არის რეგულირებული პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით.
3. უმაღლესი განათლების სფერო

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი ზოგადად ადგენს სტუდენტის ცოდნის სამართლიანად შეფასების ვალდებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება. ამ მიზნით დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. ცოდნის სამართლიანი პროცედურების შემუშავების ვალდებულება გულისხმობს, რომ დაწესებულება უფლებამოსილია, წესდებით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვროს პირველადი შეფასების შედეგის გაუარესების შესაძლებლობა ხელახალი შეფასების შემთხვევაში.

Reformatio in peius პრინციპი დაშვებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, თუ დადასტურდა მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევა. დებულების თანახმად, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში შეფასების სისწორეზე და მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტისათვის ქულის დაკლების შესახებ.

Reformatio in peius პრინციპი, ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსად, დაშვებულია საერთო სამაგისტრო გამოცდებზეც.

დოქტორანტურაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული და, აგრეთვე, დოქტორანტურის ფარგლებში არსებულ საგამოცდო რეგულაციებს, მათ შორის – reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
IV. დასკვნა

სააპელაციო კომისიას აქვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ერთ-ერთი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის შეფასების გაუარესების უფლებამოსილება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საგამოცდო სამართალში reformatio in peius პრინციპი დასაშვებია.

გერმანიის სამეცნიერო ლიტერატურაში დავა დღემდე გრძელდება, თუმცა, დამკვიდრებული მოსაზრებით, reformatio in peius დასაშვებია. ამ მოსაზრებას იზიარებს უახლესი სასამართლო პრაქტიკაც. 

საქართველოში განათლების სამართლის განვითარება სულ რამდენიმე წელს ითვლის, ამიტომ ეს პრობლემა სამეცნიერო ლიტერატურაში განხილული არ არის. არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა. სპეციალური კანონმდებლობაც არასისტემურია. ამდენად, სასურველია, განათლების სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში აისახოს reformatio in peius პრინციპი, რომელიც დასაშვებია ზოგადად და არა მხოლოდ კონკრეტული გამოცდების, მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს. ასეთი დასკვნის საფუძველი სტუდენტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ობიექტური, თანმხვედრი ინტერესია – მათ ცოდნის სამართლიანი შეფასების მიზანი ამოძრავებთ და არა ქულის მომატებისა.
Niehues, Norbert / Fischer, Edgar, Prüfungsrecht, 5., neubearbeitete Auflage, München, 2010
Thorsten Kingreen, Zur Zulässigkeit der reformatio in peius im Prüfungsrecht, DÖV, Heft 1, 2003
Marcus Jaroschek, Die reformatio in peius im Widerspruchsverfahren, JA, Heft 8/9, 1997
Jens Michaelis, ,,Kontrolldichte im Prüfungsrecht‘‘, VB1BW, Zeitschrift für öffentliches Recht und öffentliche Verwaltung, Heft 12, 1997

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი