შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მერვე თავი

 მიუღებელი ქცევის შეცვლა გარემოს ცვლილებით
მშობელთა მცირე ნაწილი ცდილობს შვილის ქცევის შეცვლას გარემოს შეცვლით. 
გარემოს ცვლილება ძირითადად ჩვილებთან და მცირეწლოვანებთან გამოიყენება, რადგან შვილების ასაკის მატებასთან ერთად მშობლები მეტწილად ვერბალურ მეთოდებს იყენებენ, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელიც თრგუნავს ბავშვს ან აშინებს მშობლის ძალაუფლებით; ისინი უგულებელყოფენ გარემოს ცვლილებას და მიუღებელი ქცევის შეცვლის მიზნით მთლიანად საუბარის ძალაზე არიან მინდობილები. ასეთი მიდგომა სამწუხაროა, რადგან გარემოს ცვლილება ხშირად ყველაზე მარტივი და ძალზე ეფექტური გზაა ყველა ასაკის ბავშვისათვის.

მშობლები გარემოს ცვლილების მეთოდს მხოლოდ მას შემდეგ იყენებენ, როცა მის მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაეცნობიან ხოლმე:

1.გარემოს გამრავალფეროვნება (გამდიდრება)
2.გარემოს გაუფერულება (გაღარიბება) 
3.გარემოს გამარტივება
4.გარემოს შეზღუდვა
5.უსაფრთხოების ზომები
6.ერთი აქტივობის მეორით ჩანაცვლება
7.ბავშვის მომზადება გარემოს შეცვლისათვის
8.სივრცის განაწილება უფროსი და–ძმისთვის

გარემოს გამდიდრება

საბავშვო ბაღის გამოცდილმა მასწავლებელმა იცის, რომ მიუღებელი ქცევის შეწყვეტის ან თავიდან აცილების ერთ–ერთი ეფექტური გზა ბავშვებისათვის საინტერესო საგნების შეთავაზებაა – მათი გარემოს გამდიდრება სათამაშოებით, საკითხავი მასალით, პლასტილინით, თავსატეხებით და ა.შ. ამ პრინციპს ეფექტური მშობლებიც იყენებენ: თუ ბავშვი საინტერესო საქმიანობით არიან გართულნი, ნაკლებად აწუხებენ მშობლებს.

ზოგიერთმა მშობელმა გაგვიზიარა ავტოსადგომში ან ეზოს რომელიმე კუთხეში ბავშვისთვის სპეციალური ადგილის მოწყობის გამოცდილება, სადაც მას შეუძლია თავისუფლად თხაროს, აკაკუნოს, აშენოს, ხატოს, აურიოს და შექმნას. მშობელი არჩევს ისეთ ადგილს, სადაც ბავშვს შეუძლია ნებისმიერი სასურველი საქმიანობა ისე, რომ არაფერი გააფუჭოს.

მანქანით მგზავრობისას ბავშვები განსაკუთრებით აბეზრებენ თავს მშობლებს. ზოგიერთ ოჯახს ამ შემთხვევისთვის მომარაგებული აქვს სათამაშოები და თავსატეხები, რომ ბავშვებმა არ მოიწყინონ და სხვებიც არ შეაწუხონ.

მშობლების უმრავლესობამ იცის, რომ, როგორც წესი, ბავშვები კარგად იქცევიან, თუკი მეგობრების სახლში მოყვანის ნებას დართავენ. ხშირად ორი ან სამი ბავშვი ერთად უფრო ადვილად პოულობს „მისაღებ” საქმიანობას, ვიდრე მხოლოდ ერთი.

სახატავი მოლბერტი, პლასტილინი, თოჯინების თეატრი, თოჯინა და მისი სახლი, კონსტრუქტორი, ლოტო და სხვა მნიშვნელოვნად ამცირებს აგრესიულ, მოუსვენარ ან რთულ ქცევას. ძალზე ხშირად მშობლებს ავიწყდებათ, რომ ბავშვებსაც ისევე სჭირდებათ საინტერესო და მასტიმულირებელი საქმიანობა, როგორც ზრდასრულებს. 
გარემოს გაღარიბება

ზოგჯერ აუცილებელია, რომ ბავშვებს ნაკლები სტიმული ჰქონდეთ, მაგალითად ძილის წინ. მშობლები, განსაკუთრებით მამები, ზოგჯერ ზედმეტ მონდომებას იჩენენ, ზედმეტად აფორიაქებენ ბავშვებს ძილის ან ჭამის წინ და შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ წყნარდებიან და რატომ ხდებიან უმართავები. ასეთ დროს საჭიროა გარემოს გაღარიბება და არა გამდიდრება. მნიშვნელოვნად შევძლებთ ქარიშხლისა და სტრესის თავიდან აცილებას, თუკი ვეცდებით ბავშვის გარემოს მასტიმულირებელი ზემოქმედების შემცირებას. 
გარემოს გამარტივება

ხშირად ბავშვის „მიუღებელი” ქცევის მიზეზი გარემოს მეტისმეტი სირთულეა; ის თავს აბეზრებს მშობელს დახმარების თხოვნით, საერთოდ თავს ანებებს საქმიანობას, აგრესიულობას ავლენს, საგნებს იატაკზე ყრის, ზუზუნებს, გარბის, ტირის. 

სახლის გარემო მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვისათვის შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი საქმიანობა, საგნებით უსაფრთხო მანიპულირება და უმწეობის განცდის თავიდან აცილება, რომელსაც გარემოს კონტროლის უუნარობა იწვევს. მრავალი მშობელი შეგნებულად ცდილობს გარემოს გამარტივებას შემდეგი გზებით:

ისეთ ტანსაცმელს ყიდულობს ბავშვისათვის, რომლის ჩაცმასაც დამოუკიდებლად შეძლებს.
აქვს სპეციალური ყუთი ან ტაბურეტი, რომ ბავშვი კარადაში საკუთარ ტანსაცმელს ან აბაზანაში ონკანს მისწვდეს.   
ბავშვის ასაკის შესატყვის არამტვრევად ჭურჭელს იმარაგებს.
გარდერობში ტანსაცმლის საკიდს ბავშვისთვის მოხერხებულ სიმაღლეზე ამაგრებს. 
დამატებით საკეტს ამაგრებს კარებებზე ბავშვისთვის მოხერხებულ სიმაღლეზე.
ბავშვის ოთახში ისეთ შპალერს აკრავს, რომლის გარეცხვაც შესაძლებელია. 
გარემოს შეზღუდვა

მიუღებელი ქცევის გამო შვილის მანეჟში ჩასმით მშობელი ცდილობს შეუზღუდოს მას „სასიცოცხლო სივრცე”, რათა შემდგომი ქცევები მშობლისათვის მისაღები გახდეს. ეზოს ნაწილის შემოღობვა ეფექტური საშუალებაა ისეთი ქცევის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ქუჩაში გასვლა, მეზობლის ყვავილნარის გაფუჭება, დაკარგვა და ა.შ.

ზოგიერთი მშობელი სახლში სპეციალურ სივრცეს გამოყოფს, სადაც ბავშვს შეუძლია  პლასტილინით ძერწვა, ხატვა, ქაღალდის დაჭრა ან დაწებება და სხვ. ამგვარი აქტივობები შეზღუდულია გამოყოფილი არით. აქ ბავშვებს შეუძლიათ ხმაურიც, ყირამალა სიარულიც, სირბილიც, დაბინძურებაც და სხვ.  

როგორც წესი, ბავშვები გაგებით ეკიდებიან სასიცოცხლო სივრცის ამგვარ შეზღუდვებს, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები გონივრულია და მათ საკმარის თავისუფლებას უტოვებს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ზოგჯერ ბავშვი ეწინააღმდეგება შეზღუდვებს, რასაც მშობელთან კონფლიქტი მოსდევს. (მომდევნო თავში განვიხილავთ, როგორ შეიძლება გადაიჭრას ამგვარი კონფლიქტები). 
   
უსაფრთხოების ზომები    

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობელი ისედაც ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე დებს მედიკამენტებს, ბასრ დანებსა და შხამ–ქიმიკატებს, უსაფრთხოების ზომების სია შესაძლოა განვავრცოთ:
საჭმლის მომზადების დროს ქვაბის ყურის უსაფრთხო მდებარეობა.

არამტვრევადი ჭურჭლის ყიდვა.
ასანთის უსაფრთხო ადგილზე დადება.
ელექტროსადენებისა და ჩამრთველების შეკეთება და დაცვა.
აბაზანის კარების დაკეტვა.
ძვირფასი, მტვრევადი საგნების შენახვა.
ბასრი ინსტრუმენტების შენახვა.
აბაზანის იატაკზე რეზინის ხალიჩის დადება.

ყოველმა ოჯახმა, გარემოდან გამომდინარე, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები. მშობელთა უმრავლესობას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია უსაფრთხო გახადოს შვილის გარემო და თავიდან აიცილოს მრავალი მიუღებელი ქცევა.
ერთი აქტივობის მეორით ჩანაცვლება

თუ ბავშვი ბასრი დანით თამაშობს, შეიძლება ბლაგვი შევთავაზოთ. თუ ის იატაკზე თქვენი კოსმეტიკის ჩანთას ჩაუჯდა და გულდასმით სწავლობს შიგთავსს, პლასტმასის ცარიელი ბოთლები ან ყუთები შესთავაზეთ სანაცვლოდ. თუ ის იმ ჟურნალიდან აპირებს ფურცლების ამოხევას, რომლის შენახვაც გსურდათ, ისეთი შესთავაზეთ, რომელიც აღარ გჭირდებათ. თუ ის პასტელებით შპალერის მოხატვას აპირებს, დიდი ფორმატის ფურცელი დაუფინეთ იატაკზე და მასზე დახატვა სთხოვეთ. 

როგორც წესი, თუ მშობელი შვილს კონკრეტულ აქტივობას ისე დაუშლის, რომ ალტერნატივას არ შესთავაზებს, შედეგად წყენასა და ცრემლებს გამოიწვევს. ბავშვები ხშირად ხალისით თანხმდებიან მშვიდად შეთავაზებულ ჩანაცვლებას. 

ბავშვის მომზადება გარემოს შეცვლისათვის

მრავალი მიუღებელი ქცევა შეიძლება ავიცილოთ თავიდან, თუ ბავშვს წინასწარ მოვამზადებ გარემოს ცვლილებისთვის. თუ ძიძამ გაგაფრთხილათ, რომ პარასკევს ვერ შეძლებს მოსვლას, ეცადეთ ოთხშაბათიდანვე შეაგუოთ ბავშვი იმ აზრს, რომ ერთ დღეს სხვა ძიძასთან გაატარებს. თუ შვებულების გატარებას ზღვაზე აპირებთ, გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ ბავშვთან საუბარი მოსალოდნელი უჩვეულო საგნების/მოვლენების შესახებ: უცხო ლოგინში დაძინება, ახალი მეგობრების გაცნობა, უველოსიპედობა, დიდი ტალღები, ნავში ქცევის წესები და სხვ.

ბავშვებს სიახლეებთან შეგუების უჩვეულო უნარი აქვთ, თუკი მშობელი წინასწარ დაიჭერს თადარიგს და გააფრთხილებს. ასეთი მიდგომა მაშინაც ამართლებს, როცა ბავშვს ტკივილის ან დისკომფორტის გადატანა უწევს, მაგალითად, ექიმთან ვიზიტის და ნემსის გაკეთებისას. წინასწარ გულახდილი საუბრისა, გაფრთხილების წყალობით ბავშვი გაცილებით ადვილად გადაიტანს მოსალოდნელ სიტუაციას. 
სივრცის განაწილება უფროსი და–ძმისთვის

თინეიჯერებთან კონფლიქტების თავიდან აცილება შესაძლებელია გარემოს ფრთხილი და ყურადღებიანი დაგეგმვით. მათ სჭირდებათ ადეკვატური სივრცე პირადი ნივთების, განმარტოების, დამოუკიდებელი საქმიანობისათვის. გთავაზობთ რჩევებს უფროსი შვილებისთვის „მისაღები არეს” გაფართოების შესახებ:
უყიდეთ შვილს საკუთარი მაღვიძარა.

გარდერობში გამოუყავით შესაბამისი ადგილი.
დააწესეთ სახლში ადგილი, სადავ ოჯახის წევრები ერთმანეთს შეტყობინებებს დაუტოვებენ. 
უყიდეთ პერსონალური კალენდარი, რომ აღნიშნოს საკუთარი ვალდებულებები.
მასთან ერთად გაეცანით ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინსტრუქციას. 
წინასწარ აცნობეთ მოსალოდნელი წვეულების შესახებ, რომ შეძლოს თავისი ოთახის დასუფთავება.
მიეცით სახლის გასაღები და დაუკიდეთ ის მის მიერვე არჩეულ საკიდზე.
მიეცით ყოველთვიური და არა ყოველკვირეული სახარჯო (ჯიბის) ფული, ოღონდ წინასწარ შეუთანხმდით რისი ყიდვა შეუძლია და რისი არ შეუძლია.  
წინასწარ ისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ავტომობილის დაზღვევა, ავტო შემთხვევის გამო პასუხისმგებლობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება და ა.შ.
თუ დამოუკიდებლად ირეცხავს, შეუმსუბუქეთ სამუშაო აუცილებელი საგნების უზრუნველყოფით. 
ურჩიეთ ყოველთვის ჰქონდეს ტელეფონის ბარათზე თანხა სასწრაფო ზარისათვის.
წინასწარ გააფრთხილეთ, მაცივარში რომელი საჭმელია განკუთვნილი სტუმრებისათვის. 
სთხოვეთ ჩამოწეროს იმ მეგობრების გვარები და ტელეფონის ნომრები, რომლებთანაც შეგეძლებათ დარეკვა საჭიროების შემთხვევაში.
წინასწარ გააფრთხილეთ იმ სამუშაოს შესახებ, რომლის შესრულებაც მოუწევს სტუმრების მოსვლამდე. 
შესთავაზეთ შეადგინოს ოჯახურ მოგზაურობასთან დაკავშირებული საგნებისა და საქმეების პირადი სია.
შესთავაზეთ ყოველდღიურად გაეცნოს ამინდის პროგნოზს, რომ წინასწარ განსაზღვროს, რას ჩაიცმევს მომდევნო დღეს სკოლაში. 
წინასწარ უთხარით, რომ სადილი ან ვახშამი დროზე ადრე ექნება, რადგან მომდევნო დღისთვის სამუშაო გაქვთ დასასრულებელი. 
წინასწარ აცნობეთ, როდის აპირებთ ქალაქიდან გასვლას, რომ შეძლოს თქვენი არყოფნისას საკუთარი აქტივობების გეგმის შედგენა.
ასწავლეთ სატელეფონო შეტყობინებების მიღება.
ყოველთვის დააკაკუნეთ შვილის ოთახში შესვლამდე.
ჩართეთ ოჯახის ისეთ გეგმებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, რომელიც მასაც ეხება.

მშობელთა უმრავლესობას შეუძლია ყოველი კატეგორიის მიხედვით ბევრი სხვა მაგალითი შემოგვთავაზოს. რაც უფრო მოხერხებულად იყენებს მშობელი გარემოს ცვლილების მეთოდს, მით უფრო მშვიდობიან თანაცხოვრებას ახერხებს საკუთარ შვილთან და მით უფრო ნაკლებად უწევს კონფრონტაცია.

იმ მშობლებს, რომლებიც ჩვენი სისტემის გავლენით ეჩვევიან გარემოს ცვლილების მეთოდის ფართოდ გამოყენებას, პირველ რიგში, ფუნდამენტურად ეცვლებათ დამოკიდებულება ბავშვებისა და მათი უფლებების შესახებ. ერთ–ერთი ამგვარი ცვლილება უკავშირდება კითხვას: „ვისია სახლი?”

ჩვენი კურსების მსმენელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ სახლს საკუთარ კუთვნილებად მიიჩნევს; შესაბამისად, აუცილებელია, რომ შვილებს შესაბამისად მოქცევა ასწავლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილი აუცილებლად უნდა „ვძერწოთ” და „ვკიცხოთ” მანამ, სანამ ის ტკივილით არ ისწავლის, რას ელიან მისგან მშობლების სახლში. ასეთი მშობლები იშვიათად ცდილობენ სახლის გარემოს ნებისმიერ ცვლილებას მაშინაც კი, როცა ოჯახში პატარა ჩნდება. მათი აზრით, სახლი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ბავშვის დაბადებამდე იყო და ბავშვი თავითონ უნდა შეეგუოს გარემოს. 
ამ შემთხვევაში მშობლებს ვეკითხებით: „დღეს თუ შეიტყობთ, რომ მომდევნო კვირიდან თქვენთან ერთად ერთ–ერთმა ხანდაზმულმა მშობელმა უნდა იცხოვროს, რომელიც ნაწილობრივ პარალიზებულია და ზოგჯერ ყავარჯენს ან ინვალიდის ეტლს იყენებს, რას შეცვლიდით სახლში?”   

ჩვეულებრივ, ასეთ კითხვას ცვლილებათა ვრცელი სია მოჰყვება ხოლმე:
კიბეზე სპეციალური სახელურების  დამაგრება.
კიბეზე სპეციალური რელსის დამაგრება.
ავეჯის გადაადგილება ისე, რომ ინვალიდის ეტლის გადაადგილება შეიძლებოდეს. 
სამზარეულოს კარადის ქვედა თაროებზე ისეთი ნივთების დადება, რომელსაც ხშირად იყენებენ.
მშობლისათვის სპეციალური ზარის ყიდვა, რომლითაც შეუძლია გააგებინოს ცუდად ყოფნა.
ტელეფონის დამაგრძელებლის ყიდვა.
ისეთი ავეჯის გატანა, რომელიც არამდგრადია და შეიძლება შემთხვევით გადაყირავდეს.
გარე კიბის მოდიფიკაცია იმგვარად, რომ მშობელმა დამოუკიდებლად შეძლოს ეზოში ეტლით ჩასვლა.
აბაზანისათვის რეზინის ხალჩის ყიდვა. 

როგორც კი მშობელი რწმუნდება, რა ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ სახლი მოხერხებული და უსაფრთხო გაეხადა ხანდაზმული მშობლისათვის, ის შვილისთვის ცვლილებებისთვისაც მზადყოფნას გამოხატავს. 
მშობელთა უმრავლესობა გაოცებულია საკუთარი დამოკიდებულების კონტრასტით ინვალიდი მშობლისა და შვილის მიმართ, როდესაც საქმე ეხება კითხვას: „ვისია სახლი?”

მშობლები აღიარებენ, რომ ეცდებოდნენ ხანდაზმული მშობლის დარწმუნებას იმაში, რომ სახლი მისიც არის, თუმცა, სხვაგვარად მოიქცეოდნენ შვილის შემთხვევაში.

მუდამ მაოცებს, რამდენ მშობელს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულებითა და ქცევით გაცილებით მეტი პატივისცემა გამოხატოს სტუმრის მიმართ, ვიდრე საკუთარი შვილის მიმართ. ძალზე ბევრი მშობელი ისე იქცევა, თითქოს შვილმა თვითონ უნდა იზრუნოს, რომ გარემოს მოერგოს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი