შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენება მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირებისთვის ისტორიის სწავლების მაგალითზე
უკანასკნელ პერიოდში მოსწავლეთა მსოფლმხედველობაში სერიოზული გარდატეხები მოხდა, რომელიც პირველ რიგში სოციოკულტურული ცვლილებებითაა გამოწვეული. მოსწავლეებიც მასწავლებლებისაგან იმ უნარ-ჩვევების შეძენაში მოელიან დახმარებას, რომელიც მათ გარემომცველ სამყაროში ადაპტაციისთვის დაჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება ისტორიის სწავლების საკითხებს.
სკოლაში ისტორიის სწავლების მიზანია წარსულის შესწავლის საფუძველზე მოსწავლის პიროვნული განვითარება და სამომავლო გზების დასახვის უნარის გამომუშავება. პიროვნული განვითარება კი პირველ რიგში გულისხმობს შემოქმედებითი აზროვნების ფორმირებას, უნარს, კრიტიკულად გაანალიზო წარსული და აწმყო, ისტორიული წყაროების დამოუკიდებელი შესწავლის საფუძველზე გააკეთო საკუთარი დასკვნები, ისტორიული მოვლენებიდან გამოყო არსებითი და ძირითადი; ისტორიის შესწავლამ მოსწავლე უნდა დააყენოს ზნეობრივი არჩევანის წინაშე, რითაც იგი იღებს უფლებას, იყოს სუბიექტური. მაგრამ ისტორიული პირების სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ მოვლენის სხვადასხვა კუთხით წარმოდგენა და არგუმენტირებული შეფასება, იმ კრიტერიუმების გამოვლენა, რომელიც მათ შეფასებას დაედო საფუძვლად.
ამ გზით მიღებული უნარ-ჩვევები უკვე გახდება ის საფუძველი, რომლითაც მოსწავლე შეიძლებს თანამედროვე მსოფლიო მოვლენების საფუძვლიან და ყოველმხრივ გაანალიზებას და შეფასებას.
თანამედროვე სასწავლო სისტემები მრავლად შეიცავენ ისეთ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია დროის მოთხოვნების შესაბამისად სწორად წარმართოს სასწავლო პროცესი. მათ შორისაა პედაგოგიური თანამშრომლობის თეორიაც (ძირითადად იგი სწავლის შემდეგ ტექნოლოგიებს აერთიანებს: დიფერენცირებული სწავლის ტექნოლოგია და სწავლის ინდივიდუალიზაცია; სწავლის ჰუმანურ ტექნოლოგია და განმავითარებელი სწავლის თეორია და ტექნოლოგია), რომელშიც მკვეთრადაა გამოკვეთილი „სუბიექტი-სუბიექტის” („მოსწავლე-მასწავლებელი”) ურთიერთობები. მასში მთავარია მოზრდილებისა და ბავშვების „ერთობლივი განვითარება” და ურთიერთგაგება, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მიმდინარე დიალოგი და აზრთა ურთიერთგაცვლა.
ასეთი ტიპის ურთიერთობების შესაბამისია ისეთი დავალებები, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისაგან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას: „შეაფასეთ…”. „გამოთქვით თქვენი აზრი…”, „თანახმა ხართ თუ არა?..” და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები ხშირად იზეპირებენ გაკვეთილებს, მათ შორის ისტორიის გაკვეთილებსაც, მაგრამ ძნელად ახერხებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, რასაც სხვადასხვა სახის სირთულეები მოჰყვება ხოლმე, თუნდაც შეფასების კუთხით. სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა კი ისეთ აქტივობებს გულისხმობს, რომელიც ყოველ მოსწავლეს „მიიყვანს” თავისი საკუთარი, სხვადასხვა სირთულის კითხვების დასმის უნარ-ჩვევამდე და შეფასების გაკეთებამდე. მოსწავლეთა მიერ გაკეთებული შეფასება კი ყველაზე ცხადლივ ავლენს მათი ცოდნისა და უნარების ზღვარს, რადგან თავად შეფასება მიეკუთვნება მაღალ სააზროვნო დონეს.
ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო ადექვატურად შევაფასოთ მოსწავლეთა ცოდნა, არამედ ხელი შევუწყოთ მათი სააზროვნო უნარების განვთარებას და თავად მოსწავლეთა მხრიდან შეფასებების გაკეთებას, ესაა შემეცნებითი ხასიათის დავალებების და ამოცანების გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში და მათზე დაყრდნობით მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირება.
ტრადიციულად შემეცნებითი ხასიათის დავალებები და ამოცანები რამდენიმე ნაწილად იყოფიან:
Øვიზუალური – იგი ისეთი დავალებაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს წარმოიდგინოს, მასალის ვიზუალიზაციის გზით აღადგინოს წარსული (მაგალითად, ისტორიული წარსული) და მოახერხოს საკუთარი ცოდნით ოპერირება. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი დავალება ივსება შესაბამისი, უფრო მეტად სრულყოფილი თემებით და დავალებებით;
Øლოგიკური ( ლოგიკური და ინტელექტუალური ) – დავალებები მიმართულია თეორიული ცოდნის ათვისებისკენ და მოითხოვს აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების უფრო მეტ აქტივიზაციას. ლოგიკური ტიპის შემეცნებითი დავალება ახლოსაა შემეცნებით ამოცანასთან. შემეცნებითი ამოცანა არა მარტო „აიძულებს” მოსწავლეს ცოდნა გამოამჟღავნოს, არამედ მისი შეძენის ახალ, აქამდე უცნობ საშუალებებსაც „აცნობს” მას; ის ხელს უწყობს დამოუკიდებელ ინტელექტუალურ საქმიანობას და ამავდროულად მიმართულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებისკენ. ასეთი ტიპის სავარჯიშოების გასაკეთებლად მასალის ცოდნა აუცილებელია და საამისოდაც კარგი მოტივია მოსწავლისათვის;
Ø შეფასებითი – შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას.
შეფასებაში, კერძოდ, იგულისხმება:
- ფაქტების დასახელება;
- არგუმენტირება;
- ანალიზი;
- გარკვეულ კრიტერიუმებსა ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;
- საკუთარი მოსაზრების დაცვა;
- დამტკიცება;
- პროგნოზირება;
- პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის
გამოტანა;
- პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;
- მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;
- რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).
შეფასებითი ხასიათის დავალებისას ანუ შეფასების გაკეთებისას მოსწავლეში იღვიძებს საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი, უვითარდებათ შესასწავლი საკითხის მიმართ თავისი პირადი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი, ხდება პიროვნული თვისებების ფორმირება; შეფასებისას მოსწავლე გრძნობს პასუხისმგებლობას, თავად აირჩიოს ფაქტები, გაანალიზოს ისინი, გამოიტანოს დასკვნები, ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება და დაიცვას იგი. ამიტომ დავალებების შერჩევის დროს ამ ტიპის დავალებებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ.
თუმცა აქ არსებობს გარკვეული პრობლემა, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ მოსწავლეები ხშირად ცდილობენ უსაფუძვლოდ, ფაქტების, თავისი პოზიციის ჩვენების გარეშე შეფასებას; ცდილობენ შემოიფარგლონ ფაქტების უმნიშვნელო რაოდენობით; ამტკიცებენ, რომ ასეთი დავალება აღემატება მათ ძალას და რომ არ შეუძლიათ შეფასება და საჭირო ფაქტების შერჩევა, თუმცა მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა დავალებებით და სავარჯიშოებით მოსწავლეთა ამ ნაკლული მხარეების აღმოფხვრა.
მაგრამ რა პირობები უწყობს ხელს შემეცნებითი ინტერესის გაღვიძებას, რომლის საფუძველზეც მოსწავლეს გაუჩნდება შეფასების სურვილი და გამოუმუშავდება შესაფერისი უნარ-ჩვევა? ესენია:
- პრობლემური ხასიათის დავალებები და ახალი ცოდნის დამოუკიდებლად „აღმოჩენის” პროცესი;
- საგნის მთლიანი და ცალკეული ნაწილების მიზანმიმართული შესწავლის მნიშვნელობის გაგება;
- რაც უფრო მეტი ახალი მასალაა დაკავშირებული ადრე მიღებულ ცოდნასთან, მით მეტია მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ;
- დასწავლა უნდა იყოს ძნელი, მაგრამ შესაძლებელი;
- მოსწავლეთა შემოწმება და შეფასება უნდა იყოს დროული;
- მოსწავლეთა შეფასებების დროს ფსიქოლოგიური სურათის გათვალისწინება – ჯერ ყურადღება გავამახვილოთ პოზიტიურზე და შემდეგ – ნაკლოვანებებზე („უკეთესი იქნებოდა, რომ..”) და ა.შ.
შემეცნებითი ხასიათის აქტივობებს კი მიეკუთვნებიან: შემოქმედებითი დავალებების გადასაწყვეტად ალგორითმების დამოუკიდებლად (მასწავლებლის დახმარებით) შექმნა; შემეცნებითი ხასიათის დავალების გამოყოფა და ფორმულირება; ინფორმაციის მოძიების უნარის გამოყენება; კონკრეტული პირობების მიუხედავად დავალების გადაწყვეტის, შესრულების ყველაზე ეფექტური გზების მოძიება; საქმიანობის პროცესისა და შედეგების შეფასება.
პრაქტიკული სავარჯიშო
მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირებისთვის შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენება განვიხილოთ ისტორიის სწავლების მაგალითზე:
გაკვეთილის თემა – „სსრკ საშინაო პოლიტიკა 50-80-იან წწ-ში”
დავალება:
I – “XX საუკუნის 50-80-იანი წლების სსრკ საშინაო პოლიტიკის შეფასება”
ორგანიზება – მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან შემოქმედებითი ჯგუფები და თითოეულს მიეცეს თავისი დავალება – გაანალიზონ 50-80-იან წლების სსრკ საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენებიდან ერთ -ერთი:
- უნგრეთის კრიზისი 1956 წელს ბერლინის კრიზისი 1959 წელს
- კარიბის კრიზისი 1962 წელს;
- ჩეხოსლოვაკიის კრიზისი 1968 წელს.
მოსწავლეებმა მოვლენები უნდა განიხილონ სხვადასხვა კუთხით და დოკუმენტებზე დაყრდნობით; ყოველი დოკუმენტი ყურადღებით, შემდეგი ალგორითმის მიხედვით შეისწავლონ:
Øყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტი;
Øგანიხილეთ მოცემული ფაქტები და განსაზღვრეთ, რა პასუხს გვაძლევენ დასმულ კითხვებზე;
Øთუ დოკუმენტში ცოტა მონაცემებია, გაიხსენეთ, კიდევ რა იცით ამ საკითხს შესახებ და როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს ცოდნა, რაში გამოგადგებათ;
Øთუ თქვენი დოკუმენტიდან შეიძლება ფაქტების გამორჩევა სხვადასხვა მტკიცებულებებისთვის, დაასახელეთ ამის შესაბამის ყველა შესაძლო ვარიანტი, თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს.
ცხადია, რომ მოსწავლეთა მიერ გაკეთებული შეფასება უნდა იყოს ყოველმხრივი, კარგად მოფიქრებული და გააზრებული. ამისთვის საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინებაც:
Øმოსწავლეები არ შემოიფარგლონ ერთ დოკუმენტთან მუშაობით;
Øაუცილებელია სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტების გამოყენება:
Øისტორიული ხასიათის, პრესის მასალების და თვითმხილველთა შეხედულებების გამოყენება.
დავალების შესრულებისას შემოქმედებით ჯგუფებს დამატებით შეიძლება მიეცეთ ისეთი ხასიათის ინფორმაციის გაცნობაც, როგორიცაა:
Øატომური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვა;
Øიმ სახელმწიფოთა ატომური განიარაღება, რომლებიც ფლობენ მას;
Øყველა ტიპის შეიარაღების შემცირება;
Øომის კერების ლიკვიდაცია და რეგიონალური კონფლიქტების აღმოფხვრა;
Øევროპის და სხვა რეგიონების კოლექტიური უშიშროების უზრუნველყოფა;
Øსახელმწიფოთა თანამშრომლობის გამტკიცება;
Øმსოფლიოს ხალხთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ თეორიული ცოდნის გამომჟღავნება და მოვლენების პრაქტიკული შეფასება.
დავლების გაანალიზების და შესრულების შემდეგ მოსწავლეებისთვის ცხადი ხდება, რომ აღნიშნული პერიოდი ხასიათდებოდა დაძაბულობით და ამ დაძაბულობის შემცირებით. სახელმწიფოები ცდილობდნენ ურთიერთნდობა მოეპოვებინათ და დაეთბოთ საერთაშორისო კლიმატი.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აკეთებენ მოვლენების შეფასებას და აქცენტს აკეთებენ მათზე, რომელიც ამ პერიოდისთვის უფრო პოზიტიური იყო.
II –
ასეთი ტიპის დავალებად შეიძლება მივცეთ ისეთი მაგალითებიც, როგორიცაა – „შეაფასეთ ფაქტები და შეარჩიეთ ისინი, რომლებიც პოზიტურად ახასიათებენ საბჭოთა კაშირის საშინაო პოლიტიკას 60-80-იან წლებში”:
·კუბაზე საბჭოთა ატომურ ქობინებიანი რაკეტების განლაგება (1962 წ);
·ბერლინის კედელი აღმართვა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა (1981 წ.);
·სამშვიდობო ხელშეკრულებები (1971-1981 წწ);
·საბჭოთა ჯარების შეყვანა ჩეხოსლოვაკიაში (1968 წელს);
·გამალებული შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმება;
·სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე შეთანხმება (1979 წ.);
·საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში (1979 წ);
·ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების განლაგებაზე გადაწყვეტილების მიღება (70-ანი წწ.);
·ერაყისა და ლიბიის რეჟიმების მხარდაჭერა;
· აშშ -ისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი კოსმოსური პროგრამა „სოიუზ-აპოლონი”;
·ჰაერსა და წყალში ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვა;
· მოლაპარაკება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე.
მოცემული დავალება სრულდება ინდივიდუალურად ან პატარა ჯგუფებში (2-3 მოსწავლე).
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, მათი გაკეთება ერთობლივადაა შესაძლებელი, მთელი კლასის ჩართულობით და დავალებად მიცემული პირობების მიხედვით, შესაფერისი ზმნების (განსაზღვრე, დაახასიათე, დაახარისხე, შეუსაბამე და ა.შ.) გათვალისწინებით.
მოსწავლეებში შეფასების სააზროვნო უნარების ფორმირებაზე მუშაობას უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას, რადგან საგაკვეთილო დავალების შესრულებისას, მასალების შერჩევის, ანალიზის და შეფასების დროს ფაქტების დამახსოვრება გაცილებით ღრმად ხდება: ვლინდება არსებული ცოდნა, ვითარდება კრიტიკული აზროვნება, მჟღავნდება პირადი დამოკიდებულებები, ღირებულებები, მაღლდება პასუხისმგებლობა, იზრდება მოსწავლეთა კომპეტენცია, ამიტომ მსგავსი ტიპის დავალებები და ცოდნის დაუფლების მაღალი კოგნიტური დონეების წვდომა და შეფასების სააზროვნო უნარების განვითარება / გამომუშავება მოსწავლეებისთვის ძალიან პროდუქტიულია და მათი საზოგადო წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.