შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

სასკოლო განათლება 2020 წლისთვის

მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა განახორციელეს პროექტი „ფორსაიტ ფლოტი”. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სპეციალისტები საჯარო უწყებებიდან, ასევე სტუდენტები და ანალიტიკოსები. მათი განხილვის საგანი თანამედროვე რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება გახლდათ. პროექტს ორგანიზება გაუწია სტრატეგიული ინიციატივების სააგენტომ, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ათი ყველაზე საინტერესო პროგნოზი:

1. LEGO – განათლება

საგანმანათლებლო სისტემა, ამჟამინდელი მდგომარეობით, ბიუროკრატიული ხასიათისაა და კონტროლს მას სახელმწიფო უწევს. ნომენკლატურული რეჟიმი დავიწყებას უნდა მიეცეს – ჩინოვნიკები დამოუკიდებელმა სუბიექტებმა უნდა ჩაანაცვლონ. ახალ პირობებში ძნელი იქნება ისეთი სკოლის დასახელება, რომლის აღზრდილსაც არ ექნება კვალიფიციური განათლება. განათლება არ არის პირამიდა, რომელიც საბავშვო ბაღის, სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლისგან შედგება – ეს ურთულესი სისტემა უამრავ დეტალს მოიცავს, რომელთა დასახვეწადაც დიდი მუშაობის გაწევაა საჭირო. ცალკეული ფრაგმენტების საფუძველზე ადამიანს შეეძლება, თვითონვე ააწყოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო „კონსტრუქტორი”. მოცემულ შემთხვევაში საგანმანათლებლო ტრაექტორიებს მხოლოდ მასწავლებლები და მშობლები კი არა, თავად სერვისებიც შესთავაზებენ მოსწავლეებს.

2. სერვისები შეცვლიან საბავშვო ბაღსა და სკოლას

სერვისების მეშვეობით ამჟამადაც ხერხდება არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალური ფუნქციის შეთავსება. ძველი ყაიდის აღმზრდელებს შეგუება მოუწევთ საგანმანათლებლო კომპიუტერულ თამაშებთან, სიმულატორებთან და, თუ გნებავთ, ონლაინმასწავლებლებთანაც, რომლებიც მოსწავლეებისთვის უფრო მისაღები და სასურველი იქნება. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, პატარა აღსაზრდელებს ამ ფორმით ჭეშმარიტი მეგობრობა და სხვა ასეთი ღირებულებები გავუღვივოთ, მაგრამ უარყოფით გავლენას რომ არ მოახდენს, ფაქტია. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის იმაზე აპელირება, რომ ბავშვებს აღსაზრდელად უსულგულო მანქანებს ვანდობთ. ოფლაინსერვისების სისტემა უფრო და უფრო განმტკიცდება – გაიხსნება საკვირაო სკოლები მუზეუმებში, სახელოვნებო ბანაკები და ა.შ. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ საგანმანათლებლო სისტემა ფეხს ვერ უწყობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს და ცუდი შედეგის დადგომის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება. დროთა განმავლობაში ამ პრობლემამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ გაიხსნას სკოლები, რომლებშიც თავად მშობლები ივლიან და თავიანთი ფუნქციის არსსა და ბავშვის აღზრდის ხერხებს შეისწავლიან.
(სხვათა შორის, 1937 წელს ნაცისტებმა „ცოლების მოსამზადებელი სკოლა” გახსნეს. აქ უნდა ესწავლათ გოგონებს, რომლებსაც სურდათ, ცოლად გაჰყოლოდნენ ეს-ესისა და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური შრომითი პარტიის წევრებს – მთარგმ. შენიშვნა).

 
3. სასკოლო განათლება პოლარიზებული გახდება

წარმატებულსა და წარუმატებელ საგანმანათლებლო პროცესებს შორის მიზანმიმართული განვითარება იქნება რღვევის დასაბამი. ძლიერი სკოლები უფრო აქტიურად დანერგავენ უახლეს ტექნოლოგიებს, გაცილებით მეტ კავშირს დაამყარებენ პარტნიორებსა და მთელ მსოფლიოსთან. განვითარების უფრო მეტად გასამძაფრებლად პროგრესულად მოაზროვნე მშობლები, მასწავლებლები და, საზოგადოდ, ინვესტორები ძალებს გააერთიანებენ. ამის პარალელურად სუსტი სკოლები შესაძლოა „შემნახველ საკნებად” იქცნენ, რომლებსაც ერთადერთი ფუნქცია ექნება – ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დარჩნენ. უფრო მეტად გაიზრდება უფსკრული ქალაქისა და სოფლის სკოლებს, სპეციალიზებულსა და ფართო პროფილის სკოლებს შორის. ქალაქის ძლიერი სკოლები უფრო განავითარებენ ინფრასტრუქტურას – გაიხსნება საცურაო აუზები, ინტერესთა შესაბამისი კლუბები, სტუდიები და სექციები. ამასობაში სუსტ სოფლის სკოლებში არაავითარი პროგრესი არ შეინიშნება და მათი განვითარების დონე უწინდელ ნიშნულზე დარჩება.

4. მხარდაჭერა სამამულო მწარმოებლებს თუ გლობალიზაციას

საზღვარგარეთ მიმდინარე საგანმანათლებლო რესურსების გადმოღების მთელი სიმძიმე რუსულ განათლების სისტემას დააწვება ტვირთად. რუსული სისტემა არჩევანის წინაშე დადგება – ჩაერთოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, მაგალითად, გადავიდეს ინგლისურენოვან სწავლებაზე და გასცეს საერთაშორისო დიპლომები თუ ძველებურად განაგრძოს არსებობა. ამავე დროს, რუსულ საგანმანათლებლო სისტემას მოუწევს გახდეს მსოფლიო სისტემის მონაწილე, ანდა თავისი ადგილი პერიფერიაში მოიძიოს.

5. ახალი „ციფრული” პედაგოგიკა

დიდი მიხვედრილობა არ არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ სკოლაში მიღებული განათლება ცხოვრებაში არასოდეს გამოგადგებათ. ამავე აზრისაა მასწავლებელთა მთელი არმია, რომელსაც ძალიან უჭირს ახალ გარემო პირობებთან შეგუება. ე.წ. ტოტალური მისაწვდომობის ეპოქაში მასწავლებელთა განათლება ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. ელექტრონული განათლების პრაქტიკა დაუზოგავად ანაცვლებს ტრადიციულ ფორმებს. მასწავლებელს სრულიად ახალი მეთოდებით მოუწევს შექმნილი პრობლემების მოგვარება. ახლა უკვე შეუძლებელია, უბრალოდ დადგე დაფასთან და იმგვარი სახე მიიღო, თითქოს არაფერი შეცვლილა. იმ შემთხვევაში, თუ ალგორითმს შეეძლება დააფიქსიროს კურსორის თითოეული მოძრაობა ელექტრონულ სახელმძღვანელოზე, მასწავლებელს მოუწევს შეიტყოს, რა სახის ინტერპრეტაცია შეიძლება მოეძებნოს ამ მონაცემებს და როგორ გამოიყენოს ის სასარგებლოდ. მსმენელები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ათწუთიან ლექციებს, არ მოუსმენენ პროფესორს, რომელიც დიდხანს მოუნდება მოცემულობის ახსნას. უარის თქმა ხელით წერაზე კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს გადაგვიშლის. როგორ ვიმუშაოთ ახლებურად? მზა რეცეპტი ამისთვის არ არსებობს. მომავლის პედაგოგიკა – ეს ექსპერიმენტების, ცდებისა და შეცდომების პედაგოგიკაა.

6. სასკოლო პორტფოლიო

მსოფლიოში სულ უფრო მეტად ეცემა ნდობა საერთო ტესტის მიმართ, რომლითაც მოსწავლის ცოდნის შეფასება ხდება. ოდესმე ის დროც დადგება, როდესაც შეფასების ამ კრიტერიუმს სრულიად უსარგებლოდ და უფუნქციოდ მიიჩნევენ. სხვადასხვა სამუშაო ადგილზე საჭირო კონტიგენტის შერჩევა პორტფოლიოს მიხედვით მოხდება: ატესტატის ნიშნები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად წარმატებულად შეუძლია კანდიდატს, დაიმახსოვროს და აითვისოს მიცემული დავალება. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს კრიტერიუმიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ უმთავრესი ყურადღება მიექცევა ე.წ. სოციალურ კაპიტალს: შემოქმედებით აქტივობას, მონაწილეობას ჯგუფურ „თამაშებსა~ და კოლექტიურ პროექტებში. კანდიდატს უნდა შეეძლოს არასტანდარტული და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება, კვლევების ჩატარება, სიახლეების დანერგვა.

7. განათლების ინდივიდუალიზაცია ბიოტექნოლოგიების დახმარებით

აკადემიურ საზოგადოებაში პროფორიენტაციას საკმაოდ ბუნდოვანი სტატუსი აქვს: მიიჩნევა, რომ განვითარების გზაზე ბავშვის ცნობიერება შესაძლოა რამდენიმეჯერ შეიცვალოს. ერთი მხრივ, ცოდნა თანდათანობით ღრმავდება და სპეციალიზაციის მოთხოვნილებაც გაცილებით მალე წარმოიშობა, მეორე მხრივ კი იზრდება მოთხოვნილება ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაზე – ინფორმაციის მოპოვებაზე, ახალი კონტაქტების დამყარებაზე, სამუშაო დროის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე. სავარაუდოდ, მოცემულ შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. მისი დახმარებით შესაძლებელია სასწავლო გრაფიკის დაგეგმვა ბიომეტრიული მაჩვენებლების შესაბამისად, აქ კი გენეტიკა საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ახალ ეთიკურ პრობლემებსაც დაუდებს სათავეს. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა დაყოფა ნიჭიერებად და უნიჭოებად? უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მშობლებს უნდა დაეკისროთ.

8. სკოლა ონლაინმართვაზე გადავა

ინტერნეტდღიური და ინტერნეტ საკლასო ჟურნალი პირველი ნაბიჯებია ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე ტოტალური გადასვლის კუთხით. დროთა განმავლობაში ყველა საგანმანათლებლო პროცესი ონლაინრეჟიმში არა მხოლოდ გაკონტროლდება, არამედ იწარმოებს. მთელი ინფორმაცია სკოლების შესახებ, მკაცრად რეგლამენტირებული და ციფრული სახით, ერთ ბაზაში მოიყრის თავს. მონაცემები ღია იქნება: ყველა სასწავლო დაწესებულებას გაუჩნდება საკუთარი სისტემა, რომელიც მოთხოვნისამებრ გასცემს ნებისმიერ ინფორმაციას. ამასთან, მნიშვნელობა არ ექნება, ინფორმაციას მშობელი გამოითხოვს თუ სახელმწიფო ორგანიზაცია. ამგვარ შემთხვევაში შეუძლებელია სასკოლო რევიზიების წარმოდგენა, რომელთათვისაც სკოლის მესვეურნი თავგამოდებით ემზადებიან – რევიზიები ელექტრონულ რეჟიმში გაიმართება.

9. სკოლა გადაიქცევა საზოგადოებრივ სივრცედ

საგანმანათლებლო პროცესში ყველა მონაწილისთვის სასწავლო დაწესებულებები შეხვედრის ადგილად იქცევა. თუ ყველას შეეძლება განათლების შინ მიღება, მაშინ სკოლას ურთიერთობის ადგილის ფუნქციაღა დარჩება. იგი დაკარგავს ცოდნის მისაღები დაწესებულების სტატუსს და შემოქმედებით ლაბორატორიად იქცევა.

10. გეიმიფიკაცია

ყველაფრის გეიმიფიკაცია – ეს ის არის, რის გარეშეც მომავლის სკოლა ვერ იარსებებს. აქამდე ეს პრობლემა არავის აღელვებდა, რადგან ბავშვებს არჩევანის საშუალება არ გააჩნდათ. არსებობდა მხოლოდ ერთი ვარიანტი – როგორმე დრო გაეყვანათ გაკვეთილზე ზარიდან ზარამდე. განათლება, რომელიც თავისუფალ არჩევანზეა დაფუძნებული, სულ სხვანაირ მიდგომას გულისხმობს. ბაზრის მოთამაშეებს ამ პროცესებში საკუთარი ფინანსური ინტერესები აქვთ: თუ გაკვეთილი საინტერესო არ იქნა, ზარის დარეკვას არავინ დაუცდის.

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი