არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, იმდენად ბუნდოვანი იყო ეს საკითხი ცოტა ხნის წინ. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ კიბერუსაფრთხოება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე შემოიჭრებოდა, ესოდენ აქტუალური იქნებოდა თითოეული მშობლის, ბავშვის, სკოლის, მასწავლებლისა და მთელი საზოგადოებისთვის. ბოლო რამდენიმე წელია, მრავალი ჩვენგანი შოკირებულია იმ სავალალო მოვლენებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. საინფორმაციო საშუალებების ყურება და მოსმენაც კი გვაშინებს, იმდენს საუბრობენ კიბერდამნაშავეების მიერ მოზარდების მკვლელობაზე, კიბერდევნასა და მის სავალალო შედეგებზე.
თითქოს ყოველი მეორე ადამიანი იმაზე ფიქრობს, რომ არ ეშინია, რომ მას არაფერი ემუქრება და ა. შ. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ 21-ე საუკუნის საშიშ მოვლენაზე. როგორც ისტ-ის მასწავლებელი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩვენს მოსწავლეებს და მშობლებს ნათლად დავანახო კიბერდანაშაულის რეალური საშიშროება, ყველა პრევენციული ღონისძიება ჩავატაროთ, რომ ჩვენი შვილები დაცული იყვნენ.
რა არის კიბერდანაშაული?
საზოგადოდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კერძოდ ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა – ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვაგნებთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. კიბერსაფრთხეები პირობითად 2 ნაწილად შეიძლება დაიყოს:
- პროგრამული საფრთხეები;
- ინტერნეტთაღლითობა.
რა უნდა ვიცოდეთ პროგრამული საფრთხეების შესახებ?
პროგრამული საფრთხეები ძირითადად მავნე პროგრამებს, მზა ჩანაწერებს (Cookies), უსადენო ინტერნეტკავშირს (Wi-Fi), კიბერშეტევებს და ვირტუალური ფულის გამომუშავებას უკავშირდება.
მავნე პროგრამა. მავნე პროგრამა კომპიუტერული კოდი ან აპლიკაციაა, რომელსაც თქვენი მოწყობილობისთვის (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი) გამოუსწორებელი ზიანის მიყენება და თქვენი პირადი ინფორმაციის მოპარვა შეუძლია.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი კომპიუტერი დავირუსდა?
- კომპიუტერს ჩასართავად ბევრი დრო სჭირდება, თავისით იწყებს გადატვირთვას ან საერთოდ არ ირთვება;
- პროგრამების ჩართვას ბევრი დრო სჭირდება;
- ფაილები ან მონაცემები ქრება;
- მთლიანი სისტემა ან რომელიმე პროგრამა მუდმივად თავისით ითიშება;
- მთავარი ვებგვერდი თქვენი ჩარევის გარეშე იცვლება;
- ვებგვერდები ნელა იტვირთება.
როგორ დავიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან?
ანტივირუსული და ანტიჯაშუშური პროგრამა. ასეთი პროგრამა აანალიზებს ყველა ფაილს, რომელიც თქვენს მოწყობილობაში ინტერნეტიდან შემოდის. საეჭვო ან დავირუსებული ფაილის აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამას ისინი კარანტინში გადაჰყავს ან ავტომატურად ანადგურებს.
ელ. ფოსტის უსაფრთხოება
ელ. ფოსტაზე შემოსული ვირუსებისგან თავის დასაცავად:
- მიბმული დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსენით, თუ გამომგზავნს იცნობთ;
- არ გახსნათ უცნობი ადამიანისგან მიღებული წერილი და მით უმეტეს არ დააწკაპოთ გაურკვეველ ბმულებზე;
- მიბმული ფაილის გახსნამდე შეამოწმეთ ანტივირუსული პროგრამა.
ინტერნეტბრაუზერის უსაფრთხოება. ინტერნეტ ბრაუზერი პროგრამაა, რომელსაც ვების შესაცვლელად ვიყენებთ, რადგან ვირუსები ხშირად უტევენ ინტერნეტბრაუზერს Internet Explorer, Chrome an Firefox. ის პერიოდულად უნდა განაახლოთ!
ფაილების გადმოწერა
- ინტერნეტიდან რამის გადმოწერამდე დარწმუნდით წყაროს სანდოობაში;
- ფაილის გახსნამდე გადაამოწმეთ, განახლებულია თუ არა თქვენი ანტივირუსი;
- ფაილის სანდოობის შემოწმება განახლებულ ანტივირუსს დაავალეთ;
- მუსიკა მხოლოდ ფასიანი ვებგვერდებიდან გადმოიწერეთ.
საზოგადოებრივი კომპიუტერი
ინტერნეტკაფეების და ბიბლიოთეკების კომპიუტერებს ბევრი იყენებს, რის გამოც ისინი ხშირად დავირუსებულია, თუ ამ მარტივ ინსტრუქციას მიჰყვებით, თქვენს პირად მონაცემებს კიბერსაფრთხეებისგან დაიცავთ:
- არ დაამახსოვრებინოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი საზოგადოებრივ კომპიუტერს;
- მუშაობას რომ დაამთავრებთ, გამოდით თქვენი ანგარიშიდან (LOG OUT);
- სანამ კომპიუტერს გათიშავთ, წაშალეთ ინტერნეტის ისტორია (BROWSING HISTORY) და ჩანაწერები, რითაც ყველა პირადი ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერში შეიყვანეთ, ავტომატურად წაიშლება;
- ეცადეთ, არ გამოიყენოთ ფლეშ მეხსიერების ბარათები, რადგან ისინი ვირუსებს მარტივად ისრუტავენ და შესაძლოა, შემდეგ ამ ბარათით თქვენი პირადი კომპიუტერი დაავირუსოთ;
- ყალბი ვებგვერდი ძალიან ჰგავს ნამდვილს და შეიძლება, იდენტური იყოს. თუ ამ ვებგვერდზე თქვენს პირად მონაცემებს შეიყვანთ (სახელი, პაროლი, ანგარიშის ნომერი ან სხვა), თქვენდა უნებურად მათ დამნაშავეებს გადასცემთ.
ყველაზე აუცილებელი
როგორც კი პაროლს შეიყვანთ, თქვენი პირადი ინფორმაცია საფრთხეში აღმოჩნდება, ამიტომ პაროლის უსაფრთხოებისთვის 10 მარტივი წესი უნდა დაიცვათ;
- კარგი პაროლი, სულ მცირე, 8 სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს;
- კარგი პაროლი მინიმუმ 1 სიმბოლოს და 1 ციფრს მაინც შეიცავს;
- არასდროს გამოიყენოთ პაროლად თქვენი სახელი, დაბადების თარიღი ან პირადი ნომერი;
- ეცადეთ, ციფრები არ გაიმეოროთ [1111] და არც თანმიმდევრობით დაალაგოთ ვ[123456].
- დაიმახსოვრეთ პაროლი.
სანდოობის შემოწმება
პირადი ინფორმაციის გადაცემამდე შეამოწმეთ, ვის გადასცემთ მას.
დაიცავით რამდენიმე მთავარი წესი:
- სანდო ვებგვერდებს კონფიდენციალურობის პოლიტიკა [Privacy — policy] აქვთ. ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტი და გაერკვიეთ, რისთვის გამოიყენებენ თქვენს მონაცემებს.
- თავი აარიდეთ პირადი ინფორმაციის ელფოსტით გაგზავნას. ეს არ არის უსაფრთხო.
- ნუ დაიმეგობრებთ სოციალურ ქსელში უცნობ ადამიანს.
- ვებგვერდზე სტუმრბამდე შეამოწმეთ მისი სანდოობა. ამისთვის ინტერნეტში არაერთი საშუალება არსებობს, მაგალითად: Https://TWITTYEER.norton.com.
ვინ არიან კიბერბულინგში ჩართული სუბიექტები?
- კიბერბულინგის გამტარებელი (cyber bully) – პირი, რომელიც სხვა პირის/პირთა მიმართ მიზანმიმართულ კიბერბულინგს ახორციელებს;
- მსხვერპლი – პირი, რომელიც მიზანმიმართული კიბერბულინგის სამიზნეა;
- ბულინგის შემსწრე (bustander) – პირი, რომელიც კიბერბულინგს შეესწრო, თუმცა პასიური პაზიცია აქვს, უგულებელყოფს ან ეთანხმება, აზიარებს, იწონებს.
სიძულვილის ენის შემცველი/დამცინავი კონტენტის გავრცელება
- სიძულვილის, დაცინვის, დამცირების, მუქარის შემცველი მესიჯის ან წერილის მიწერა, ისეთი პოსტის გავრცელება, რომელიც ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, რასას, რელიგიას, ეთნიკურ წარმომავლობას ან ადამიანის პირად თვისებებს (საუბრის მანერა), გარეგნობას (წითური თმა, მსუქანი, გამხდარი, დაბალი და ა.შ), ჩაცმულობას და სხვას შეეხება;
- მუქარა – ფიზიკური ზიანის ან ტკივილს მიყენების მუქარა;
- თვითმკვლელობისკენ წაქეზება ან ბრძანების მიცემა;
- შეცდომაში შეყვანა – სხვა ადამიანად თავის წარდგენა მეორე ადამიანისგან მის შესახებ პირადი ინფორმაციის მიღების მიზნით ან ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება;
- სექსტინგი – სექსუალური ხასიათის სახელის, კომენტარის, პოსტის ან შიშველი ფოტოს გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს დაცინვას, უხერხულ მდგომარეპობაში ჩაგდებას, შერცხვენას ან სექსუალური ძალადობის შემცველ მუქარას და მოწოდებას;
- დოქსინგი – სხვა ადამიანების მიერ კიბერბულინგის მიზნით გასაჯაროება ისეთი პერსონალური ინფორმაციისა, როგორიცაა მისამართი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის გვერდი;
- კიბერადევნება – არასასურველი და განმოერებითი კომუნიკაციის დამყარების მცდელობა ან კომუნიკაცია, რომელიც ელექტრონულად ან მობილური მოწყობილობის საშუალებით ხორციელდება. კიბერადევნება შეიძლება ფიზიკურ ადევნებასა და სექსუალურ შევიწროებაში გადაიზარდოს.
როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგი?
მოზარდი შესაძლოა იყოს კიბერბულინგის მსხვერპლი, თუ მის ქმედებებში მოულოდნელი და უჩვეულო თვისებები მჟღავნდება:
- მოულოდნელად წყვეტს სოციალურ ქსელში ნავიგაციას;
- კომპიუტერთან კონტაქტის შემდეგ ავლენს ნერვულ აშლილობას;
- მოულოდნელად წყვეტს კონტაქტებს;
- არ საუბრობს იმაზე, რას აკეთებს ონლაინ რეჟიმში ყოფნისას.
როგორ დავიცვათ თავი ბულინგისგან ?
- დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები.
- მოერიდეთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას.
- ტელეფონის, ტაბლეტის, აპლიკაციის, სოციალური მედიის (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, სნაპჩატი და ა.შ) კონფიდენციალურობის პარამეტრები (privacy settings) დააყენეთ ისე, რომ აკონტროლოთ, ვის შეუძლია თქვენთან დაკონტაქტება, თქვენს პირად სივრცეში (კედელზე) პოსტის ან კომენტარის დატოვება ან მისი გაზიარება. ასევე ყურადღებით აირჩიეთ, ვის აძლევთ თქვენ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა თუ სხვა კონტენტზე წვდომას.
- ყურადღებით მოეკიდეთ, ვის უმეგობრდებით ონლაინ. დაიმეგობრეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც პირადად იცნობთ და ენდობით.
- დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ ან დააკომენტარებთ. გახსოვდეთ, ონლაინ სივრცეში არაფერი იკარგება. ერთხელ დაპოსტილი ან დატოვებული კომენტარი სამუდამოდ რჩება და ის შეიძლება თქვენთვის არასასურველმა პიროვნებამ ნახოს.
- კიბერადევნების თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავეთ თქვენი ადგილსამყოფელის გაზიარებისგან. მოგზაურობასთან, კონცერტებთან და ა. შ. დაკავშირებული პოსტები და ფოტოები მოგვიანებით გააზიარეთ, უმჯობესია, სახლში დაბრუნების შემდეგ. გამორთეთ ლოკაციის ფუნქცია (gps location service) და ვიდეოკამერა, როდესაც მას არ იყენებთ.
რ ე ა გ ი რ ე ბ ი ს თ ვ ი ს
- კიბერბულინგის შემცველი მესიჯები არ წაშალოთ – მათი ე.წ. სქრინშოტები შეინახეთ. მნიშვნელოვანია პოსტების, კომენტარების, მესიჯების, თარიღების და თანმიმდევრობის დოკუმენტირებაც, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებას სიმართლის და დამნაშავის იდენტიფიცირებაში დაეხმარება, საიტის ადმინისტრაციას კი – ანგარიშის დაბლოკვასა ან სხვა სახის რეაგირებაში.
- გამოიყენეთ კონტაქტის დაბლოკვის ფუნქცია ტელეფონში, სოციალურ მედიაში თუ ე.წ. ჩატის სივრცეში.
- განუცხადეთ პრობლემის შესახებ სერვისპროვაიდერებს, სოციალურ მედიას და ვებგვერდებს. მათ მსგავსი პრობლემის გაცხადებისთვის სპეციალური საკომუნიკაციო არხები აქვთ.
- ასწავლეთ ბავშვებს, რომ კიბერბულინგის შესახებ აცნობონ მშობლებს, სკოლას, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს (მანდატური), პოლიციას (112).
ამ ფერწერული პლაკატის ავტორი მეშვიდეკლასელი ელისაბედ ბუსხრიკიძეა
როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს?
სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კიბერბულინგთან ბრძოლის ეფექტიანი სახელმწიფო სტრატეგია და განსაზღვროს ინტერნეტტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი, ამასთანავე, კიბერბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ოჯახისა და სკოლის როლი.
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა ან მკაცრი კონტროლი გამოსავალი და კიბერბულინგის პრევენციის საშუალებაა. რეალურად შეუძლებელია და უმართებულოცაა, თანამედროვე მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალო ან 24 საათის განმავლობაში აკონტროლო. საუკეთესო გამოსავალი ამ მხრივაც შვილთან უშუალო, მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთნდობის ატმოსფეროა. მშობელი ყველაზე უკეთ გაუგებს შვილს, თუ ის თავისი პრობლემების, მათ შორის – ონლაინ ურთიერთობის, შესახებ მოუყვება. მშობელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მაქსიმალურად გამონახოს დრო შვილთან ურთიერთობისთვის, მოუსმინოს მას და უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა აღუთქვას. მოზარდს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მშობელი მას დაეხმარება და სიტუაციას არ დაამძიმებს. თუ მოზარდის მიმართ უკვე ფიზიკური ზიანის საფრთხე იკვეთება, მშობელი, შვილთან შეთანხმებით, პოლიციას ატყობინებს და დაცვის შესაბამის ზომებს ითხოვს. როცა მშობელი/სკოლა აღმოაჩენს, რომ მოზარდი თავად ახორციელებს კიბერბულინგს, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რომ ის სოციოპათი ან მოძალადე არ არის – უბრალოდ, ზოგ ბავშვს თანაგრძნობის უნარი აკლია და შეცდომებს უშვებს. მშობელმა, მასწავლებელმა, მეგობარმა კიბერბულინგის განმხორციელებელს უპირველესად უნდა მიუთითონ, რომ ონლაინ სივრცეში ზუსტად ისეთივე ტკივილი და ზიანი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანს, როგორიც რეალურ ცხოვრებაში და მას ისევე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება, როგორც ეს ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენებისას ხდება.
სკოლის როლი
ყოველგვარი ფორმის ბულინგის, მათ შორის – კიბერბულინგის, საწინააღმდეგო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სკოლის პასუხიმგებლობა უნდა იყოს. სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მიმართ გამოკვეთილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში სკოლის უფროსკლასელთა ჩართვა აუცილებელია. როდესაც სკოლას ბულინგის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება შემუშავებული, თითოეულ მოსწავლეს ეცოდინება, რომ კიბერბულინგის განხორციელების შემთხვევაში, მორალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, მათ დისციპლინური პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.
კიბერბულინგთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია სკოლებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლება. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების აქტივობები, როგორიცაა კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოსტერების და ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა-გავრცელება მოსწავლეთა ჩართულობით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მედია და ინფორმაციულიწიგნიერება, მედიის განვითარების ფონდი, 2019
- www.mdfgeorgia.ge
- www.millab.ge