თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი
უდანაკარგო მეთოდის გაცნობისა შემდეგ მშობლებს მრავალი
კითხვა უჩნდებათ მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი თავდაპირველად
სირთულეებს აწყდება. გთავაზობთ ზოგიერთ მინიშნებას, რომელიც მშობლებს III მეთოდის თანმდევი
გავრცელებული პრობლემების გადაჭრაში და შვილებს შორის წარმოქმნილი გამაღიზიანებელი კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარება.
როგორ
დავიწყოთ?
უდანაკარგო მეთოდის პირველივე წარმატებული მცდელობის
მქონე მშობლები სერიოზულად უდგებიან ჩვენს რჩევას იმის შესახებ, რომ საჭიროა შვილებს
ავუხსნათ მეთოდის არსი. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების უმრავლესობამ, ისევე როგორც
მშობლებმა არაფერი იციან III მეთოდის
შესახებ. ისინი მიჩვეულები არიან კონფლიქტების გადაჭრას I ან II მეთოდის საშუალებით
და აუცილებლად სჭირდებათ იმის ცოდნა, რა განსხვავებაა ამ სამ მეთოდს შორის.
მშობელი უხსნის სამივე მეთოდს და აღწერს განსხვავებას.
ის აღიარებს, რომ ხშირად იმარჯვებდა შვილის დამარცხების ხარჯზე და პირიქით. შემდეგ
ის ღიად გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას, უარი თქვას გამარჯვება–დამარცხების მეთოდზე
და მოსინჯოს უდანაკარგო მეთოდი.
როგორც წესი, ამგვარი შესავალი ბავშვებს ხიბლავს. ისინი
ინტერესდებიან III მეთოდით
და მოუთმენლად ელიან მის გამოყენებას. ზოგიერთი მშობელი დასაწყისისათვის უხსნის, რომ
ისწავლა როგორ გამხდარიყო კარგი მშობელი და ეს მეთოდი ერთ–ერთია, რომლის გამოცდაც სურს.
რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა გაუმართლებელია მცირეწლოვანებთან. მათთან წინასწარი ახსნის
გარეშე იწყებს მშობელი.
უდანაკარგო
მეთოდის ექვსი საფეხური
მშობლებისთვის სასარგებლოა იმის გაგება, რომ უდანაკარგო
მეთოდი სინამდვილეში ექვს დამოუკიდებელ საფეხურს მოიცავს. თუ ამ საფეხურებს მივყვებით,
წარმატების შანსიი იზრდება:
საფეხური 1: კონფლიქტის გაგება და განსაზღვრა.
საფეხური 2: გადაჭრის შესაძლო ალტერნატივების შემუშავება.
საფეხური 3: ალტერნატივების შეფასება.
საფეხური 4. საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა.
საფეხური 5: გადაწყვეტილების შესრულება.
საფეხური 6: შედეგების შეფასება.
ყოველი საფეხურს გარკვეული საკვანძო თავისებურებები
ახასიათებს და როდესაც მშობელმა იცის და იყენებს ამ თავისებურებებს, შეუძლია მრავალი
სირთულე და მახე აიცილოს თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პრობლემის გადაჭრისას
შესაძლოა არც კი დაგვჭირდეს ექვსივე საფეხურის გავლა, სასურველია, მშობელმა იცოდეს,
რას მოიცავს ყოველი მათგანი.
III მეთოდისთვის მომზადება
ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც მშობელს სურს
შვილის ჩართვა პრობლემის გადაჭრაში. მან ჯერ უნდა მიიპყროს შვილის ყურადღება, ხოლო
შემდეგ დარწმუნდეს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს პრობლემის გადაჭრაში. მშობლის
წარმატების შანსი იზრდება, თუკი:
1.
შვილს
მკაფიოდ და მოკლედ ეტყვის, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. არ უნდა
გამოიყენოს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „გინდა, გადავჭრათ ეს პრობლემა?” ან „მგონი,
კარგი იქნებოდა, ამ საქმისთვის მიგვეხედა”.
2.
ძალიან
მკაფიოდ ეტყვის, რომ სურს შვილთან ერთად მოძებნოს ორივესათვის მისაღები გადაწყვეტილება, ისე რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს
და ორივეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. მნიშვნელოვანია შვილს სჯეროდეს, რომ მშობელს
გულწრფელად სურს უდანაკარგო გადაწყვეტილების მოძებნა. მან უნდა იცოდეს, რომ „თამაშს”III მეთოდი
ჰქვია, ის უდანაკარგოა და მასში არ იქნება არც გამარჯვებული და არც დამარცხებული.
3.
შეუთანხმდება
შვილს დაწყების დროზე. შეარჩევს ისეთ დროს, როცა შვილი არ არის დაკავებული და არსად
ეჩქარება, რათა ნაკლები იყოს მისი მხრიდან წინააღმდეგობისა და აღშფოთების ალბათობა.
საფეხური
1: კონფლიქტის გაგება და განსაზღვრა
პირველი საფეხური უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ
ამ დროს ხდება მშობლებისა და შვილების მოთხოვნილებების განსაზღვრა. ხშირად ის რაც კონფლიქტად
და პრობლემად გვეჩვენება, „მოჩვენებითი” და არა რეალური პრობლემა აღმოჩნდება ხოლმე.
ამას გარდა მშობელს ხშირად გაუცნობიერებლად წინასწარ
აქვს ხოლმე მომზადებული გადაწყვეტილება, რომელიც ჰქონია რომ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას
და აღარ ცდილობს თვით ამ მოთხოვნილების გამოხატვას. მოთხოვნილებებისა და გადაწყვეტილებების
გამიჯვნა შესაძლოა რთული იყოს, რადგან ხშირად, სიტყვა „მოთხოვნილება” თვით ამ მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად გამიზნული გადაწყვეტილება უფროა ხოლმე.
მართალია, აქტიური მოსმენა მოთხოვნილებების გადაწყვეტილებებისაგან
გასამიჯნად ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, ასევე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი
კითხვები, როგორიცაა: „რა ხეირი მექნება?” ან „რა ხეირი გექნება?” მაგალითად, ფრაზა,
„ახალი მანქანა მჭირდება” მოთხოვნილებაა თუ გადაწყვეტილება? პასუხი კითხვაზე, „რა ხეირი
მექნება?” შესაძლოა იყოს: „სამსახურში უფრო უსაფრთხოდ ვივლი”, „ჩემს იმიჯზე კარგად
იმოქმედებს”, „ფულს დავზოგავ, რადგან ძველი მანქანა ბენზინს „ჭამს” და მუდმივად შეკეთება
სჭირდება”. ეს პასუხები მოთხოვნილებებია, ხოლო ახალი მანქანა გამოსავალი (გადაწყვეტილება).
შესაძლოა თქვენმა შვილმა თქვას, რომ საკუთარი ოთახი
სჭირდება, რაც სინამდვილეში გამოსავალია. რა სარგებელი ექნება შვილს საკუთარი ოთახით?
პრივატულობა, საკუთარი სივრცე, სიმშვიდე და სხვ. ეს მოთხოვნილებებია (რომელიც საფუძვლად
უდევს გამოსავალს), ხოლო საკუთარი ოთახი გამოსავალი.
თუკი მშობელი და შვილი ცხადად ვერ გაიგებს და გამოხატავს
საკუთარ მოთხოვნილებებს პროცესი ერთ ადგილზე გაიყინება. მომდევნო საფეხურები არასწორად
წარიმართება და კონფლიქტი ვერ გადაიჭრება.
1.
შვილს მკაფიოდ და ზუსტად აუხსენით რა გრძნობები გაქვთ,
რა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გსურთ ან რა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია
მე–შეტყობინების გაგზავნა: „როცა სიჩქარის გადაჭარბებით დადიხარ შენზე და ჩემს მანქანაზე
ვდარდობ”; „ნაწყენი ვარ, რადგან მთელი საოჯახო საქმის გაკეთება მე მიწევს და უბრალოდ
დრო აღარ მრჩება დასასვენებლად”. ეცადეთ უარი თქვათ ისეთ შეტყობინებებზე, რომელიც ამცირებს
ან ადანაშაულებს ბავშვს: „თავქარიანივით მართავ მანქანას”, „ბავშვები ნამდვილი მუქთამჭამელები
ხართ”.
2.
არ დაიზაროთ აქტიური მოსმენა რათა გაიგოთ ბავშვის მოთხოვნილებები.
3.
ჩამოაყალიბეთ კონფლიქტის ან პრობლემის არსი, რომ თქვენც
და შვილმაც იცოდეთ რა გაქვთ გადასაჭრელი.
საფეხური
2: გადაჭრის შესაძლო ალტერნატივების შემუშავება
ამ ფაზაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა გადაწყვეტილებების თავმოყრა. მშობელმა შესაძლოა იკითხოს: „რისი
გაკეთება შეგვიძლია?” „რა გამოსავალი შეიძლება იყოს?” „მოდი, ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ
შესაძლო ვარიანტები”, „ალბათ, ამ ჩვენი პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა არსებობს”.
შესაძლოა ქვემოთ მოცემული რჩევები სასარგებლო მოგეჩვენოთ:
1.
თავდაპირველად ეცადეთ შვილის გადაწყვეტილებები მოისმინოთ
და შემდეგ თქვენი გაუზიაროთ. (მცირეწლოვანებმა, შესაძლოა, ჯერ ვერ გაართვან ამ ამოცანას
თავი).
2.
მნიშვნელოვანია, რომ არ შეაფასოთ, განსაჯოთ ან დააკნინოთ
არც ერთი შემოთავაზებული ალტერნატივა. ამის საშუალება მომდევნო საფეხურზე გექნებათ.
მიიღეთ ყველა იდეა. რთული პრობლემების შემთხვევაში
შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატივების ჩაწერაც.
3.
ამ ეტაპზე ეცადეთ არ გააკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელიც
მიანიშნებს, რომ რომელიმე შემოთავაზებული ალტერნატივა მიუღებელია თქვენთვის.
4.
როცა უდანაკარგო მეთოდს ისეთი პრობლემის გადასაჭრელად
ვიყენებთ, რომელშიც რამდენიმე შვილია ჩართული და რომელიმე მათგანი არ გვთავაზობს საკუთარ
ალტერნატივას, ეცადეთ წაახალისოთ.
5.
გადაწყვეტილების ალტერნატივების დასახელება მანამ გააგრძელეთ,
სანამ არ ამოწურავთ შესაძლო ვარიანტებს.
საფეხური
3: ალტერნატივების შეფასება
ამ ფაზაში ხდება სხვადასხვა შესაძლო გადაწყვეტილებების
შეფასება. მშობელმა შესაძლოა თქვას: „კარგი, რომელი გადაწყვეტილება გეჩვენება საუკეთესოდ?”
„მოდი, ვნახოთ რომელია ყველაზე სასურველი”, „რას ფიქრობ ამ შესაძლო გადაწყვეტილებებზე?”
„შენი აზრით, ეს ჯობია თუ მეორე?”
როგორც წესი, ალტერნატივები დაიყვანება ერთ ან ორ გადაწყვეტილებამდე,
რომელიც საუკეთესოდ ეჩვენება მშობელსაც და შვილსაც და გამოირიცხება ნებისმიერი მიზეზით
მშობლისათვის ან შვილისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებები. ამ საფეხურზე მშობელს უნდა
ახსოვდეს, რომ გულწრფელი იყოს საკუთარი გრძნობების გამოხატვისას – „ეს ვარიანტი უფრო მაწყობს”, „ეს არის ის, რაც გამახარებდა”,
„არა მგონია, ეს სამართლიანი იყოს”.
საფეხური
4. საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა
ეს საფეხური არც ისე რთულია, როგორც ხშირად ჰგონიათ
მშობლებს. თუკი წინა საფეხურებს მშვიდობიანად გაივლიან და იდეებსა და რეაქციებს გულღიად
გაუზიარებენ ერთმანეთს, ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილება ბუნებრივად გამოიკვეთება ხოლმე
მსჯელობის შედეგად. ზოგჯერ მშობელი ან შვილი სთავაზობს ისეთ შემოქმედებით გადაწყვეტილებას,
რომელიც იმავდროულად საუკეთესოცაა და ორივე მხარისათვის მისაღებიც.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ამ საფეხურთან დაკავშირებით:
1.
გააგრძელეთ დარჩენილი ალტერნატივების „გამოცდა” ბავშვისთვის
ისეთი კითხვების დასმით, როგორიცაა: „ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება?” „ყველას დაგვაკმაყოფილებს
ამგვარი გამოსავალი?” „შენი აზრით ასე შევძლებთ პრობლემის გადაჭრას?” „ასეთი გამოსავალი
გვაწყობს?”
2.
არ იფიქროთ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და შეუძლებელია
მისი შეცვლა. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგეხმაროთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „კარგი,
მოვსინჯოთ ეს ვარიანტი და ვნახოთ”, „ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე შევჩერდით, დავიწყოთ
მისი შესრულება და ვნახოთ გამოგვადგება თუ არა პრობლემის გადასაჭრელად”, „მე მომწონს
ვარიანტი, შენ თანახმა ხარ მოსინჯო?”
3.
თუკი გადაწყვეტილება რამდენიმე ასპექტს მოიცავს, კარგი
იქნება მათი დაწერა, რომ არც ერთი არ დაგვავიწყდეს.
4.
უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველას ესმის და მზად არის შეასრულოს
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვალდებულებები:
„კარგით, ეს არის ის რაზეც შევთანხმდით”, „ახლა გვესმის, რომ ეს ჩვენი შეთანხმებაა
და ჩვენ–ჩვენი პასუხისმგებლობები უნდა შევასრულოთ”.
საფეხური
5: გადაწყვეტილების შესრულება
ხშირად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭირო ხდება
დეტალურად აღიწეროს მისი შესრულების პროცედურა. მშობლებმა და ბავშვებმა ერთმანეთს უნდა
ჰკითხონ: „ვინ რას გააკეთებს და როდის?” „რა გვჭირდება გადაწყვეტილების შესასრულებლად?”
„როდის დავიწყოთ?”
საოჯახო საქმიანობასთან დაკავშირებული კონფლიქტებისას
შესაძლოა სასარგებლო იყოს შემდეგი კითხვების განხილვა: „რამდენჯერ?” „რომელ დღეებში?”
„რა სტანდარტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?”
ძილის დროსთან დაკავშირებული კონფლიქტებისას შესაძლოა
საჭირო გახდეს იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გაახსენებს ბავშვებს, რომ ძილის დრო მოვიდა.
ოთახის სისუფთავესთან დაკავშირებული კონფლიქტებისას
შესაძლოა საჭირო გახდეს სისუფთავის სტანდარტზე მსჯელობა.
შესრულების საკითხი შეიძლება მანამ გადავდოთ, სანამ
საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შევთანხმდებით. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ როგორც
კი მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ, მისი შესრულება, როგორც წესი, საკმაოდ
ადვილია ხოლმე.
საფეხური
6: შედეგების შეფასება
უდანაკარგო მეთოდით მიღებული ყველა გადაწყვეტილება როდი
აღმოჩნდება ხოლმე კარგი. საჭიროა მშობელი დროდადრო დაინტერესდეს, კმაყოფილია თუ არა
შვილი მიღებული გადაწყვეტილებით. ხშირად ხდება ხოლმე რომ ბავშვი ისეთი გადაწყვეილების
შესრულების პასუხისმგებლობას იღებს, რომლის ძალა არ შესწევს. ისეც ხდება, რომ მშობელს
სხვადასხვა მიზეზთა გამო უჭირს აღებული ვალდებულებების შესრულება. მშობელს შეუძლია
ერთგვარი უკუკავშირი ჰქონდეს შვილთან: „რას ფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ?”
„კმაყოფილი ხარ გადაწყვეტილებით?” ასეთი კომუნიკაციით შვილი რწმუნდება, რომ ზრუნავთ
მის მოთხოვნილებებზე.
ზოგჯერ შედეგებისათვის თვალყურის დევნებისას აღმოჩნდება
ხოლმე, რომ თავდაპირველ გადაწყვეტილებას შეცვლა სჭირდება. მაგალითად, ნაგვის ყოველდღიური
გადაყრა შესაძლოა შეუძლებელი და არასაჭირო აღმოჩნდეს; შაბათ–კვირას ყოველთვის
11:00 საათზე ვერ იქნება მოზარდი სახლში, რადგან მეგობრებთან ერთად კინოთეატრში წასვლა
გადაწყვიტა. ერთ–ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ საოჯახოს საქმიანობასთან დაკავშირებით
უდანაკარგო მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება შესაცვლელი იყო: ქალიშვილისაგან, რომელმაც
საღამოს ჭურჭლის დარეცხვა აიღო საკუთარ თავზე, კვირაში 5–6 საათს მოითხოვდა, მაშინ
როდესაც ვაჟს, რომელსაც საერთო აბაზანა და სასადილო ოთახი უნდა დაესუფთავებინა, მხოლოდ
3 საათი ეხარჯებოდა კვირაში. ასეთი გადაწყვეტილება ქალიშვილის მიმართ უსამართლო იყო
და რამდენიმე კვირის შემდეგ შეიცვალა.
ცხადია, ყველა კონფლიქტის დროს აუცილებელი არა არის
უდანაკარგო მეთოდით გათვალისწინებული ექვსივე საფეხურის გავლა. ზოგჯერ კონფლიქტი ადვილად
იჭრება პირველივე გადაწყვეტილების შეთავაზებისას. ზოგჯერ კი საბოლოო გადაწყვეტილება
კონფლიქტის რომელიმე მონაწილეს მე–3 საფეხურზე მოსდის თავში, მანამდე შემოთავაზებული
ალტერნატივების შეფასებისას. როგორც არ უნდა იყოს, სასურველია, რომ გონებაში ექვსივე
საფეხური გვქონდეს.
აქტიური
მოსმენისა და მე–შეტყობინების როლი
უდანაკარგო მეთოდი მოითხოვს პრობლემის გადაჭრაში მონაწილე
ყველა მხარის ჩართულობას, ამიტომაც მის აუცილებელ წინაპირობად ეფექტური კომუნიკაცია
გვევლინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ფართოდ უნდა გამოიყენონ აქტიური მოსმენა
და გააგზავნონ მე–შეტყობინებები. უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას მშობელი ძნელად
აღწევს წარმატებას, თუკი შესაბამისი უნარები არ აქვს.
აქტიური მოსმენა, პირველ რიგში, საჭიროა იმისათვის,
რომ მშობელმა აუცილებლად უნდა გაიგოს შვილის მოთხოვნილებები. რა სურს მას? რატომ აგრძელებს
იმის კეთებას, რაც როგორც უკვე გაიგეს, მიუღებელია მშობლებისთვის? რომელი მოთხოვნილებები
აიძულებს მას ასე მოიქცეს?
რატომ არ უნდა ბონის საბავშვო ბაღში სიარული? რატომ
არ იცმევს ჯეინი ‘საზიზღარ” ქურთუკს? რატომ ტირის და ჯიუტონს ნათანი, როდესაც დედა
ძიძასთან დატოვებას უპირებს? რა მოთხოვნილებები აიძულებს ჩემს ქალიშვილს სააღდგომო
დღესასწაულის სანაპიროზე გატარებას?
აქტიური მოსმენა მძლავრი იარაღია, რომელიც ბავშვს ეხმარება
გული გაუხსნას და გაუზიაროს უფროსს თავისი ნამდვილი მოთხოვნილებები და გრძნობები. როგორც
კი მშობელი ამას შეძლებს, მომდევნო ნაბიჯად მხოლოდ ის რჩება, რომ ამ მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების სხვა გზები მონახოს, ისეთი, რომლის დროსაც ბავშვს აღარ დასჭირდება მშობლისთვის
მიუღებელი ქცევა.
რაკი პრობლემის გადაჭრამ შესაძლოა როგორც მშობლების,
ასევე შვილების მხრიდან, მძაფრი გრძნობების წარმოშობას შეუწყოს ხელი, აქტიური მოსმენა
ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ დაძაბულობის განმუხტვას უწყობს ხელს. ამის გარეშე
კი, შეუძლებელია პრობლემის შმდგომი ეფექტური გადაჭრა.
და ბოლოს, აქტიური მოსმენა გვეხმარება ბავშვს გავაგებინოთ,
რომ მის მიერ შემოთავაზებული წინადადებები ჩვენთვის ღირებულია; მათი მსჯელობა და შეფასება
სასურველი და მისაღებია.
უდანაკარგო მეთოდის განხორციელების პროცესში ასევე მნიშვნელოვან
ფუნქციას ასრულებს მე–შეტყობინებაც, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს იცოდეს მშობლის
გრძნობების შესახებ და ამასთან თავი გაკიცხულად, დამცირებულად და დამნაშავედ არ იგრძნოს.
ჩვეულებრივ, კონფლიქტის გადაჭრისას შენ–შეტყობინება საპასუხო შენ–შეტყობინების პროვოცირებას
უწყობს ხელს, რის შედეგად დისკუსია არაპროდუქტიულ სიტყვიერ ბრძოლად გადაიქცევა ხოლმე.
მისი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო მეტი შეურაცხყოფის მიყენებას
შეძლებს მეორე მხარისთვის.
მე–შეტყობინება შვილებს აგებინებს, რომ მოთხოვნილებები
მშობლებსაც აქვთ და მშობლებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი მოთხოვნილებები
მხოლოდ იმის გამო არ უგულებელყვეს, რომ ეწინააღმდეგებოდა შვილების მოთხოვნილებებს.
მე–შეტყობინება შვილს მშობლის თამასის შესახებაც აწვდის ინფორმაციას – რას ვერ მოითმენს
და რის დათმობას შეძლებს. მე–შეტყობინება შემდეგი ინფორმაციას გადასცემს ბავშვს: „მეც
ადამიანი ვარ ჩემი მოთხოვნილებებით და გრძნობებით”, „უფლება მაქვს მეც დავტკბე ცხოვრებით”,
„მეც მაქვს ამ ოჯახში ჩემი უფლებები”.
უდანაკარგო
მეთოდის გამოყენების პირველი მცდელობა
P.E.T. კურსებზე
მშობლებს ვურჩევთ ხოლმე, ეცადონ პრობლემის უდანაკარგო გადაჭრის მეთოდი თავდაპირველად
ძველი და არა ახალი პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენონ, რომელიც გადაუდებელ ჩარევას
მოითხოვს. ამ პირველი მცდელობისას ასევე გონივრული იქნება შვილებს საშუალება მივცეთ
ის პრობლემები გამოთქვან, რომლებიც აწუხებთ. ამრიგად, პირველი მცდელობა შესაძლებელია
ამგვარი შესავლით დავიწყოთ:
„ახლა, როცა ვიცნობთ
უდანაკარგო მეთოდს (ანუ III მეთოდს), მოდით, ჩამოვთვალოთ ყველა პრობლემა, რომელიც ოჯახში გვაქვს.
პიველ რიგში, თქვენი აზრით რა პრობლემები გვაქვს? რომელი პრობლემების გადაჭრა გსურთ?
რა გწყინთ?”
პროცესის დაწყება ბავშვების მიერ პრობლემების განსაზღვრით
ცხადია. პირველ ყოვლისა, ბავშვებს უხარიათ დაწრმუნდნენ, რომ ახალი მეთოდი მათთვის ხელსაყრელია. მეორე, მათ არ უყალიბდებათ არასწორი
წარმოდგენა, თითქოს მშობლებმა საკუთარ ინტერესების სასარგებლოდ რაღაც ახალი მეთოდი
მოიგონეს. ერთ–ერთ ოჯახში ამ მეთოდის პირველი მცდელობის შედეგები მშობლების მხრიდან
არასასურველი ქცევის ასეთი ჩამონათვალის შედგენით დასრულდა:
მამას ყოველთვის არ მოაქვს საკმარისი სურსათი;
დედა ყოველთვის არ გვაძლევს შაბათ–კვირას მამასთან დროის
გატარების საშუალებას;
დედა ყოველთვის არ გვეუბნება, როდის დაბრუნდება სამსახურიდან
და დაიწყებს სადილის მომზადებას;
ხშირად გვპირდება და არ ასრულებს დანაპირებს.
ამ პრეტენზიების გამოთქმის შემდეგ მოზარდები მეტად იყვნენ
განწყობილნი მოესმინათ დედისა და მამის წუხილი მათ ქცევასთან დაკავშირებით.
ზოგჯერ მიზანშეწონილია პრობლემის უდანაკარგო ეფექტური
გადაჭრა ზოგად წესებზე შეთანხმებით დავიწყოთ. მაგალითად, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე,
რომ მოსაუბრეს არ გავაწყვეტინოთ; მიუღებელია ხმის მიცემა, რადგან საქმე ეხება ყველასთვის
ერთნაირად მისაღები გადაწყვეტილების მოძებნას; თუ კონფლიქტი მხოლოდ ორს ეხება, დანარჩენები
ოთახიდან გადიან; პრობლემის გადაჭრისას მიუღებელია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა.
ერთ–ერთი ოჯხი იმაზეც კი შეთანხმდა, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესში არავინ უპასუხებდა
ტელეფონს. ბევრი ოჯახი სასარგებლოდ მიიჩნევს გარკვეული თვალსაჩინოების – ცხრილების,
სქემების და სხვ. გამოყენებას რთული პრობლემის გადაჭრის პროცესში.
პრობლემები, რომელსაც მშობლები აწყდებიან
მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს ახალი მეთოდის გამოყენებისას.
ბავშვებს კი, განსაკუთრებით, მოზარდებს დროს სჭირდებათ, რომ კონფლიქტის არაძალაუფლებრივი
გზით გადაჭრას შეეჩვიონ, მათ გამარჯვება–დამარცხება მეთოდების გამოყენების მდიდარი
გამოცდილება აქვთ. მშობლებმაც და შვილებმაც უნდა დაივიწყონ ქცევის ზოგიერთი ძველი მოდელი
და ახალი ისწავლონ, ეს კი ყოველთვის ბუნებრივად და ბიძგის გარეშე არ გამოდის ხოლმე.
ჩვენი კურსების მსმენელი მშობლების დახმარებით დავაზუსტეთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები
და პრობლემები.
თავდაპირველი
უნდობლობა და წინააღმდეგობა
ზოგიერთი მშობელი შვილების, განსაკუთრებით მოზარდების
მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას – მათ მშობლებთან
ალაუფლებისათვის ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. აი, რას ამბობენ ისინი:
„ჯინიმ უბრალოდ უარი გვითხრა ერთად დავმჯადიყავით”.
„ბილი გაბრაზდა და ოთახიდან გავიდა, რადგან თავისი ვერ
გაიტანა”.
„ჰანანი უბრალოდ იჯდა და პირქუშად დუმდა”.
„სტეფანმა თქვა, რომ ჩვენ მაინც ჩვენს აზრზე დავრჩებოდით,
როგორც ჩვეულებრივ, ხდებოდა ხოლმე”.
ამგვარ უნდობლობისა და წინააღმდეგობის დაძლევის საუკეთესო
გზაა მშობელმა დროებით განზე გადადოს პრობლემის გადაჭრა და ეცადოს გაიგოს, რისი თქმა
სურს ბავშვს. ამისათვის აქტიური მოსმენა საუკეთესო ინსტრუმენტია. ის წაახალისებს ბავშვს
გულღიად გამოხაროს საკუთარი გრძნობები. თუკი ამას შეძლებენ, წინგადადგმული ნაბიჯია,
რადგან როგორც კი განმუხტვას შეძლებენ, პრობლემის გადაჭრის პროცესში ერთვებიან. თუ
ბავშვი არ იხსნება და არ სურს საუბარი, მშობელმა უნდა მოსინჯოს საკუთარი გრძნობების
გაზიარება მე–შეტყობინების სახით:
„აღარ
მინდა ძალაუფლების გამოყენება, მაგრამ არც პოზიციების მთლიანად დათმობა მინდა”.
„ნამდვილად
მინდა ისეთი გამოსავალი მოვძებნოთ, რომელიც მისაღები იქნება შენთვის”.
„არ
ვცდილობთ დათმობა გაიძულოთ, მაგრამ არც ჩვენ გვინდა დავთმოთ”.
„დავიღალეთ
მუდმივი ბრძოლით. ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენი კონფლიქტების მოგვარებას ახლებურად”.
„ძალიან
მინდა მოვსინჯოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა”.
ჩვეულებრივ, ასეთი შეტყობინებები ეფექტურად ძლევს ხოლმე
უნდობლობასა და წინააღმდეგობას. თუკი ასე არ მოხდა, უკეთესია, მშობელმა რამდენიმე დღით
უბრალოდ დაანებოს პრობლემის გადაჭრას თავი და შემდეგ ისევ მოსინჯოს უდანაკარგო მეთოდი.
„უბრალოდ გაიხსენეთ, თავდაპირველად როგორ სკეპტიკურად
და უნდობლად იყავით განწყობილი უდანაკარგო მეთოდის მიმართ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ
თქვენი შვილის პირველი სკეპტიკური რეაქცია”, ვეუბნებით ხოლმე მშობლებს.
„როგორ
მოვიქცეთ, თუკი მისაღებ გადაწყვეტილებას ვერ ვიპოვნით?”
ეს მშობლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამ შიშს საფუძველი აქვს, იშვიათია, რომ უდანაკარგო მეთოდით
პრობლემის გადაჭრა უშედეგოდ დამთავრდეს და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება
არ მოიძებნოს. როდესაც ოჯახი პრობლემის გადაჭრისას ჩიხში ექცევა, ეს იმის ნიშანია,
რომ მშობლებიც და შვილებიც ჯერ კიდევ გამარჯვება–დამარცხების, ძალაუფლებისათვის ბრძოლის
ჩარჩოთი ხელმძღვანელობენ.
ასეთ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ ხოლმე არ დანებდნენ
და გააგრძელონ მცდელობა. მაგალითად:
1.
ისაუბრეთ.
2.
დაუბრუნდით მე–2 საფეხურს და კიდევ რამდენიმე ალტერნატივა
მოძებნეთ.
3.
პრობლემის გადაჭრის პროცესი მეორე დღისათვის გადადეთ.
4.
გაამხნევეთ პროცესის მონაწილეები: „კარგით რა, ხომ უნდა
არსებობდეს რაიმე გზა”, „მოდით, მოვინდომოთ და მოვძებნოთ მისაღები გადაწყვეტილება”,
„ყველა ვარიანტი განვიხილეთ?” „კიდევ ვცადოთ!”
5.
მკაფიოდ განსაზღვრეთ შექმნილი სირთულის არსი და სცადეთ
გაარკვიოთ, ხომ არ იმალება მის მიღმა რომელიმე უფრო რთული პრობლემა. „საინტერესო იქნება
გავიგოთ, კონკრეტულად რა გვიშლის ხელს პრობლემის გადაჭრაში”, „იქნება არის რაღაც სხვა
პრობლემები, რომლებსაც ჯერ ვერ მივაგენით?”
როგორც წესი, ამ მიდგომათაგან რომელიმე ამართლებს და
პრობლემის გადაჭრის პროცესი განახლდება ხოლმე.
მივუბრუნდეთ
თუ არა I მეთოდს, IIIმეთოდის წარუმატებლობის შემთხვევაში?
„უდანაკარგო მეთოდის გამოყენება ვცადეთ და უშედეგოდ.
ამიტომ სიმტკიცე შევინარჩუნე და გადაწყვეტილება მივიღე”.
ზოგიერთი მშობელი ვერ უძლებს ცდუნებად დაუბრუნდეს I მეთოდს. ჩვეულებრივ,
ამას სავალალო შედეგები აქვს ხოლმე. ბავშვები ბრაზობენ; ისინი გრძნობენ, რომ მოტყუვდნენ,
როცა დაიჯერეს, რომ მშობლებს ახალი მეთოდის მოსინჯვა სურდათ; უდანაკარგო მეთოდის გამოყენების
მომდევნო მცდელობისას მათ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და წინააღმდეგობა ექნებათ.
მშობელი თავდაუზოგავად უნდა ეცადოს არ მიუბრუნდეს I მეთოდს. ასევე
დამღუპველია II მეთოდის
გამოყენებაც და ბავშვებისათვის გამარჯვების უფლების დათმობაც, რადგან უდანაკარგო მეთოდის
გამოყენების შემდგომი მცდელობისას ისინი ეცდებიან ისარგებლონ მშობლების სისუსტით და
თავს არ დაზოგავენ, რომ თავისი გაიტანონ.
შეიძლება
თუ არა დასჯის გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას?
ზოგჯერ მშობლები (ან შვილები) აღიარებენ, რომ უდანაკარგო
მეთოდით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებისას ითვალისწინებენ ჯარიმის ან დასჯის
შესაძლებლობას იმ შემთხვევისთვის, თუკი ბავშვები არ დაიცავენ შთანხმებას.
ასეთ აღიარებებზე ჩემი თავდაპირველი რეაქცია ასეთი იყო:
თუკი ჯარიმა ან სასჯელი ორმხრივად მისაღებია, მაშინ დასაშვებია, ოღონდ იმ პირობით,
რომ მშობლებმაც უნდა აგონ პასუხი თავის
წილ პასუხისმგებლობებზე. ახლა სხვაგვარად ვფიქრობ.
გაცილებით გონივრულია
თუკი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ჯარიმას ან სასჯელს.
პირველ რიგში, ამით მშობელი აგებინებს შვილს, რომ სასჯელი საერთოდ მიუღებელი იქნება
მათი ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას შვილები სთავაზობენ, როგორც ეს ხშირად
ხდება ხოლმე. მეორე, გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუკი ბავშვების კეთილი განზრახვისა
და პატიოსნების გვჯერა. აი რას ამბობენ ბავშვები: „როცა ვგრძნობ, რომ მენდობიან, ვცდილობ
გავამართლო ნდობა. მაგრამ თუკი ვგრძნობ, რომ მშობელი ან მასწავლებელი არ მენდობა, თავს
ვეღარ ვიკავებ და იმას ვაკეთებ, რაშიც ბრალს მდებენ. მათი აზრით, მე ცუდი ვარ. ჩემზე
ხელი აქვთ ჩაქნეული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღარაფერს დავკარგავ, თუ მართლაც ცუდად
მოვიქცევი”.
უდანაკარგო მეთოდის გამოყენებისას მშოვლებს უბრალოდ
უნდა სჯეროდეთ, რომ ბავშვები პირობას იცავენ.
ახალი მეთოდი ერთმანეთის ნდობას გულისხმობს, იმის რწმენას, რომ ორივე მხარე გულწრფელად
ესწრაფვის აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას. ჯარიმის ან სასჯელის შესახებ ნებისმიერი საუბარი აუცილებლად გამოიწვევს ნდობის
დაკარგვას, ეჭვს, იმედგაცრუებას, პესიმიზმს. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ბავშვებიყოველთვის იცავენ შეთანხმების პირობებს.
რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მშობლებს უნდა სჯეროდეთ, რომ დაიცავენ. „უდანაშაულოა,
სანამ არ დანაშაული არ დაუმტკიცდება” ან „პასუხისმგებელია, სანამ უპასუხისმგებლობას
არ გამოავლენს” – ეს არის ჩვენი ფილოსოფია.
როცა
ხელშეკრულება ირღვევა
ცხადია, ბავშვები ზოგჯერ არ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.
რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?
1.
აღმოაჩენენ, რომ აღებული ვალდებულება მეტისმეტად რთული
შესასრულებელია.
2.
უბრალოდ არ აქვთ თვითდისციპლინისა და თვითმართვის საკმარისი
გამოცდილება.
3.
დისციპლინისა და კონტროლის თვალსაზრისით აქამდე მშობლის
ძალაუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი.
4.
არ ახსოვთ ვალდებულებები.
5.
უდანაკარგო მეთოდს ამოწმებენ – მართლა იმას გულისხმობენ
მშობლები რასაც ამბობენ, თუ არა, შეიძლება თუ არა დანაპირები არ შეასრულო და „შეგრჩეს”.
6.
თავის დროზე ისინი მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ მიღებულ
გადაწყვეტილებას, რომ სურდათ, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო პრობლემის გადაჭრის
დამღლელი პროცესი.
ბავშვების მიერ შეთანხმების პირობის დარღვევის ზემოაღნიშნულ
მიზეზებს მშობლები ასახელებენ.
ჩვენ ვურჩევთ მშობლებს არ დატოვონ უყურადღებოდ შეთანხმების
დარღვევის არც ერთი შემთხვევა – პირდაპირ და გულწრფელად იმოქმედონ. გასაღები არა დადანაშაულება,
დამცირება ან დაშინება, არამედ მე–შეტყობინების გაგზავნაა. ქვემოთ გთავაზობთ რეაქციის
მაგალითებს:
„მეწყინა,
პირობა რომ დაარღვიე”.
„მიკვირს,
სიტყვა რომ არ შეასრულე”.
„ჯიმი,
ჩემი აზრით, უსამართლობაა თუ მე დავიცავ პირობას და შენ არა”.
„ვფიქრობდი,
რომ შევთანხმდით, ახლა კი აღმოვჩინე, რომ მე ვასრულებ პირობას, შენ კი – არა. ასე არ
მომწონს”.
„მეგონა,
პრობლემა გადავჭერით. გაბრაზებული ვარ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არაფერი გაგვიკეთებია”.
ამგვარი მე–შეტყობინებები
ბავშვის საპასუხო რეაქციას იწვევს, რაც დაგეხმარებათ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ პირობის
შეუსრულებლობის შესახებ და გაიგოთ მიზეზი. ეს აქტიური მოსმენის დროა. თუმცა, ყოველთვის
ბოლოს მშობელმა უნდა შეახსენოს შვილს, რომ უდანაკარგო მეთოდი ორივე მხარისგან მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას, შესრულებას
და ნდობას: „ჩვენ არ ვთამაშობთ, სერიოზულად ვცდილობთ ერთმანეთის მოთხოვნილებების გათვალისწინებას”.
ამას დასჭირდება ნამდვილი დისციპლინა, პატიოსნება და
გარკვეული ძალისხმევა. იმის მიხედვით, რატომ
არ შეასრულა ბავშვმა დანაპირები, მშობელმა შეიძლება (1) ეფექტური ჩათვალოს მე–შეტყობინების
გაგზავნა; (2) აღმოაჩინოს, რომ პრობლემის გადახედვა და უკეთესი გადაწყვეტილების მოძებნა
არის საჭირო ან (3) დაეხმაროს ბავშვს ისეთი გზის მოძებნაში, რომელიც საშუალებას მისცემს
მუდამ ახსოვდეს საკუთარი პასუხისმგებლობები.
თუ ბავშვი გულმავიწყოა, მშობელმა შეიძლება უკარნახოს, როგორ უნდა მოიქცეს,
რომ არასდროს დაავიწყდეს მიცემული პირობა. შეიძლება მას მაღვიძარა, ტაიმერი, უბის წიგნაკში
ჩანიშვნა, დაფაზე წარწერა, თითზე ან კალენდარზე აღნიშვნა, ან თავის ოთახში რაიმე ნიშანი
სჭირდება რომ გაახსენდეს.
უნდა გაახსენოს თუ არა მშობელმა შვილს აღებული ვალდებულებების
შესრულება? უნდა აიღონ თუ არა პასუხისმგებლობა, ყოველთვის შეახსენონ რა და როდის უნდა
გააკეთოს? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი ერთმნიშვნელოვნად
უარყოფითია. იმაზე რომ აღარა ვთქვათ არაფერი, რომ ასეთი შეხსენება მშობლისაგან
დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, ის ხაზს უსვამს ბავშვის დამოკიდებულებას, და ანელებს
მასში თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. მუდმივი შეხსენება იმის
შესახებ, რომ პირობა უნდა შეასრულოს, გარკვეულწილად ანებივრებს კიდეც ბავშვს, მიანიშნებს
მათ უმწიფარობასა და უპასუხისმგებლობაზე. სწორედ ასეთი გაირდება ბავშვი, თუკი მშობელი
მუდამ ეცდება თავიდან ააცილოს აღებული ვალდებულებების
შესრულების პასუხისმგებლობა.
თუ
ბავშვი მიჩვეულია გამარჯვებას
იმ მშობლებს, რომლებიც II მეთოდს იყენებდნენ, ხშირად
უჭირთ ხოლმე III მეთოდზე გადასვლა, რადგან მათი შვილები მიჩვეულები იყვნენ გამარჯვებას
(„თავისის გატანას”) და ახლა გააფთრებით ეწინააღმდეგებიან პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის
მიღებას იმის შიშით, რომ დათმობა და თანამშრომლობა მოუწევთ. ისინი იმდენად არიან მიჩვეულები
მშობლების მარცხის ხარჯზე გამარჯვებას, რომ ცხადია არ სურთ თავიანთი ხელსაყრელი, უპირატესი
მდგომარეობის დათმობა. იმ ოჯახში, სადაც მშობელი თავიდანვე აწყდება უდანაკარგო მეთოდის
წინააღმდეგობას, ხშირად უარს ამბობენ მისი გამოყენების შემდგომ მცდელობებზე. როგორც
წესი, ეს ის მშობლები არიან, რომელთაც თავის დროზე იზიდავდათ II მეთოდი, რადგან ბავშვის
მრისხანების და ცრემლების ეშინოდათ.
ზედმეტად დამთმობი მშობლისათვის III მეთოდზე გადასვლა
დიდ ძალისხმევას და სიმტკიცეს მოითხოვს. მათ საკუთარ თავში ენერგიის ახალი წყარო უნდა
მოძებნონ, რომ უარი თქვან თავიანთ ძველ დამოკიდებულებაზე „მშვიდობა ნებისმიერ ფასად”.
ხშირად მათ ეხმარება იმ საშინელი საზღაურის გახსენება, რომლის გადახდა მომავალში მოუწევთ,
თუკი შვილები მუდამ გაიმარჯვებენ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მშობელსაც აქვს გარკვეული
უფლებები. ისიც უნდა გავახსენოთ, რომ სწორედ მათი ჩვეული დამთმობლობის გამო გახდა შვილი
ასეთი თავკერძა და უყურადღებო. ასეთმა მშობელმა უნდა ირწმუნოს, რომ ერთდროულად შეუძლია
ბედნიერი მშობელიც იყოს და არც თავისი ინტერესები დაივიწყოს. მათ გულწრფელად უნდა მოუნდეთ
შეცვლა და მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დასაწყისში ბავშვი შეეწინააღმდეგება III
მეთოდის გამოყენებას. ამ გარდამავალ პერიოდში მშობლები მზად უნდა იყვნენ, რომ ბავშვის
გრძნობების გასაგებად აქტიური მოსმენა გამოიყენონ, ხოლო საკუთარი გრძნობები მკაფიო
და ზუსტი მე–შეტყობინებებით გააგებინონ.
ერთ–ერთ
ოჯახში დედას უჭირდა ცამეტი წლის ქალიშვილთან ურთიერთობა, რომელიც მიჩვეული იყო გამარჯვებას.III მეთოდის
გამოყენების პირველი მცდელობისას, როგორც კი გოგონამ დამარცხების საფრთხე იგრძნო, საშინლად
გაცხარდა და ატირებული თავის ოთახში გაიქცა. იმის ნაცლად, რომ ჩვეულებისამებრ ენუგეშებინა
ან არაფრად ჩაეგდო, დედა ოთახში შეჰყვა შემდეგი სიტყვებით: „ძალიან გაბრაზებული ვარ
შენზე! მინდოდა გვესაუბრა იმაზე, რაც ძალიან მაწუხებს, შენ კიდევ ადექი და გაიქეცი!
მგონია, რომ საერთოდ არ გადარდებს, რას ვგრძნობ. ეს არ მომწონს! ვფიქრობ, ეს უსამართლობაა!
მინდა, რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ეს პრობლემა. არ მინდა თავს დამარცხებულად გრძნობდე,
მაგრამ არც მე მინდა ვიგრძნო, რომ დავმარცხდი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების
მოძებნას, რომ ორივემ გამარჯვებულად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ ამისათვის ერთად უნდა დავსხდეთ.
წამოხვალ ჩემთან ერთად, რომ დავსხდეთ და ჩვენს პრობლემას მოვუაროთ?”
გოგონამ
ცრემლები მოიწმინდა და დედასთან ერთად რამდენიმე წუთში ორივე მხარისთვის მისაღები ალტერნატივით
გადაჭრა პრობლემა. მას შემდეგ გოგონას არასოდეს უთქვამს უარი პრობლემების ერთობლივ
გადაჭრაზე. მან უარი თქვა ისტერიკების გამოყენებით მშობლების მართვაზე, რადგან მშობლებმა
აგრძნობინეს, რომ ასეთი საქციელით ვეღარაფერს მიაღწევდა.
უდანაკარგო
მეთოდის გამოყენება ბავშვებს შორის კონფლიქტის დროს
მშობელთა უმრავლესობა ბავშვებს შორის გარდაუვალ და ხშირი
კონფლიქტების, ისევე, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტების დროს გამარჯვება–დამარცხების
მიდგომას იყენებს. მშობლებს ჰქონიათ, რომ მოსამართლის, მსაჯის ან არბიტრის ფუნქცია
აკისრიათ – მათი პასუხისმგებლობაა ფაქტების თავმოყრა, დამნაშავისა და უდანაშაულოს განსაზღვრა
და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა. ასეთ მიდგომას სერიოზული ნაკლოვანებები ახასიათებს
და, როგორც წესი, ჩართული მხარეების უკმაყოფილებას იწვევს. ასეთი კონფლიქტების მოგვარებისას
გაცილებით ეფექტურია უდანაკარგო მეთოდი, რომელსაც იმავდროულად მშობლის ნაკლები ძალისხმევა
სჭირდება. ის დადებითად მოქმედებს ბავშვებზეც – ისინი ვითარდებიან, პასუხისმგებლობას,
დამოუკიდებლობას, თვითდისციპლინას ეჩვევიან.
მოსამართლის ან მსაჯის ფუნქციის შესრულებისას ძირითადი
შეცდომა ის არის, რომ მშობელი საკუთარ თავზე იღებს პრობლემას. როცა მშობელი კონფლიქტში
ერთვება და ჰქონია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უმაღლესი ავტორიტეტია, ის შვილს
საკუთარ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის აღების და საკუთარი ძალებით მისი გადაჭრის უფლებას
ართმევს. ეს აფერხებს ბავშვის ზრდას და განვითარებას და პრობლემის გადაჭრისას გარეშე
ავტორიტეტზე სამუდამოდ დამოკიდებულს ხდის. თვით მშობლებისათვის ძალაუფლებრივი მიდგომის
ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ შვილი ყველაზე მარტივი პრობლემების გადაჭრისასაც
კი მათ მიმართავს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი კონფლიქტები დამოუკიდებლად გადაჭრან,
ისინი მაშინვე მშობლებს უხმობენ დასახმარებლად.
„დე, უთხარი ჯიმის, ნუ მაწვალებს”.
„მამი, მეგი არ მსვამს კომპიუტერთან”.
„მეძინება, ფრენკი კი არ ჩუმდება. უთხარი რა, თავი დამანებოს”.
„პირველად მან დამარტყა, მისი ბრალია. არაფერი დამიშავებია”.
ოჯახების უმრავლესობისათვის ახლობელია ასეთი „მიმართვები
ძალაუფლებისადმი”, რადგან მშობლებმა დაუშვეს რომ ბავშვებს „ჩაეთრიათ” საკუთარი კონფლიქტების
მოგვარებაში.
ჩვენს კურსებზე ხშირად გვიწევს მშობლების დარწმუნება,
რომ ეს შვილების კონფლიქტია და პრობლემაც, შესაბამისად,
შვილებს აქვთ. ბავშვებს შორის უთანხმოება და კონფლიქტი ძირითადად ჩვენი დიაგრამის
ზედა არეს – „ბავშვს აქვს პრობლემა” – მიეკუთვნება:
შვილს აქვს პრობლემა
|
პრობლემა არ არსებობს
|
მშობელს აქვს პრობლემა
|
თუკი მშობელს არ დაავიწყდება და ამ კონფლიქტებს თავის
კუთვნილ ადგილს მიუჩენს, წარმატებით შეძლებს მის მოგვარებას ერთ–ერთი ქვემოთ მოცემული
გზით:
სრული განრიდება კონფლიქტისაგან.
„კარის გაღება” – სასაუბროდ გამოწვევა.
აქტიური მოსმენა.
ძმები მაქსი და ბრაიანი პატარა სატვირთო მანქანას ერთმანეთს
ართმევენ – ერთი თავიდან ექაჩება მთელი ძალით,
მეორე – ბოლოდან. ორივე ყვირის და ტირის. ორივე ცდილობს ძალით აჯობოს და თავისას მიაღწიოს.
თუ მშობელი განერიდება, შესაძლოა ბიჭებმა თავისი ძალებით მოძებნონ რაღაც გამოსავალი.
ეს არაჩვეულებრივი იქნება, რადგან კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარებას ისწავლიან.
მშობელი მათ ერთი ნაბიჯით წინსვლის შანსს მისცემს.
თუ ბიჭები ძიძგილაობას აგრძელებენ და მშობელი გრძნობს,
რომ გონივრული იქნებოდა, თუკი მათი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა, შეუძლია „კარის
გაღება”, ანუ სასაუბროდ გამოწვევა გამოიყენოს:
მაქსი:
მანქანა მინდა! მომეცი! ხელი გაუშვი! გაუშვი!
ბრაიანი:
მე მქონდა პირველად! მოვიდა და წამართვა! მომცეს!
მშობელი:
ვხედავ, რომ მანქანის გამო დაობთ. გინდათ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ? დაგეხმარებით,
თუ ამაზე საუბარი გინდათ!
ზოგჯერ ამგვარ კარის გაღებას კონფლიქტის მყისიერი დასასრული
მოაქვს. როგორც ჩანს ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვებს ურჩევნიათ თვითონ იპოვონ გამოსავალი,
იმის ნაცვლად რომ მშობლების თანდასწრებით ხანგრძლივ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა.
„მართლაც უმნიშვნელოა ეს ყველაფერი!” ფიქრობენ ისინი.
ზოგიერთი კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა მშობლის უფრო
მეტი აქტიურობა. ასეთ დროს მშობელს შეუძლია პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყოს აქტიური
მოსმენით და არა მსაჯობით.
მაქსი:
მანქანა მინდა! მომეცი! გაუშვი! გაუშვი!
მშობელი:
მაქს, მართლა გინდა მანქანა?
ბრაიანი:
მე მქონდა პირველად! მოვიდა და წამართვა! მომცეს!
მშობელი:
ბრაიან, შენი აზრით, მანქანა იმიტომ უნდა გქონდეს, რომ პირველად შენ გქონდა, არა. მაქსზე
გაბრაზდი, რადგან წაგართვა. ვხედავ, მართლაც კონფლიქტი გაქვთ. თქვენი აზრით, არსებობს
კონფლიქტის მოგვარების გზა?
ბრაიანი:
უნდა მომცეს.
მშობელი:
მაქს, ბრაიანი გამოსავალს გთავაზობს.
მაქსი:
ჰო, აბა რას იტყვის? მისთვის მთავარია, მანქანა დარჩეს.
მშობელი:
ბრაიან, მაქსი ამბობს, რომ არ მოსწონს გადაწყვეტილება, რადგან ამ შემთხვევაში შენ გაიმარჯვებ,
ხოლო ის დამარცხდება.
ბრაიანი:
კარგი, ნებას დავრთავ ითამაშოს ჩემი მანქანებით, სანამ მე სატვირთოთი ვითამაშებ.
მშობელი:
მაქს, ბრაიანი სხვა გამოსავალს გთავაზობს – შეგიძლია ითამაშო მისი მანქანებით, სანამ
ის სატვირთოთი თამაშობს.
მაქსი:
შემდეგ მომცემს სატვირთოს?
მშობელი:
ბრაიან, მაქსს აინტერესებს, მისცემ თუ არა სატვირთოს, როცა თამაშს მორჩები?
ბრაიანი:
კი, მალე მოვრჩები თამაშს.
მშობელი:
მაქს, ბრაიანი ამბობს, რომ მალე გათხოვებს.
მაქსი:
კარგი, შევთანხმდით.
მშობელი:
როგორც ვხვდები, პრობლემა გადაჭერით, ასე არ არის?
მშობლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მრავალ
შემთხვევას აღწერენ, როცა მშობელი თავიდან უდანაკარგო მეთოდს სთავაზობს, ხოლო შემდეგ
აქტიური მოსმენით ხელს უწყობს დაპირისპირებულ მხარეთა შორის კომუნიკაციას. იმ მშობლებს,
რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ შვილებს უდანაკარგო მეთოდის გამოყენებაზე დაიყოლიებენ,
უნდა შევახსენოთ, რომ მათ გარეშე ბავშვები ხშირად სწორედ უდანაკარგო მეთოდის გამოყენებით
აგვარებენ კონფლიქტებს სკოლაში, ეზოში, სპორტული შეჯიბრებისა თუ სხვაგვარი გართობისას.
ზრდასრულის თანდასწრებით, რომელიც კონფლიქტში მოსამართლის ან მსაჯის როლში ერთვება,
ორივე მხარე, როგორც წესი, მის ავტორიტეტს იყენებს და მეორე მხარის მარცხის ხარჯზე
გამარჯვებას ცდილობს.
ჩვეულებრივ, მშობლებს ახარებთ უდანაკარგო მეთოდის გამოყენება
შვილებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, რადგან კონფლიქტების წარუმატებელი
გადაჭრის სამწუხარო გამოცდილება აქვთ. ამ დროს ერთ–ერთი შვილი თავს მშობლის მხრიდან
უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს და ამის გამო ბრაზობს და მტრობს კიდეც ხოლმე მშობელს.
ზოგჯერ მშობელს ორივე შვილის რისხვა ატყდება თავზე, როცა უარს ეუბნება იმ საგანზე,
რის გამოც ჩხუბობდნენ („ახლა ვერ ერთი თქვენგანი ვეღარ ითამაშებს სატვირთოთი”).
მრავალი მშობელი უდანაკარგო მეთოდის მოსინჯვისა და პრობლემის
გადაჭრის პასუხისმგებლობის შვილებისათვის გადაბარების შემდეგ აღიარებს იმ დიდ შვებას,
რომელიც მოსამართლის ან მსაჯის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას მოაქვს. „ისეთი შვებაა,
იმის ცოდნა, რომ აღარ არის საჭირო მათი კონფლიქტის მოგვარება! ადრე, როგორი გადაწყვეტილებაც
არ უნდა მიმეღო, ერთ–ერთი მათგანი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა”.
კიდევ ერთი დადებითი შედეგი, რაც ბავშვების მიერ კონფლიქტის
უდანაკარგო მეთოდით გადაჭრას მოაქვს ის არის, რომ ისინი თანდათანობით გადაეჩვევიან
ხოლმე მშობლების მოხმობას უთანხმოებისა და კონფლიქტის დროს. ამის მიზეზი ის არის, რომ
ბავშვები თანდათანობით რწმუნდებიან, რამდენად უსარგებლოა მშობლის მოხმობა – საბოლოო
გადაწყვეტილებაზე ფიქრი ასე თუ ისე მაინც მათი საზრუნავი ხდება. შედეგად, ისინი უარს
ამბობენ ამ ჩველ ჩვევაზე და დამოუკიდებლად იწყებენ კონფლიქტის გადაჭრას. ასეთი შედეგი
მშობელთა უმრავლესობისათვის ძალზე მიმზიდველია.
როცა
კონფლიქტში ორივე მშობელი ერთვება
შვილებთან კონფლიქტში ორივე მშობლის ჩართვა ხშირად კიდევ
უფრო ართულებს პრობლემის გადაჭრას.
ყველა
თავისთვისაა
მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელმა პრობლემის უდანაკარგო
გადაჭრაში ისე მიიღოს მონაწილეობა, როგორც „თავისუფალმა აგენტმა”. მათ არ უნდა შექმნან
„ერთიანი ფრონტი”, არც ერთი და იმავე პოზიციის დაცვაა საჭირო, თუმცა ზოგჯერ ასეც შეიძლება
მოხდეს. პრობლემის უდანაკარგო გადაჭრისას უმნიშვნელოვანესია, რომ ორივე მშობელი ბუნებრივი
იყოს – თითოეულმა მათგანმა ზუსტად უნდა გამოხატოს საკუთარი გრძნობები და მოთხოვნილებები.
კონფლიქტის გადაჭრის პროცესში ნებისმიერი მშობელი დამოუკიდებელი და გამორჩეული მონაწილეა
და ამ პროცესს ისე უნდა უდგებოდეს, როგორც სამ ან მეტ ინდივიდს შორის ურთიერთობების
გარკვევას და არა როგორც მშობლების გაერთიანებას შვილების წინააღმდეგ.
პრობლემის გადაჭრის ზოგიერთი სავარაუდო წინადადება შესაძლებელია
დედისთვის მისაღები იყოს, ხოლო მამისთვის მიუღებელი. ზოგჯერ მამა და მოზარდი ვაჟი შეიძლება
ერთ აზრს იზიარებდეს, ხოლო დედას განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ზოგჯერ პირიქით – დედა–შვილი
ერთ მხარეს იყოს, ხოლო მამა წინააღმდეგობას უწევდეს მათ გადაწყვეტილებას. შესაძლოა
დედ–მამა ერთი აზრისანი იყვნენ, ხოლო შვილს სრულიად საპირისპირო შეხედულება ჰქონდეს.
ზოგჯერ კი კონფლიქტის ყოველ მონაწილეს თავისი უნიკალური შეხედულება ჰქონდეს. ის ოჯახი,
რომელიც უდანაკარგო მეთოდს იყენებს, ნებისმიერი ზემოხსენებული კომბინაციის მომსწრე
შეიძლება გახდეს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. კონფლიქტის უდანაკარგო გადაჭრის
გასაღები სწორედ ის არის, რომ აზრთა ამგვარი განსხვავებები მანამ განვიხილოთ, სანამ
ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე არ მივალთ.
მშობლებთან საუბრის საფუძველზე განისაზღვრა კონფლიქტის
ის ტიპები, რომელიც დედებისა და მამების შეხედულებათა არსებით სხვაობას იწვევს:
1.
როგორც წესი, მამები და შვილები სოლიდარულები არიან,
როცა საქმე შვილების შესაძლო ფიზიკურ ზიანს ეხება. დედებთან შედარებით მამები უფრო
ადვილად ეგუებიან იმ გარდაუვალ ფაქტს, რომ ზოგჯერ შვილმა შესაძლოა ფიზიკური ტკივილი
განიცადოს.
2.
დედები მამებთან შედარებით უფრო ხშირად უჭერენ ქალიშვილს
მხარს, როცა საქმე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებს ეხება: კოსმეტიკა, პაემანი,
ჩაცმულობა, დარეკვა და სხვ. მამები ხშირად ეწინააღმდეგებიან ქალიშვილის პაემანზე წასვლის
სურვილს.
3.
მამები და დედები ხშირად ვერ თანხმდებიან ძილის დროის
შესახებ.
4.
ჩვეულებრივ,
დედებს სახლში წესრიგისა და სისუფთავის უფრო მაღალი სტანდარტები აქვთ.
საქმე იმაშია, რომ დედები და მამები განსხვავდებიან
და ეს განსხვავებები, თუკი თითოეული მშობელი ბუნებრივი და გულწრფელი იქნება, აუცილებლად
იჩენს თავს მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტისას. კონფლიქტის გადაჭრისას ამ განსხვავებულობის
აღიარებით – საკუთარი ადამიანური ბუნების გამოვლენითა და შვილებისთვის მისი ჩვენებით
– მშობლები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილებს მათ მიმართ სხვაგვარი პატივისცემა და სიყვარული
უჩნდებათ. ამ თვალსაზრისით ბავშვები დიდებისაგან არ განსხვავდებიან – ადამაინებში აფასებენ
ბუნებრიობასა და ადამიანურობას და არ ენდობიან იმათ, ვისაც ეს თვისებები არ აქვს. ბავშვებს
სურთ, რომ მშობლები რეალურები, ბუნებრივები იყვნენ და „მშობლობანა” არ ითამაშონ, ყოველ
ჯერზე არ დაეთანხმონ ერთმანეთს, მიუხედევად იმისა, გულწრფელია თუ არა ეს თანხმობა.
ერთი
მშობელი იყენებს III მეთოდს, მეორე კი – არა
კურსების მსმენელები ხშირად გვეკითხებიან, შესაძლებელია
თუ არა, რომ ერთი მშობელი იყენებდეს უდანაკარგო მეთოდს, მეორე კი – არა. ეს კითხვა
იმიტომ ჩნდება, რომ ყოველთვის ორივე მშობელი არ ხდება ჩვენი მსმენელი, მიუხედავად იმისა,
რომ ამას დაჟინებით ვითხოვთ ხოლმე.
ზოგჯერ, როცა ერთ–ერთი მშობელი, მაგალითად დედა, იღებს
უდანაკარგო მეთოდის გამოყენების ვალდებულებას, ის ამ მიდგომით იწყებს შვილებთან კონფლიქტების
გადაჭრას ხოლო მამა კვლავ I მეთოდს
იყენებს. შესაძლოა ეს არ გახდეს სერიოზული კონფლიქტების მიზეზი, თუ არ ჩავთვლით შვილების
(რომლებიც კარგად ხედავენ ამ ორ მეთოდს შორის განსხვავებას) ჩივილს იმის შესახებ, რომ
მათ აღარ მოსწონთ პრობლემის გადაჭრის მამისეული მეთოდი და დედის მეთოდს ამჯობინებენ.
ზოგიერთი მამა ამის შემდეგ P.E.T.კურსების მსმენელი ხდება. ერთ–ერთმა მამამ პირველი შეხვედრისას აღიარა:
„აქ, ასე ვთქვათ,
თავდაცვისთვის მოვედი, რადგან ვხედავ როგორ შედეგებს მიაღწია ჩემმა ცოლმა ამ ახალი
მეთოდის დახმარებით. მას უკეთესი ურთიერთობები აქვს შვილებთან, მე კი არ გამომდის.
ისინი ხალისით ესაუბრებიან დედას, მე კი – არა”.
მეორე მამამ, რომელმაც მეუღლის რჩევით გადაწყვიტა ჩვენს
კურსებზე სიარული, ასეთი რამ განაცხადა:
„მინდა გავაფრთხილო
ის ქალები, რომლებიც კურსებზე მეუღლეების გარეშე იწყებენ სიარულს, რას უნდა ელოდნენ
საკუთარი ქმრებისაგან. როცა მოსმენის, კონფრონტაციისა და პრობლემების გადაჭრის ამ ახალი
მეთოდის გამოყენებას დაიწყებთ საკუთარ შვილებთან, ქმარი თავს ნაწყენად და მიტოვებულად
იგრძნობს. მას მოეჩვენება, რომ მამის როლს ართმევენ. თქვენ კონკრეტული შედეგები გექნებათ,
მას კი – არა. პირადად მე ცოლს ვეჩხუბე: „რას ელოდები ჩემგან? მე ხომ არ ვიცი რა ხდება
ამ დაწყევლილ კურსებზე!” ახლა, როგორც ხვდებით, თავს უფლებას ვერ მივცემ, არ ვიარო
თქვენს კურსებზე”.
ზოგიერთ მამას, რომელსაც არ სურს ახალი მეთოდის სწავლა
და ისევ I მეთოდს
იყენებს, სერიოზული უთანხმოება ეწყება ცოლთან. ერთ–ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ქმრის
მიმართ მტრული გრძნობები გაუჩნდა, რადგან მშვიდად არ შეეძლო იმის ყურება, როგორ იყენებდა
ქმარი ძალისმიერ მეთოდებს კონფლიქტის გადასაჭრელად. „ახლა, როცა ვიცი, რამდენად დამღუპველად
მოქმედებს I მეთოდი
ბავშვებზე, უბრალოდ არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როგორ ამცირებს ჩემი ქმარი შვილებს”,
აღიარა მან მეცადინეობისას. „ის ჩემს თვალწინ ანგრევს ურთიერთობას საკუთარ შვილებთან
და ვერც კი წარმოიდგენთ, რა ტკივილია ეს ჩემთვის. შვილებს სჭირდებათ მასთან ურთიერთობა,
რომელსაც ის სულ უფროდაუფრო სწრაფად სპობს”, დაამატა მეორე დედამ.
ზოგ დედას ჯგუფის წევრების მხარდაჭერა სჭირდება, რომ
გული გაიმაგროს ქმართან ღია და გულწრფელი დაპირისპირებისათვის. მახსენდება ერთი ახალგაზრდა
დედა, რომელსაც მეცადინეობისას დაეხმარნენ იმის გაცნობიერებაში, რომ თავს არიდებდა
ქმართან საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებას I მეთოდთან დაკავშირებით, რადგან ეშინოდა მისი. ღია დისკუსიამ
გაამხნევა და სახლში მისულმა ღიად გამოხატა გრძნობები ქმართან, რომელიც შემდეგ გაგვიზიარა:
„შვილები იმდენად
მიყვარს, რომ მშვიდად ვერ ვუყურებ, როგორ ამცირებ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ კურსებზე
შესწავლილი მეთოდები გაცილებით უკეთესია ჩვენი შვილებისათვის და მინდა, რომ შეც ისწავლო.
ყოველთვის მეშინოდა შენი და ახლა ვხვდები, შვილებსაც შიშს გვრი”.
კონფრონტაციის შედეგებმა დედა გააოცა. წყვილის ურთიერთობაში
პირველად ქმარმა ცოლს ბოლომდე მოუსმინა. მან აღიარა, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ
თრგუნავდა ცოლს და შვილებს და გარკვეული დროის შემდეგ კურსებზე სიარულსაც დათანხმდა.
რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში ასე მშვიდობიანად არ სრულდება
კონფლიქტი, რომელიც I მეთოდისადმი
ერთ–ერთი მეუღლის ერთგულებას მოსდევს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ოჯახში
ასეთი კონფლიქტი არასოდეს იჭრება. ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როცა მიუხედავად იმისა,
რომ ერთ–ერთი მშობელი სწავლობს ახალ მეთოდს და მის სიკეთეში რწმუნდება, ქმრის მხრიდან
ზეწოლის გავლენით, იძულებულია ისევ ძველი მეთოდი გამოიყენოს, რადგან შვილების მამას
არ სურს ძალაუფლების გამოყენებაზე უარის თქმა.
შეიძლება
თუ არა სამივე მეთოდის გამოყენება?
ზოგჯერ ისეთ მშობლებს ვხვდებით, რომლებსაც სჯერათ უდანაკარგო
მეთოდის სიკეთის, მაგრამ იმავდროულად ვერ ბედავენ ტრადიციულ „მოგება–წაგების” მეთოდებზე
უარის თქმას.
„ნუთუ არ შეიძლება სამივე მეთოდი გამოვიყენოთ სიტუაციიდან
გამომდინარე?” იკითხა ერთ–ერთმა მამამ მეცადინეობისას. მიუხედევად იმისა, რომ გვესმის
მშობლების შიში, შვილებზე კონტროლის დაკარგვის გამო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით
ასეთ მიდგომას. როგორ ადამიანი ვერ იქნება „ოდნავ ფეხმძიმედ”, ასევე არ შეიძლება მშობლებსა
და შვილებს შორის კონფლიქტისას ოდნავ დემოკრატიულობა. დავიწყოთ იმით, რომ მშობელთა
უმრავლესობას, რომელიც სამივე მეთოდის გამოყენებას აპირებს, სინამდვილეში სურს I მეთოდის გამოყენების უფლების შენარჩუნება სერიოზული კონფლიქტების გადაჭრისას.
მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: „შედარებით უმნიშვნელო კონფლიქტების დროს მზად ვარ
შვილებს მივცე გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუმცა, უფრო სერიოზული პრობლემების
გადაჭრისას ამ უფლებას მე ვიტოვებ”.
ამგვარი შერეული მიდგომის ჩვენეული გამოცდილება გვარწმუნებს
მის უნაყოფობაში. ბავშვები თუკი ერთხელ მაინც გაუგებენ გემოს კონფლიქტის უდანაკარგო
გადაჭრას, შემდეგ უკვე მშობლების მიერ I მეთოდის გამოყენების მცდელობას ეწინააღმდეგებიან. ან ეკარგებათ III მეთოდის გამოყენების ინტერესი
შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გადასაჭრელად,
რადგან თავს მარცხისთვის განწირულად თვლიან უფრო სერიოზული პრობლემების გადაჭრისას.
„შერეული” მიდგომის გამოყენების კიდევ ერთი შედეგია
ის, რომ შვილები მშობლების ნდობას კარგავენ, როცა ეს უკანასკნელები III მეთოდის გამოყენებას ცდილობენ,
რადგან იციან, რომ როგორც კი საქმე გადაწყვეტილებამდე მივა და მშობლის ინტერესები შეილახება,
ის აუცილებლად მონახავს „გამარჯვების” ამა თუ იმ გზას. მაშინ, რაღა აზრი აქვს პრობლემის
გადაჭრაში მონაწილეობას? თუკი პრობლემა რეალური კონფლიქტის მასშტაბებს მიიღებს, მამა
მთელი თავისი ძალაუფლების გამოყენებას ეცდება, რომ თავისი გაიტანოს.
ზოგიერთი მშობელი იმით კმაყოფილდება, რომ I მეთოდს შედარებით უმნიშვნელო
პრობლემების (რომელსაც შვილის მძაფრი განცდები არ უკავშირდება) გადასაჭრელად იყენებს,
მაგრამ როგორც კი საქმე სერიოზულ პრობლემას შეეხება, მაშინვე III მეთოდს მიმართავს. როგორც ჩანს,
აქ ზოგადად ადამიანური ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი პრინციპი მოქმედებს: როცა ამა თუ იმ მხარეს დიდად არ ანაღვლებს კონფლიქტის
შედეგი, მან შესაძლოა მოწინააღმდეგე მხარეს დაუთმოს; მაგრამ თუკი რომელიმე მხარე დაინტერესებულია
კონფლიქტის მისთვის ხელსაყრელი დასასრულით, ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაჟინებით
ეცდება გამოიყენოს ხმის უფლება.
როდის
არ ამართლებს უდანაკარგო მეთოდი?
მშობლებს შორის ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც სხვადასხვა
მიზეზთა გამო ვერ იყენებენ ეფექტურად III მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა ამ
ჯგუფის სისტემატური კვლევა არ ჩაგვიტარებია, მათთან საუბრები წარუმატებლობის ზოგიერთი
მიზეზის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.
ზოგიერთ მათგანს ეშინია ძალაუფლებაზე უარის თქმა; ისინი
მიიჩნევენ, რომ III მეთოდის გამოყენება ემუქრება მათ ტრადიციულ ფასეულობებსა და შეხედულებებს
შვილების აღზრდისას ძალაუფლების გამოყენების შესახებ. ხშირად მათ დამახინჯებული წარმოდგენა
აქვთ ადამიანის ბუნების შესახებ. მათი აზრით, ადამიანს არ შეიძლება ენდო; დარწმუნებულები
არიან, რომ ძალაუფლების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში შვილები ველური, თავკერძა
მონსტრები გაიზრდებიან. ასეთი მშობლების უმრავლესობას III მეთოდის გამოყენების სურვილიც
კი არ აქვს.
მშობელთა მეორე ჯგუფის თქმით, შვილებმა უბრალოდ უარი
თქვეს უდანაკარგო მეთოდით პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობაზე. როგორც წესი, საუბარია
ხოლმე იმ მოზარდებზე, რომლებიც საერთოდ არად აგდებენ მშობლებს, ან იმდენად გაბრაზებულები
არიან მათზე, რომ III მეთოდი მშობლებისთვის დაუმსახურებელ ფუფუნებად მიაჩნიათ. ასეთ
მოზარდებს ინდივიდუალური კონსულტაციების დროს შევხვდერივარ და იძუულებული ვარ ვაღიარო,
რომ, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი მათთვის იქნება მხნეობა მოიკრიფონ და საბოლოოდ
დაშორდნენ მშობლებს, წავიდნენ სახლიდან და უფრო ნაყოფიერი ურთიერთობების ეძებონ ოჯახს
გარეთ. ერთ–ერთი გონიერი უფროსკლასელი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ დედამისი
ვერასოდეს შეიცვლება. ჩვენი კურსების მეთოდიკის გაცნობისა და დედამისის ჩანაწერების
წაკითხვის შემდეგ, თავისი განცდები გამიზიარა:
„დედაჩემი არასდროს
შეიცვლება. ის საერთოდ არ იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც თქვენს კურსებზე ისწავლა. ვფიქრობ
დროა მივხვდე, რომ ის ვერ შეიცვლება. სამწუხაროა, მაგრამ მას ვერაფერი ვეღარ უშველის.
როგორმე საკუთარ შემოსავალზე უნდა ვიზრუნო, რომ სახლიდან წასვლა შევძლო”.
P.E.T.–ის კურსების თანამშრომელთათვის
ცხადია, რომ რვა კვირის განმავლობაში მეცადინეობები ვერ შეცვლის ყველა მშობელს, განსაკუთრებით
მათ, ვინც 15 და მეტი წლის განმავლობაში იყენებდა თავის არაეფექტურ მეთოდებს. P.E.T.
პროგრამა უძლურია ზოგიერთი მშობლის დასახმარებლად. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ბავშვის
აღზრდის ეს ახალი მეთოდი რაც შეიძლება ადრე ვასწავლოთ მშობლებს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ
პატარები არიან მათი შვილები. მშობელსა და შვილს შორის დანგრეული ურთიერთობა, ისევე
როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანური ურთიერთობა შეიძლება ვეღარასოდეს აღდგეს.