ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

თუ კი თქვენი მოსწავლე გაკვეთილზე მუდმივად ხატავს…

წლების წინ, მასწავლებლობა  ახალი დაყეწებული რომ  მქონდა, ერთი მოსწავლე მყავდა, მესამე კლასში, გოგო, რომელიც გამუდმებით ხატავდა და ჭრიდა გაკვეთილზე – ქართულზე, მათემატიკაზე, ხატვაზე, ბუნებისმეტყველებაზე. ხატავდა, აფერადებდა, ქაღალდისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა, აფორმებდა, აწებებდა.  იყო საშინლად არაორგანიზებული, არააკურატული, დაბნეული, უჭირდა ყურადღების მოკრება და კონცენტრაცია, თუმცაღა საოცარი რამეები გამოსდიოდა. ქაღალდისგან ნამდვილ შედევრებს ქმნიდა  – ულამაზეს ყვავილებს, ყუთებს, ადამიანებს, ცხოველებს, ხატავდა ისე, რომ გაოცებას ვერ დამალავდით. მისი ნახატები გამოირჩეოდა დეტალებისადმი ყურადღებით, ემოციურობით, ფერებით. ელენეს პერსონაჟებს საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ, სადღაც ჩვენი რეალობის მიღმა,  მათემატიკის რვეულის ბოლო გვერდიდან დაწყებულ სიცოცხლეს ქართულის რვეულში აგრძელებდნენ, ჰქონდათ თავგადასავლები, ჰყავდათ მეგობრები, ერქვათ სახელები.

თავიდან შევშფოთდი, რატომღაც ვღელავდი და მიმართული ვიყავი იქითკენ, რომ ყველა ბავშვს ჩემს გაკვეთილზე  ჩემთვის გაფაციცებით ესმინა და  ბოლომდე ჩართულიყვნენ აქტივობებში.

ვაძლევდი შენიშვნებს, ვუშლიდი ხატვას, ერთხელ სახატავი რვეული, ფურცლები, წებოები და მაკრატელი ავაცალე და ჩემს მაგიდაზე გადმოვაწყვე, რაც გოგონასთვის სტრესული აღმოჩნდა. გამებუტა, და ის გაკვეთილი ჩემთან ზურგშექცევით გაატარა.

შემდეგი ნაბიჯი მშობლების ჩართულობა იყო, ვესაუბრე მშობლებს და ვთხოვე ამ პრობლემის გადაჭრაში დამხმარებოდნენ. მშობლების საუბრის და ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ გაკვეთილზე ხელოვნებით არ დაკავებულიყო, ელენემ შეწყვიტა ხატვა, თუმცა გახდა სევდიანი, ნერვიული და, მართალი გითხრათ, არც აქტიურობითა და ჩართულობით არ გამორჩეულა. უფრო მეტიც, შევატყვე, რომ სკამს აწვალებდა, ტანსაცმელს ისრესდა და ბოლოს ქაღალდის დაქუცმაცება დაიწყო.

მოკლედ მივხვდი, რომ არ ვიქცეოდი სწორად, რაღაცას ვაშავებდი და შესაძლოა, ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოჩენილიყო როგორც ელენესთვის, ასევე ჩემთვისაც.

იმაზე დავფიქრდი, რომ ხშირად ჩვენს ქმედებას საფუძვლად ჩვენივე შიშები და მოლოდინი უდევს, წარუმატებლობას გავურბივართ და გვგონია, რომ თუ მოსწავლე გაკვეთილზე  ბევრად საინტერესო რამითაა დაკავებული, ვიდრე გაკვეთილია, მაშინვე განგაშის სიგნალი გვერთვება, ესე იგი, უინტერესო გაკვეთილი გვაქვს, ვერ დავგეგმეთ კარგად, პრობლემა ჩვენშია, არაკომპეტენტური ვართ, რაღაც შეგვეშალა და ასე შემდეგ. ამგვარი ფიქრები კი გარს ბნელი საბურველივით გვეხვევა, გონებას გვიბინდავს,  წარსულში დაშვებული ყველა პროფესიული შეცდომა ზედაპირზე ამოტივტივდება და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის ჩვენი თავისუფალი ნების შედეგი, არამედ შიშებისგან და ცრუ მოლოდინებისგან ნასაზრდოები გაუბედავი ქმედებებია.

გვეშინია, რომ ვიღაცების თვალში სუსტ მასწავლებლად არ ვიქცეთ;

ავტორიტეტი არ შეგველახოს;

არ გვისაყვედურონ წესების დარღვევის გამო;

თეორიების ჩარჩოებიდან არ ამოვვარდეთ და არ გავირიყოთ;

გვეშინია ქაოსის, ხმაურის, ჩურჩულისაც კი;

გვეშინია, რომ არათანმიმდევრული და უპრინციპო მასწავლებლის იარლიყს მოგვაწებებენ.

ვიღაცამ, სადღაც ჩვენ ზემოთ მდგომმა ან მჯდომმა, ფრიად სერიოზულმა და განათლების თეორიების უბადლო მცოდნემ არ მოგვახალოს: იცით, თქვენ ვერ მართავთ კლასს, ავტორიტეტს კარგავთ, იქნებ მეტი პრინციპულობა გამოგეჩინათ.

ან რომელიღაც მოსწავლის რომელიღაც მშობელმა არ გვისაყვედუროს, რომ მის შვილს წესრიგს ვერ აჩვევთ, რომ უფრო მეტი აკადემიურობა გვმართებს.

მასწავლებლის შიშები უსაზღვროა, ხანდახან მგონია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვეღარ ვზიდავ და მინდა, ამ პასუხისმგებლობისგან გავთავისუფლდე, სადღაც ჩამოვიფერთხო და ამოვისუნთქო.

ამ შიშებისგან თავის დასაღწევად ბევრი დრო არ დამჭირდა. ერთხელ როდესაც, ელენეს ტანჯვას ვუყურე, როგორ ცდილობდა გაკვეთილზე ჩუმად ეხატა, მივხვდი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი. ნელ-ნელა იმ რაღაცად ვიქცეოდი, რის აჩრდილსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი, და რის გამოც გადავწყვიტე მასწავლებელი გამოვსულიყავი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი, მივხვდი, რომ შიშები მართავდა ჩემს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.

ამიტომ, მივედი ელენესთან და ყურში ჩავჩურჩულე:  რა ლამაზად ხატავდა და რა ნიჭიერი იყო. გოგონას გაუკვირდა, შერცხვა. ვთხოვე, რომ იქნებ იმის ილუსტრაცია დაეხატა, რასაც ახლა ვკითხულობდით. ელენე დამთანხმდა და დიდი სიხარულით შეუდგა მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს კი გასაოცარი ნამუშევარი მაჩვენა, ორიგინალური ხედვითა და ფერებით შესრულებული.

ასეთი დიდი მასწავლებლური ბედნიერება მე არ მახსოვს, როდესაც საკუთარ თავთან და სინდისთან პირნათელი ვიყავი. გადავწყვიტე, ბოლომდე შემეცვალა ელენესთან მიდგომა. მათემატიკის გაკვეთილზე ვთხოვდი, რომ ამოცანები დაეხატა, ქართულზე ილუსტრაციებსა და კომიქსებს მიხატავდა, დავალებებსაც ინდივიდუალურს ვურჩევდი და მოთხრობების გაგრძელებებს ან ხატავდა ან ქაღალდებისგან დიორამებს ქმნიდა. შემდეგ კი კლასის წინაშე წარადგენდა ხოლმე. საუბრობდა, რატომ დახატა რომელიღაც პერსონაჟი ქერათმიანი, რატომ გადაწყვიტა კაბის მაგივრად შარვალი ჩაეცვა, როგორ ასახავდა პეიზაჟი პერსონაჟის განწყობას და ასე შემდეგ. ამგვარმა მიდგომებმა მე და ელენეს შორის, საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. რატომღაც თავს ვალდებულად თვლიდა ჩემთვისაც გაეგო და ზოგიერთი ისეთი დავალება შეესრულებინა, რომელიც თავად დიდად არ მოსწონდა. საბოლოოდ სემესტრის ბოლოს მისი ნამუშევრების გამოფენა მოვაწყვეთ და მშობლებს უკვე პირდაპირ ვურჩიე ეზრუნათ ელენეს ნიჭის განვითარებაზე, რომ ის ნამდვილი შემოქმედი იყო და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებდა. მშობლებმაც მგონი თავიდან აღმოაჩინეს საკუთარი შვილი, უხაროდათ და სიყვარულით უცქერდნენ მის ნახატებს. რომლებიც შემდეგ ჩარჩოში ჩასვეს და სახლში, საპატიო ადგილზე გამოფინეს, რითაც ელენე ძალიან ამაყობდა.

ამ ამბავმა, ელენეს პრობლემური ქცევები საბოლოოდ აღმოფხვრა და სულ რაღაც ერთ წელიწადში სულ სხვა ადამიანად აქცია, თავისუფალ, კრეატიულ და ზრდილობიან გოგონად, რომელიც მუდამ თვალებში შემომციცინებდა და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. გარდა ამისა, ელენე საკუთარ ნამუშევრებს გულუხვად ურიგებდა კლასელებს, თუკი ვინმეს სასაჩუქრე ყუთი ან ბარათი დასჭირდებოდა, გოგონა მუდამ მზად იყო, დაემზადებინა  მისთვის.

მზამზარეული თეორიებითა და წესებით შედეგს ვერ მივაღწევთ, თუკი ეს ყველაფერი ჩვენი გულიდან არ მომდინარეობს. ხანდახან წესების დარღვევით ბევრად მნიშვნელოვან რამეს ვუდებთ საფუძველს, ვიდრე ყოველდღიური რუტინა და მოწესრიგებულობაა. მთავარია, გავაცნობიეროთ, რა გვინდა ჩვენ, როგორები გვინდა ვიყოთ ჩვენ და როგორი მოსწავლეები გვყავდეს.

ახლა, თქვენ თავად დაფიქრდით, რა მოხდებოდა, მე რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ მიმეღო. უკვე გარდატეხის ასაკში ალბათ ელენე მძაფრად გააპროტესტებდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ ძალიან ბევრ ადამიანს ეტკინებოდა გული. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც ჩვენ მასწავლებლები დაწყებით საფეხურზე სწავლებისას ვიღებთ, წარმოიდგინეთ რამდენი რამის შეცვლა შეგვიძლია და რამხელა ძალაუფლებაა ჩვენს ხელში. განვსაზღვრავთ და ვქმნით მომავალს, ვაყალიბებთ ადამიანებს და ვანიჭებთ, ყველაზე დიდ ბედნიერებას – საკუთარი თავის შეცნობას, ვაძლევთ განათლებას და უფრო მეტსაც: თავისუფლებას – განათლება ხომ თავისუფლებაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი