ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწავლა-სწავლების სფეროში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაა. შემოქმედებითობა არის ახლის ძიება და შექმნა, რომლის მამოძრავებელი, ბუნებრივია, შინაგანი სტიმულაციაა. თანამედროვეობაში მეტი მოთხოვნაა შემოქმედ ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან არასტანდარტული, არაშაბლონური აზროვნებით.
ქართული ენა და ლიტერატურა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი, იძლევა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კარგ შესაძლებლობას და ამ უნარების განვითარებისთვის არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, მაგ: ხუთსტრიქონიანი ლექსი ,,ბრილიანტი“, ,,ფილმის გახმოვანება“ ,,წერის დღესასწაული“ ,,გაპიროვნებული ლექსი“ ,,კარიკატურით სწავლება“ და სხვა.
შევჩერდები ამ უკანასკნელზე და ჩემი გამოცდილებიდან მოკრძალებულად ვიტყვი, რომ კარიკატურით სწავლება ნამდვილად უწყობს ხელს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ერთდროულად ვითარდება აღქმის, ინტერპრეტირების, წერის,ზეპირმეტყველების, შემოქმედებითი უნარები.
მოცემული მეთოდით სწავლება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, როგორც დაწყებითსა და საბაზოზე, ასევე საშუალო საფეხურზე. დღეს მინდა, სწორედ სამივე საფეხურის მოსწავლეთა მიერ კარიკატურის აღქმის განსხვავებულ ხედვაზე გავამახვილო ყურადღება. გთავაზობთ ჰერლუფ ბიდსტრუპის ნახატების მიხედვით შექმნილ კარიკატურებს
და დავალებას: მოცემული კარიკატურის მიხედვით მოთხრობის, ლექსის ან ჩანახატის შექმნა.
დავალების ინსტრუქცია:
- მოსწავლეებს ევალებათ ნახატის მიხედვით სათაურის მოფიქრება;
- პერსონაჟის სახელის მოფიქრება;
- პერსონაჟის გარეგნობის აღწერა;
- პირველი ფოტოს მიხედვით უნდა წარმოიდგინონ, რატომ უწყრება მამა პატარა გოგონას;
- მეორე, მესამე, მეოთხე ნახატების მიხედვით, მოიფიქრონ, რატომ უყვირის ცოლს საუზმობისას და ტანსაცმლის ჩაცმისას;
- მე-5 ნახატის მიხედვით, რატომ ეჩხუბება ძაღლს;
- პერსონაჟის მზადების სცენა სამსახურში წასვლამდე;
- რა ცვლილებას განიცდის პერსონაჟი სამსახურში მისვლამდე, როგორ იცვლება მისი გარეგნობა და სულიერი მდგომარეობა;
- და ბოლოს ,,სცენა უფროსის კაბინეტში“.
დავალება მეტად სახალისო გამოდგა სამივე საფეხურის მოსწავლეთათვის.
თავიდან გავააქტიურე წინარე ცოდნა და დავსვი შეკითხვა:
- რა იციან კარიკატურის შესახებ? რა არის კარიკატურა?
- ეკრანზე ვაჩვენე თითოეული ნახატი/კარიკატურა, მოსწავლეებმა აღწერეს ნახატი, იმოგზაურეს წარმოსახვით სამყაროში და წარმოადგინეს საკუთარი ვერსიები.
- ჯგუფებში დავარიგე ამობეჭდილი კარიკატურები ცალ-ცალკე და გავეცი ინსტრუქტაჟი ზემოთ მოცემული დავალების შესაბამისად.
- ჯგუფური მუშაობის შემდეგ გაიმართა პრეზენტაციები.
- მოსწავლეებმა შეაფასეს ნამუშევრები.
ეს იყო ძალიან საინტერესო აქტივობა, ყველა მოსწავლე იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ერთდროულად განვითარდა წერის, ინტეპრეტირების, შემოქმედებითი და სემიოტიკური კოპეტენციები.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნამუშევრებს:
,,ერთ სოფელში თურმე ცხოვრობს, შედგა ფეხი სამსახურსა
დიდი კაცი, ქონის გროვა, და კიბეზე ადის ნელა,
მისთვის ყველა ერთი არი მისი სახით თუ ვიმსჯელებთ
ძალღი, შვილი, ცოლი, მონა. ვისაც ნახავს ითხოვს შველას.
ცოლს უყვირის ყოველ დილით, აი, დადგა აღსასრული, უფროსი მას ელოდება…
ცხოველივით დიდი პირით, კარს გააღებს, უფროსს ნახავს,
როცა იგი სახლს დატოვებს გული საგულედან ძვრება.
სამსახურში ნელა მიდის. სახლში მოძალადე კაცი,
კიბეზე რომ რომ მიაბიჯებს, სამსახურში ,,ვაცი“ ხდება!
თავი ზემოთ, ფეხი მწყობრში! ასე არი, ასე ხდება….
სამსახური ახლოვდება ,,მოძალადე ბოლოს თვითონ
წელზე კუზი აქლემივით! ძალადობის მსხვერპლი ხდება!!!
კლასი მე-9, ჯგუფი მე-2, პრეზენტატორი: მარიკა კვარაცხელია
მოთხრობა
„მე მებრალებით თქვენ…“
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პერსონაჟი, რომელიც მოცემული კარიკატურებით დავინახე, მოგიყვეთ მისი ცხოვრების წესზე, თვისებებსა და ღირებულებებზე.
დაე, მკითხველნო, თქვენ გადაწყვიტეთ, მიიღებთ ამ პესონაჟს, თუ ახლოს არ გაიკარებთ მას.
გაგაცნობთ მის აღმატებულებას, რომელსაც პირობითად ,,ბღენძიას“ დავარქმევდი, დავესესხები ილიას მიერ ლუარსაბის დახასიათებას და ჩემს ,,გმირსაც“ ასე დავახასიათებ: ,,სქელი კისრით, დამორილი ფეხებით, კოტიტა ხელებით, დიდად პატივცემული და პატივსაცემი ღიპით“ მუდამ კუშტი, მწყრალი გამოხედვით, ძროხის, უფრო სწორად, ხარის ბრიალა თვალებით მომზირალსა და ყროყინას ვირისავით.
კაცი, რომელიც მუშაობს, დასაქმებულია ერთ-ერთ სააგენტოში, მაგრამ დიდად არ ,,ეპიტნავება“ მუშაობა, მხართეძოზე წამოწოლა ხომ უკეთესია.
ის გამუდმებით ყვირის ოჯახში, უხასიათოა, უყვირის პატარა 3 წლის მოტიკტიკე გოგონას,
იმიტომ რომ გოგონა სულ ტიტინებს და ხმაური მამას არ უყვარს.
უყვირის უმწეო ,,ბროლიას“ ძაღლს, რომელიც მისი ერთგულია ,მეპატრონის მოსვლა უხარია და ამას წკმუტუნით გამოხატავს. პატრონს წკმუტუნიც აღიზიანებს ,,ჩაიწყვიტე ხმა, თორემ მიგიჩენ შენს ადგილს ქუჩის კუთხეშიო“.
ოჯახის დიასახლისს ეჩხუბება, დიასახლისს, კეთილ დედას, რომელიც თავს დაჰფოფინებს, უყვარს და უფრთხილდება თავის ოჯახს. თვალებში უყურებს ბღენძიას, რომ რამე არ აწყენინოს და მხოლოდ მაამებელი რამ გაუკეთოს, სხვადასხვა მიზეზით უყვირის: ხან მარილი აკლია სუფრას, ხან ჩაიში შაქარი არ არის მორეული, ხანაც პერანგის ღილი ვერ შეიკრა. ღილსაც შეუკრავს მოსიყვარულე, მისი გამოხედვიდან თუ ვიმსჯელებთ, უფრო დამონებული მეუღლე და გააცილებს სამსახურიკენ მიმავალ გზაზე.
სამსახურამდე გზა არცთუ ისე შორია, თუმცა უსასრულოდ გრძელდება, იწელება.
ჩემი გმირი კი სახლიდან სამსახურამდე ფორმასაც იცვლის და ფსიქოლოგიასაც. თავიდან ამაყად მიაბიჯებს, რამდენიმე ვერსზე, ცოტათი იცვლება, მაგალითად, შიში უდგება თვალებში, კიდევ რამდენიმე ვერსი და იხრება, პატარავდება, სამსახურის კიბეებზე საცოდავად გამოიყურება, ეს დიდგულა სხვისი დამმონებელი კაცი, თვითონვე დამონებულა, ვითომ რატომ? უფროსის კარს შეაღებს თუ არა, მაშინვე ნათელი ხდება, რატომაც.
- უფროსი ბოლო ხმაზე უყვირის, შეურაცხყოფას აყენებს და ლამის მუხლზეც დააჩოქებს!
მივუბრუნდეთ ჩვენს გმირს და ვკითხოთ, ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვები: რატომ გეჩხუბებიან, რატომ პატარავდებით, ითრგუნებით და იძაბებით სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე?
საიდან ამდენი აგრესია, ბატონო ბღენძია, ნუთუ უსიყვარულობა დაგანათლათ უფალმა?! ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხართ თქვენს საქციელზე?! თქვენ ხომ ტიპურ მოძალადედ იქცევით, თუ ასე გააგრძელებთ, შეჩერდით! შეწყვიტეთ!
მე მებრალებით და ამავე დროს ვბრაზობ თქვენზე!!!
მე-11 კლასი, ჯგუფის პრეზენტატორი: თამთა შელია
კარიკატურის საშუალებით შეიქმნა რამდენიმე ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი… (შეგიძლიათ დამატებით ნამუშევრები იხილოთ აქ https://tatakakachia2.blogspot.com/p/blog-page_84.html). ეს იყო მოსწავლეთათვის ძალზედ სახალისო, ემოციური და, რაც მთავარია, შემოქმედებითი დავალება. მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ლექსების, მოთხრობების სერია. მოსწავლეები იმდენად გახალისდნენ, რომ ბოლოს გაკვეთილმა შეჯიბრის სახეც მიიღო. ვგეგმავ მომავალშიც ხშირად გამოვიყენო მსგავსი აქტივობები, რათა გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას შევუწყო ხელი. ესაა სემიოტიკური კომპეტენცია, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს ვერბალური და არავერბალური (კარიკატურის, ნახატის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებასა და ინტერპრეტირებას, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემას. ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ:სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებას, სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, ნახატის მიხედვით მოთხრობის სხვადასხვა სახის წერილობითი ტექსტების შექმნის და ა. შ.) უნარს.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://mastsavlebeli.ge/?p=16961 (შემოქმედებითი აზროვნების შესახებ, მია ინასარიძე);
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, კლასი მ-8 (ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი, 2007).