სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე მე და ჩემს ორმოცდაორ მეექვსეკლასელ მოსწავლეს ერთი წიგნი წაგვეკითხა. მიზანი მრავალფეროვანი იყო:
- მსურდა, პატარა მკითხველების კითხვის პროცესისთვის თვალი მედევნებინა;
- საპროგრამო თეორიული თუ გრამატიკული მასალა ლიტერატურული ტექსტისთვის დამეკავშირებინა;
- ერთი წიგნის ირგვლივ გვეტრიალა – გვეფიქრა, გვეაზროვნა, გვემსჯელა;
- სკოლაში მწერალი მოგვეწვია, გაგვეცნო, მოგვესმინა.
წამოწყებამ თანდათან გარკვეული სახე მიიღო. კვირაში ერთი დღე – პარასკევი – დავთქვით და თავისუფალი გაკვეთილები დავარქვით. თავისუფლები ვიყავით შეფასებებისგან, ვალდებულებებისგან, მოთხოვნებისგან. ისე მოხდა, რომ ყოველი ჩვენი თავისუფალი გაკვეთილი წიგნის სათაურს დაემსგავსა – ერთ გრძელ დღეს (გაკვეთილს) სხვა პლანეტაზე. საკლასო ოთახში მოძრაობდნენ მერხები, მასწავლებელი და მოსწავლეები როლებს ცვლიდნენ, დაფაც წარწერებით ჭრელდებოდა, დაფის თავზე ჩამოკიდებული ეკრანიც სხვადასხვა ფერად ციმციმებდა, მასწავლებლის მაგიდა და მერხები რესურსებით ივსებოდა. ეს იყო ყველაზე გრძელი და საინტერესო ორმოცდახუთი წუთი.
როგორ მოვაგროვეთ წიგნები
მშობლებს კი ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ წიგნის ტირაჟი თითქმის ამოწურულიყო. დემეტრეს დედის, ეკას კეთილი ნებითა და მონდომებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულმა წიგნებმა ჩვენი სკოლისკენ აიღეს გეზი. ერთი მშობელი საგანგებოდ რუსთავში, წიგნის მაღაზიაში გაემგზავრა. მე კი რაჭიდან, სკოლის მედიათეკიდან გამომიგზავნეს ფურცლებგახუნებული, კვამლისსუნიანი წიგნი. გვერდებს შორის კი გამხმარ, ფერდაკარგულ ყვავილებს ვპოულობდი.
ასეთმა ამბებმა ერთი წიგნის ისტორია გაალამაზა.
რატომ „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“
თეა თოფურიას რომანი „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ 2015 წელს გამოიცა. შემთხვევით გადავაწყდი წიგნის მაღაზიაში და ახლაც მახსოვს პირველად წაკითხვისას როგორი მძაფრი განცდები დამიტოვა. მერე ჩემს რაჭველ მოსწავლეებს გავაცანი. წერილიც კი მივწერეთ რაჭიდან. თეამაც ჩვეული გულისხმიერებით გვიპასუხა.
ალბათ, თქვენც ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორ აკვირვებთ მოსწავლეებს ცოცხალ ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა. მასწავლებელი რაც უფრო ხშირად დაგეგმავს მწერლის გაცნობას, მით უფრო ამაღლდება ბავშვების წიგნიერების დონე. დამეთანხმებით, არ ვართ განებივრებულები ქართველი ავტორების მოზარდებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებებით. მიზნად უნდა დავისახოთ და გაკვეთილები უნდა მივუძღვნათ ჩვენს ქართველ ავტორებს.
„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ცოტა ფანტასიკაა, ცოტა ფენტეზიც. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, დედამიწელი გრინკო, მოულოდნელად სუპერმარკეტიდან სხვა პლანეტაზე აღმოჩნდება. მართალია, მოქმედება სხვა პლანეტაზე ვითარდება, მაგრამ მრავალსართულიანი კორპუსები, გაჩეხილი ხეები, გამქრალი მდინარეები და ტბები, ეკოლოგიური საფრთხეები – ჩვენს დედაქალაქს და სოკოებივით გამრავლებულ მაღალსართულიან უსახურ შენობებს გაგახსენებთ. ჩემი მოსწავლეების თქმით, მათი სახლების წინ ისე აშენებდნენ ახალ კორპუსებს, რომ ფანჯრებიდან ხეების, ქუჩის ნაცვლად მხოლოდ ნაცრისფერ კედლებსღა ხედავდნენ.
წიგნის პერსონაჟ პლანეტას კი ამოყირავება ემუქრება. მოსახლეობა წინასწარმეტყველების გაცხადებას შიშით ელის. ჩვენი გრუნტგამოცლილი ქალაქისადმი დარდიც თავს შეგახსენებთ და წიგნის კითხვისას ეკოწიგნიერების საჭიროებაზე დაიწყებთ ფიქრს, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებებზე გარესამყაროს მოსაფრთხილებლად.
მიუხედავად ასეთი საჭირბოროტო თემებისა, ჩემი ათი-თერთმეტი წლის მოსწავლეების დაკვირვების სამიზნედ წიგნის პერსონაჟი გოგო-ბიჭები აღმოჩნდნენ. ბიჭებს პიას დაკვირვებულობა და მიზანდასახულობა აღიზიანებდათ, გოგოებს – გრინკოს უმოქმედობა და არც ტულათი დაინტერესებას პატიობდნენ. მერე, როცა მწერალი მოვიწვიეთ, შეკითხვების უმეტესობაც პიას და გრინკოს ურთიერთობას ეხებოდა. ავტორი კი მშვიდად პასუხობდა, რომ ცხოვრებაში ხშირად ხდება, როცა შეყვარებული ადამიანები ერთად ვერ ცხოვრობენ ან ერთად მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთი რომ აღარ უყვართ. ასეთი რეალობა მოზარდობისას რთულად აღსაქმელი და მოსანელებელია.
პროცესი
ერთ პარასკევს მოსწავლეებს მე ვთავაზობდი თამაშობებს, აქტივობებს, შემდეგ პარასკევს კი მოსწავლეების ჯერი დგებოდა.
კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი და ორ კვირაში ერთხელ ჯგუფური დავალებები იცვლებოდა და მოძრაობდა. ერთი კვირის განმავლობაში ექვსი თავი უნდა წაგვეკითხა. დავალებები კი ასეთი იყო:
- როლური თამაში – სურვილისამებრ უნდა შეერჩიათ ერთი ეპიზოდი და უნდა დაედგათ მინი-სპექტაკლი;
- გაყინული ეპიზოდი – ამ შემთხვევაში უხმოდ უნდა ეთამაშათ და დანარჩენებს უნდა გამოგვეცნოთ;
- დიორამა – ჯგუფს დიორამით უნდა გაეცოცხლებინა რომელიმე მონაკვეთი;
- რადიოპიესა – არჩევდნენ კონკრეტულ ეპიზოდს, ინაწილებდნენ როლებს და მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერის თანხლებით კითხულობდნენ, ფონად მუსიკას ვრთავდით. ეს აქტივობა კითხვითი უნარების განვითარებისთვის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა;
- სლაიდშოუ – თავების მიხედვით ხატავდნენ ნახატებს ან ინტერნეტში ეძებდნენ შესაბამის ფოტოს, შემდეგ კი სათითაოდ საუბრობდნენ თითოეული თავის ძირითადი სათქმელის შესახებ.
წარმატებული ჯგუფური მუშაობისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ. თავდაპირველად უჭირდათ ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, შეთანხმება, როლების განაწილება. ადუღებული ჩაიდანივით თუხთუხებდნენ და შიშხინებდნენ. მერე ბევრს ვსაუბრობდით პრობლემებზე, კონფილქტების გამომწვევ მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე, ცოტა იუმორსაც ვიშველიებდით და დრომ შეთანხმებული, სწრაფი, ორგანიზებული მუშაობაც მოიტანა.
რაც შეეხება ჩემს აქტივობებს, ვცდილობდი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო. მეგობარი მასწავლებლის მიერ გამოცდილი და მოფიქრებული აქტივობა, კერძოდ, გაბერილ ბუშტში სხვადასხვა მიზნით მოთავსებული სიტყვები, ბუშტის გახეთქვა და წამზომის ფონზე კლასში მიმოფანტული სიტყვების მიზანმიმართული ძიება ერთ-ერთ საყვარელ აქტივობად იქცა, რომელიც გამოწვევის ფაზაზე თუ შემაჯამებელ აქტივობად ეფექტური აღმოჩნდა.
ბუშტში ვათავსებდი წიგნში აღმოჩენილ უცხო სიტყვებსა და მათ განმარტებებს, დანაწევრებულ ფრაზებს, თავების სათაურებს. თამაშის ინსტრუქციას მიზნის შესაბამისად ვცვლიდი.
ერთ პარასკევს მაფინები გამოვაცხვე და წაკითხული თავების სათაურები მოვათავსე. კლასი ორ ჯგუფად დავყავი და სანამ სათაურების თანმიმდევრობის გამოცნობას შეუდგებოდნენ, პირველი ნაბიჯი კექსების სწრაფად შეჭმა იყო. არასდროს დამავიწყდება, როგორი გაკვირვება გამოიწვია ინსტრუქციამ და როგორი ხალისით აიტაცეს ჩემი შეთავაზება. ელვის უსწრაფესად გადასანსლეს ტკბილეული და მერე ლიტერატურულ ფიქრებს მიეცნენ.
რადიოპიესაც პირველად მე ჩავწერე მათთვის. სანამ მოვასმენინებდი, მანამდე საგანგებოდ ამ გაკვეთილისთვის რაჭველი მოსწავლის, თამარის მიერ დახატული ილუსტრაცია ვანახე. ჯერ ეპიზოდი უნდა გამოეცნოთ, შემდეგ კი მოსმენის დრო დგებოდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო გრამატიკული აქტივობები. მაგალითად, იასამნისფერტომრიანი, ორასსართულიანი – ამ ორი სიტყვის მიხედვით ადვილად დაიმახსოვრეს, რომ „იან“ სუფიქსით ნაწარმოები სახელები ერთად იწერება. ასევე ვააქტიურებდით რიცხვითი სახელების, ზმნიზედების, ნაცვალსახელების ირგვლივ დაგროვილ ცოდნას. ცალ-ცალკე ვწერდი სწორ და არასწორ ფორმებს, თითოეულ ჯგუფს კი სწრაფად უნდა გამოეცნოთ მართებული ფორმები.
ერთხელ მკითხეს, ეს წიგნი რომელიმე ენაზე თუ არის ნათარგმნიო. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ არცერთ ენაზე არ არის თარგმნილი. იმ პერიოდში თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში დავდიოდი და ესპანურ ენას ვსწავლობდი. ლექციებს ჩემი მეექვსეკლასელი მოსწავლის დედა მიკითხავდა. მან გვითარგმნა რამდენიმე წინადადება. ამ წამოწყებამ ისეთი დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ესპანურთან ერთად რუსულად და ინგლისურად თარგმნასაც შევეჭიდეთ.
მწერალი სკოლაში
წიგნის თავები რამდენიმე თვეში მიილია და მწერლის სკოლაში მოწვევის დრო დადგა. ბავშვები პერიოდულად მეკითხებოდნენ, მართლა მოვიდოდა თუ არა ჩვენთან წიგნის ავტორი. მწერალს შევუთანხმდით და შეხვედრის დღეც დავთქვით. დღე დაიგეგმა: პატარა ბარათებზე სათითაოდ დაწერეს შეკითხვები, თავი მოვუყარეთ წიგნის მიხედვით დამზადებულ დიორამებს, ილუსტრაციებს, ხელნაკეთ ბალიშებს, სკოლის დირექციას ქალბატონი გლურჯის პატივსაცემად ალუბლის ტორტის შეკვეთა ვთხოვეთ. ბევრი ვისაუბრეთ აქტიური მსმენელის მახასიათებლებზე, თითოეულმა ჯგუფმა ზემოთ ჩამოთვლილი დავალებებიდან ერთ-ერთი მოამზადა და ამასობაში შეხვედრის დღეც მოვიდა.
თეა თოფურიასთან შეხვედრა ყველასთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. სულ სხვაგვარად აღვიქვით წიგნი, მისი სათქმელი, პერსონაჟები. ბავშვებს კითხვები არ ელეოდათ. თეამ ორმოცამდე შეკითხვას საგულდაგულოდ უპასუხა და მისი გულწრფელობა იმდენად გადამდები იყო, ყველა მოგვნუსხა. მოსმენისას სწრაფი მორბენალი ჩანაწერების მეთოდი გამახსენდა, მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი და თეას საუბრის ჩაწერა დავიწყე. რამდენიმე მოსწავლე აკლდა, მათთვის და შეჯამებისთვისაც შემოგვრჩა ყვითელი თაბახის ფურცელი, რომელიც იმ დღის ისტორიას ინახავს, თეას ხმას აცოცხლებს:
„რატომ მაინცდამაინც მსხალი? – ფიქრი დამეზარა.
პია უფრო მომწონს.
ბატკანძერი ნამდვილად არსებობს. მინდოდა, დაჩაგრული ფრინველი გამეცოცხლებინა.
კუდი ცხოველის ენაა. მიყვარს კუდები.
გრინკო ჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც ასტროლოგია უყვარს.
გზადაგზა ვფიქრობდი. თავიდანვე არ ვიცი, რას დავწერ.
მიყვარს სიტყვა „კარპასი“.
ცალმხრივი სიყვარული არსებობს. არ არის დიდი ტრაგედია. ადამიანი გაცილებით ფასეულია, ვიდრე მისი თავგადასავალი.
არსებობს სოფლები, რომლებიც ცივილიზაციაზე უარს ამბობს.
სიყვარულის გარეშე არაფერი ხდება. სიყვარული საინტერესოა. დამანგრეველი ძალა მოაქვს შურისძიებას, სიძულვილს.
სხვა პლანეტა გაძლევს ფანტაზიის საშუალებას“.
შთაბეჭდილებების წერილები ბავშვების ემოციებს ინახავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი მნიშვნელოვანი, საინტერესო და ლამაზი დღე გამოგვივიდა. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად შევძელით წიგნის – როგორც ინტელექტუალური პროდუქტის დაფასება, გავიცანით ავტორი და ჩვენი სიყვარული ვაგრძნობინეთ.
თავისუფალმა გაკვეთილებმა სასწავლო პროცესი დაუვიწყარ მოგონებად აქცია. ამასთანავე, ყოველი პარასკევი ერთი წიგნის, ერთად კითხვის, უცხო სიტყვების, პერსონაჟებზე დაკვირვების ირგვლივ ტრიალებდა. ჯგუფური მუშაობისას კიდევ უფრო მეტად ისწავლეს თანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. ამ დღის მოლოდინი ფიქრებს აღძრავდა და საკლასო ოთახებს სიხარული ავსებდა.
თავისუფალი გაკვეთილები მეორე სემესტრშიც გაგრძელდება. წიგნიც შერჩეული გვაქვს – თამარ გეგეშიძის სადებიუტო რომანი „სული-ჩიტი“. ცხელ-ცხელი, ახლახან გამოცემული, თან წიგნის პერსონაჟები ზუსტად მეექვსეკლასელი გოგო-ბიჭები არიან.