ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ წავიკითხოთ ლექსები. აკაკი წერეთელი, „სულიკო“

ამ ლექსზე ინტერნეტში, რომელიღაც საიტზე, ერთი მოსწავლის ასეთი კომენტარი წავიკითხე: „- რა იგულიხსმება „სულიკოში“? ეს ალბათ მხოლოდ ავტორმა იცის…“  მომინდა, იქვე  მიმეწერა ამ წინადადებაზე, რომ ზოგჯერ, შესაძლოა, ავტორმაც არ იცის ზუსტად, რომელი შინაგანი ემოცია  რომელ სახე-ხატად იქცევა და რატომ.  ამ დროს გალაკტიონ ტაბიძე მახსენდება ხოლმე, ქუჩაში რომ გამოეკიდნენ: – ბატონო გალაკტიონ, ბატონო გალაკტიონ… ამა და ამ მეტაფორაში რა იგულისხმეთო? ის კი თურმე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მოგვიანებით კი ამ ამბავს ასე ჰყვებოდა: – ღმერთმანი, ისე მეკითხებოდნენ, თითქოს მართლა ვიცოდი და არ ვეუბნებოდიო!

ვინ არის სულიკო? – სატრფოა, ღმერთია თუ ორივე ერთად? თუ კიდევ სხვა…? მრავალი კრიტიკული სტატია ეძღვნება სულიკოს თემას, მაგრამ მნიშვნელოვანი სწორედ ის შეიძლება იყოს, რაზეც სხვებს არ დაუწერიათ,  აზრადაც არ მოსვლიათ და რომელიმე კონკრეტულ მკითხველს გაუჩნდება.

აკაკი წერეთლის „სულიკოს“ განხილვისას აქტუალურია ვაჟა-ფშაველას „სამეფო სიყვარულისა“. ამ ორი ლექსის განხილვისას ლიტერატურათმცოდნე ამირან გომართელს ასეთი დასკვნა გამოაქვს:

“…მთავარი და არსებითი მაინც ის არის, რომ დავით გურამიშვილის „დავითიანი“ აკაკისაც და ვაჟასაც ღრმად ჰქონდათ გათავისებული. ჩვენთვის საინტერესო ორივე ლექსი, ვაჟას „სამეფო სიყვარულისა“ და აკაკის „სულიკო“, დასაბამს (თუ შეიძლება ასე ითქვას) სწორედ გურამიშვილთან იღებს, კერძოდ, მისი ლექსიდან „სიმღერა დავითისა. ზუბოვკა“. „ზუბოვკას“ რეფრენივით გასდევს ფრაზა: „სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი“. ეს სიტყვები ღმერთის ძიებაზე მიგვანიშნებს. „საყვარელი“ ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიაში, ისევე, როგორც „სატრფო“, მაცხოვრის ეპითეტებია. ვახტანგ მეექვსე „ვეფხისტყაონის“ კომენტარებში გარკვევით აცხადებს: საყვარელი ქრისტეს ჰქვიან. „დავითიანშიც“ მკაფიოდ ჩანს ეს – „მომიკლეს მე საყვარელიძე ღვთისად თხრობილი“ (ამირან გომართელი, „სემიოტიკა“ #9).

კარგი იქნება, მოსწავლეებმა (სტუდენტებმა) თავად დაძებნონ პარალელები ამ ორ ლექსს შორის. ამიტომ ჩემი კითხვა იქნება ასეთი:

  • რა საერთოა და განასხვავებს ამ ორ ლექსს ერთმანეთისგან?
  • თქვენი აზრით, რისი (ვისი) სიმბოლოა „სულიკო“?

 

მაია წიქარიშვილი, სტუდენტი, თსუ

აკაკი წერეთლის ,,სულიკოს’’ ახსნისას მასწავლებლები ერთგვარ წინასიტყვაობას აკეთებენ და მოსწავლეებს  უმხელენ რაღაც მათთვისაც ჯერ კიდევ უცნობი მეტაფორის არსს, თითქოს ,,სულიკოში’’ სამშობლო იგულისხმებოდეს.  ერთ დროს მეც ასე ვფიქრობდი. ახლა კი  ყველა პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებს ვცდილობ, სხვაგვარად შევხედო.

ზოგადად, რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, იმდენივე ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს. ტექსტმა  ინტერპრეტაციის შესაძლებლობა რომ ამოწუროს -მოკვდება.

როცა  ,,სულიკოს’’ ვკითხულობ, მართალი რომ ვთქვა,  სამშობლოს სახე-ხატებას მასში ვერ ვხედავ. მე არ ვიცი, აკაკიმ რა საიდუმლო ჩადო ამ სახელში – ,,სულიკო’’, მაგრამ ჩემთვის  ის რაღაც ძალიან ფაქიზთან ასოცირდება, ოღონდ ეს არაა სამშობლოს სიყვარული.  რატომ უნდა მიმართო სამშობლოს ,,სულიკოთი’’?  დიახ, გასაგებია, რომ პატრიოტული მოტივი ძალიან მნიშვნელოვანია  პოეტის შემოქმედებაში, მაგრამ აკაკის ამ ლექსის გარდაც ბევრი მიძღვნა აქვს სამშობლოსადმი…

ჩემთვის ,,სულიკო ‘’ სატრფოა.. სატრფო, რომელსაც დაეძებს მიჯნური… იგი მას ხედავს  ყველგან… სატრფოს სახე აგონდება, როცა ვარსკვლავებს შესცქერის, ან როცა მიწას დაჰყურებს.. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია მიჯნურისათვის?!

აკაკი წერეთლის ,,სულიკოს’’ და   ვაჟა-ფშაველას  ,,სამეფო სიყვარულისას’’  აქვთ რაღაც საერთო.  ორივეგან პოეტები  დაკარგულ სატრფოს დაეძებენ… მოდი მივყვეთ, როგორია თითოეული მათგანისთვის სიყვარული. როცა ვაჟას ლექსს ვკითხულობ,  შევდივარ სიყვარულის  სამყაროში. ეს სამყარო სამოთხეა:

,, ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.’’

სამყაროში, სადაც სრული იდილიაა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი მხედრებიც კი ივიწყებენ მტრობას და ერთმანეთს ძმურად ეხვევიან. როგორ შეიძლება იყო საოცარი სამყაროს ნაწილი  და მისგან არ გადმოგედოს ეს  მუხტი. ამ შემთხვევაში, სიყვარულის მუხტი. აქ უფრო მძაფრია სატრფოსთან განშორება. როგორია იყო სიყვარულის სამყაროში სიყვარულის სუბიექტის გარეშე?

მე კი ვიძახდი: “სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?”

აკაკის ლექსიც მსგავსი განცდით ხასიათდება ის მიმართავს თავის სატრფოს:

გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

„ეკალში შენიშნული ვარდი“  პოეტს სატრფოს აგონებს, „სულგანაბული ბულბულიც“ სატრფოს სახეა,  ვარსკვლავშიც სატრფოს სახებას ჰპოვებს.

საერთო ამ ორ ლექს შორის ვფიქრობ ისაა, რომ  ორივეგან სიყვარული  იმდენად ფართოა, რომ ვერ თავსდება ერთ კონკრეტულ საგანში ან არსებაში და განსხეულებულია მთელს სამყაროში…

 

მარიამ სოხაძე – სტუდენტი, ილიაუნი

ვინ არის სულიკო?!

ისე ებღაუჭებიან ადამიანები ამ კითხვას, ისე ძლიერ უნდათ ერთი პასუხი, ერთი სახელი, ერთი პიროვნება ამოიკითხონ მასში, რომ ავიწყდებათ ყველა გენიალურობა სიმარტივიდან როგორ გადმოედინება. ავიწყდებათ, რომ მარად ჰორიზონტისკენ ცქერა, შეიძლება შენს წინ აყვავებულ სამოთხეს გავიწყდებდეს.

მაინც მგონია, რომ შენი სული(კო) ის იქნება, ვინც გინდა, რომ იყოს, ვინც გჭირდება, ვის არარსებობასაც ყველაზე მეტად ვერ ეგუები.

რა სახელიც გინდა ის დაარქვი ამ სულს, რადგან ასე დაჟინებით ამოგიკვიატებია მისი თანხმოვნებით  შემოსაზღვა, რა ფიტულიც გინდა ის მოარგე და ბედნიერი იყავი თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ის სადღაც აქ (ან იქ)  არის.

გაგიმხელ და გეტყვი რომ…!

მე ჩემს სულიკოს, ჩემს სახელს ვარქმევ.  რადგან არასდროს ვეგუები საკუთარი თავის ჩემს სხეულში ცოცხლად დამარხვას.

მე ჩემს სულიკოს ჩემი მეგობრის სახელს ვარქმევ, მან მისი სამარხი გასული წლის დეკემბერს მშვიდი ძილისას უხმოდ და სამუდამოდ დატოვა.

მე და ჩემი მეგობარი არც ვინმეს სატრფოები ვართ და არც გამოგონილი ღმერთები. ჩვენ არ გვჭირდება ხორცი-სარკოფაგი მოჩვნებითი არსებობის დასამტკიცებლად.                              ჩვენ სამყაროს ყველა ნაწილში ვართ და ყველა ნაწილი არის ჩვენში.                                              ჩვენ მარადიული წრებრუნვისა და შექცევადობის კარუსელზე მთელი ძალით ვქანაობთ, და ბედნიერების ადრენალინს ხან ჭიკჭიკად, ხან ტკბილ სურნელებად და ხანაც ზეციურ ნათებად ვაფრქვევთ.

სწორედ ამიტომ ჩვენ საკუთარი თავის ახდენილი სიზმრები ვართ და ყოველი გათენებისას ხელახლა ვხდებით…

ვიცი! ისევ ეჭვით შემომხედავ და მკითხავ

  • „ვინ არის სულიკო?“

მე ისევ კითხვით გიპასუხებ და გეტყვი:

  • „ ვინ ხარ შენ?“

 

 

ქრისტინე პახომოვა – სტუდენტი

რამდენიმე დღის წინ, რეჟისურის შესავალი კურსის შემსწავლელ ლექციაზე, ლექტორმა გალაკტიონის “მთაწმინის მთვარე” შემოგვიტანა. ლექსის გაგებით და შეგრძნობით ავტორის ემოციები და მდგომარეობა ისე უნდა გაგვეშიფრა, რომ შემდგომში მისი კადრირება შეგვძლებოდა. ვუყურეთ რამდენიმე ვიდეოს, ვუსმინეთ გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსის გარემიქსებულ ვერსიებს და “მთაწმინდის მთვარის” მოტივზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილ მუსიკას. ვნახეთ თეატრალური დადგმები და დავიწყეთ ლექსის გაშიფვრა, უფრო სწორედ, ცხარე კამათი.

რას გრძნობდა 25 წლის გალაკტიონი, როცა ლექსს წერდა? რატომ ავიდა მთაწმინდაზე? რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა სასაფლაოს, ზამბახს; რა იყო ვარდისფერი ბურუსი: გზის გასხივოსნებული მონაკვეთი თუ წერტილი; “ბრძანა(იწინასწარმეტყველა)” თუ არა მან მთაწმინდაზე დასაფლავება; ბარათაშვილთან უფრო დიდ სიახლოვეს გრძნობდა თუ აკაკისთან; ეძებდა თუ არა ის გარდაცვლილებში თავის “ტოლს და სწორს”, რომელსაც ცოცხლებში ვერ პოულობდა… გავიხსენეთ ისტორიული თანამედროვეობა, შედარებისას დავაკნინეთ ავტორები. საკუთარი აზრის მტკიცებისას ვცდილობდით დიდხანს „ვმჯდარიყავით ვირზე“. საბოლოოდ მაინც მივედით ერთ ჯანსაღ აზრამდე: ყველას მოსაზრება შესაძლოა ყოფილიყო ჭეშმარიტი. როცა ლექტორმა იკითხა, თუ როგორ რეჟისორულ ნამუშევარს შევქმნიდით ლექსის მიხედვით, პასუხი ერთხმად გავეცით:

  • ყველა სხვადასხვანაირს! – ლექტორის პასუხი იყო შემდეგნაირი: სწორედ ასე შეიძლება შეიქმნას საინტერესო სურათი. როგორია შენი თვალით დანახული გალაკტიონი და როგორ ჟღერს შენთვის “მთაწმინდის მთვარე”.

 

“Eternal Sunshine of the spotless mind – ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”; გასხივოსნება – ცნობიერების უმაღლესი(?) წერტილი, სადაც მნიშვნელობას კარგავს ყველა აზრი და ყველა საგანი იცლება შინაარსისგან, ფორმისგან და სხვაგვარ მნიშვნელობას იძენს; გულის და ტვინის გამთლიანება; სამოთხის იდეა – “სულიკო” და “სამეფო სიყვარულისა”-  არის გზა, არის შვების ძიება, არის სწრაფვა საყვარლისკენ ანუ ქრისტესკენ და თუ ქრისტე სიყვარულია – სიყვარულისკენ და რადგან სიყვარული ერთ შემთხვევაში ვარსკვლავი, ბულბული და ვარდია, ე.ი. შეცნობისკენ, რომ ის, ვისაც ვეძებთ, ღმერთი, რომელიც სიყვარულია, ჩვენშია და ჩვენთან და, ამავე დროს, ყოველ საგანში თანაარსებობს.

 

ორივე ავტორი ეძებს დაკარგულს. ე.ი. ოდესღაც ნაქონს. თუმცა პოვნისას ისინი ვერ ხვდებიან, რომ  ეს არის ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდნენ. როგორ შეიძლება ავხსნათ ეს? შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად მათ გააჩნდათ ბუნებრივი რწმენა, ემოციური, ინსტიქტური; სხვა სამყაროდან, შემორჩენილი “მეხსიერება”, სხვა არსებობაში მოპოვებული ან მიღებული სუფთა სიხშირე, მილევადი, რომელსაც მაშინ ვკარგავთ, როდესაც ჩვენი ყოფნა სხვა საგნებთან თანაარსებობა კი არ არის, არამედ „გასაგნება“, არა შერწყმა, არამედ საკუთარის გაშვება და სხვა მოცემულობის შემოშვება. როდესაც ვისმენთ მხოლოდ ყურებით და ვხედავთ მხოლოდ თვალებით და ვერ ვგრძნობთ, ჩვენი “სადგური” (ტვინი) ვერ იჭერს სიგნალებს, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას, ეს ენერგია შეგესაბამება თუ არა.  პარალელურ რეჟიმში ის კარგავს ფუნქციასაც და მუხტსაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის, რაც მიილია, დიდი და, ხანდახან, საბედისწერო დანაკლისი ხდება. იცლები საგნებისგანაც და აუტანელ წუხილს გრძნობ, აღარ ხარ თვითკმარი. მარტო რჩები და ეს მარტო ყოფნა არ არის ადამიანებთან დისტანცია. ეს სამყაროსგან მოწყვეტის სევდაა, როდესაც ხვდები, რომ შენ აღარ ხარ იმ მთლიანობის ნაწილი, რომელსაც სადღაც სამყარო ჰქვია, სადღაც უწყვეტი ენერგია, სადღაც სიყვარული, სადღაც მოძრაობა, სადღაც სიკეთე, სადღაც კი – ქრისტე. იწყებ ძებნას. პოულობ მაშინ, როდესაც შენი ცოდნა გაძლევს საშუალებას დაინახო, მოისმინო, შეიგრძნო… ეს  არის თავდაპირველი დავიწყებული ცოდნა, ამ ცოდნას გახსენება და შეცნობა სჭირდება. მაშინ სხეულში გონებიდან იჭრება ყვითელი სინათლე, ჰარმონიული შუქი.

ორივე ავტორი პოულობს იმას, რასაც ეძებდა ან „სტრატეგიულად“ მოქმედებენ და წერენ იმ ჯადოსნობის იმედით, რაც ტექტს, ანუ მატერიად ქცეულ ფიქრს, შეუძლია.

ამ ორ, თითქოს ძალიან მსგავს ტექსტს, ჩემი აზრით, განსხვებული ენერგია აქვთ. ერთს – ძლიერი, მეორეს – შედარებით სუსტი, თითქოს ნაკლებად ენდობა საკუთარ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟასთან შემოდის სიზმარი, აკაკის ლექსში უფრო ნაკლებია რეალურობის შეგრძნება.

 

P.S. მე ასე ვიგრძენი და შეიძლება ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ აღვწერე სწორად და გაგაგებინე. თუმცა არაფერია, შენ (ვინც არ უნდა იყო – მასწავლებელი თუ მოსწავლე), იქნებ ფიქრობ, რომ “სულიკო” ის გმირია, ბაზალეთის ტბის ძირას რომ იზრდება, ოქროს აკვანში. საინტერესო იქნება, როგორ მომიყვები. თუ გინდა, დახატე! თუ გინდა, მიმღერე! მე ახლა “სულიკოს” ვღიღინებ და ვაჟაზე ვფიქრობ. წარმოიდგინე, ვაჟას სხეულში როგორი შუქი “ენთო”, როდესაც ბალახები ელაპარაკებოდნენ, როდესაც ჩიტები კოსმოსურ ამბებს ეჭიკჭიკებოდნენ ყურთან და მას ესმოდა. ჰოდა, შენც შეგიძლია… მოისმინე და გაიგონე შენც!

 

აკაკი წერეთელი, „სულიკო“

 

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!

 

 

ვაჟა-ფშაველა

სამეფო სიყვარულისა

სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,
შემოვიარე მთელი ქვეყანა.
ჭირი და სევდა ზღვა და ხმელეთზე
სატრფოს მოძებარს შემხვდა ბევრგანა.

რამდენჯერ ფიქრი ცეცხლ-მოდებული
გავგზავნე ცაში მაღლა ღმერთთანა,
მაგრამ მე და იმ ჩემს ბედის ვარსკვლავს
არ მოგვიხერხდა შეყრა ერთგანა.

მოხეტიალე გახელებული
წავაწყდი სადღაც ერთს ტურფა მდელოს.
ცოდვაა, მისი მშვენიერება
ადამიანმა ფეხითა სთელოს.

სამოთხეს ჰგავდა, ან კი სამოთხე
იმაზე კარგი რითღა იქნება?
ჩემს აღტაცებას არ აქვს სამზღვარი,
როს მის სურათი თვალწინ მიდგება.

ყოველი ფიქრი საამქვეყნიო
მაშინ ქარწყლდება, გულში მიქრება.

ცივნი წყარონი ურიცხვთ ყვავილთა
ანკარა ნამით პირებსა ჰბანდენ.
წყარო ხომ თვითაც ლამაზი არის,
მაშინ კი ტრფობის ღმერთებსა ჰგავდენ.
უკვდავებისა წყარონი იყვნენ
და უკვდავებით მიდამოს ჰრწყავდენ.

უკვდავების ხეც იქვე ჰყვაოდა,
იქ ვერ აცდენდა გველი ევასა,
ვერა ჰბედავდა ბოროტი სული
ცოდვის საქმნელად გულის რწევასა.

შურის თვალითა შორით უმზერდა,
მაგრამ ხდებოდა იგი ვერასა.

სამეფო ტახტზე ყვავილიანზე
თვით სიყვარული ზედ ბრძანდებოდა,
კაცთა და პირუტყვთ გრძნობა-ვნებებზე
იგი მეფობდა და ბრძანებლობდა.

ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.

არწივსა ხმალი ქარქაშს ჩაეგო,
კლანჭზედაც სისხლი არღა სცხებოდა,
მყის დამტკბარიყო მისი ბუნება,
რა სიყვარული გულსა ჰხლებოდა.
ვისაც გუშინა გულ-ცივად ჰკლავდა,
დღეს იგი მის მტერს შეაკვდებოდა.

ორნი მეფენი, ერთმანეთზედა
აშფოთებულნი შურით, მტრობითა,
ერთი იქით მხრით, მეორე აქით
პირისპირ მოდგნენ თვის მხედრობითა.

საომარ ველად ეს დაესახათ,
ტურფა სამეფო სიყვარულისა,
აქ ჰსურთ ერთმანეთს რომ გაუმწარონ
დღე სიცოცხლის და სიხარულისა.

გულში მხედარნი სიძულვილს ჰლესენ,
გრძნობა არ უჩანსთ სიბრალულისა
და მიიწიეს ერთმანეთზედა
ხმალ-მოწვდით, თანაც კიჟინა დასცეს.

მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ.
მყის იარაღი ხელით გაუშვეს,
თავ-დაკიდებით შტერივით დადგენ.
მერე მივიდენ და ერთმანეთსა,

ვით ღვიძლმა ძმებმა, კოცნა დაუწყეს,
სულ დაჰვიწყნოდათ, რადაც აქ შეკრბენ,
ცა და ხმელეთსა სხვა ხმა აუწყეს.
ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა
მათ შემაცქერალს ტურფა მხარესა.

ერთურთს შესტრფიან თვალ-დამშეულნი,
ვით ცა გადმოსულს მაზედ მთვარესა.
მე კი ვიძახდი: „სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“

– მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო!
– ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი