ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ჩვენი მცდელობა, როგორ გავუქარწყლოთ ბავშვს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა. სპეციალისტები გვარიგებენ, რომ ბავშვები არ უნდა გავანაწყენოთ, გული არ გავუტეხოთ, ოჯახში მნიშვნელოვანი ადგილი გამოვუყოთ და თავისუფლება მივცეთ.
მოკლედ, გვირჩევენ, ბავშვებს სრულიადაც არ მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ბავშვობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიძნელდება, მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ამოცანას შევიმსუბუქებთ, თუ ვეცდებით უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა ბავშვის განვითარებაზე და საიდან აღმოცენდება ის.
სავსებით შესაძლებელია, ეს გრძნობა შიშს შევადაროთ. მათ შორის განსხვავება მხოლოდ გამოვლინების ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავისადმი უნდობლობა ფრიად საგრძნობი შეიძლება იყოს, შიში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება. არც ისე ძნელია გავიგოთ, როდის ეშინია ადამიანს, მაგრამ საკმაოდ დაკვირვებული უნდა იყოს ადამიანი, რომ გამოიცნოს, როდის არ ენდობა ის საკუთარ თავს. ორივე გრძნობა აუტანლად შემაწუხებელი, ერთი და იგივე გრძნობის შემადგენელი ნაწილია.
წუხილის ეს ბუნდოვანი და საკმაოდ გაურკვეველი გრძნობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი გამოვლინება. ბავშვი გრძნობს რა თავს მეტად უბედურად, შეიძლება გახდეს გაუბედავი, ბრაზიანი, მტირალა; ასევე – მოუსვენარი, გაღიზიანებული, უკონტაქტო.
რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად საკუთარი თავის მიმართ უნდობლობაგამოცხადებული ბავშვის ქმედებები შეიძლება გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სიმტკიცით, ან პირიქით, უნებისყოფობით. ის შესაძლოა იტანჯებოდეს მუდმივი შიშით, რომ დასჯიან, უარყოფენ, გააგდებენ, სადღაც გააგზავნიან. შეიძლება გაუჩნდეს აკვიატებული ნევროზული ჩვევებიც _ დაიწყოს თითის წოვა, ფრჩხილების კვნეტა, ლოგინში ჩასველება, უნებლიე მოძრაობები. იგი მუდმივად ჩხუბობს ამხანაგებთან, მიჯაჭვულია დედაზე და ტოვებს შენელებული განვითარების ბავშვის შთაბეჭდილებას. რაც მთავარია, ეს ვნებს მის უნარს თანხმობით იცხოვროს მშობლებთან. უნდობლობის გრძნობის გამოვლენის ასეთი მრავალფეროვნება მშობელს მეტად სერიოზულად ეჩვენება.
რატომ არის ეს გრძნობა ასე მრავალფეროვნად გამოხატული და რატომ მივყავართ ასეთ შედეგებამდე? ყოველთვის, სანამ ჩვენი ბავშვობა გრძელდება, თავს სრულიად დაუცველად და უძლურად ვგრძნობთ, არაფერი შეგვიძლია. ერთი სიტყვით, მთლიანად ვართ დამოკიდებული სამყაროზე, რომელშიც უფროსები ბრძანებლობენ. გვეჩვნება, რომ უსასრულოდ დიდხანს ვცხოვრობთ უფროსებს შორის და სანამ ჩვენ არ გავხდებით მოზრდილები და დამოუკიდებლები, იძულებული ვართ, მოვითმინოთ მრავალი სხვადასხვა სახის უსიამოვნება.
ამგვარი საშიშროებისაგან ჩვენი ბავშვების დაცვის ყველაზე საიმედო ხერხი მათში რწმენის განმტკიცებაა, რომ მშობლები ყოველთვის მათ გვერდით არიან და მზად არიან დაეხმარონ მათ. მშობლებმა ეს ყოველთვის იციან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბავშვები ყოველთვის როდი არიან დარწმუნებულნი მათში. ეს შეგრძნება ბავშვში მეტად უმნიშვნელოდაა, მაგრამ თუ გაღვივდა, მის გულში დიდხანს რჩება.
ბავშვებს ეჩვენებათ, რომ მშობლების მიმართ მორჩილება მეტისმეტი საფასურია იმ მფარველობისთვის, რასაც ისინი სანაცვლოდ იღებენ. ისინი ხედავენ, რომ მშობლები ზოგჯერ არიან მოსიყვარულენი, მაგრამ უმეტესად მოუთმენელნი და მრისხანენი. როცა დედა ბებოს ტელეფონზე ელაპარაკება და გიგო აწყვეტინებს, დედა არ უჯავრდება მას, ნებას აძლევს, იტიტინოს ყურმილში. ოციოდე წუთის შემდეგ კი, თუ იმავეს გაიმეორებს, სჯიან. გიგოს არ ესმის, რომ ახლა დედას სერიოზული საუბარი აქვს ავტომექანიკოსთან, ისინი მანქანის შეკეთების ფასზე მსჯელობენ.
რა თქმა უნდა, ბავშვები პატივს უნდა სცემდნენ მშობლების საქმიანობას, მაგრამ მშობლები ხშირად არ სცემენ პატივს ბავშვის საქმიანობას. ისინი ხან მეტისმეტი ყურადღების ქვეშ აქცევენ ბავშვს, ხან კი არად აგდებენ. ამიტომ ბავშვები საგონებელში ვარდებიან და უჩნდებათ კითხვა – ნამდვილად არიან თუ არა მშობლები მათი მეგობრები? პატარებისთვის უმნიშვნელოვანესია ეს მეგობრობა. მათ ხომ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება, მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ ყველაფერი აუცილებელი გააკეთონ მათთვის და პატარებს მშვენივრად ესმით ეს. ყოველ შემთხვევაში, უკეთ, ვიდრე ეს უფროსებს ჰგონიათ.მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალი წლის განმავლობაში მათი რწმენა ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული.
საუკეთესო ხერხი, რათა ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად – უსაზღვრო მოთმინების გამოჩენაა! მოთმინებაზე მეტად, არაფრით მტკიცდება მშობლის სიყვარული. სურვილი, გავუგოთ ბავშვს და მივცეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც აუცილებელია ნორმალური განვითარებისთვის, სწორედ ყოველდღიურ მოთმინებაში ვლინდება. მცირე ასაკის ბავშვთან ჩვენი მზრუნველობა გამოიხატება ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში: ძუძუს წოვაში, კვებაში, ბანაობაში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და ასე შემდეგ.
სწრაფი წარმატების მიღწევის ნებისმიერი მცდელობა ასევე განწირულია მარცხისთვის. თუ მოუთმენლობას გამოვავლენთ, ეს ნეგატიურად აისახება ბავშვზე, არა იმიტომ, რომ ის ყველაფერში ჩვენ გვბაძავს, არამედ იმიტომაც, რომ მას ეჩვენება, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვართ, არ მოგვწონს თვით მისი არსებობის ფაქტი, არ გვინდა, რომ ის არსებობდეს.
ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მშობლის ყვირილი და სიმკაცრე განამტკიცებს ბავშვში საკუთარი თავისადმი უნდობლობას. რა თქმა უნდა, ბავშვებს სჭირდებათ მითითებები და ხელმძღვანელობა. ხშირად ისინი თავადაც გვეკითხებიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ამის ახსნა ათასგვარად შეიძლება, მაგრამ აუცილებელია უდიდესი მოთმინება.
გასაგებია, რომ არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია იყოს უსაზღვროდ მომთმენი. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხასიათი და განწყობილება. ჩვენც ხომ ყოველთვის ბოლომდე არა ვართ დარწმუნებული ჩვენს თავში, ამიტომ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენს შვილებს ეს თვისებები ჰქონდეს. არც ისე გონივრულია მოვთხოვოთ სხვებს ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ მისთვის ვერ შევძელით. თუკი ჩვენ ბავშვს მიუწვდომელ, არარეალურ მიზანს დავუსახავთ, ჩვენ მიმართ უნდობლობის ახალი მიზეზები აღმოცენდება. აი, კიდევ ერთი გასაღები ჩვენი შვილების გაუბედაობის გადასალახავად. რაც უფრო მეტად გავთავისუფლდებით თავად ჩვენ დაძაბულობის, განგაშისა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობისგან, მით მალე გათავისუფლდებიან მისგან ისინიც.