სხვადასხვა ადამიანურ შიშს შორის ერთ-ერთი სიბერის შიშია. მახსოვს, ბებია განგებას საყვედურობდა:
- ეს დაბერება რაღაა, ადექი დალოცვილო და როცა დრო მოუვა, მოკალი ადამიანი, მაგრამ ნუ დააბერებო. ისეთად დატოვე, როგორიც არისო.
და იქვე გულმოსული გააგრძელებდა:
- არა, უნდა გაათეთროს, წელში მოხაროს, თვალის ჩინი მოაკლოს, სახე ნაოჭებით დაუღაროს. გაასასაცილოვოს რა… და ისე გაუშვას იქით.
არადა, ამ ცხოვრებაში დაბერებულის იქით გაშვება თურმე ფუფუნებაა, რომელიც ყველას ვერ ერგება.
დაბერების მაინც ეშინიათ.
„გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი…“(ოთარ ჭილაძე)
გალაკტიონსაც არ გამოპარვია სიბერე და ქალთა წყევლას ადარებდა.
„…ეჰა, მე ვამბობ, სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას – სიბერეს?
წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს“.
ჰო, დაბერება გარდუვალია. თუმცა, რამდენადაც სიბერეს მოსვლის უფლებას მისცემ, იმდენად მალე მოგიკალათდება სულსა და სხეულში. ნელ-ნელა ხელს მოგხვევს, მერე ოდნავ მაგრად და საბოლოოდ ისე ჩაგიკრავს გულში, განძრევას ვეღარ მოახერხებ.
ჩემზე ადრე ეს პოეტს გაუთავისებია და წერს:
„…ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით…“ (ოთარ ჭილაძე)
ვერ ჩამოვჯდები და ვერ დაველოდები, როდის დავბერდებიო. თუმცა, სიბერე გაჰიპნოზებს და რას ვეძებ, თავადაც აღარ ვიციო.
სხვა პოეტიც ჯიუტად იმეორებს, არ დანებდეთო…
„როცა დაცხრება შენი ვნებები,როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,სიბერეს მაინც ნუ მინებდები,ციხე იყავი აუღებელი“. (შოთა ნიშნიანიძე) გალაკტიონი სიბერეს „ქალთა წყევლას“ კი ადარებს, მაგრამ ამბობს, რომ ის სასაცილოდ არ ყოფნის.
„…თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს“…
ჩემზე და პოეტებზე გაცილებით ადრე, სიბერეზე ალქიმიკოსებმა იფიქრეს.
ამაზე ჯერ ჯაბირ იბნ-ჰაიამი დაფიქრდა და ელექსირის, იგივე ფილოსოფიური ქვის ძიებას მიჰყო ხელი. მართალია, უფრო ოქროს მისაღებად უნდოდა, მაგრამ გულში ისიც სწამდა, რომ ელექსირის მეშვეობით ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლოსაც ამოხსნიდა. მისი თანამედროვე, ალ-რაზი „ელექსირს“ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის ეძებდა. ამ მიზნებში ხანგრძლივ ახალგაზრდობას ბოლო ადგილი სულაც არ ეკავა.
მოგვიანებით გლაუბერი ახალგაზრდობის ელექსირად გლაუბერის მარილად წოდებულ ნატრიუმის სულფატს ასახელებდა.
თუმცა…
ყველაზე სწორი მიმართულებით იბნ-სინა, იგივე ავიცენა ფიქრობდა. „სამედიცინო ტრაქტატში“ ავიცენა წერდა:
- სიბერე ტვინის დაბერებიდან იწყებაო.
გესმით? მეშვიდე საუკუნეში ალქიმიკოს-ექიმი ავიცენა სიბერის მთავარ მიზეზად ტვინის დაბერებას ასახელებდა. რა თქმა უნდა, თუ ტვინი არ/ვერ მუშაობს უკვე ბებერი ხარ.
ავიცენას შემდეგ ბევრმა ბევრი რამ დაწერა. ზოგმა ყოვლად აბსურდული, ზოგმაც თითქოს სიმართლესთან მიახლოებული, თუმცა თანამედროვე მედიცინა აღიარებს, რომ სიბერე ტვინის უძლურებიდან იწყება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გულ-სისხლძართვთა სისტემაც დაბერებულია და სიბერესთან ის „ჩახუტებაა“ დაწყებული, რაც ზემოთ შესავალში დავწერე.
როგორ ვაიძულოთ ტვინი, დარჩეს ახალგაზრდა?
ავიცენას ვერსია #1: მიიღეთ უხეში საკვები, რადგან ანთებით პროცესებს ბლოკავს.
თანამედროვე მედიცინა: უხეში ბოჭკოების მიღებას უწევს რეკომენდაციას. მაგ. საუზმედ სიმინდის, შვრიის ფანტელების ფაფა. უხეში ბოჭკო ნაწლავების პერისტალტიკას ააქტიურებს და წვრილ ნაწლავში ანთებითი პროცესების განვითარებას აფერხებს. კვლევებით აღმოჩნდა, რომ წვრილ ნაწლავში ანთების შეფერხება, ამავე პროცესს თავის ტვინშიც შეაფერხებს. ანუ, უხეში ბოჭკოსგან შემდგარი საკვები თავის ტვინში ანთების პროცესის წარმოქმნასა და განვითარებას უშლის ხელს. შესაბამისად, ასე თუ ისე, ტვინს ალცგეიმერის დაავადებისგანაც იცავს.
დღეში მხოლოდ 25გ. უხეში ბოჭკო ყოფილა აუცილებელი.
ავიცენას ვერსია #2: ტვინს სჭირდება მეტი რაოდენობით სისხლი. სხვათა შორის, ავიცენას ეს სიტყვები ბევრმა ალქიმიკოსმა არასწორად გაიგო. ამ არასწორი გაგების იქით „ალქიმიის ბნელი ეპოქა“ იმალება, რომლის დროსაც, ვითომ მედიცინის სახელით ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ.
თანამედროვე მედიცინა: ტვინს სჭირდება მეტი რაოდენობით სისხლი. დიახ, ოღონდ სხვისი კი არა, საკუთარი, ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი! ამისთვის კი აუცილებელია სისხლძარღვების ელასტიკურობა, ქოლესტერინის ნაკლები დონე, რათა სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს მათში.
ჭარხალი – უამრავ ორგანულ მჟავას შეიცავს, რომელთა ერთი ნაწილი, სწორედაც რომ, სისხლძარღვების კედლებს აფართოებს და ელასტიკურობას ანიჭებს. ამას სხვა უამრავი პროდუქტიც აკეთებს, თუმცა ჭარხალი ყველაზე იოლად ხელმისაწვდომია. ამავე დროს, ნახსენები ორგანული მჟავები მისი მოხარშვის დროს არ იშლებიან. გამოდის, რომ ჭარხალი უმიც და მოხარშულიც ერთნაირად სასარგებლოა. სულ 250გ. დღის განმავლობაში.
სხვათა შორის, იმავეს აკეთებს რეგულარული სპორტიც. სისხლძარღვები იმდენად ელასტიკური ხდება, რომ, შეიძლება ითქვას, „სპორტი ჟანგბადით ტვინს რეცხავს“.
ავიცენას ვერსია #3: დიდი რაოდენობით თევზი.
თანამედროვე მედიცინა: ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უფრო მეტი რაოდენობით ოკეანისა და ზღვების შედარებით ქვედა შრეებში მცხოვრებ თევზებშია. მაგ. ორაგულში.
იმავე ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეხვდებით ავოკადოში, ე.წ. ომეგა 3-კვერცხებში (დიახ, ჩვეულებრივი ქათმის კვერცხია, რომელსაც, სავარაუდოდ, ომეგა 3-ით გამდიდრებულ საკვებს აძლევენ), ან უბრალოდ აფთიაქში შეძენილ საკვებ დანამატებში. დღეში 20გ. ყოფილა აუცილებელი.
ამ წერილში ავიცენას მრავალი ვერსიიდან მხოლოდ სამი დავწერე. „სამედიცინო ტრაქტატში“ სხვა რჩევებიც არის, რასაც გაგიკვირდებათ, მაგრამ თანამედროვე მედიცინაც იზიარებს. ზოგიერთი მათგანი ადრინდელ წერილში მიწერია https://mastsavlebeli.ge/?p=11923
ბებია საკმაოდ მხცოვანი გარდაიცვალა. ფეხებმა უღალატეს ცოტა, თორემ ტვინი ბოლომდე საღი და ნათელი ჰქონდა. ავიცენას მოსაზრებებს სულაც არ იცნობდა, უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და უამრავი ტელეფონის ნომერი და ლექსი იცოდა ზეპირად. ტვინს ვავარჯიშებ, ბებიაო, დააყოლებდა ხოლმე.
- და თუ ავიცენას დავუჯერებთ, სპორტით დავკავდებით და ლექსებს ვისწავლით, არ დავბერდებითო? – აი, იმ ბატონმა იკითხა, მონიტორიდან, წერილს რომ კითხულობს.
ნამდვილად დავბერდებით, ოღონდ ნათელი ტვინით დაბერება, რატომღაც უფრო სასიამოვნო პროცესი მგონია.
გალაკტიონის თუ დავესესხებით:
„…დღეები რბიან და ჩვენ ვბერდებით…“
- რა ბრძანეთ, ბატონო? ააა, ამჯერად მეთანხმებით? რა კარგია.