ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება სკოლაში

მედიაწიგნიერების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის, შესახებ საკმაოდ ხშირად საუბრობენ. ბევრი სტატია, ბლოგი თუ რჩევა წამიკითხავს იმაზე, თუ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს ინფორმაციის ზღვაში საჭირო მასალის მოძიება-გადამოწმებისა და გააზრება-გამოყენების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესში ყველა ზემოხსენებული კომპეტენციის გაუმჯობესებას ვცდილობთ, წიგნიერებასთან დაკავშირებული კვლევები (მაგალითად, PIRLS) გვიჩვენებს, რომ კვლევაში ჩართულ მოსწავლეებს ყველაზე მეტად ინფორმაციული ტექსტების გააზრება-დამუშავება უჭირთ. ფაქტია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში მხატვრული ტექსტები ჭარბობს, სხვა საგნები კი, მიზეზთა გამო, ორიენტირებული კითხვის უნარებზე იმ დოზით ვერ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ეს მშობლიური ენის მასწავლებლებს მოეთხოვებათ. ამ ვაკუუმის შესავსებად ხშირად სხვადასხვა დამხმარე ბეჭდურ ან ინტერნეტ რესურსს ვიყენებ. თუმცა პროგრამით გათვალისწინებული მასალა არც თუ ისე ხშირად გვიტოვებს დროს დამატებით ტექსტებზე მუშაობისთვის.

2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მედიაწიგნიერებას ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციად ასახელებს. ესგ-ის მიხედვით, მოსწავლეებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული აკადემიური უნარ-ჩვევები ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს. მედიაწიგნიერების უნარებში მულტიმედია ტექსტების გაგება-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა იგულისხმება. მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირება, ინფორმაციის გადარჩევა-გადამოწმება და კრიტიკულად შეფასება. მედიაწიგნიერების კონცეფცია დაკავშირებულია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან, რადგან ინფორმაციის ხარისხიანად დამუშავებას, სანდოობის განსაზღვრას და ამასთან, ახალი ინფორმაციის შექმნას სწორედ ზემოაღნიშნული უნარები უზრუნველყოფს.

ბოლო წლებში, მედიაწიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად იმართებოდა არასამთავრობო თუ სამთავრობო საგანმანათლებლო ცენტრების მიერ ორგანიზებული კონფერენციები, ტრენინგები და კონკურსები. მაგალითად მოვიყვან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩატარებულ კონკურსს –  ,,ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ (2013წ.), ტრენინგს – ,,მედიაწიგნიერების თეორიული ასპექტები და პრაქტიკული გაკვეთილები“ (2016), კონფერენციებს –  ,,კრიტიკული მედიაწიგნიერება – 2016“ და ,,დემოკრატიული სკოლა და მედიაწიგნიერება 2017“ (,,კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის“ (CNC)) და ა.შ. თუმცა ალბათ უფრო მასშტაბური ინტერვენცია და დროა საჭირო, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შედეგები მოსწავლეთა წიგნიერების უნარებზეც აისახოს.

ჩემი აზრით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მეტ დრო უნდა ეთმობოდეს მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას. სახელმძღვანელოებში ჩადებული მასალების პარალელურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინტერნეტ თუ ბეჭდური რესურსი (კითხვის უნარების დახვეწასა და ტექსტის სიღრმისეულად გააზრებაზე ორიენტირებული ტესტები), რომელიც ჩვენს აღსაზრდელებს საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობას მიაჩვევს. თუმცა პირადად მე, საკმაოდ დატვირთული კურიკულუმის გამო ზემოაღნიშნულ უნარებზე ორიენტირებას კლუბური მუშაობის დროს უფრო ვახერხებ.

ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების კერების არსებობა რომ საკმაოდ ეფექტურია, ამაზე აღარ ვისაუბრებ. კლუბური მუშაობა მოსწავლეებს სავალდებულო სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის საშუალებას აძლევს და იმის ილუზიას უქმნის, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაგეგმილი აქტივობები მათ განტვირთვას და გახალისებას ემსახურება, რაც კლუბის შინაარსსა და აქტივობების მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. მართალია, არაფორმალური შეხვედრები სტანდარტულ გაკვეთილს არ უნდა დაემსგავსოს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დაეყრდნობა მონათესავე დისციპლინას. კლუბური სისტემა სკოლის ერთიანი აკადემიური მიმართულების ნაწილია და საგაკვეთილო პროცესის დროს აქცენტირებულ უნარებს მიღმა დარჩენილი შესაძლებლობების გამოვლენას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩემი კლუბი მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილებზე მიღებული კომპეტენციის გაუმჯობესებაშიც ეხმარება და მედიაწიგნიერებასთანაც პირდაპირ კავშირშია.

,,ცნობის ფურცლის“ იდეა მეხუთე კლასის ერთ-ერთ შემაჯამებელ პროექტზე მუშაობის დროს დამებადა. ,,დავითის და გოლიათის“ ისტორია დაძველებულ ფურცლებზე რეპორტაჟების, სტატიების ან დღიურების სახით უნდა ,,გადაგვეწერა“, შემდეგ კი გაზეთად აგვეკინძა და სკოლაში გაგვევრცელებინა. გაზეთში ,,გამოქვეყნებულ“ ისტორიებს ავტორები სკოლის რადიოში გამოაცხადებდნენ. ზემოაღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეების და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალ სასწავლო წელს კი ჩვენს სკოლას, ახალი კლუბის სახით, ,,ცნობის ფურცლის“ რედაქცია შეემატა.

 

კლუბის წევრებმა ჟურნალზე მუშაობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ ერთად ჩაატარეს რამდენიმე სასკოლო გამოკითხვა და შედეგების მიხედვით შეარჩიეს რუბრიკები და გასაშუქებელი თემები სტატიებისა და ინტერვიუებისთვის. ყოველი სემესტრის ბოლოს ,,ცნობის ფურცლის“ ერთი ნომერი გამოდიოდა. ჟურნალს, მოსწავლეებთან ერთად, დიდი ინტერესით კითხულობდნენ უფროსებიც. იგი ღია კარის დღეებზე ერთგვარი გიდის როლს ასრულებდა, რადგან სტუმრები სკოლის ცხოვრების შესახებ ყველაზე მეტს სწორედ ამ ბეჭდური გამოცემის გადაშლისას იგებდნენ. კლუბის ინიციატივით, სკოლაში ფონტების კონკურსი ჩატარდა, გამარჯვებული შრიფტით კი ჟურნალის მეორე ნომერი გავაფორმეთ. სკოლის დღიურის გარდა, ,,ცნობის ფურცელში“ იბეჭდებოდა პატარა მეცნიერთა ბლოგები, მოგზაურთა ჩანაწერები, ნორჩ შემოქმედთა ზღაპრები, სტატიები ხელოვნებაზე, დიდ შესვენებაზე თავშესაქცევი კროსვორდები და სხვა თავსატეხები. ეს იყო ძალიან შრომატევადი, საპასუხისმგებლო და საინტერესო თავგადასავალი, რომელიც მოსწავლეებს სწორედ იმ უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებოდა, რაზეც ზემოთ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე.

 

სკოლის ჟურნალზე IV-VI კლასების მოსწავლეები მუშაობენ, უფრო პატარები კი მედიაწიგნიერების საწყის უნარებს ეუფლებიან და ხელნაწერი წიგნებს ამზადებენ. უკვე ხუთი წელია ზემოაღნიშნულ კლასებში ხელნაწერ კრებულებს ვქმნით. მოსწავლეებს საშინაო დავალებად მხატვრულ და საინფორმაციო ტექსტებს თანაბრად ვაძლევ და მათზე მუშაობის სხვადასხვა ხერხს ვთავაზობ. სასწავლო წლის განმავლობაში მათი ,,შთაბეჭდილების სკივრები“ ივსება საყვარელი მოთხრობების/ზღაპრების ილუსტრირებული შინაარსებით, კომიქსებით, პერსონაჟებთან მიწერილი წერილებით, საყვარელი კერძების რეცეპტებით, ისტორიული, სპორტული თუ სხვა სფეროსთან დაკავშირებული სიახლეებით, ცნობილი ამბების უცნობი გაგრძელებებით, რომლებსაც თავად იგონებენ და წიგნის თანაავტორები ხდებიან და ა.შ.

მომავალ წელს კიდევ ერთი პროექტის – სკოლის რადიოს განხორციელებას ვაპირებ. ამჯერად, კლუბური მუშაობის მიზანი რადიოგადაცემების მომზადება და სკოლის ტერიტორიაზე გავრცელება იქნება. იმედი მაქვს, ეს ახალი ინიციატივა, სკოლის ჟურნალთან ერთად, მოსწავლეთა წიგნიერების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“