ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა „ივერიის“ ფურცლებიდან
ახალს ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, მაგრამ მაინც უნდა მეთქვა: მარად ახალი, ფერუცვლელი, თანამედროვე და სახელმძღვანელო პრინციპებით მასაზრდოებელი იდეოლოგია უკვდავ შემოქმედებასთან ერთად ქართველი ერისა და ჩვენი ახალი თაობებისთვის ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაა. სასკოლო პროგრამაში თითქმის ყოველ საფეხურზე ვსწავლობთ ილიას ტექსტებს. ეს ის ავტორია, რომელთან მიბრუნებაც მუდამ გვიწევს მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. ლექსები, მოთხრობები, პოემები… მაგრამ არანაკლებ ღირებული და გონების მასაზრდოებელია მისი პუბლიცისტიკა. ამ საქმეს ხომ მთელი ცხოვრება შეალია… მაცოცხლებელი იდეების გავრცელება მიძინებული ეროვნული თვითშეგნებით სნეულ საზოგადოებაში, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ბრძოლის გზის ჩვენება, როგორც თავად თქვა ცნობილ ლექსში:
„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ“.
ალბათ არავის ქართულ საზოგადო სარბიელზე არ გაუკეთებია ისეთი ამბიციური განაცხადი, როგორიც ილიას. თუნდაც ეს სიტყვები რად ღირს: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. არ ღალატობდა რწმენა, რომ კალმით ბოროტების დამარცხება შეეძლო. არავის კალამს ისე ეფექტურად არ გაუკეთებია ეს, როგორც მისმა მახვილივით მჭრელმა კალამმა მოახერხა.
რამდენად სარწმუნოა, რომ ერთმა წერილმა საზოგადოებრივ ასპარეზზე წესრიგი და აზროვნება შეცვალოს და სათავე დაუდოს ისეთ სიახლეს, რაც შემდეგ ქმედით და უალტერნატივო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნება? დიახ, ეს შეძლო ერთმა წერილმა, რომელსაც ილიამ დაარქვა უცნაური სახელი: „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.
არ დაგვავიწყდეს: წერილი 1860 წლის 5 ნოემბერს დაწერა 23 წლის ჭაბუკმა. ჟურნალმა „ცისკარმა“ ის თავის მეოთხე ნომერში გამოაქვეყნა და შემდეგ 2-3 წელი მამათა და შვილთა ცნობილი დაპირისპირება აისახებოდა მის ფურცლებზე, რომელიც 1863 წელს შეწყდა, 1871 წელს კი კვლავ განახლდა ილიას ცნობილი გამოცანებით. 1863 წლიდან ილიამ თერგდალეულთა იდეოლოგია ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გადაიტანა, ხოლო მოგვიანებით, 1877-იდან – „ივერიაში“, რომელსაც ხან გაზეთად, ხან კი ჟურნალის სახით გამოსცემდა. თუ სადმე ოდესმე პრესას და პუბლიცისტიკას გადამწყვეტი როლი შეუსრულებია საზოგადოების განვითარებაში, ეს უპირველესად ითქმის ილიას რედაქტორობით გამოცემულ პერიოდიკასა და მისი ხელმოწერით გამოქვეყნებულ სტატიებზე. ცარისტული იმპერიის სასტიკი ცენზურის პირობებში, როცა ოფიციალურად დანიშნული ცენზორი იჯდა და ანადგურებდა ინტელექტუალურ პროდუქტებს (გავიხსენოთ ლუკა ისარლოვი, რომელიც სისხლს უშრობდა ილიას და ეს უკანასკნელი ხშირად რედაქციის თანამშრომლებსაც კი უგზავნიდა, რომ მისი ქირურგის სკალპელივით დაუნდობელი კალმისგან ეხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაფიქრალ-ნააზრევი). კლდესავით ურყევმა რწმენამ, რომელსაც ილია ქართველი ერის წარსულში ხედავდა („ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად – ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი“, – ნაწყვეტი წერილიდან „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“), მის ნააზრევშიც აღმართა ახალი საყდარი, რომელიც გარდამტეხი ეპოქის საყრდენად იქცა. 1861 წელს პეტერბურგიდან მომავალ 24 წლის ილიას უკვე გააზრებული ჰქონდა, სახელმწიფოებრიობადაკარგული და სრულ წყვდიადში მოქცეული საქართველო როგორ უნდა აღედგინა ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ შემოეკრიბა პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული თანამებრძოლები და როგორ გაეღვივებინა მიძინებული ეროვნული თვითშეგნება. ის განმანათლებლად მოევლინა თავისი და მომავალი ეპოქების საქართველოს იმ გაგებით, რომ, გარდა უმნიშვნელოვანესი მხატვრული ტექსტებისა, თავისი საქმიანობით, უპირველესად კი პუბლიცისტიკით, საზოგადოებას შესთავაზა თანამედროვე, ახლებური აზროვნება, ეროვნული პრობლემატიკის ანალიზისა და გადაწყვეტის გზები. ეს მთელი იდეოლოგიაა, მთელი დოქტრინა, რომლითაც ჩვენი საზოგადოება დღესაც ხელმძღვანელობს და აქტუალობას ალბათ არასდროს დაკარგავს.
1879 წლიდან ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე რეგულარულად ბეჭდავდა ნოვატორული პუბლიცისტური ჟანრის წერილებს, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც „შინაური მიმოხილვები“. ამ წლების განმავლობაში დაიბეჭდა 30 ასეთი წერილი, რომლებშიც ილიასთვის დამახასიათებელი ბასრი ხელწერით შუქდებოდა მისი თანამედროვე საქართველოს ყოფის ყველა აქტუალური პრობლემა – ეროვნული თვითგამორკვევითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაწყებული, საქალებო სკოლაში გამართული ქალთა კრების ან სამედიცინო საზოგადოებაში ავჭალის წყლის საკითხებისადმი მიძღვნილი შეკრების გაშუქებით დამთავრებული.
ილიამ საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო საზოგადოებაში არსებული პრობლემების არსში წვდომითა და ანალიზით. მას მიაჩნდა, რომ „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“. ისტორიის ერთობაში, სავარაუდოდ, ილია გულისხმობდა დროთა კავშირს. იგი არაერთგან იმოწმებდა ლაიბნიცის ცნობილ სენტენციას: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. მისი ცნობილი წერილი „აი, ისტორია“ სწორედ ამას გვეუბნება, რომ ერის დაბერება, რომელსაც რუსულ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკის“ ერთ-ერთი ავტორი გვაცნობდა როგორც ქართველი ერის პრობლემას, აბსურდული იყო, რადგან ილიას აზრით, სიძველე ერს კი არ აბერებს, არამედ აძლიერებს, ეროვნულ ენერგიას მატებს. ერებს შორის ზოგი ადრე გამოსულა საიასტორიო ასპარეზზე და ზოგიც გვიან, ბევრი აღგვილა პირისაგან მიწისა და ამის მიზეზი სიბერე კი არ ყოფილა, არამედ „შინაურ საქმეთა მოუწყობლობა“ და მტერთა ძლევა. სწორედ ამიტომ ილიას „ისტორიის ერთობა“ ესახებოდა ქართველი ერის ჩამოყალიბების ყველაზე არსებით და მნიშვნელოვან ფაქტორად. მწერალი ქართველობას უხსნიდა, რომ წარსულის ისტორიული გაკვეთილები ერმა სწორად უნდა გაიაზროს და გამოიყენოს მერმისის ასაშენებლად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განმტკიცების გზაზე.
ეროვნული პრობლემების გააზრების საუკეთესო მაგალითი იყო აჭარის საკითხის წინ წამოწევა. ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ ილია დაწვრილებით აანალიზებდა აჭარის პრობლემას და მიაჩნდა, რომ ამ კუთხის ეროვნული საფრთხეები განაპირობა არა რელიგიურმა საკითხმა, არამედ რუსულ-ოსამლური დაპირისპირების პოლიგონად ამ კუთხის ქცევამ, რამაც გააჩინა მოსახლეობის აყრის და ოსმალეთში გადასახლების საფრთხე. ილია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ასე ხედავდა: აჭარის შემოერთების პროცესში აჭარელთა შორის განათლების გავრცელების საკითხს ანიჭებდა უპირატესობას, მეორე ადგილზე კი აყენებდა დანარჩენი საქართველოს მობილიზებას აჭარელთა თანადგომისთვის. ილია ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, კინტრიშის მაზრის, ქობულეთის და მთელი აჭარის მოსახლეობის სატკივარისთვის მიეხედა, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით დანარჩენ ქართველობას მიმართავდა, გამოეჩინათ სოლიდარობა, მონოლითური ეროვნული სულისკვეთება, ქველმოქმედების ნება და ერთობლივად გადაეჭრათ აჭარელთა სოციალური პრობლემები. ილიას აზრით, გაჭირვებულ აჭარელთა დახმარება მთელი ერის მოვალეობა იყო და სოლიდარობა ინდივიდუალურ სიკეთემდე სწორედ ამიტომ არ დაიყვანებოდა. ერს უნდა გაეაზრებინა, რომ საზოგადო სატკივარს ეროვნულმა მთლიანობამ უნდა უწამლოს, თორემ ცალკეული პიროვნული ინიციატივები ვერ ამოწურავდა მთელი კუთხის საზრუნავს.
ერთ-ერთ მიმოხილვაში ილია კანონისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას ეხებოდა. ის წერდა: „ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს – სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი“. საკითხავი ეს იყო: რატომ ხდება კანონი საძულველი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სავსებით გონივრულია? ამის მიზეზად ილიას განათლების დეფიციტი, მოქალაქეობრივი კულტურის დაბალი დონე და თვითნებობა მიაჩნდა. კანონმორჩილება მაღალგანვითარებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვითშეგნებაა და ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეიძინოს საზოგადოებამ, რადგან უამისოდ შეუძლებელია მწყობრი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების მშენებლობა.
მიუხედავად მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი პოზიტიური ძვრებისა, ილია ეჭვქვეშ აყენებდა „ისტორიის პროგრესს“ და, ჩემი აზრით, ეს სკეფსისი განპირობებული იყო იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ისტორიის გაკვეთილები გონივრულად ვერ გაიაზრა. მეოცე საუკუნის პირველ დღეს ილია შეხვდა წერილით „მეცხრამეტე საუკუნე“, სადაც ის გასული საუკუნის მიერ მოტანილ ყველა სიკეთეს, სიახლესა და პროგრესს ხაზს უსვამდა, მაგრამ აქვე მიუთითებდა, რომ მიუხედავად ადამიანური ყოფის გაუმჯობესებისა, ბედნიერება მაინც შორს იყო, რომ ახლა ზღვარი ძლიერსა და უძლურს შორის კიდევ უფრო ღრმა და საგრძნობი გახლდათ და რომ მეცხრამეტე საუკუნე მეოცე საუკუნეს უანდერძებდა, აეღორძინებინა მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა და ზნეობის აღმატება მოეტანა. ილიას სკეფსისი უიმედობისა და მარცხის განცდიდან კი არ იღებდა სათავეს, არამედ რეალობის ობიექტურ აღქმაზე, იმედიანი, მაძიებელი, ახალი საუკუნის მიმართ მომთხოვნ პოზიციაზე მეტყველებდა.
ილია ქართველ ხალხს სთავაზობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეებს, ეწეოდა მათ პროპაგანდას, ამხელდა იმ პირებს, იმ მოვლენებს, რომელნიც ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას, ეწეოდა საჭირბოროტო ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემატიკის კვლევას, მონიტორინგს, იქვე გვთავაზობდა მათი გადაწყვეტის გზებს. ის მიმართავდა იმპერიულ ხელისუფლებას, შეემსუბუქებინა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის ტვირთი, გადასახადები, დაენერგა ახალი, ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივები. ცდილობდა, რუსეთსა და ევროპაში შემოსული სასიკეთო ნოვაციები გაეცნო ქართველი ხალხისთვის. ის შეუსვენებლად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მძლავრი საგანმანათლებლო სისტემის შექმნისთვის აუცილებელ პროცედურებს, მოითხოვდა საზოგადოების აქტიურობას ქართული სკოლების, სემინარიების, გიმნაზიების, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების, ქართული თეატრისა და პრესის შენახვისა და განვითარებისთვის ბრძოლაში.
ცნობილი წერილი „ორიოდე სიტყვა…“ იყო ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელმაც შემდეგ გაგრძელება პოვა „საქართველოს მოამბისა“ და „ივერიის“ ფურცლებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სწორედ ამ გამოცემების ფურცლებზე დუღდა და კეთილი ალქიმიკოსივით ხარშავდა საოცნებო კვინტესენციას, რომელსაც ყველანაირი ეროვნული სატკივრისთვის უნდა ეშველა.
რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეს წერილი და მასში გაჟღერებული იდეები? ამ კითხვას უპასუხებს მცირე რესურსი, რომელიც, ვფიქრობთ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ხელს შეუწყობს ილიას პუბლიცისტიკის მნიშვნელობის გააზრებაში.
(იხ. პრეზენტაცია)