ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე

„მე ყველა ერთნაირად მიყვარხართ“, „მე არ გამოგარჩევთ“, „ყველა ერთი ხართ ჩემთვის“, – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ძალიან ხშირად იყენებდნენ მასწავლებლები ჩემი მოწაფეობის დროს. ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყავი, როგორი იყავი, რა ოჯახიდან გამოდიოდი ყოველ დილით რვა საათზე, რომელ უბანში ცხოვრობდი, რამდენი ჰქონდათ ხელფასი შენს მშობლებს და რა მანქანა გაკითხავდა გაკვეთილების შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ყველა კლასში, რომელშიც მისწავლია (მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია მცირე სტატისტიკისთვის) ყოველთვის იყო ორი ან სამი მოსწავლე, რომელიც დამრიგებელს ან რომელიმე სხვა მასწავლებელს გამორჩეულად უყვარდა და ხშირად ვერც კი მალავდა ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას.

მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე ორნაირია: ერთი, რომელიც ვერ გრძნობს მასწავლებლის განსაკუთრებულ სიყვარულს და, შესაბამისად, ვერ იყენებს ამ უპირატესობას და მეორე, რომელიც გრძნობს ამას და სათავისოდ იყენებს, იცის, რომ მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლეა და ხვდება, რომ სხვებთან შედარებით ბევრი რამ ეპატიება. როგორია სხვა, ჩვეულებრივი მოსწავლეების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? ზოგი ამჩნევს, ზოგი – ვერა, ზოგი უფრო გონიერია და ხმასაც იმაღლებს, ზოგს ყველაფერს ხვდება, მაგრამ ეშინია. ფაქტი ერთია: დანარჩენი მოსწავლეები გრძნობენ, რომ არ არიან რჩეულები და ხშირად ეს ძალიან, ძალიან დიდხანს ტოვებს კვალს მათ ცნობიერებაში.

კაცმა არ იცის, როგორ შეიძლება გახდე მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე, ალბათ, ყველა მასწავლებელს თავისი მოთხოვნები აქვს. ზოგი მდიდარი ოჯახის შვილისკენ იხრება, ზოგს ფრიადოსანი უყვარს, ზოგს – ყველაზე მაჩანჩალა, რომელსაც მთელი თორმეტი წელი ათრევს… ასე იყო თუ ისე, თითქოს ყველა მასწავლებელმა იცოდა, რომ გამორჩევა არ შეიძლება, ან, თუ გამოარჩევ, გამოხატვით მაინც არ უნდა გამოხატო, მაგრამ მაინც უშვებდნენ ერთსა და იმავე შეცდომას.

ხშირად გამჩენია უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ რომელიმე საგნის მასწავლებლის გამორჩეული მოსწავლე არ ვიყავი და უფრო მეტი სირთულის გადალახვა მიწევდა, ვიდრე იმ ერთადერთს. სულ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ხშირად ვერ ვბედავდი. იყო ერთი მასწავლებელი, რომელიც ძალიან ძნელად წერდა ნიშნებს. მის საგანში 10 ქულის მიღება მხოლოდ რჩეულს შეეძლო, რომელიც მართლაც ჩვენზე გონიერი და ნიჭიერი იყო, მაგრამ ხანდახან მოდუნების უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს – მაინც 10 ქულას იღებდა. ერთ დღესაც, მორიგი 8 ქულის მიღების შემდეგ, პრეტენზია გამოვთქვი: მე და „რჩეული“ ერთნაირად მოვყევით, მე – 8 და იმას 10 რატომ დაუწერეთ–მეთქი. ვცადე, კლასიც ამეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მასწავლებელმაც მისაყვედურა, ჯობია, საკუთარ ქულაზე იფიქრო და სხვისი ქულების თვლას თავი დაანებოო. მაინც რომ არ გავჩერდი, ბოლოს „რჩეულსაც“ რვა ქულა დაუწერა და ამით დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ დამთავრდა მხოლოდ საკლასო ოთახში – შესვენების ზარი დაირეკა თუ არა, ყველასთვის ის მოსწავლე გავხდი, რომელიც მზად არის, ერთი ქულისთვის თანაკლასელსაც გადააბიჯოს.

იმ დღის შემდეგ მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე ორივეს გამოგვიყვანდა ხოლმე დაფასთან და გვაყოლებდა გაკვეთილს, ორივეს ერთნაირად რვა ქულას გვიწერდა და თან მიმეორებდა, აი, შენ გამო ოქროსმედალოსანს რვა ქულას ვუწერო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაკლასელებმა მომიძულეს. მეც ნაკლებად ვერთვებოდი საგაკვეთილო პროცესში და დიდად აღარც გაკვეთილის მოყოლის სურვილს გამოვხატავდი. ვიჯექი ჩემთვის წყნარად. კლასელებმა ნელ-ნელა მოიბრუნეს გული, მაგრამ მასწავლებლის უსამართლობა დღემდე მწარედ მახსოვს. ახლაც კი, როცა, ვაცნობიერებ, რომ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, მაინც მიჭირს მისი სახის დავიწყება. ყოველთვის წამოყოფს ხოლმე თავს, როცა რამე სირთულეს ვეჯახები და ჩამჩურჩულებს, რომ ვერასდროს ვიქნები გამორჩეული, ყოველთვის სხვა იქნება ის, ვინც მასწავლებელს განსაკუთრებით ეყვარება და თუ ხმის ამაღლება გავბედე, დავისჯები.

ვიცი, რომ ძნელია, გამორჩეულად არავინ გიყვარდეს, ძნელია, 25 ადამიანი ერთნაირად შეიყვარო. დღესაც, როცა სამსახურში 96 თინეიჯერთან მიწევს თითქმის ყოველდღიური კონტაქტი, მეც მიჭირს, არავინ გამოვარჩიო და შევიყვარო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს არავის ვაგრძნობინო, ვცდილობ, გადაცემის ყველაზე ნაკლებად დასამახსოვრებელ მონაწილეშიც, რომელიც ყოველთვის კუთხეში დგას, რამე განსაკუთრებული დავინახო, ჩავუღრმავდე და ხაზი გავუსვა, დავაჯერო, რომ არაჩვეულებრივია, ვუთხრა, რომ მასზე ლამაზი ამ ქალაქში ცოტა თუ დაიარება, რომ შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს, რაც მოუნდება და შევახსენო, რომ ასეთი გადასარევი გოგოსთვის თუ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია.

მასწავლებლების უმეტესობას კი რატომღაც ავიწყდება, რომ სინამდვილეში ყველა მოსწავლე ერთნაირად კარგია, რომ ზუსტად მასწავლებელს შეუძლია, თავისი სიყვარულით და პატივისცემით სწორად წარმართოს მოსწავლის ცხოვრება, რომ მარტო საგნის სწავლება არ არის მასწავლებლის საქმე, რომ მოსწავლეებს ქიმიასთან, ფიზიკასა და ბიოლოგიასთან ერთად საკუთარი თავის სიყვარულიც უნდა ასწავლონ და ეს იმით დაიწყონ, რომ ჯერ თვითონ შეიყვარონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  სერბული დღიური

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“