ზოგჯერ გაკვეთილი ბრძოლას ემსგავსება. მასწავლებლის მონდომება საზღვრებს სცდება. მიზანი ერთია: კლასის ყველა მოსწავლემ გაიგოს მასალა, ყველა მოსწავლე ჩასწვდეს მექანიზმს, ყველა მათგანმა შესძლოს შედეგების ინტერპრეტაცია ნასწავლიდან გამომდინარე. მასწავლებლობაც ხომ აზარტია და ამგვარი გატაცებით სწავლების მერე პედაგოგი დაქანცული გამოდის კლასიდან. მთავარი ისაა, რომ მიზანს მიაღწია.
მასწავლებლებს ყოველთვის გვინდა, რომ კლასის ყველა მოსწავლემ ყოველი გაკვეთილის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენოს.
როგორ გავანაწილოთ ორმოცდახუთი წუთი ოცდაათ მოსწავლეზე?
გარდა იმისა, რომ კლასში ბევრი მოსწავლეა, საქმეს ართულებს კლასის შემადგენლობის ცვლილებები. ახალ მოსწავლეებს თან მოქვთ ახალი ქცევები, ხან ცოდნა და ხან უცოდინრობა. საგნისადმი ბავშვების დამოკიდებულება განსხვავებულია. მოსწავლეების ურთიერთგავლენა დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე. რაკი გული ძალიან შეგვტკივა მოსწავლეებზე, მეტი ყურადღებით ვაკვირდებით მათ ქცევებს, ვავსებინებთ გაკვეთილის უკუკავშირის ფურცლებს – რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ ან რას შეცვლიდნენ გაკვეთილზე.
ვეძებთ სწორ სტრატეგიებს ბრძოლის მოსაგებად.
ერთ-ერთ კლასში, რომელსაც ბევრი ახალი მოსწავლე შემოემატა იმ წელს, გამოუვალ მდგომარეობაში ვიგრძენი თავი: მოსწავლეებს ჩემს მოსმენას ერთმანეთთან საუბარი ერჩიათ. ვიგრძენი, სასოწარკვეთილებისკენ სავალ გზას მივყვებოდი.
და აი, ერთ დღეს, პირდაპირი სწავლება საერთოდ ამოვიღე გაკვეთილის გეგმიდან და მოსწავლეებს დავურიგე ფურცლები, რომლებზეც ეწერა კითხვები მათთვის ჯერ უცნობი ახალი მასალის შესახებ. თვითონ უნდა ეფიქრათ მოცემულ საკითხზე და დაეწერათ ის პასუხები, რაც მათ მიაჩნდათ სწორად. სამუშაო პატარა ჯგუფებში სრულდებოდა. დაწერამდე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები. მიზანი მიღწეული იყო. ბავშვები დაინტერესდნენ. ამის შემდეგ ისეთი ხალისით გაეცნენ ახალ მასალას, რომ გაკვეთილზევე შეძლეს მისი დასწავლა.
გამახსენდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე, რომელიც ამბობდა, რომ თუ გინდა ადამიანს ასწავლო, მას ჯერ თავისი უცოდინრობა უნდა გააცნობიერებინოო. სოკრატე ჭეშმარიტების დასადგენად მოსწავლეებს მოუწოდებდა გამუდმებით დაესვათ კითხვები ერთმანეთისთვის.
კითხვების დასმა სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სხვადასხვა სააზროვნო პროცესების შესამოწმებლად განსხვავებული ტიპის კითხვები გამოიყენება. თუ მივყვებით ბლუმის ტაქსონომიას, გაგვახსენდება, რომ კოგნიტური პროცესები მაღალ და დაბალ საფეხურებადაა დაყოფილი. თითოეული საფეხურის შესამოწმებლად შესაძლოა გამოვიყენოთ განსაზღვრულ სიტყვების მომცველი კითხვები. ამ სიტყვების გათვალისწინებით განვსაზღვრავთ, როგორ აქვს მოსწავლეს განვითარებული აზროვნება.
ასე მაგალითად, კითხვა „რატომ? რა არის მთავარი აზრი?” ემსახურება გაგების განვითარებას. „შენ როგორ მოიქცეოდი?” – გამოყენების მაჩვენებელია. „რომელი ნაწილი მოგწონს უფრო მეტად?” – შეფასებაა.
რაც შეეხება სოკრატულ კითხვებს, ისინი აზროვნების მაღალი საფეხურის, კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მეთოდს იყენებენ სამართლის სკოლებში სწავლებისას და ფსიქოთერაპიის მრავალ მიმართულებაში. საინტერესოა, როგორ იყენებენ მას კლასში.
თუ სურთ, რომ მოსწავლეები დააფიქრონ რაიმე საკითხზე, უსვამენ კითხვებს, მხოლოდ ისე, რომ მოსწავლეებს თვითონაც გაუჩნდეთ ახალი კითხვები. ასე ხდება ფიქრის და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
სოკრატული კითხვებსა და აზროვნების მაღალ საფეხურებს ანუ კრიტიკულ აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, რადგან ორივე მათგანის საბოლოო მიზანი ერთია: კრიტიკული აზროვნების მიზანი არის ფიქრის „აღმასრულებელ” დონემდე განვითარება, საღი მსჯელობა, მონიტორინგი, შეფასება და ფიქრის ახლებურად დალაგება, ახალი შეგრძნებების და მოქმედებების აღიარება. კრიტიკული აზროვნება აჩვენებს როგორ მუშაობს გონება (რადგან ის მნიშვნელობისა და ჭეშმარიტების ძიებაა), ხოლო სოკრატული კითხვები ამ შეხედულებების გამოკვლევას სწორად მორგებული კითხვებით ცდილობს.
შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად ისევ კითხვები გამოვიყენოთ. მოვთხოვოთ, რომ დაწერონ ყველა ის კითხვა, რაც არსებული მასალის შემდეგ დაებადათ. კითხვების არსებობა მათი ფიქრის მაჩვენებელია, ხოლო არარსებობა იმის, რომ მათ ვერაფერი გაიგეს. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ის მოსწავლეები სწავლობენ და ფიქრობენ, ვინც კითხვებს სვამენ. უფრო მეტიც, კითხვა წარმოაჩენს მათი ფიქრის ხარისხს.
სოკრატულ კითხვებზე საუბრისას ხშირად ჩნდება აზრი, რომ ეს კითხვები ფილოსოფიური საკითხების განხილვის დროს უნდა გამოიყენებოდეს. მართლაც, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მრავალ სკოლაში ისწავლება საგანი „პიროვნული და სოციალური განათლება”. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები საუბრობენ იმ უცხო ქვეყნებზე, სადაც ბოლო არდადეგები გაატარეს. ჰყვებიან ადგილობრივი ხალხის ადათ-ჩვევებზე, ცხოვრების წესზე და პირობებზე, ადარებენ საკუთარ ცხოვრებას და აანალიზებენ განცდილს. სხვა სკოლებში სასწავლო საგნად აქვთ „პიროვნული განათლება” (character education). შესაძლებელია თუ არა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ გახდნენ კარგი პიროვნებები? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ როგორ უნდა ვასწავლოთ ზემოთ აღნიშნული? ევროპის სხვა სკოლებში ისწავლება საგანი „ფილოსოფია”. მორალური საკითხების სიღრმისეული განხილვა ამ საგნის პრეროგატივაა. ცხადია, ორივე საგნის შემსწავლელ გაკვეთილზე მთავარი როლი სოკრატული მეთოდის გამოყენებას ეკისრება.
დავიდ ელკინდი და ფრედი სვითი წერენ, რომ სოკრატული კითხვები საზოგადოების მოდელის ჩვენებით ავითარებს მორალს, შინაგან ხმას. მათ მიაჩნიათ, რომ პიროვნება ვლინდება მის მიერ მიღებული არჩევნით. ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სწორი არჩევნის გაკეთება. სოკრატული კითხვების დასმით ბავშვები გააცნობიერებენ სხვადასხვა ფასეულობებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და მათ მიერ გადასაწყვეტი არჩევნის სისწორეს, ისინი იგრძნობენ, რომ მათ აქვთ ძალა, გააკეთონ სწორი არჩევანი.
სოკრატული დისკუსიის გასამართად გარკვევით უნდა ვიცოდეთ, რის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ჩვენი მოსწავლეები. საბოლოო მიზანი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რათა მასზე ავიღოთ ორიენტირება. მერე შევეცადოთ გამომწვევი კითხვის დასმას. ეს არის დიალოგის საწყისი ეტაპი. ასეთი კითხვაა მაგ. „ეთანხმებით თუ არა ანდაზას, მპოვნელი ინახავდა, დამკარგავი კი ტიროდაო?” მათი პასუხები მოულოდნელი აღმოჩნდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საუბრის მიზნისკენ წარმართვაზე.
კარგად ჩამოყალიბებული ჰიპოთეტური სიტუაცია კარგი დასაწყისია დისკუსიისათვის.
მაგალითი: „კარგ შანსს კარგი არჩევანი სჭირდება.” ვთქვათ, დაინახეთ როგორ დაკარგა მოხუცმა ქალმა მაღაზიაში 50 დოლარიანი. თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც ეს დაინახა. რას იზამთ?” ზოგი იტყვის, მე ავიღებდიო, ზოგი დაბრუნებას გადაწყვეტდა. თუ იტყვიან, რომ მისი აღება არასწორი საქციელია, მაშინ უნდა ვკითხოთ, როგორ მივიდნენ ამ აზრამდე? ასეთი გადაწყვეტილება რა გრძნობებს გაუჩენთ მათ? თუ ვინმე ცდილობს მათ დაიყოლიებას ფულის აღებაზე, შეძლებდნენ თუ არა ამ წინააღმდეგობის გადალახვას და მაინც ფულის უკან დაბრუნებას? ასეთი კითხვები მოსწავლეებს თითქმის ყოველთვის უჩენს სიამაყის გრძნობას, ისინი თავს გმირებად წარმოიდგენენ და განიმტკიცებენ კარგ ქცევებს.
ისეთ მოსწავლეებსაც წააწყდებით, რომლებიც ფულის აღებას დაუჭერენ მხარს და იტყვიან, რომ მათ ეს იღბალმა არგუნათ. აი, აქ უკვე საჭიროა სოკრატული მეთოდის გამოყენება. სჯობია, თავიდან ავირიდოთ იმის თქმა, რომ მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს და კითხვების დასმით მივიყვანოთ ისინი სწორ პასუხამდე. ვკითხოთ, რითი ამართლებენ საკუთარ არჩევანს? რას განიცდიდნენ, მსგავსი ამბავი თვითონ რომ გადახდენოდათ თავს? მსგავს შემთხვევაში ნაპოვნი ფულის აღება იქნება თუ არა სხვისი ქონების მითვისება? რა განსხვავებაა ასე აღებულ ფულსა და ქურდობას შორის?
თუ მოსწავლე არაეთიკურ არჩევანს დაუჭერს მხარს, მაშინ საფრთხე უნდა წარმოვაჩინოთ და მის შედეგებზე დავაფიქროთ. მაგ. ასე: წარმოიდგინეთ, რომ მოხუც ქალს ძალიან უჭირდა და ეს ფული მისი მთელი თვის სარჩოს უნდა ჰყოფნოდა. მოსწავლემაც შეიძლება იმართლოს თავი, მე მეგობრები უნდა მერჩინა ამ ფულითო, გვითხრას. მაშინ კიდევ უფრო უნდა დავამძიმოთ სიტუაცია. ამ დროს კარგია მოქმედი პირის ყურადღების ცენტრში მოქცევა. „წარმოიდგინე, რომ ფილმში ხედავ, მთავარი გმირი როგორ იტოვებს შენსავით დაკარგულ ფულს. რას იფიქრებდი ამ გმირზე?” ან სხვისი პოზიციიდან დავანახვოთ საკუთარი თავი: „შენ მიერ გაკეთებული არჩევანი შენს პიროვნებას შეეფერება? წარმოიდგინე, რომ შენ შენი ცხოვრების ფილმის გმირი ხარ”. ამ დროს მოსწავლე უკვე უარს ამბობს ხოლმე არასწორ არჩევანზე. საბოლოოდ მივალთ აღიარებამდე, რომ ის მოსწავლე, ვინც ფულის აღებას უჭერდა მხარს, არ ყოფილა ცუდი პიროვნება.
ამგვარი დისკუსიები მოსწავლეებს შეაცვლევინებს პოზიციას და გაიაზრებენ, რომ თავდაპირველად გაკეთებული არჩევანი ცუდი ყოფილა. ნაცვლად ავტორიტარული და პირდაპირი სწავლებისა, რა არის კარგი და რა არის ცუდი, მოსწავლეები თვითონ გამოიტანენ სწორ დასკვნებს.
სოკრატულ მეთოდთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ბიზნესის და ეკონომიკის მასწავლებელი იზეთ ჰიქმეთი. „ამ დავიწყებულ მეთოდს კვლავაც შეუძლია მოსწავლეთა ფიქრის გაღვივება და მსოფლმხედველობის გაფართოება”, – ასე იწყებს ის თავის სტატიას „უნდა გამოვიყენოთ თუ არა სოკრატული დაკითხვის მეთოდი”.
ის გასაგები ენით ხსნის, როგორ შეიძლება აღნიშნული მეთოდის გამოყენება კლასში. მოსწავლეებს მიეწოდებათ მინიმალური ინფორმაცია. შემდეგ მათ მოეთხოვებათ იდეებისა და არგუმენტების გენერირება, რომელიც ეფუძნება ჯერ მანამდე ნასწავლს, შემდეგ კი კლასში მოსმენილ კითხვა-პასუხებს. მათ მასწავლებელმა კი არ უნდა მიაწოდოს მზა პასუხები, ისინი თვითონ უნდა მივიდნენ სწორ დასკვნამდე. სოკრატული დაკითხვის მეთოდი ჩვეულებრივი გაკვეთილის ერთ-ერთ ნაწილად შეიძლება დაიგეგმოს.
ი. ჰიქმეთი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდის გამოყენება ყოველ გაკვეთილზე შეიძლება და გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებს თვითონ აღნიშნულ მეთოდს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია მისი შეცვლა და საკუთარი საგნისადმი მისადაგება.
გაკვეთილს იწყებს ხუთწუთიანი შესავლით და მოსწავლეებს უსვამს კითხვებს ძირითადი თემის შესახებ. მაგ. „იფიქრეთ და თქვით, როგორ შეიცვალა საოფისე საქმიანობა ბოლო ოცი წლის განმავლობაში?” მართალია, მოსწავლეებს ეს საკითხი ჯერ არ უსწავლიათ, მაგრამ უნდა გამოიყენონ წინარე ცოდნა შესაძლო პასუხების გასაცემად.
საჭიროა მოსწავლეების წახალისება, რომ საკუთარი იდეები ჯერ მეწყვილესთან გამოხატონ, შემდეგ კი მთელ კლასს გაუზიარონ. საყურადღებოა არა სწორი და არასწორი პასუხების დათვლა, არამედ იდეების გენერირების პროცესი. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს მასწავლებელმა ისევ კითხვით უნდა უპასუხოს, რადგან ფიქრის განსავითარებლად მათი იდეები და ნაფიქრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის პასუხები.
ამის შემდეგ ი. ჰიქმეთი გადადის დავალების ანალიტიკურ ნაწილზე და იძლევა ასეთ დავალებას: „გააანალიზეთ ამ ცვლილებების ზეგავლენა ორგანიზაციებზე”. მოსწავლეებს ევალებათ მუშაობა ინდივიდუალურად, წყვილებში ან პატარა ჯგუფებში. ხშირად მათ მიეწოდებათ მიმანიშნებელი მასალა, მაგ. პატარა სტატია ან ვიდეოკლიპი, რომელიც მათ აცნობთ კონტექსტს, მაგრამ არ იძლევა მზა პასუხს.
ბოლო საფეხურზე მოსწავლეებში შეფასების უნარის განვითარება ხდება. მათ ეძლევათ ასეთი დავალება: „შეაფასეთ, როგორ იყენებს კომპანია X მოძრავ სამუშაო დროს დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლების მიზნით”. მოსწავლეებს მოეთხოვებათ პასუხების ნასწავლ მასალასთან და წინარე ცოდნასთან დაკავშირება, რათა გააკეთონ სწორი დასკვნები.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს მზა პასუხები? სოკრატული მეთოდი ხალხში ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათ არ ესმით კონკრეტული საკითხი, რადგანაც არ იციან, რა არის სწორი და რა არა. მასწავლებლებს, რომლებიც სოკრატულ მეთოდს იყენებენ, ხშირად ბრალს სდებენ, რომ ისინი არ ასწავლიან ისე, როგორც საჭიროა. მაგრამ, თუ მასწავლებელი არ გამოიყენებს ამ მეთოდს, მაშინ ხომ გაკვეთილი სახელმძღვანელოდან ტექსტის წაკითხვას დაემსგავსება.
მასწავლებელი მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაში კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ იდეების აღმოჩენა-ჩამოყალიბებაში.
სოკრატული მეთოდით სწავლება გამომწვევად მოქმედებს როგორ მასწავლებელზე, ასევე მოსწავლეებზე. ამიტომ სასურველია, სწავლების ეს მეთოდი ხშირად გამოიყენონ სკოლებში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით.
გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითისა, სასარგებლოა რიჩარდ პაულის და ლინდა ელდერის მიერ ჩამოყალიბებული სოკრატული კითხვების ექვსი ტიპის გაცნობაც, რომლებიც განაპირობებს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს კითხვები ნებისმიერი საგნის შესწავლის დროს შეიძლება გამოვიყენოთ.
1.გამოსარკვევი კითხვები: რატომ ამბობ ასე? რა კავშირშია ეს ჩვენს დისკუსიასთან?
2.ვარაუდის შესამოწმებელი კითხვები: რა შეიძლება ვივარაუდოთ? შეგვიძლია ამ ვარაუდის შეცვლა ან დაწუნება?
3.მიზეზებისა და სამხილების შესამოწმებელი კითხვები: რა მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ? რა არის ამის ანალოგი? თქვენი აზრით, რის გამო შეიძლება მოხდეს ეს? რატომ?
4.კითხვები თვალსაზრისებზე და პერსპექტივებზე: რა ალტერნატივა შეიძლება წამოაყენოთ? რატომაა ეს სასარგებლო ან ვინ ისარგებლებს ამით? რატომაა ასე საუკეთესო? რა არის ამის ძლიერი და სუსტი მხარეები? რითაა ეს ორი რამ მსგავსი? რა კონტრარგუმენტი გაქვთ ამისთვის?
5.კითხვები, რომლებიც ამოწმებს შედეგებს: რა განზოგადება შეიძლება გააკეთოთ? რა შედეგები მოჰყვება ამ ვარაუდს? რას გულისხმობთ? რაზე ახდენს ეს გავლენას? რა კავშირშია ეს აქამდე ნასწავლთან?
6.კითხვები კითხვების შესახებ: რა არის ამ კითხვის მთავარი აზრი? რატომ ფიქრობთ, რომ მე ასე გკითხეთ? რას ნიშნავს . . . ეს? როგორ იყენებთ ამას ყოველდღიურობაში?
ეს კითხვებიც ჩემს მოსწავლეებზე გამოვცადე. შევამჩნიე, რომ მათ არ სურდათ ინგლისურად საუბარი ახალ მასალაში არსებულ ფაქტებზე. მასალა ეხებოდა „წიგნების მოგზაურობას”, რომელიც გულისხმობს წიგნების რეგისტრაციას ინტერნეტში და მათ დატოვებას ხალხის თავშეყრის ადგილებში, რათა ვინმემ აიღოს, წაიკითხოს, დატოვოს შეტყობინება ვებგვერდზე და ისევ დატოვოს კაფეში, პარკში ან ავტობუსში სხვების ყურადღების მისაქცევად. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ საკუთარი აზრი გამოეხატათ არსებული მასალის შესახებ. დაეწერათ, ვინ ისარგებლებდა ამ პროცესით, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონოდა წიგნების მოგზაურობას, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამა თუ იმ წიგნმა საზოგადოებაზე. დავალებამ ყველა გაახალისა. ძალიან მოკლე დროში შეასრულეს მოთხოვნა და მერე ხალისით წაუკითხეს ამხანაგებს. იმედი მაქვს, მალე სოკრატული დიალოგის სახით ვისაუბრებთ გარკვეულ საკითხებზე. მასწავლებლისთვის არაფერია იმის შემჩნევაზე უფრო სასიხარულო, როცა მისი მოსწავლეების აზროვნება იხვეწება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.სოკრატული მეთოდი – დავიდ ელკინდი და ფრედი სვითი;
2.სოკრატული კითხვების ექვსი ტიპი – რიჩარდ პაული და ლინდა ელდერი;
3.უნდა გამოვიყენოთ თუ არა სოკრატული დაკითხვის მეთოდი – იზეთ ჰიქმეთი.