ძველ ეგვიპტელებს ძალიან უყვარდათ სპორტი. ღარიბები ჭიდაობითა და შუბებით ბრძოლით ერთობოდნენ, ფარაონებსა და სხვა დიდგვაროვნებს კი მშვილდოსნობა, ეტლებით რბოლა და ბოულინგი ჰყვარებიათ.
საიდან გამოქექეს ყოველივე ეს ისტორიკოსებმა? ეგვიპტელებს თავიანთი ათლეტური მოღწევებით ტრაბახი უყვარდათ. ასეულობით გადარჩენილი შენობის კედლებზე გამოსახულია სპორტული მოვლენების ილუსტრაციები. ეგვიპტელი სპორტსმენების ინვენტარიც შენარჩუნდა. მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ნახავთ ეგვიპტურ მშვილდებს, სამიზნეებს, შუბებსა და ტყავის ბურთებს. ასე რომ, პირამიდებსა და სფინქსის საფარქვეშ უამრავი სპორტსმენი ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ თუ არა მათ შორის ბოულერები?
ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ შეიქმნა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია. ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება. მარტივია და ამავდროულად გენიალური. ამიტომაც ბოულინგი და მისი მსგავსი თამაშები, სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში ოდითგანვე არსებობდა.
და მაინც, ბოულინგის არსებობის შესახებ პირველი არქეოლოგიური მტკიცება, სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ჰიპოთეზა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ წამოაყენა. მისი აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. ინგლისელი მეცნიერი ამ ჰიპოთეზას 1930 წელს მის მიერ აღმოჩენილი საგნებით ადასტურებს. მაშინ ბავშვის ერთ-ერთ სამარხში მან იპოვნა საგნები, რომლებიც თანამედროვე ბოულინგის იარაღების პროტოტიპი იყო.
ამის შემდეგ კეგლებით თამაშის უამრავი ნაირსახეობა შეიქმნა. ბოულინგის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს. მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა.
ბოულინგი ნელ-ნელა სულ ახალ და ახალ ქვეყნებს იპყრობდა, თანამედროვე სახე კი 19-ე საუკუნის აშშ-ში მიიღო. მას შემდეგ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბოულინგმა მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.
1875 წელს ნიუ-იორკის 11 ბოულინგ კლუბის წარმომადგენელმა თამაშის საერთო წესები და სტანდარტები დაადგინა. საერთო აზრის მიღწევა მხოლოდ კეგლების ზომასა და ბილიკების სიგანეზე არ მოხერხდა.
კიდევ ოცი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ბოულინგის ამერიკული კონგრესი დაარსდა, დადგინდა ქულების მაქსიმალური რაოდენობა – 300, და კეგლებს შორის მანძილი – 12 დუიმი.
ასევე დადგინდა, რომ ბურთის მაქსიმალური წონა 16 ფუნტი უნდა იყოს (7,258კგ.), რა თა საშუალო აღნაგობის ადამიანს ზედიზედ სამი თამაშის გამართვა ფიზიკურად არ გაუჭირდეს. ბილიკის სიგრძედ 60 ფუტი (18,228მეტრი) განისაზღვრა. სხვათა შორის, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. ეს დამთხვევაა? შესაძლებელია.
ბიულინგის მოყვარულ ქართველებს რომ ჰკითხოთ, ამ თამაშის მთელი ეშხი კონკრეტულად თამაშის პროცესია და კარგი მოთამაშე დაგროვილი ქულებით მხოლოდ და მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ ინტერესდება. სპორტული შეჯიბრისადმი ასეთი, მე ვიტყოდი, ქართული მიდგომა ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ თავის დროზე თბილისში ჩოგბურთიც ოდენ მარტივ გასართობად აღიქმებოდა, მანამდე, სანამ დიდი წარმატებები მოვიდოდა.