კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

ჩემს ვაჟსაც  მასწავლებლობა უნდა, მთის სკოლაზე ფიქრობს

ფასანაურის სკოლის ფანჯრებიდან შავი და თეთრი არაგვის შესართავს გაღმა მთებს რომ გახედო, თავი მაღლა უნდა ასწიო, მაგრამ ხეობის მეორე მხრიდან მოსაზღვრე მთის წვერზე თვალის ასაწვდენად კისრისთვის მეტი ძალდატანება მოგიწევთ. სკოლასთან იქვე, გადარბენაზეა  ჩიტაურების სახლი – ნინო წიკლაურის ოჯახი.

ნინო  ფასანაურის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია, ცოტა ხნის წინ, სასწავლო ნაწილიც გახდა. ძალიან მენდნენო, ამბობს. ეს  მისი მშობლიური სკოლაა. თავად აქ სწავლობდა, აქ სწავლობდნენ მისი და-ძმა, მეუღლე, უფროსი შვილები.

…რუსო იღლება, სამსახური, სწავლა… თბილისი ისედაც დამღლელია… … ვახო აღარაფერს წერს… არადა, კარგად გამოსდის… ლუკა, ჩემი თბილანა… დღეს საყვედური რატომ ვუთხარი…  სექტემბერში დემეც  მოსწავლე გახდება… ჩემი დიდი ბიჭი… სკოლაში ხვალ რა მაქვს?..  შემაჯამებელზე ისევ მუსიკას ჩავრთავ, მოეწონათ, კარგად იმუშავეს… ზაფხული მომენატრა… აყვავდება ჩემი  ეზო… – ვცდილობ წარმოვიდგინო ნინოს ფიქრები  ძილის წინ, როცა გრძელი დღის ბოლოს ყველას ,,ჩამოუვლის“…

  • ახლა 123 მოსწავლეღა გვყავს, მათ შორის ჩემი ლუკაც, მალე ნაბოლარაც მოვა. ყველანი ჩვენები არიან, მეზობლები, ნათესავები, მეგობრის შვილები. ამ ხეობის სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.

მასწავლებლობა გინდოდათ?

  • სურვილები ბევრჯერ შემეცვალა. ისეთი მასწავლებლები მყავდნენ, შეუძლებელი იყო ამ პროფესიაზეც არ მეფიქრა. პირველი მასწავლებლის შთაბეჭდილება ყველას მოგვდევს. მის კალიგრაფიას რა დამავიწყებს, ულამაზესად გამოჰყავდა ასოები. ჟურნალ ,,დილას“ ყველა ნომერი ჰქონდა აკინძული და ძალიან უფრთხილდებოდა.  სკოლაში რომ მივედი, უკვე გამართულად ვკითხულობდი. შინ ჟურნალებს მატანდა და  ბედნიერი ვიყავი, რომ მენდობოდა.  მოკლედ, ჩემი მასწავლებლების გზაზე დავდექი, მაშინდელ უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისურის სპეციალობით.

ოთხი შვილი და სკოლა, შინ და გარეთ – ბავშვები, როგორ გაართვით თავი?

  • ადრე დავოჯახდი, ბავშვების გაზრდა და სწავლა-მუშაობა – ერთდროულად მიხდებოდა. თავიდან ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და სამუსიკო სკოლაში ვასწავლიდი ფორტეპიანოს. მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ახლა რა ხანია, ინსტრუმენტს არ გავკარებივარ… მხოლოდ ვუსმენ.  მუშაობა რომ დავიწყე, ვცდილობდი ისევე თბილად მოვქცეოდი ჩემს მოსწავლეებს, როგორც ჩემი მასწავლებელი მექცეოდა. რუსუდანიც ჩემი მოსწავლე იყო, რაღაც დაიბნა, დედა-მასწავლებლის შეთავსებას ვერ ახერხებდა და მასთან ნერვებმა მიმტყუნა… შინ ჩემს დედამთილს მოვუყევი… აი, ის იყო მასწავლებელი და ის იყო ქალი, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი. ნინო, თუ მოთმინება არ ისწავლე, მასწავლებლობა არ გამოგივაო, ახლაც სულ მახსოვს. მართლაც თავის მართვა უნდა შეგეძლოს. მერე სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ძნელი იყო ყველაფერი ერთად, მაგრამ ყველა მეხმარებოდა: მეუღლე, დედამთილი, მამამთილი… უმცროსი შვილების გაზრდაში უფროსები დამეხმარნენ. ასე მოვდივართ.

მასწავლებლობა ისევ სასურველი  პროფესიაა?

  • სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მიყვარს. ბავშვი თვალებში რომ შემოგყურებს, როცა რაიმე ახლის გაგება-ათვისებაში ეხმარები, უხსნი. ფაქტობრივად ახალი კარის შეღებაში ეხმარები. კლასში ბევრი მოსწავლე არ გვყავს. შემაჯამებელზე შევამჩნიე, ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ. შემდეგზე მუსიკა ჩავურთე ხმადაბლა და ისე მივეცი სამუშაო. ჩაწყნარდნენ, ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა და კარგი შედეგიც დადეს. ხანდახან ამ მეთოდს ვიყენებ. სიახლეები უყვართ. ბევრი საქმეა სკოლაში, მაგრამ სხვაგან თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი უფროსი ვაჟი, ვახო  მასწავლებლობით  ძალიან დაინტერესებულია. ფილოსოფიურის სტუდენტია, სულ მეკითხება ახალ სისტემაზე. ამბობს, სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაღალმთიანი სოფლის სკოლაშიო. ქალაქი ან თუნდაც ფასანაური არ უნდა, უფრო მაღალ მთაზე ამბობს, ვნახოთ.

ნინო,  რა გამოწვევები აქვს სკოლას?

  • ჩვენს დაბაში ცხოვრება სხვანაირია, მეტი სითბო შემორჩა ურთიერთობებს. კი გაჭირვებაა, მთის პირობები მკაცრია და ეს ცხოვრებას ართულებს, მაგრამ ადამიანებს შორის მეტი  სიყვარულია. გული მწყდება, რომ  მოსწავლეების რიცხვი მცირდება…  ეს გვაწუხებს, თორემ ძალადობის ამბები რომ ტრიალებს, ბულინგზე რომ საუბრობენ, ჩვენ ეს პრობლემა არ გაქვს. მოზარდებს რაღაც შეიძლება შეეშალოთ, მაგრამ მიზანმიმართული ძალადობა, არ ხდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახში სითბოს და კეთილგანწყობას თუ ხედავს, მას ძალადობის სურვილი არ უჩნდება. ოჯახზე ბევრია დამოკიდებული, სკოლაში იქიდან გამოყოლილი განწყობები იყრის თავს.  მშობლებთან ურთიერთობა ჩვენთანაც ისეა, როგორც ყველგან, დაწყებითებში აქტიურობენ, მოდიან, კითხულობენ. მერე სუსტდება ეს თანამშრომლობა, მაგრამ პატარა თემია, ვხვდებით ერთმანეთს, ხმა მიგვიწვდება და მშობელთან კომუნიკაცია ასე გვარდება. სკოლაში, ზოგ შემთხვევაში, ბევრი დოკუმენტაციაა საწარმოებელი და ამას დიდი დრო მიაქვს, თორემ სიახლე რომ აუცილებელია,  ყველა ვხვდებით.

შვილების აღზრდა?

  • არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შვილებთან ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. მათ არჩევანს არ ვეწინააღმდეგები, ვახომ თავიდან არქიტექტურულზე ჩააბარა, მეორე წელს _ ფილოსოფიურზე. არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ასევე არის რუსუდანთანაც, ყოველთვის ღიად ამბობს თავის აზრს და ასრულებს კიდეც… პროგრამისტია, თან სპეციალობით მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს. პატარებთანაც ლმობიერი ვარ.

მეუღლესთანაც?

  • (იცინის) ალბათ. ზოგადად არ მიყვარს კონფლიქტები. ჩემთვის კეთილგანწყობილი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობა არ არის, მირჩევნია კონფლიქტი ავირიდო, რადგან მერე მიჭირს ურთიერთობების აღდგენა და ამას ძალიან განვიცდი. სკოლაშიც ასეა.

მოვალეობები, მოვალეობები… მივიწყებული ინსტრუმენტი. სად ისვენებს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავის უფროს შვილებზე ძალიან უფროსი სულაც არ არის?

  • ქალაქი სხვა ცხოვრებას გთავაზობს, სადღაც წახვალ, ფილმს ნახავ, სპექტაკლს დაესწრები, გამოფენას დაათვალიერებ… ჩვენთან ასეთი რამ არ ხერხდება. შაბათ-კვირას ან ჩემი შვილები ჩამოდიან, ან მე ჩავდივარ მათთან. მეგობრებთან სტუმრობით და ეზოში ყვავილების მოვლით ვისვენებ. ძალიან მიყვარს მიწის ჩიჩქვნა და ყვავილების მოვლა. ზაფხულში ლამაზი ეზო მაქვს და ეს მსიამოვნებს. ახლაც ველოდები დათბობას. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, უბრალოდ, მინდა არაფერი ვაკეთო. მერე მაწუხებს ეს სიზარმაცე. ზაფხულში აქაურ ბუნებაში გასვლას არაფერი სჯობს, ახლიდან იბადები.

ნინო, ქალთა თვეა, ყვავილებს ელოდები?

  • ჩემთვის მოულოდნელად მოტანილ ყვავილებს მეტი სიხარული მოაქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი