ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

პირველი საკონფერენციო თემა

თვალდახუჭული ბუტბუტებდა, ბუხრის კუთხიდან ნახშირს აიღებდა და შუბლზე ჯვარს გამომსახავდა. ამთქნარებდა და ამთქნარებდა. „ნათვალავიაო”, – ბუტბუტით ამოაყოლებდა. მის კალთაში გატრუნული, მეც ვამთქნარებდი. ავი თვალის ძალას ეს გაბმული მთქნარებაც ადასტურებდა. ბუხარში ნაკვერჩხლები ტკაცუნობდა (ჰო, ზამთარი იდგა, მახსოვს, ფუმფულა ჯემპერი მეცვა). გვერდით ეწყო შავტარიანი დანა და თასით წყალი. შელოცვას რომ მორჩებოდა, ნახშირს წყლიან თასში ჩააგდებდა, მერე ბუხრის ოთახის ერთადერთ ფანჯარას გამოაღებდა და წყალს გარეთ გადაასხამდა. იქ მისი ვენახი იყო.
ალისასა მალისასა,
შეგილოცავ თვალისასა,
ქალის თვალი გცემდეს,
კაცის თვალი გცემდეს,
ბავშვის თვალი გცემდეს.
რიჟა იყოს, თეთრი იყოს, შავი იყოს.
რა ფერის იყოს,
გამოდი ჩემი შვილიშვილის ტანიდან,
თორემ აგჭრი ანეითა,
შავტარიანი დანეითა,
ჩაგაგდებ ქვაბსა ვარვარისასა,
მიგცემ ქარსა და ნიავსა.
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.
არა, სოფელში ნამდვილად არ უყვართ გამხდარი ბავშვები. ქალაქის ჰაერში გამოკიდებულ ბინაში გაზრდილი გოგოები, რომლებსაც სოფლის სხვა ბავშვებივით ლოყები წითლად არ აქვთ დაბრაწული და არც ხელები უწითლდებათ ზამთარში სიცივისგან. არ უყვართ ასფალტზე გაზრდილი ფერმკრთალი, „ლოყებჩატეტკილი” გოგოები, თუნდაც ეს უკანასკნელნი ძალიან ამაყობდნენ ამ სიფერმკრთალით. არ უყვართ გამხდარი, სისხლძარღვებამობურცული გოგოები – ეგენი შვილებს რას გაზრდიანო, ამბობენ. ალბათ, ამიტომაც გამომილოცავდა ხოლმე, სისხლი და ფერიანობა რომ მომმატებოდა.
ერთ დღეს ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა მანაგაძემ მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ იმ წელს საკონფერენციო თემას დავწერდი და კონფერენციაში მონაწილეობას მივიღებდი. მეშვიდეკლასელისთვის ეს წინადადება ცოტა შემაშფოთებლად ჟღერდა, მაგრამ ერთი სასიამოვნო და განსაკუთრებული შეგრძნებაც ახლდა თან – ეს იყო ნდობის გამოცხადება, რომელმაც ყველა შიში და მღელვარება უცებ გადაფარა.
მალე თემაც მოვიფიქრე: ძველი შელოცვები და ცრურწმენები. იდეალური გზამკვლევი ცოცხალი მყავდა – ბებია, რომელიც ნათვალევის, შეშინებულისა და გულის ლოცვებს მიკითხავდა. უნაზესთმიანი შამანი თავისი გამოლოცვებით. მისი ჩუმი ბუტბუტი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ბავშვობის ყველაზე კეთილ მელოდიად დარჩება. ის ჩვენი ჯადოქარი იყო გადიდის მაღალი მთებიდან, სადაც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ.
ჩემი საკონფერენციო თემა თორმეტფურცლიან მწვანე რვეულში მოთავსდა. ეს რვეული დროდადრო იკარგებოდა, მერე ვპოულობდი და ვინახავდი სხვა სასკოლო რვეულებთან ერთად, მაგრამ, მგონი, საბოლოოდ გაუჩინარდა. ჩემს ცუდ მეხსიერებას შემორჩა ცრურწმენები, რომელთა მიმართ ბებია დიდ პრინციპულობას იჩენდა:
 
ცოცხი მაღლა არ ააყუდო – ჩხუბი იცის!
მაგიდაზე არ დაჯდე – ავადმყოფობა იცის!
კარი არ გაიჯახუნო, თუ გაიჯახუნებ, მობრუნდი და ბოდიში მოუხადე!
კარაპინაზე არ დაჯდე – სიღარიბე იცის!
მარცხენა ხელისგული მოგეფხანა? – ფული იცის.
მარჯვენა მოგეფხანა? – ფულს გასცემ.
ცხვირი მოგეფხანა? – მოსასწრაფია.
ჩიტი ჭიკჭიკებს ფანჯარასთან? – ახალ ამბავს გაიგებ.
შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარი.
ჩიტები დაბლა დაფრინავენ? – გაავდრდება.
მარჯვენა თვალი თუ გიციმციმებს, არ თქვა – უბედურება იცის.
წარბი თუ გეფხანება – მოსასწრაფია. ვიღაცა მოვა.
ღამით ძაღლები თუ ყმუიან – სიკვდილს გაიგებ…
ორშაბათს თავი არ დაიბანო. ორშაბათს თმა არ გაიშალო. ორშაბათს ფრჩხილები არ დაიჭრა!
ცუდი სიზმარი დაგესიზმრა? – უბრად გადი ეზოში, თავზე შემოივლე ეს სიზმარი და წყალს გაატანე.
შეგეშინდა? – სამჯერ მოსვი წყალი.
დაბანის დროს ფეხები ერთმანეთს არ გაუსვა, დედა მოგიკვდება.
მარილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
პილპილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
მარილი თუ დაგებნა, ჩხუბი იცის. ადექი და წყალი დაასხი.
მიცვალებულს სახეზე არ შეხედო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
ქათმის კუჭები არ შეჭამო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
სახლში ქოლგა არ გაშალო – შენი ქორწილის დღეს გაწვიმდება.
კიბის მესამე საფეხურიდან არ გადახტე, დედათა წესი შეგიწყდება.
უზმოზე არსად გახვიდე, თვალი გეცემა.
მურაბის ხარშვის დროს „ის” თუ გაქვს, ქვაბში არ ჩაიხედო – ქილები ავარდება.
ნახევარმთვარეა და მოხუფულებს აააგდებს.
ბოლოჭამიები ორსულ ქალს შეაჭრევინე.
ქათმებმა ნაადრევად დაიბუდეს? – ამინდი შეიცვლება.
გაჭყლეტილი ბაყაყი ნახე? – გაწვიმდება.
შეგეშინდა? – სამჯერ გადააფურთხე და სამჯერ თქვი: „ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!”
გაცხელებულზე უცებ არ გაიხადო – დაგგრილავს.
გახურებულზე ცივი წყალი უცებ არ დალიო, ცოტა შეისვენე.
კატამ გადაგირბინა? – სხვა გზით წადი.
 
მათთან ისე ახლოს იყვნენ წმინდანები, თითქოს ღვთისმშობელსა და ანგელოზებს მათ ორღობეში ჩამოევლოთ. ისინი ისე ახლოს იყვნენ ბუნებასთან, მთელი მისი ასავალ-დასავალი იცოდნენ, ტანით გრძნობდნენ ამინდის ცვლილებას. მათი ლოცვები ისეთი უბრალო და მეგობრული იყო, თითქოს წმინდანებს და ანგელოზებს კი არა, საყვარელ ადამიანებს ელაპარაკებოდნენ. უზღვავ ცოდნას დაატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უსწავლიათ სკოლაში, არ დაუმთავრებიათ კოლეჯები და უნივერსიტეტები. თითქოს არც ამ მიწისანი ყოფილან, თითქოს სულ სხვა კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ. მთვარის კალენდრის მიხედვით ხომ თესავდნენ ბოსტანში ბოსტნეულს და მწვანილს, ყანასაც ხომ ამ კალენდრის მიხედვით მარგლავდნენ. მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდრო კავშირში იყო ბუნებასთან. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი ეს კავშირი ნელ-ნელა დაირღვა. აღარავინ დარჩა ამ ურთიერთობის გამგრძელებელი.
ეს ნათელი მისტერიები ისე ცხადად შემორჩა ჩემს გონებას, თითქოს ნამდვილად მენახოს, როგორ გადმოდიოდა შავი კლდიდან შავი კაცი შავი თოფით, შავი ნაბდით და შავტარიანი დანით კლავდა წითელ გველს. მენახოს მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელიც „ქსელსა ქსოვდა ძოძეულსა”.
თუ ბავშვობა ნამდვილად ტკბილი მოგონებების ზარდახშაა, მაშინ თქვენც აუცილებლად იპოვით იქ ისეთ ნაპერწკლებს, რომელთა მსგავსსაც, საბუხრეში თავშეყოფილი, მზერას არ აშორებდით, სანამ ბოლომდე არ მიიკარგებოდა. თქვენც გეყოლებოდათ ბებია, რომელიც უშუქობის ხანს ბუხართან მჯდომი, ჭრაქის შუქზე ტკბილ-ტკბილ შელოცვებს ჩაგჩურჩულებდათ: „აშინა მაშინა, გულო, რამ შეგაშინა”, „ჩემს შორენას გეეყარე, ვინცხა სხვა შორენას შეეყარე”, ჭინკობისთვეს კი ჭინკებით გაშინებდათ და მკაცრად გაფრთხილებდათ, თუ ჭინკამ დაგიძახა, ხმა არ გასცეო. თქვენც ამაოდ ელოდით ნოემბრის ღამეებში ჭინკის ძახილს. იპოვით შეღამებულზე სახლის წინ ჩამომსხდარ მოხუცებს და მათ გულითად საუბრებს. მაგიდის ქვეშ გაძრომაზე ნარდისა და დომინოს მოთამაშე მეზობელ კაცებს – ასეთი სანაძლეოც იდებოდა. ძალიან კეთილი იყო ეს ამბები. კოლორიტული და მხიარული. ნამდვილი იმერული ესკიზები.
ეს მოგონებათა ზარდახშა ფერადი და მხიარული ამბებითაა სავსე. აქ მრავლადაა წითელი ლენტებით მორთული ბუჩქები, სადაც ბატონები გადააბრძანეს. ბატონები ხომ ძალიან სერიოზული სტუმრები იყვნენ, მთელი ოჯახი ფეხაკრეფით დადიოდა მათ წინაშე. ბატონები რომ მობრძანდებოდნენ, ავადმყოფის ოთახი ხასხასა წითლით ირთვებოდა. წითელი ფარდები, წითელი თეთრეული, წითელი ჩაის ტილო. ბატონებიანი ავადმყოფის გაბრაზება ხომ არაფრით არ შეიძლებოდა, ყველა მისი სურვილი უნდა აესრულებინათ. დღემდე გული მწყდება, რომ თავად არასდროს მწვევია ბატონები ისეთ ცნობიერ ასაკში, რომ მთელი ამ წარმოდგენის მთავარი გმირი გავმხდარიყავი.
ეს წერილი ყველასთვისაა, განსაკუთრებით კი პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ, საყვარელ მოსწავლეებს ასწავლონ წერა, ასწავლონ მნიშვნელოვანი ამბების შემჩნევა და ასეთ თემებზე რეფლექსია. მანამდე კი, სანამ მოსწავლეები წერის ტექნიკას დაეუფლებიან და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრს შეუდგებიან, იქნებ ჯობდეს, ვასწავლოთ დაკვირვება თავიანთ ყოველდღიურობაზე, ვასწავლოთ ამ ყოველდღიურობაში საინტერესო სიახლეების აღმოჩენა. ვთხოვოთ, მოგვიყვნენ მშობლებზე, ბებიებსა და ბაბუებზე, მეგობრებსა და და საყვარელ თამაშებზე, ან იმ წიგნებზე, რომლებიც შინ აქვთ. ეს გაცილებით მარტივია და ბუნებრივი.
 
პ.ს. ჩემმა სასკოლო საკონფერენციო თემამ მაშინ გაიმარჯვა. მერე გამარჯვებულები დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს და სიგელები გადმოგვცეს. ეს იყო და ეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი