ხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ აქვს და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.
ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ მწვრთნელებისა და სპორტის მასწავლებლების ამოცანაა სპორტისადმი ინერტულად განწყობილ მოსწავლეებს თავს არ მოახვიონ მკაცრი სპორტული გრაფიკები და შემეცნების გზით გაუჩინონ ინტერესი და ლიოალობის განცდა სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენი, როგორც წარმატებული ადამიანი; სპორტსმენი, როგორც მისაბაძი მოღვაწე; სპორტი, როგორც განსაკუთრებული ამბებისა და ისტორიების წყარო – სწორედ ამგვარი თეორიული სწავლებით შეიძლება მოხდეს ბავშვის სპორტისადმი დაინტერესება და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ჩაერთონ ასეთი მოსწავლეები საკუთრივ წვრთნისა და ვარჯიშის პროცესში.
ბრაზილიელი რიკარდო კაკა ერთ-ერთი ის სპორტსმენთაგანია, რომელიც სანამ დიდი და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდებოდა, სხვა ბრაზილელი ფეხბურთელებისგან განსხვავებით სიღარიბეში არასოდეს უცხოვრია და ოჯახი რიკარდოს სპორტის რამდენიმე სახეობაზე ერთად ატარებდნენ. როგორც კაკა იმ პერიოდს იხსენებს მისთვის სპორტი და მწვანე მინდორზე სირბილი საშინელ რუტინად იქცა და რომ არა ახალი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთის საზრისს აზიარა – იგი სპორტს არასოდეს გაჰყვებოდა. კაკას მაგალითზეც ჩანს, თუ როგორი რთულია სპორტის მასწავლებლისთვის და მწვრთნელისთვის მოზარდის სპორტით დაინტერესება და როგორ „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიაროს, რომ ზედმეტი ვარჯიშითა და ჩიჩინით უარესი არ ქნას და ბავშვს საერთოდ არ აუცრუოს გული სპორტზე..
სპორტით ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანებს, როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ სპორტი (ნებისმიერი სახეობა) მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას მოიცავს და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ფუნქცია არ გააჩნია. ცნობილი ქართველი მძლეოსნობის სპეციალისტი და მწვრთნელი, ავთანდილ ბერიძე კი ამბობს, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იწვევს მოზარდების სპორტისადმი გულგრილობას. იგი იმასაც ამბობს, რომ ბავშვისათვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი მშობელია და როდესაც მოზარდი ხედავს, რომ მშობლები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და სპორტით კავდებიან – მასაც აუცილებლად გაუჩნდება იმავე გაკეთების სურვილი. ასევე ხდება წიგნის კითხვასთან მიმართებაშიც. სტატისტიკურად ცნობილია, რომ მხატვრული ლიტერატურით ძირითადად ის ბავშვები ინტერესდებიან, რომელთა მშობლებიც აქტიური მკითხველები არიან.
როგორც უკვე ვთქვით, ბავშვისათვის სპორტის შეყვარების საქმეში დიდი როლი აკისრია მწვრთნელსა და მასწავლებელს. დიდ ბრიტანეთში ხშირად ხუმრობენ, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელ ფეხბურთის მწვრთნელს – სერ ალექს ფერგიუსონს მწვრთნელობა რომ არ აერჩია სპეციალობად, მისგან სკოლის უცნაური მასწავლებელი დადგებოდა. კარგი სანახავი იქნებოდა, მობერებული „ფერგი მასწი“ როგორ ატარებს სკოლაში სპორტის გაკვეთილს და ბავშვებს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ადმირალი ნელსონის დიდ გამარჯვებებზე ერთად ესაუბრება. სერ ალექსის ხასიათის ამბავი რომ ვიცით, ალბათ არც ზარმაცი ბავშვების დასჯას მოერიდებოდა, მაგრამ განსხვავებით ფეხბურთელებისგან, მისი დასჯა, იმედია, მხოლოდ დაბალი ნიშნის დაწერაში გამოიხატებოდა.
დაბოლოს, ადამიანები, ცხადია, ერთნაირები არ არიან და განსხვავებულია მათი სპორტისადმი დამოკიდებულებაც. ეს დამოკიდებულება ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი სრულიად განსხვავებული შეიძლება ჰქონდეთ. აი რას ამბობს ვეტერანი იტალიელი მეგოლე, ფილიპო ინძაგი მასსავით გენიალურ ფეხბურთელზე, ბრაზილიელ რონალდინიოზე: „მე არ მესმის რონალდინიოსი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ გართობაა და თამაში. ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. სიამოვნებას მხოლოდ გატანილი გოლი მანიჭებს და არა უშუალოდ თამაშის პროცესი. მერე რა, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულე… მე ფეხბურთიდან ალბათ არასოდეს წავალ. ჩემი საუკეთესო დასვენება პლაჟზე ბურთის გორება ან ტელევიზორში ფეხბურთის ცქერაა”.