ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

წრე ესე იგი წრედი

შესვენების დამთავრება ზარით გვამცნეს. მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი დაიწყო. ბავშვებს ეზოში მოუსვენრად გატარებული შესვენების კვალი ავარდისფრებულ ლოყებზე ეტყობოდათ. შევატყვე, არ ეხალისებოდათ კლასში დაბრუნება. გადავწყვიტე, გაკვეთილი კინესთეტიკური აქტივობით დამეწყო: ბავშვები წრეზე უნდა მოწყობილიყვნენ და ერთმანეთისთვის დაესვათ კითხვები ბუნებისმეტყველებაში ნასწავლი ცნებების შესახებ.
მას შემდეგ რაც პესტალოცის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, ბავშვების წრეზე მოწყობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. წრეს მართლაც რომ დიდი ძალა ჰქონია. წრეზე მდგარი ბავშვებიდან არც ერთს არ აქვს პოზიციური უპირატესობა და თავს თანასწორებად აღიქვამენ, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა.

ყოველი კითხვის შემდეგ ბავშვებს ერთი ნაბიჯით მარჯვნივ უნდა გადაენაცვლათ. ასე მოძრაობითაც გახალისდებოდნენ და მერე უფრო მშვიდად მიუსხდებოდნენ მერხებს წიგნებთან სამუშაოდ.

ბავშვები სწრაფად მოეწყვნენ წრეზე და ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს.

– მასწავლებელო, ჩვენ ახლა წრედი ვართ? – მკითხა ლაზარემ.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი.

– მე ჩამრთველი ვიქნები! – წამოიძახა ნიკამ, – ხელებს ასე ვამოძრავებ, ღია და შეკრული წრედი რომ ვაჩვენოთ.
ნიკამ მხრების სიმაღლეზე გაშლილი მარჯვენა ხელი გვერდით მდგომ თანაკლასელს გაუშვა და მეორე მკლავთან მიიტანა, მერე კი ისევ შეკრა წრე.

უსაზღვროდ გამიხარდა! ალბათ ისე ძლიერ, როგორც მენდელეევს გაუხარდებოდა პერიოდულობის ტაბულის კანონზომიერების დადგენა და გრეგორ მენდელს – გენეტიკის კანონების აღმოჩენა. მიხაროდა, რომ ჩემს პაწია მოსწავლეებს დიდი ფანტაზია აღმოაჩნდათ, რომ თავისუფლად გამოხატავდნენ აზრებს და გაკვეთილის თამაშად გადაქცევა შეეძლოთ. ეს თამაში მათ ხალისით შეასწავლიდა ელექტრობის იმ მცირე ნაწილს, რომლის ცოდნაც მათ მოეთხოვებოდათ.

მაშინვე მოვამზადეთ „კოსტიუმები”: ქაღალდის ქუდები ელემენტებისა და სხვადასხვანაირი ნათურების წარმოსადგენად.

ჩამქრალი საღი და გადამწვარი ნათურები თეთრ ფურცლებზე დახატეს, ანთებული – ვარდისფერსა და წითელზე.
მავთული მხრების სიმაღლეზე ხელებგაშლილ მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ.

ჩამრთველის როლში მყოფი ორივე ხელს გაშლიდა ან ერთს მეორესთან მიიტანდა (როგორც ნიკამ გვირჩია).

ნათურის როლის შემსრულებელს ხელები უნდა ჩამოეშვა და ოთხივენაირი ნათურის შესაბამისი ქუდი ჰქონოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში სწორად წარმოედგინა ჩამქრალი, სუსტად (ვარდისფერი ქუდი) ან ძლიერ (წითელი ქუდი) განათებული ნათურა.

ელემენტებსაც ხელებჩამოშვებული მოსწავლეები წარმოადგენდნენ, რომლებსაც თავზე შესაბამისი ქუდები ეხურათ.

პირველად ერთ ელემენტთან მიმდევრობით შეერთებული ორი ნათურა წარმოადგინეს. ნიკა თუ ხელებს ერთმანეთთან მიიტანდა, ანუ წრედი თუ ღია იყო, ნათურების როლში მყოფები თავზე თეთრ ქუდებს იხურავდნენ, ხოლო თუ წრეს (ანუ წრედს) შეკრავდა, ნათურების ანთების ნიშნად ბავშვები ვარდისფერ ქუდებს იხურავდნენ, და თუ მეორე ელემენტსაც მიიწვევდნენ წრედში, ნათურები წითელ ქუდებად აკაშკაშდებოდა. შემდეგ ერთი ნათურა „გადაიწვა”. მეორე ნათურის როლში მყოფმა უშეცდომოდ დაიხურა თავზე საღი, მაგრამ ჩამქრალი ნათურის შესაბამისი თეთრი ქუდი.

მერე პარალელური შეერთებით წარმოადგინეს ნათურები. ამ დროს როგორ მოეწყობოდნენ ჩემი მოსწავლეები, უკვე თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

არა, წრედის აწყობას მთლად უხმაუროდ არ ჩაუვლია. იყო დავა როლების განაწილებაზე, წრედის სწორად აწყობაზე, უნდა გაენათებინა თუ არა მეორე ნათურას პარალელური შეერთების წრედში, თუ ერთი ნათურა გადაიწვებოდა. ფიქრობდნენ, შლიდნენ და აწყობდნენ ცოცხალ წრედს, ცვლიდნენ როლებს და ასწავლიდნენ ერთმანეთს. მე თეატრში მეგონა თავი, მათ კი – სათამაშო მოედანზე.
მას შემდეგ ხშირად ვთამაშობთ კლასში წრედობანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“