სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სკოლის ლიდერი დღეს

ლიდერობის, როგორც ტერმინის, მრავალგვარი განმარტება არსებობს. მენეჯმენტის თეორიებში მას განიხილავენ როგორც იდეების განხორციელებას, მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე გავლენის მოხდენის უნარს; თვლიან, რომ ლიდერებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ წარმატება და მარცხი. ბევრი კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი მახასიათებელი თვისებებისა. მთავარი კითხვა: რა თვისებებს უნდა ატარებდეს ჭეშმარიტი ლიდერი – მაინც პასუხგაუცემელია. როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე გარემოში? კარგი მენეჯერი, თუ უფრო მეტად შემოქმედებითი პიროვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივი განახლებისათვის იბრძვის? 

იმის გასაგებად, როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი, თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ – რა არის თავად სკოლა და მოკლედ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რა არის სკოლის მიზანი?
  • როგორია მისი სოციალური დანიშნულება?
  • რამდენად მნიშვნელოვანია იგი საზოგადოებისათვის?
სკოლა ღია სოციალური სიტემაა, რომელსაც აქვს 4 მნიშვნელოვანი ელემენტი, ანუ ქვესისტემა :
  • სტრუქტურული;
  • ინდივიდუალური;
  • პოლიტიკური;
  • კულტურული.
სწავლა–სწავლების პროცესი კი მისი, როგორც სისტემის, ტექნიკური ბირთვია. სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ სწავლა, მუშაობა მრავალფეროვან საზოგადოებაში. განათლების მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, მუდმივად განაგრძოს განვითარება. სწავლის საგანი და სწავლის შედეგად მიღებული ცოდნა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

სკოლა საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა ამ უკანასკნელისა, რადგან სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულება ასახავს იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. სკოლას, როგორც სოციალურ სისტემას, გააჩნია განვითარების, თვითგანახლების უნარი; პირდაპირ განიცდის ყველა იმ ცვლილებას, რაც საზოგადოებაში ხდება. საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რას ითხოვს სკოლისაგან და მოვალეობებს აკისრებს მას? სკოლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლა–სწავლების პროცესია. სწორედ ესაა ის მთავარი ელემენტი, რაც შემდგომ განვითარებას, განახლებასა და გაუმჯობესებას ექვემდებარება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი). საგანმანათლებლო დაწესებულება, მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებით (მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია) ორიენტირებულნი უნდა იყვნენ მისი სრულყოფისაკენ, გაუმჯობესებისაკენ. გაუმჯობესებაა, როცა ორგანიზაციას შეუძლია აჩვენოს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გზით იგი თავის მიზანს მიუახლოვდა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მართვისას მთავარი პასუხისმგებლობა სკოლის ლიდერს ეკისრება.

ვინ არის სკოლის ლიდერი? ბევრი თვლის, რომ იგი არის პიროვნება, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისაკენ წარმართვა ხელეწიფება, ვინც ნამდვილად ზრუნავს სწავლებაზე, რომელსაც ისეთი ფართომასშტაბიანი ქმედებების განხორციელება შეუძლია, რომელიც მიმართული იქნება ისევ და ისევ სასწავლო პროცესის პროგრესისკენ.

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სკოლის კარგად მართვისათვის მხოლოდ მენეჯერული უნარების ქონა იყო საკმარისი, წარსულს ჩაჰბარდა. ფასეულობათა ცვლილებამ, ტექნიკურმა პროგრესმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა განათლების სისტემებიც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწავლა–სწავლება გახდა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პროცესი. აქედან გამომდინარე, თანამედროვე პირობებში აუცილებელია, სკოლის ლიდერი, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ლიდერი იყოს, რათა თავიდან აიცილოს რუტინული განათლების საშიშროება, სწავლა გახადოს შინაგან მოთხოვნილებებთან დაკავშირებული პროცესი და შედეგი, არა გარეგნულად თავსმოხვეული თამაშის ნაწილი.

სკოლის ლიდერობა თანამედროვე პირობებში არის უნარი, რომელიც ლიდერს აძლევს სხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას; განაპირობებს მათი მწარმოებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევას. იგი ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში, აღნიშნულს კი ახორციელებს სკოლის კულტურის დაცვით, ზრუნვით და თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების უზრუნველყოფით.

სკოლის ადმინისტრატორებმა უნდა მართონ თავად სწავლების პროცესები. თუკი ისინი მართავენ სკოლას და არ აკონტროლებენ საგანმანათლებლო პროცესებს, ირიდებენ პასუხისმგებლობებს, ფაქტობრივად, ისინი არ მართავენ სკოლას და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესს. საგანმანათლებლო ლიდერობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მართვას, არამედ სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას, სამომავლო გზების დასახვას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, ზრუნვას თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და ინოვაციური იდეების წახალისებას, ხელშეწყობას ჯანსაღი სასკოლო კლიმატის შექმნისათვის, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებას და ა.შ.

არსებობს კონკრეტული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში:

  • ლიდერობის მიზანს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება უნდა წარმოადგენდეს;
  • კოლექტიური სწავლა ყველა დონეზე;
  • ლიდერები თავად უნდა იძლეოდნენ ფასეულობებისა და ქცევის მაგალითს;
  • სასკოლო კულტურის ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ ჯანსაღ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს;
  • ლიდერები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს იმის მიღწევაში, რასაც მათგან მოითხოვენ.
დღეს არსებული პირობები დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებენ სკოლის ლიდერებს. რადგან ისინი თავადაც არიან პასუხისმგებელნი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებზე. ძირითადი მიზნებისა და ფასეულობების ერთიანი ხედვა ორგანიზაციის მიერ სწავლების გაუმჯობესებისაკენ წინსვლის პირობაა. ლიდერობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის წარმართვის, ასევე სწავლების შესახებ ცოდნის შეძენის, პროცესებისთვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების გადანაწილებას.

საგანმანათლებლო ლიდერის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ფუნქციების სწორად განაწილება უნდა წარმოადგენდეს. სკოლა მთელი თავისი პერსონალით მოწოდებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სასკოლო კლიმატი, რომელიც მოახდენს პედაგოგების მოტივირებას თანამშრომლობისა და კოლეგიალობისაკენ. ამაში ადმინისტრატორს ნამდვილად დაეხმარება ისეთი ერთეულების ჩამოყალიბება, როგორიც პროფესიული თანამეგობრობა და „კრიტიკულ მეგობართა ჯგუფია”. თავიანთი შინაარსით ისინი მოწოდებული არიან თანამშრომლობით გადაჭრან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და დასახონ ამ უკანასკნელის გაუმჯობესების გზები. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ლიდერს, უკეთ მართოს შიდა და სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული პროცესები, შექმნას ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. ფუნქციების გადანაწილება გაზრდის თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს, დადებითად იმოქმედებს შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე, რადგან ისინი გააანალიზებენ საკუთარ და კოლეგების პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ასე რომ, ეს გაერთიანებები „მომგებიანი სვლა” იქნება ადმინისტრატორისათვის როგორც ადმინისტარციული, ასევე „საგანმანათლებლო მართვის” თვალსაზრისით.

საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რთულია იყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სისტემა მუდმივ ცვლილებებს განიცდის. რაც არ შეიძლება ყოველთვის დადებითად ისახებოდეს სასწავლო პროცესზე. საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებაში გარემო პირობებმაც უნდა ითამაშოს დიდი როლი. ამისათვის კი სკოლების მეტი თავისუფლებაა საჭირო. მოქმედების თავისუფლება სკოლას საშუალებას მისცემს, სასწავლო პროცესი საკუთარ საჭიროებებს მოარგოს. ხოლო კოლექტივს შეეძლება იყოს მეტად შემოქმედებითი და თავისუფალი პრობლემის გადაჭრისა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას; დასახოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს, სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს, და დაამკვიდროს ტექნოლოგიები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ამ სირთულის გადასალახად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“