„მოდი, ვსინჯოთ ქაჯთა დაცვაც – შევთავაზე „ადვოკატებს“. გაოცებული სახეები… ერთმანეთისთვის გადახედვა… წუთიერი სიჩუმე…
– დავარი ხომ დავიცავით, მასწ, ხვარაზმელი სასიძოც, ახლა ქაჯებიც? ქაჯები რატომ უნდა დავიცვათ, ბოროტები, ავსულები, მოჩვენებები?
– დაცვა ხომ იმათ სჭირდებათ, ვისაც ბრალს სდებენ. ვინ იცის, იქნებ ბრალი არც უმტკიცდებათ, თანაც… „არ ქაჯნია, კაცნიაო..“ – ვახსენებ ფატმანის სიტყვებს.
– მე ვიწყებ ჟურნალისტურ გამოძიებას, მასწ! – ხალისობს „ჟურნალისტი“.
ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, კაცნია თუ ქაჯნი, მთავარი ისაა, რომ შემიძლია მოსწავლეები დავაინტერესო, მათში აზროვნების კულტურა აღვზარდო, ტექსტზე დავაფიქრო, კვლევა-ძიების, ანალიზის სურვვილი გავუღვივო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამოადგებათ.
ყოველ წელს, როცა „ვეფხისტყაოსანს“ მივადგები, ისე ვღელავ, თითქოს დამწყები მასწავლებელი ვიყო. იოლი არაა, ბოლომდე შეინარჩუნო მოსწავლეთა აქტიურობა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას. ვფიქრობ, როგორ შევძლო, რომ პოემის შესწავლა სურვილად ვუქციო; ვასწავლო ისე, რომ დრო არ ითვალონ, როდის დასრულდება პოემა. არც ის მინდა ზედაპირულად გადამღერება გამოგვივიდეს. ჩემი მიზანია, ღრმად იხედებოდნენ პოემის ოკეანეში.
სიყვარული და მეგობრობა რომ პოემის მთავარი თემებია, ყველამ კარგად იცის, იმათაც კი, ვისაც პოემა წაკითხული არ აქვს. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა მარტო იმაზე ისაუბრონ, რაც ხელის გულზე უდევთ და რომლის დანახვაც ყველა თვალხილულს შეუძლია. მინდა პოემის სიღრმეში შესვლა ვასწავლო, ყველა კითხვაზე პასუხი თავად ვაპოვნონო, თუნდაც ათასჯერ აღმოჩენილი თავად აღმოვაჩენინო და ნაპოვნით ტკბობა და სიხარული განვაცდევინო. ამიტომაც პოემის დაწყებისთანავე მათ რუსთველოლოგებად ვაცხადებ და ვაგულიანებ: „აბა ვნახოთ, რას აღმოაჩენთ ისეთს, რაც რუსთველოლოგებმა ვერ შენიშნეს-მეთქი“. (ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მათ ასაკს სჭირდება ამგვარი შეგულიანება). ტექსტის დაწყებისთანავე პოემისთვის განკუთვნილ სამახსოვრო რვეულებში ჩნდება დასათაურებები, რომელთა მიხედვითაც ტექსტის შესწავლის პროცესში შესაბამის ინფორმაციას აგროვებენ. მუშაობისას თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რომ არაფერი გამორჩეთ. აი, მეცნიერის თვალით შეხედვა კი ამის მერე იწყება… მერე იწყება დახარისხებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევა, მეტი სიზუსტისთვის ტექსტთან მიბრუნებაც კი. ჯგუფში არამარტო მეცნიერი, ჟურნალისტი და ადვოკატია, არამედ ბრალმდებელი, საიდუმლო აგენტი და მხატვარიც კი (მოგზაურობას ჩანახატები უხდება). ყველას თავისი დავალება აქვს, რომელსაც დიდი ხალისით ასრულებენ. ერთ-ერთი საკვლევი თემა გახლავთ – „ქაჯთა ბუნების გაგებისათვის „ვეფხისტყაოსანში“. ამითვის კი დაგვჭირდა „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში მოგზაურობა, ყველა ინფორმაციის გულდაგულ შემოწმება, რომ შეცდომა არ დაგვეშვა, არასწორი დასკვნები არ გამოგვეტანა. ჩვენ შევეცადეთ, ქაჯები დაგვეცვა. აბა, ტარიელს და ავთანდილს რა დაცვა სჭირდებათ. მათ მისთვის „ცრემლშეუშრობელი“ რუსთაველი იცავს.
თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ პოემა კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასახვაა, რომ ბოროტება ქაჯეთის სახით არის წარმოდგენილი. ამას ამტკიცებს არა მარტო კრიტიკოსთა უმეტესობა, არამედ თავად ავტორიც, რომელიც აცხადებს: „ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“. მიუხედავად „გველი“ ქაჯეთის ხსენებისა, მაინც ჩნდება კითხვები, რომლის პასუხები ტექსტში უნდა ვეძიოთ. ვინ არიან ქაჯები? არის თუ არა მათი ბუნება ყველასთვის ცნობილი? რა მოარული ხმები დადის მათ შესახებ? რაში გამოიხატება მათი ბოროტება?
პასუხებისთვის რვეულში თავმოყრილ მასალას მივმართავთ. საჭიროებისას ვუბრუნდებით ტექსტში სრულ მონაკვეთებს. ავთანდილის (რომელსაც მთელი ქვეყანა აქვს მოვლილი ტარიელისა და ნესტანის ძებნაში) წარმოდგენით ქაჯები უხორცონი არიან. ისინი მოჩვენებების სახით წარსდგებიან ადამიანების წინაშე და ასევე ქრებიან. „ვითა ქაჯი დაგვემალე“, სწორედ ასე ახსენებს იგი ტარიელს მასთან პირველ შეხვედრას და გაუჩინარებას. გაოცებას იწვევს მასში ის ცნობა, რომ ნესტანს ქაჯეთის უფლისწულზე გათხოვებას უპირებენ. „მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?“ აშკარაა, ავთანდილი მხოლოდ მოარული ხმებით მსჯელობს ქაჯებზე და მათთან პირდაპირი შეხება არასდროს ჰქონია. ყველაზე ზუსტი ცნობები ქაჯთა შესახებ ფატმანს მოეპოვება: „არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა“. ფატმანის თქმით, ისინი გრძნეულების მცოდნე, სხვების მავნენი, ხოლო თავად „ვერვისგან ვნებული“ ადამიანები არიან. მონათხრობში აშკარად იკვეთება ქაჯთა მრავალმხრივი განსწავლულობა, რომელიც შუა საუკუნეებში, როგორც ჩანს, ჯადოქრობად, გრძნეულებად ინათლებოდა.
„იმან რამე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ,
ვითა ველსა გაირბენენ, წყალსა წმინდად დააშრობენ,
სწადდეს დღესა ბნელად იქმან, სწადდეს-ბნელსა ანათობენ“.
როგორც ვხედავთ, ქაჯები სასწაულებრივ ძალას ფლობენ, თუმცა ეს მხოლოდ მათზე გავრცელებული ხმებია და პოემაში კონკრეტული შემთხვევები აღწერილი არ არის. (თუ არ ჩავთვლით ფატმანის მონათა გრძნეულებას). საიდან მოდის ეს საწაულებრივი ძალა, არავინ იცის, ღვთისგან თუ ეშმაკისგან. ფარსმან სპარსიც („დიდოსტატის მარჯვენა“) მაგიური საქმეების ოსტატი იყო. ამიტომაც ზოგიერთი მას ეშმაკის თანაზიარად თვლიდა, თუმცა ნაწარმოებში კარგად ჩანს, რომ მას დიდი გამოცდილებისა და განსწავლულობის გამო შეეძლო იმისი კეთება, რაც სხვებისთვის გრძნეულების ტოლფასი იყო. სავარაუდოდ, ქაჯებიც დიდი შესაძლებლობების მქონე ადამიანები იყვნენ. ფატმანი აზუსტებს ქაჯთა ბუნებას:
„ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი“.
ისინი რომ ადამიანური წესით ცხოვრობდნენ, ეს პოემაშიც მტკიცდება. ქაჯეთის ხელმწიფე დულარდუხტი აცხადებს: ნესტანი, „როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,- ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია“.
მეფის სიტყვებში დის დაკარგვით გამოწვეული ადამიანური მწუხარება იკითხება, რომელიც გლოვის გასვლის შემდეგ აპირებს ქორწილს (აშკარად ქართული ადათ-წესია). საყურადღებოა ცნობები ფარსადან მეფის დის, დავარის შესახებაც. ავტორი მას ქაჯეთს გათხოვილ ქვრივად გვაცნობს. ესე იგი, ფარსადან მეფეს თავისი და ქაჯეთს გაუთხოვებია. იმედია, დიდი ინდოეთის მბრძანებელი ბოროტ სულებს არ მიათხოვებდა სამეფო გვარის ასულს. დავარი რომ ჭკვიანი, ბრძენი ქალია, ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ფარსადანმა თავისი ერთადერთი ასული სწორედ დავარს ანდო აღსაზრდელად: „მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი“. ნესტანიც რომ კარგად აღზრდილია, ამას მისი არაერთი ქცევა მოწმობს. მაშასადამე, დავარს ქაჯთაგან დიდი სიბრძნე მიუღია და ფარსადანიც მზადაა, ეს სიბრძნე ნესტანს გადასცეს დავარმა. ინდოთეში ქაჯთა ცხოვრების წესი აშკარად სცოდნიათ და მათთან ნათესაური კავშირიც დაუმყარებიათ. როგორც ჩანს, ქაჯნი არც ისეთი საშიშნი ყოფილან, როგორი ხმებიც დადის. ისინი ბრძენი, განათლებული, დახელოვნებული ადამიანები ჩანან. ცხოვრობენ ადამიანური წესებითაც, ქორწინდებიან, გლოვობენ, განიცდიან და ალბათ, უყვართ კიდეც.
ბევრი რამ ქაჯთა გრძნეულებაზე პოემაში გაზვიადებულად არის წარმოდგენილი, თუმცა ეს ხერხი რუსთაველს მხოლოდ ქაჯების დასახასიათებლად არ გამოუყენებია. გაზვიადება პოემის შინაარსის თანმდევი საჭიროებაა. რომ არა ქაჯთა გრძნეულება, (ფატმანის მონები) სასურველ შედეგს ვერც ავთანდილი მიაღწევდა. პოემის თანახმად ქაჯები (გრძნეული მონები), გარდა ქაჯეთისა, სხვაგანაც ცხოვრობენ. მათი მომსახურებით სარგებლობს კეთილი ფატმანიც, რომელსაც ბოროტება სძაგს. ქაჯი მონები ემსახურებიან დავარ ქაჯსაც. ესე იგი, ქაჯთა საცხოვრებელი შეზღუდული არ ყოფილა, უფრო სწორად გრძნეულების მცოდნე ადამიანები ყველგან ყოფილან და მათ შესახებ ბევრმა იცის. ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით ბოროტებიც არიან და კეთილებიც. სავარაუდოდ, ისინი არ წარმოადგენენ ქაჯეთის ქალაქ-სახელმწიფოს ძირითად მოსახლეობას. შესაძლებელია ქაჯები მეცნიერებაში განსწავლული (ცივილიზებული) ადამიანების გარკვეული ჯგუფი ყოფილიყო (მეცნიერები), რომელთა უმეტესობა სწორედ ქაჯეთში იყო თავმოყრილი და ქაჯეთის მეფის ნდობით სარგებლობდა. ამას ადასტურებს ქაჯეთიდან მოტანილი ცნობა: „ყოვლი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წარუტანია“.
თუკი ყველა ქაჯი მეფეს გაჰყოლია და ქალაქს მაინც იცავს ათასობით მოყმე, ეს იმის დასტურია, რომ ქაჯები, ანუ გრძნეულებათა მცოდნენი, მცირენი არიან. მიზეზი იმისა, რომ გმირებმა სამასკაციანი რაზმით მოახერხეს ქაჯეთის ციხის აღება, სავსებით გასაგები ხდება. ქალაქში არცერთი გრძნეული არ ქაჯი ყოფილა. ამას იუწყებოდა ნესტანის წერილიც. „ქაჯთა მეფე არ მოსულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ…“. მაშასადამე, სპაჯარი არ ყოფილა ქაჯთაგან შემდგარი, ამიტომაც ისინი იმ სასწაულებს ვერ მოახდენდნენ, რომელზედაც ფატმანი საუბრობდა ავთანდილთან. გმირობასა და ვაჟკაცობაში კი „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს წინ ვერავინ დაუდგებოდა. როგორც ირკვევა, არც ფრიდონისთვის ყოფილა უცხო ქაჯეთი.
„ქაჯეთს ერთხელ კვლავ ვყოფილვარ, ნახავთ თქვენცა გემაგრების,
ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოდგების“.
როგორც ჩანს, ქაჯეთს არა მარტო თავიანთი განსწავლულობა, არამედ ბუნებრივი სიმაგრეც შველოდა. ისმის შეკითხვა: თუკი ადამიანები კარგად ფლობენ სამხედრო ხელოვნებას, იცავენ თავიანთ სამეფოს, თავს არავის აჩაგვრინებენ, („ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია“), ამისთვის უნდა ჩაითვალონ ისინი ბოროტებად? პასუხი თითქოს მზადაა – მათ ნესტანი ჰყავდათ დატყვევებული. (ტექსტში სხვა ბოროტება არ ფიქსირდება). რა თქმა უნდა, ადამიანის დატყვევება, მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტვა, ბოროტებაა. იცოდნენ კი ქაჯებმა ვინ იყო ნესტანი? ის ხომ თავის შესახებ არავის უამბობდა. ვინ იცის, თუ შეიტყობდნენ, რომ ინდოეთის მბძანებლის ასული იყო, იქნებ უკანაც დაებრუნებინათ. ეს რა თქმა, უნდა ვარაუდია, მაგრამ მაშინ რატომ არ ითვლება ზღვათა სამეფო ბოროტების სამეუფოდ? იქაც ხომ ტყვეობაში ჰყავდა მეფეს ნესტანი, რომელმაც თავად იხსნა თავი. მისი ბოროტებად გამოცხადება კი არა, ქაჯეთი მიუძღვნეს საჩუქრად მელიქ-სულხავს გმირებმა. სხვა რა ბოროტება ჩაიდინეს ქაჯებმა? ის ხომ არა, ფატმანს და ავთანდილს რომ დაეხმარნენ ნესტანთან დაკავშირებაში, ინფორმაციის შეგროვებაში? (ისინიც გრძნეულები იყვნენ, სავარაუდოდ, ქაჯები). ხომ არ ვართ ზედმეტად მკაცრნი ქაჯთა შეფასებაში?
არსებობს მოსაზრება, რომ დევებიც ბოროტი სულებია. სწორედ დევების გამოქვაბულში აღმოჩნდა ის საკვირველი აბჯარი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქაჯეთის აღებაში. ეს აბჯარი კი დევებს სწორედ ქაჯებთან საბრძოლველად ჰქონდათ შენახული. ესე იგი, დევებისთვისაც კარგად იყო ცნობილი ქაჯთა ძლიერება. გამოდის, რომ ბოროტება ბოროტების წინააღმდეგ ილაშქრებდა. მაშინ ხომ არ ირღვევა პრინციპი: „ბოროტსა სძლია კეთილმან…“? ვინ იცის, ბოროტების სამეუფოს (დევებს) ეშინოდა კიდეც კეთილების (ქაჯების) ძლევამოსილებისა….
მთავარი ის კი არ არის, ქაჯები ვინ არიან, მთავარია, ბავშვებმა ისწავლონ ფიქრი, ძიება, აზროვნება; მიზანშედეგობრიობაში განიხილონ ყოველი ფაქტი, ქცევა და შეძლონ დასაბუთებული დასკვნების გამოტანა. არასდროს დაიტოვონ უპასუხო კითხვები. ეს უნარი მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება, არ დარჩნენ გაურკვევლობაში, ბრმად არ დაემორჩილონ სხვათა გადაწყვეტილებებს, გაბედულად დადგნენ სიმართლის მხარეს, დაიცვან დაჩაგრული, ყოველთვის ეძიონ გამოსავალი, იყვნენ პირდაპირი და სამართლიანი თავიანთი აზროვნებით და ბრმად არ გაჰყვნენ ერთხელ გატკეპნილ გზას.