98 წლის ლეონინა შველიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ცხოვრობს. სოფლის უხუცეს და პატივსაცემ ადამიანზე მარი სამხარაძემ პირველად ერთ-ერთ ტრენინგზე გვიამბო, შროშის სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა. ლეონინა მასწავლებელი და მარი მეგობრობენ, ახალგაზრდა კოლეგა საგარეო საქმეებს უგვარებს ყოფილ მასწავლებელს, მასწავლებელი კი მას ხანგრძლივი ცხოვრებით მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს.
- მირჩევს, მარიგებს როგორ მოვიქცე, მთავარი და მეორეხარისხოვანი თავისებურად აქვს დახარისხებული. თვალს ადევნებს ტელევიზორს, კითხულობს, აინტერესებს ახალი ამბები. ხან ისეთ განსხვავებულ რამეს მეტყვის, მიკვირს. მე უფრო ტრადიციების მიმდევარი ვარ, ის კი ახლებურად აზროვნებს, – გვეუბნება მარი.
თითქმის საუკუნე – ბევრია თუ ცოტა? არც ბევრი და არც ცოტა, სწორედ იმდენია, რამდენიც ცხოვრებამ უბოძა.
- ჩემს პატარაობაში დედაჩემს ,,ისპანკა“ შეჰყრია. ავადმყოფის მოვლით, ბავშვების პატრონობითა და საოჯახო საქმით გადაქანცული ბებია ხშირად ,,შენ არ გაიზარდეო“, მომაძახებდა, მაგრამ ეტყობა, უფალი პირიქით ისმენდა მის ნათქვამს, ან ბებო გულში მლოცავდა და ხედავთ, რამდენ ხანს ვცოცხლობ? ასე არ უნდა ბერდებოდეს ადამიანი, – ჰყვება ქალბატონი ლეონინა.
თუ არ ჩავთვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის წლებს, მისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება (დაიბადა 1919 წლის 14 აპრილს) სოფელ შროშას უკავშირდება.
- ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მაშინ შროშაში მხოლოდ შვიდწლიანი სკოლა იყო. ჯერ აქ ვსწავლობდი, მერე სკოლა ხარაგაულის სკოლა დავამთავრე. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. 1940 წლიდან მოვედი შროშის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ დავინიშნე. ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ოჯახი არ მყავს, მყავს დისშვილები და შვილიშვილები. 1995 წელს სკოლიდან წამოსვლა გადავწყვიტე.
მარი მეტს გვიამბობს ლეონინა შველიძეზე:
- სოფელში ახლაც ყველა ლეონინა მასწავლებელს ეძახის, ის ბავშვებიც კი, რომლებისთვისაც არ უსწავლებია. ყველას მოწიწება და პატივისცემა აქვს მის მიმართ. ასე იყო სკოლაშიც – თუ მოსწავლე რაიმეს დააშავებდა, ხმას არ აუმაღლებდა, ,,შეგარცხვინოს ღმერთმა“ – ეს იყო ყველაზე მკაცრი გამოთქმა და სასჯელი მისგან, რასაც ყველა თავს არიდებდა. საერთოდაც მასთან ჭკუის საკითხავად მიდიოდნენ თანასოფლელები, ყველას არიგებდა, ხელს უმართავდა. ამიტომ სოფლისთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია. თუ მას რაიმე დასჭირდა, დახმარებაზე არავინ იხევს უკან. დისშვილები და შვილიშვილები ჩამოდიან თბილისიდან. თუ არ ჩამოვლენ, ჩვენ ხომ აქ ვართ… ზედმეტად არავის აწუხებს, თავისთვის ფუსფუსებს. გარე საქმეებში მე ვცდილობ დახმარებას. ამაგიანია და ეს ბევრს ახსოვს. მასწავლებლის დღეს, დაბადების დღეს, სხვადასხვა დღესასწაულებზე ახლანდელი სკოლის დირექტორი და მოსწავლეები სტუმრობენ. თავადაც უყვარს სტუმრები. როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სქელი რვეულები გამომიტანა, გამოგადგებაო. გადავშალე, ჩაწიკწიკებული იყო გეოგრაფიის გაკვეთილების გეგმები. დღესაც ვინახავ ამ რვეულებს. სკოლის ამბებს მეკითხება, როცა მივალ, ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი აინტერესებს. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლისთვის მისალოც ბარათს საგანგებოდ წერს და მატანს. არ მახსოვს სხვანაირად მომხდარიყოს. მისი ფიქრი, ძირითადად, სკოლას დასტრიალებს. კარგი იქნება, ასეთ ადამიანს მეტი ყურადღება და პატივისცემა ჰქონდეს. განა, რამდენია მისთანა?
98-ე ახალი წელსა და შობას ლეონინა შველიძე დისშვილიშვილთან ერთად შეხვდა და სოფელ-ქვეყანასა და ახლობლებს სიკეთე და გაძლიერება კიდევ ერთხელ უსურვა.